მოკლედ
- 2024 წლის სექტემბერში სამეგრელოს მთებში ჩეხი ტურისტი დაიკარგა
- მის კვალს ჯერ ვერ მიაგნეს
- სტანისლავ კოჩიშის ოჯახი საქართველოსა და ჩეხეთის ხელისუფლებების ძალისხმევით უკმაყოფილოა
- დაკარგულ ტურისტს ახლა დედის დაქირავებული დეტექტივი ეძებს
ჩეხი მოგზაური სტანისლავ კოჩიში, 2024 წლის სექტემბრის ბოლოს, საქართველოში თურქეთიდან, სარფის საბაჟოს გავლით ჩამოვიდა. აჭარაში დიდხანს არ დაყოვნდა და გეზი მალევე სამეგრელოსკენ აიღო, ეგრისის ქედისკენ - ტობავარჩხილის ტბების სანახავად („ტობა“ მეგრულად ტბას ნიშნავს, „ვარჩხილი“ - ვერცხლს).
ლაშქრობის დაწყებამდე ფოტო გადაიღო ფოთის საკათედრო ტაძართან.
„ბევრი ადამიანი დაკარგულა“ - ტობავარჩხილის მარშრუტი
ტობავარჩხილი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, პოპულარული და ტურისტებისთვის მიმზიდველი საფეხმავლო მარშრუტია, გვიყვება გიდი ლევან გეჯაძე, კომპანია „მწვანე ზებრას“ დამფუძნებელი:
„ტბებზე მოხვედრა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი - ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხაიშის მხრიდან. ბილიკის ძირითადი ნაწილი საშუალო სირთულისა, თუმცა აქვს რთული კატეგორიის მონაკვეთებიც“.
მარშრუტის საშუალო სირთულის ფრაგმენტები წითელი და თეთრი საღებავითაა აღნიშნული, რთული - ლურჯ-თეთრით. ტობავარჩხილის ტურისტული ბილიკი ტყიან და ალპურ ზონაში გადის. მთლიანი ტური, როგორც წესი, 5-6 დღეს გრძელდება, ფეხით გასავლელი მანძილი კი მინიმუმ 20-30 კილომეტრია.
გიდი გვიხსნის, რომ ტობავარჩხილის მსგავსი სირთულის ბილიკების გავლა უმჯობესია კარგად მცოდნე ადამიანთან ერთად, რადგან გზის არევის საფრთხეები ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით უამინდობისას, როდესაც ნავიგაცია რთულდება.
„ბევრი ადამიანი დაკარგულა, აცდენილა ძირითად ბილიკსა და საერთოდ სხვა მიმართულებით გაუგრძელებია მარშრუტი. იქიდან კი სპეციალური სატელიტური მოწყობილობების გარეშე კონტაქტი გარე სამყაროსთან, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, - ამბობს ლევან გეჯაძე.
სტანისლავის გაუჩინარება
24 წლის სტანისლავი ხშირად მოგზაურობდა მარტო, მათ შორის, ავტოსტოპით - უნდოდა რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა ენახა. როგორც წესი, მოგზაურობის დაწყებისას თავის გეგმებსა და მარშრუტს ოჯახის წევრებს უზიარებდა. იგივე გააკეთა სამეგრელოში წასვლამდეც - 28 სექტემბერს დედას და შეყვარებულს მისწერა, რომ საქართველოს დასავლეთით აპირებდა ლაშქრობას.
სტანისლავის მიერ ოჯახისთვის გამოგზავნილი ბოლო ფოტოები საქართველოდან
ეს იყო სტანისლავის ბოლო საუბარი ოჯახის წევრებთან.
რამდენიმე დღეში დედამ, ჰანა ჰაინცმა, განგაში ატეხა: შვილი აღარ პასუხობდა ზარებს და შეტყობინებებს. სამაშველო სამსახურმა მალევე დაიწყო საძიებო ოპერაცია, 10 ოქტომბრისთვის კი საქართველოში ჩეხი ტურისტის გაუჩინარების შესახებ ცნობები უკვე სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა.
მას შემდეგ ერთი წელი გავიდა. ოჯახმა დაკარგული სტანისლავის ბედის შესახებ დღესაც არაფერი იცის.
სტანისლავი დედასთან ერთად
შემთხვევითი შეხვედრები სტანისლავთან
2024 წლის სექტემბრის ბოლოს, როდესაც ჩეხ ტურისტთან კავშირი დაიკარგა, გიორგი ლემონჯავა სამეგრელოს მთებში ექსპედიციაში იმყოფებოდა. ტობავარჩხილიდან უკან დაბრუნებისას სატვირთო მანქანის ძარიდან ფეხით მოსიარულე ტურისტი შენიშნა: „საკმაოდ თხლად ეცვა და დიდი ზურგჩანთაც არ ეკიდა“, - იხსენებს გიორგი.
გიორგიმ და მისმა თანამგზავრებმა უცხოელს კირნახონას ტურისტული ქოხი მიასწავლეს და გზა გააგრძელეს. ქოხი ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალი ერთ-ერთი მარშრუტის დასაწყისია.
ნისლი ტობავარჩხილის მარშრუტზე
რამდენიმე დღეში, როდესაც სოციალურ ქსელში სამეგრელოში დაკარგული ჩეხი ტურისტის ფოტო ნახა, გიორგიმ ის მაშინვე იცნო - ეს ის ბიჭი იყო, რომელიც მას და მის მეგობრებს გზაზე შეხვდა.
კირნახონასთან დაბანაკებული ტურისტი შორიდან ლექსო მორგოშიამაც დაინახა, რომელიც ხშირად დადის ტობავარჩხილის მიმართულებით, მათ შორის ტურისტებთან ერთადაც. ვიღაცამ ისიც უთხრა, შევამჩნიე, რომ უცხოელი ლაშქრობისთვის აღჭურვილს არ ჰგავდაო.
„ფლოსტები ეცვა და ისე მიდიოდაო. მაგის შემდეგ არავის უნახავს“, - ამბობს მორგოშია.
უშედეგო საძიებო ოპერაცია
გაუჩინარებული ტურისტის ძებნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო - მაშველები მის კვალს ეძებდნენ ვერტმფრენებითა და დრონებითაც. თუმცა ამინდის გაუარესების გამო ოპერაცია ისე შეწყდა, რომ დაკარგულის კვალს ვერ მიაგნეს.
სტანისლავის დედამ რამდენიმე მიზეზით საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო, მათ შორის, ჯანმრთელობის გამოც. შვილის ძებნაში დეტექტივების ჩეხური კერძო კომპანია Wolf Security ჩართო. გამომძიებელი ზბინეკ დოსოუდილი ამბობს, რომ ოჯახი უკმაყოფილოა როგორც საქართველოს, ისე ჩეხეთის ხელისუფლების ძალისხმევით და სტანისლავის კვალის ძებნას საკუთარი სახსრებით აგრძელებს, მათ შორის, ინტერნეტით შეგროვებული შემოწირულებებით.
„2024 წელს საძიებო სამუშაო ამინდის გამო მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა. ეძებეს მხოლოდ იმ არეალში, სადაც ბოლოს მისი ტელეფონის GPS-სიგნალი დაფიქსირდა. არ გამოჩენილა მისი კვალი – არც ჩანთა, არც ტანსაცმელი და არც პირადი ნივთები. ამასთან, ჩვენ არ გვაქვს წვდომა პოლიციის ანგარიშებზე“, - ეუბნება დოსოუდილი რადიო თავისუფლებას.
ლექსო მორგოშია დაკარგულ ტურისტს 2025 წლის გაზაფხულზეც ეძებდა, როცა ტყესა და ალპურ ზონაში თოვლმა დნობა დაიწყო. სამძებრო სამუშაოები ზაფხულშიც გაგრძელდა, ისევ უშედეგოდ:
„ძირითადი ბილიკები და ადგილები შემოიარეს, მაგრამ ეს ტყე იმდენად დიდია, რომ ყველაფრის შესამოწმებლად ძალიან დიდი დრო და ბევრი ადამიანი სჭირდება“.
სტანისლავ კოჩიში
რა მოხდა?
ვერსია #1 - გზის აბნევა
„შეიძლება შემთხვევით სადმე გადავარდა,“ - ამბობს ოჯახის მიერ დაქირავებული დეტექტივი. ამ ვერსიას სხვებიც იზიარებენ.
„შეიძლება გზა აერია, ბილიკად მიიჩნია, შემდეგ ფერდობზე ავიდა და ფეხი დაუცურდა. [ტობავარჩხილის მარშრუტზე] მდინარეებზე გადასვლისას წყალმაც იცის ადიდება“, - ამბობს გიორგი ლემონჯავა.
ის იხსენებს, რომ სექტემბრის ბოლოს რამდენიმე დღე კარგი ამინდი იყო, მაგრამ შემდეგ წვიმა და ნისლი დაიწყო, გზის აბნევის რისკიც გაიზარდა.
ვერსია #2 - დათვის თავდასხმა
„მცირე შანსია, რომ დათვის თავდასხმა ყოფილიყო“, - ამბობს გიორგი ლემონჯავა, რომელიც სამეგრელოს მთებში ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების კვლევაშიც მონაწილეობდა.
„ფოტოხაფანგებმა არაერთი დათვი დააფიქსირეს. ჩვეულებრივ ისინი ადამიანს გაურბიან, თუმცა თავდასხმის ალბათობა არსებობს“, - გვეუბნება გიორგი.
„იმ პერიოდში დათვთან შეხვედრის ალბათობა მაღალი იყო“, - ამ ვარაუდს ლექსო მორგოშიაც ამყარებს და ამატებს, რომ ამ დროს მარშრუტზე ბევრი დათვია.
ვერსია #3 - კრიმინალური შემთხვევა
„ის შესაძლოა შემთხვევით რაღაც დანაშაულებრივ საქმიანობას წააწყდა ან ვიღაცამ მასზე ძალადობა სცადა, ასეთი სცენარიც არ არის გამორიცხული”, - ამბობს ჩეხი დეტექტივი.
ამ ვერსიას ახსენებს გიორგი ლემონჯავაც:
„შეიძლება მონადირეებს ან ბრაკონიერებს გადაეყარა. არ მინდა წარმოვიდგინო, მაგრამ ადამიანური კონფლიქტიც შესაძლებელია. ადგილი მიტოვებულია და იქ ბრაკონიერებიც არიან“.
ვერსია #4 - აფხაზეთში გადასვლა
სტანისლავის დედა და კერძო დეტექტივი საუბრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში მისი გადასვლის ალბათობაზეც. თუმცა ამ ვერსიას ქართველი მოლაშქრეები გამორიცხავენ. ტობავარჩხილის მარშრუტიდან იქ მოსახვედრად ჯერ სვანეთის გზაზე უნდა გახვიდე და შემდეგ ენგურის წყალსაცავი გადალახო.
სამეგრელოს მთები
სტანისლავ კოჩიში შეტანილია ინტერპოლის დაკარგულთა სიაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ვკითხეთ, შეწყვეტილია თუ არა საძიებო სამუშაოები, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. კომენტარისთვის დავუკავშირდით ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაც. მათი ინფორმაციით,18 სექტემბერს ჩეხეთის საელჩომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ნოტა გაუგზავნა, რათა მიეღო ინფორმაცია ძებნის მიმდინარე სტატუსის შესახებ - ახლა პასუხის მოლოდინშია.
ერთი წლის წინ საქართველოში გაუჩინარებულ ჩეხ ტურისტს მცირეწლოვანი შვილი ელოდება.