ტრამპმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტსა“ და მშვიდობის დამყარებაზე

ისტორიული შეთანხმება მიღწეულია. „თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, - უთხრა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.

შეერთებული შტატების, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა რვა აგვისტოს ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.

„დიდი ხანი, 35 წლის განმავლობაში ომობდნენ, ახლა კი მეგობრები არიან. და მეგობრები იქნებიან დიდი ხნის განმავლობაში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიალზე.

მან მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს. ასევე თქვა, რომ ევროკავშირმა, რუსეთმა და „მძინარე ჯო ბაიდენმა“ არაერთხელ სცადეს მშვიდობის მიღწევა, თუმცა უშედეგოდ.

„ისინი პირობას დებენ, რომ სამუდამოდ შეწყვეტენ ბრძოლას, გახსნიან ვაჭრობას, მოგზაურობას და [დაამყარებენ] დიპლომატიურ ურთიერთობებს და პატივს სცემენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“.

ტრამპმა მათ უწოდა „ორი ძალიან განსაკუთრებული ადამიანი“ და რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მათ საკმაოდ კარგი პერსონალური ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმების დასახელება, - „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ - მისი ინიციატივა არ ყოფილა და მხარეებმა შესთავაზეს, რისთვისაც მადლიერება გამოთქვა.

„თქვენ ისტორიაში შეხვალთ“, - ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს.

ასევე ნახეთ ალიევი ფაშინიანს: ერთად წარვადგინოთ პრეზიდენტი ტრამპი ნობელის პრემიაზე

აზერბაიჯანი-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ

  • აზერბაიჯანი და აშშ ხდებიან სტრატეგიული პარტნიორები, რასაც მან ისტორიული დღე უწოდა;
  • ალიევმა ასევე თქვა, რომ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი „თავისუფლების მხარდამჭერი აქტის“ 907-ე სექციის გაუქმებას. ეს ჩანაწერი კრძალავდა შტატების მთავრობის მიერ აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებას.

„დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანი და სომხეთი იპოვიან ძალას იმისთვის, რომ შერიგდნენ, ასევე ხალხი შერიგდნენ, ჩვენ გადავშლით ფურცელს დაპირისპირებიდან და სისხლის ღვრიდან“, - განაცხადა მან.

შეხვედრაზე დადასტურდა ყველა ის ცნობა, რასაც ამერიკული მედია წინსწრებით ავრცელებდა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან.

„ეს არის ძალიან დიდი რამ, რასაც მივაღწიეთ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და მანაც გადაუხადა მადლობა დონალდ ტრამპს და ხაზი გაუსვა მის როლს.

„უკან დახევა რომ გვეფიქრა, აქ არ მოვიდოდით“

ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, რა მოხდება, თუკი, კონფლიქტის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, რომელიმე მხარე უკან გადადგამს ნაბიჯს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ასე მოხდება: „მაგრამ თუკი პრობლემა წარმოიქმნება... მე ვუთხარი, შევპირდი, - სულ არის რაღაც პრობლემები, დიდები, გიგანტურები კი მოვაგვარეთ, მაგრამ [თუ პატარა პრობლემა წარმოიშვება], დამირეკავენ და მოაგვარებენ. არ ექნებათ პრობლემა“.

პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი ამავე კითხვაზე პასუხად განაცხადა:

„პირველ რიგში, მსურს, ვთქვა, რომ დღეს მოვახდინეთ ინიციირება სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც მოლაპარაკების პროცესში იყო საკმაოდ დიდხანს. ფაქტი, რომ მისი ინიციირება მოხდა აქ, მსოფლიო ნომერ პირველ დედაქალაქში, მსოფლიოს ნომერ პირველ კაბინეტში, შეერთებული შტატების დიდებული პრეზიდენტის წინაშე, ნიშნავს, რომ არ უნდა იყოს არანაირი ეჭვი, რომ რომელიმე მხარე უკან დაიხევს“.

„რომელიმე ჩვენგანს, - პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ან მე, - რომ გვეფიქრა უკან დახევა, აქ არ მოვიდოდით. ასე რომ, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ რაც აქ მოხდა, ამას მოჰყვება ხანგრძლივი მშვიდობა, შიდა მშვიდობა კავკასიაში“, - დასძინა ალიევმა.

ნიკოლ ფაშინიანმა კი მოკლედ განაცხადა: „უკაცრავად, - სრულად ვეთანხმები და არაფერი მაქვს დასამატებელი“.

ცერემონიალს ლიდერების გარდა, სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესწრებოდნენ:

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო,
  • პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი,
  • სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი;
  • ალიევის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, ჰიკმეთ ჰაჯიევი.
  • რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
ასევე ნახეთ „ისტორიული დღე“ - ალიევი და ფაშინიანი ტრამპთან