მისი მონაწილეები, ისევე როგორც ბალტიის სხვა ქვეყნებში, „ტყის ძმების“ სახელით არიან ცნობილი. აქტიური შეიარაღებული წინააღმდეგობა თითქმის ათი წელი გაგრძელდა. პიკში მისი წევრების რაოდენობა 50 000-ს აღწევდა. თანაც ლიეტუვისთვის მხოლოდ ლიეტუველები არ იბრძოდნენ.
რუსეთის ყურადღების ცენტრში
გასულ კვირაში ლიეტუვის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ნიკოლაი სილინს, ანტონ პეტრაკოვსა და კონსტანტინ ვენკოვს. მათგან ორს ესტონეთისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ხოლო მესამეს - მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ამ სამმა შარშან რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) დავალებით შეურაცხყო ლიეტუვის ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, ადოლფას რამანაუსკას-ვანაგასის ძეგლი ქალაქ მერკინეში. ბრალდებულებს სამიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ლიეტუვის სპეცსამსახურების თანახმად, რუსეთი მუდმივად ახორციელებს დივერსიულ საქმიანობას ქვეყნის წინააღმდეგ. მოსკოვი, სხვა საკითხებთან ერთად, აქცენტს აკეთებს ბოლოდროინდელ ისტორიულ მოვლენებსა და მათ მონაწილეებზე. „ომის შემდგომ წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში განვითარებული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის, ასევე მისი ინიციატორების დისკრედიტაციის მიზნით, განზრახ შეურაცხყვეს ძეგლები (...), რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბალტიის ქვეყნების ისტორიისთვის. ისინი განზრახ შეურაცხყვეს 9 მაისის წინა დღეს, როდესაც რუსეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს“, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიშში.
ასევე ნახეთ “როგორ ვიცხოვროთ წყეულ საბჭოთა სახელმწიფოში?“ - ლანდსბერგისი საბჭოთა კავშირის დასასრულზეადოლფას რამანაუსკას-ვანაგასი, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე მასწავლებლად მუშაობდა, ლიეტუველი აჯანყებულების ერთ-ერთი მეთაური იყო და პარტიზანული ომის ბოლოს სათავეში ჩაუდგა წინააღმდეგობის ძალებს. 1956 წელს იგი დააპატიმრეს და კგბ-ს ციხეში გადაიყვანეს, სადაც სასტიკად აწამეს. ერთი წლის შემდეგ იგი სიკვდილით დასაჯეს ვილნიუსში.
2018 წელს ყოფილი მეთაურის ნეშტი საზეიმოდ დაკრძალეს ლიეტუვის დედაქალაქში. იმავე წელს, ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილებით, იგი აღიარებულ იქნა (სიკვდილის შემდეგ) ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 1954 წლიდან 1957 წლების პერიოდში.
ადოლფას რამანაუსკას-ვანაგასი
რუსეთის ხელისუფლებისთვის ამბოხებული მოძრაობის მონაწილეებისა და პირადად რამანაუსკას-ვანაგასის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერთგვარი „ტრიგერი“ გახდა. პარტიზანის ნეშტის ხელახლა დაკრძალვის წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მას „ბანდიტების ლიდერი“ უწოდა და „უიარაღო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში“ დაადანაშაულა. გარდა ამისა, „ტყის ძმებს“ რუსეთში ხშირად უკავშირებენ ჰოლოკოსტის დანაშაულებს - მათ ადანაშაულებენ მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების დახმარებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში.
თავად რამანაუსკას-ვანაგასმა კი თავის მემუარებში დაწერა, რომ პარტიზანები ბანდიტიზმისთვის სიკვდილით ისჯებოდნენ. ის ასეთი დამნაშავეების კონკრეტულ მოსახმობ ნიშნებსაც კი ასახელებს. თუმცა, ყველაზე ხშირად დანაშაულს სჩადიოდნენ თავისუფლებისთვის მებრძოლებად შენიღბული პროვოკატორები - ე.წ. „სტრიბაები“ (გამანადგურებლები), ნკვდ-ს ოფიცრები, რომლებიც პარტიზანებად ასაღებდნენ თავს, და ჩვეულებრივი მძარცველები.
ოკუპანტები ყველა მეთოდითა და საშუალებით გვებრძვიან, უგამონაკლისოდ. მათ რეგიონში ჩადენილი ყველა ბოროტმოქმედება ჩვენ გადმოგვაბრალეს
„ოკუპანტები ჩვენთან ყველა მეთოდითა და საშუალებით იბრძვიან, უგამონაკლისოდ. მათ რეგიონში ჩადენილი ყველა ბოროტმოქმედება ჩვენ გადმოგვაბრალეს,“ წერს რამანაუსკას-ვანაგასი თავის დღიურებში. „ისინი უსირცხვილოდ ძარცვავენ ღამით, კლავენ, პარტიზანული ფორმით ინიღბებიან და შემდეგ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი „ბანდიტების“ ნამოქმედარი იყო“. აქვე მინდა დავამატო, რომ პარტიზანული ფორმით ხშირად იყვნენ შენიღბული მძარცველებიც. ზოგჯერ ძარცვაში მშვიდობიანი მოქალაქეებიც კი მონაწილეობდნენ. მე და ჩემმა ბიჭებმაც წავასწარით (...) სოფელ მასალიშკესელი ფერმერის ორ ვაჟს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულნი და პარტიზანულ ფორმებში გამოწყობილნი ძარცვავდნენ ხალხს ბაზრობის დღეებში“.
„ებრაელებსა და ლიეტუველებს შორის მტრობის დათესვა“
ლიეტუვის მხარის თქმით, „ტყის ძმების“ წინააღმდეგ არც ებრაელების მკვლელობაში ბრალდებები შეესაბამება სიმართლეს. ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დაწყების დროისთვის ლიეტუვაში პრაქტიკულად მთელი ებრაული თემი უკვე განადგურებული იყო გერმანელებისა და მათი ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მიერ. ისტორიკოსი კესტუტის გირნიუსი თავის წიგნში „პარტიზანული ბრძოლა ლიეტუვაში“ წერს, რომ ანტისაბჭოთა იატაკქვეშა მოძრაობის მონაწილეებს შორის, რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც გერმანული ოკუპაციის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობდა, მაგრამ ისინი „მცირე ნაწილს“ შეადგენდნენ.
რვა წლის წინ ლიეტუვის ებრაულმა თემმაც დაგმ ებრაელთა დევნის მონაწილედ რამანაუსკას-ვანაგასის წარმოჩენის მცდელობები. მას არ მოეპოვება მტკიცებულება, რომ პარტიზანთა ლიდერს ჰოლოკოსტის დანაშაულებთან აქვს კავშირი. წინააღმდეგობის ვეტერანმა იონას კაჯენისმა, რომელიც დღესაც ცოცხალია, ინტერვიუში განაცხადა, რომ „ტყის ძმები“ „მტრის წინააღმდეგ იბრძოდნენ - ოკუპანტის ეროვნებას მნიშვნელობა არ ჰქონდა“.
ამავე დროს ლიეტუველი მკვლევრები აღიარებენ, რომ როგორც ევროპაში, ასევე შეერთებულ შტატებში, საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ პარტიზანული მოძრაობა თავისი ბუნებით ანტისემიტური იყო. „ამ ტიპის ნარატივებმა დასავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივ ცნობიერებაში შეაღწია კგბ-ს სისტემატური საქმიანობის წყალობით, რომელიც ცდილობდა, ჩრდილი მიეყენებინა თავისუფლებისკენ ლიეტუველების სწრაფვისთვის და ლიტვურ და ებრაულ თემებს შორის უთანხმოება დაეთესა“, აღნიშნავს ისტორიკოსი დარიუს იუოდისი თავის პუბლიკაციაში „კორდონის გაღმა და გამოღმა მხარეებზე: საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობა ლიეტუვის ემიგრაციის წინააღმდეგ 1945–1991 წლებში“.
მემორიალური დაფა ვილნიუსში აღნიშნავს ნაცისტური ოკუპაციის დროს ებრაული გეტოს ადგილს.
მსგავს აზრს გამოთქვამს ლიეტუვაში პარტიზანული მოძრაობის ისტორიის ცნობილი პოპულარიზატორი, ალკას პალტაროკასი. „ცილისწამების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა იმის მტკიცება, რომ ყველა პარტიზანი თანამშრომლობდა ნაცისტებთან, მონაწილეობდა ჰოლოკოსტში ან მონაწილეობდა ანტისემიტურ საქმიანობაში. ასეთი მტკიცებები, როგორც წესი, საბჭოთა პროპაგანდის მიერ ფალსიფიცირებულ მასალებს ეფუძნება“, წერს ის სოციალურ მედიაში. „ლიეტუვის განთავისუფლებისთვის მებრძოლთა კავშირის დეკლარაცია (მიღებულ იქნა 1949 წლის 16 თებერვალს - რ.თ.) თავის მე-17 პუნქტში ნაცისტებს ოკუპანტებად მოიხსენიებს და აცხადებს კიდეც, რომ ყველა, ვინც მათთან თანამშრომლობდა, სასამართლოს წინაშე წარდგება“.
პარტიზანული ომის ისტორიის ნაკლებად ცნობილი ფურცლები
ლიეტუვაში წინააღმდეგობის მოძრაობა ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო როგორც მონაწილეთა რაოდენობის, ასევე ბრძოლის მასშტაბის თვალსაზრისით. „ტყის ძმები“ წითელი არმიისთვის დასახლებული პუნქტების წართმევასაც კი ახერხებდნენ. წელს ლიეტუვა აღნიშნავს მერკინეს ბრძოლის წლისთავს. ეს სწორედ ის ქალაქია, სადაც ცოტა ხნის წინ რამანაუსკას-ვანაგასის ძეგლი შეურაცხყვეს. 1945 წლის 15 დეკემბერს მისი მეთაურობით 200-კაციანი რაზმი შევიდა ქალაქში, ხელში ჩაიგდო ადგილობრივი ნკვდ-სა და პოლიციის შენობები და დაიკავა ფოსტა. პარტიზანული წინსვლა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ჩეკას ზოგიერთი წევრი ეკლესიაში გამაგრდა და იქიდან ტყვიამფრქვევს ისროდა. ლიეტუვის იატაკქვეშა დაჯგუფების ლიდერმა მოგვიანებით დაწერა, რომ ჩეკისტების წინააღმდეგ შეიძლებოდა ყუმბარმტყორცნების გამოყენება, მაგრამ პარტიზანებმა ეს არ გააკეთეს „საეკლესიო შენობების მიმართ პატივისცემის გამო“.
„ტყის ძმები“, 1940-იანი წლების ბოლო
ლიეტუვაში პარტიზანული ომი ძირითადად 1950-იანი წლების მეორე ნახევრამდე გაგრძელდა. ცალკეულმა მებრძოლებმა მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა და 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე დამალვა. მოძრაობის ბოლო წევრი, სტასის გიგა, რომელიც ვერა და ვერ დააპატიმრეს, 1986 წელს გარდაიცვალა.
პარტიზანების მთავარი მიზანი იყო ლიეტუვის დამოუკიდებელი და დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენა. ეს ნათლად არის ნათქვამი განთავისუფლებისთვის მებრძოლთა კავშირის პროგრამულ დოკუმენტებში.
აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხოლოდ ლიეტუველები არ მონაწილეობდნენ. „ჩვენ ზოგადად გვესმის, რომ ეს იყო რეჟიმის მიმართ ლიეტუვის წინააღმდეგობა. რა თქმა უნდა, ასეთი მტკიცება სწორი იქნება, რადგან პარტიზანული მოძრაობის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ლიეტუველები იყვნენ. თუმცა, შესაძლებელია და უკვე აუცილებელიც ხდება პარტიზანულ ფორმირებებში სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე საუბარი, რადგან ასეთი ადამიანები მართლაც არსებობდნენ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ლიეტუვის გენოციდისა და წინააღმდეგობის შესწავლის ცენტრის (LGGRTC) უფროსმა მკვლევარმა ანდრიუს ტუმავიჩიუსმა.
ანდრიუს ტუმავიჩიუსი
რუს სტაროვერებს ცალკე ადგილი უჭირავთ ანტისაბჭოთა შეიარაღებული იატაკქვეშა დაჯგუფებების ისტორიაში - თუმცა ეს მაგალითები საკმაოდ იშვიათია. მათი თემები ლიეტუვაში მე-17 საუკუნეში გაჩნდა. იმ დროს ბევრი სტაროვერი იძულებული გახდა, ცარისტული რუსეთიდან გაქცეულიყო რეპრესიებისგან თავის დასაღწევად. შედეგად, ათასობით ადამიანი დასახლდა იმდროინდელი პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის მიწებზე. „სტაროვერებს შორის თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებრძოლები იყვნენ კაზანების ოჯახის წევრები, წარმოშობით აღმოსავლეთ ლიეტუვის სოფელ ზარასაიდან. სწორედ ამ მხარეში არის კონცენტრირებული სტაროვერების კომპაქტური განსახლების ადგილები, მათ შორის დღემდე,“ ამბობს ისტორიკოსი. ლიეტუვის არმიის ოფიცერი აფანასი კაზანი ანტისაბჭოთა ბრძოლასთან დაკავშირებული ცნობილი ოჯახის მეთაური იყო. ზარასაის მხარის (რუსეთის იმპერიის დროს ნოვოალექსანდროვსკის მაზრა) მკვიდრი კაზანი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, შემდეგ კი რუსეთში თეთრ მოძრაობაში იყო. 1920 წელს ლიეტუვაში დაბრუნდა და დამოუკიდებელ რესპუბლიკას შეუერთდა, პოლონეთის წინააღმდეგ ლიეტუვის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა (ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები 1920-იან და 1930-იან წლებში დაძაბული იყო, პოლონეთის ჯარებმა ვილნიუსი და მისი შემოგარენი დაიკავეს). შემდგომში კაზანმა კაპიტნის წოდება მიიღო.
აფანასი კაზანი
1941 წელს აფანასი კაზანი უფროს ვაჟთან, იგორთან ერთად მონაწილეობდა ივნისის ანტისაბჭოთა აჯანყებაში. ნაცისტური ოკუპაციის დროს ის პოლიციაში მუშაობდა. 1943 წელს გერმანელებმა ოჯახის უფროსი ფრონტზე გაგზავნეს. ომის ბოლოს ის საბჭოთა ტყვეობაში მოხვდა კენიგსბერგთან ახლოს, ის გაასამართლეს და შრომა-გასწორების ბანაკში გაგზავნეს. ისტორიკოსებმა დაადგინეს, რომ აფანასი კაზანი ვორკუტის ბანაკში პოლიტპატიმრების აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის იქვე დაიღუპა. არანაკლებ ტრაგიკული ბედი ერგო მის უფროს ვაჟს, რომელიც ასევე მსახურობდა პოლიციაში გერმანელების მმართველობისას. იგორ კაზანი გარდაიცვალა მარია მელნიკაიტეს მეთაურობით მოქმედი საბჭოთა დივერსანტების ჯგუფთან შეტაკებისას მიღებული ჭრილობებისგან. თუ მამისა და უფროსი ძმის შემთხვევაში შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ისინი გერმანიის საოკუპაციო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ, აფანასის ვაჟი მიკოლას (ნიკოლაი) კაზანი, აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის სწორედ ომისშემდგომ ანტისაბჭოთა მოძრაობაში. წითელი არმიის მოახლოებისას, მან მამის ბრძანებით ჩამოაყალიბა 100-კაციანი რაზმი, რომელთან ერთადაც ლიეტუვის ჩრდილო-დასავლეთში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. შემდგომში ის პარტიზანული რაზმის ლიდერი გახდა ზარასაის რეგიონში, რამდენიმე რაზმი გააერთიანა ე.წ. „დათვების ასეულში“.
მიკოლას კაზანი
მიკოლას კაზანი 1945 წლის 7 ივლისს დაიღუპა. ფერმა, სადაც ის და მისი ორი თანამებრძოლი გაჩერდნენ ღამის გასათევად, ნკვდ-ს თანამშრომლებმა ალყაში მოაქციეს. პარტიზანმა უარი თქვა დანებებაზე და თავი ყუმბარით აიფეთქა. 2000 წელს მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა მაიორის წოდება და ვიტისის ჯვრის მე-4 ხარისხის ორდენი. მისმა დამ, ლუდმილამ, რომელიც რეპრესიებს გადაურჩა, ჯილდო მიიღო ლიეტუვის პრეზიდენტისგან. კომუნისტების წინააღმდეგ მებრძოლ სხვა ლიეტუველ რუსებზე საუბრისას შეგვიძლია ვახსენოთ ევსტიგნეი სინიაკოვი ასევე ზარასაის მხარიდან, რომელიც ივნისის აჯანყებაში მონაწილეობდა. ამის გამო, 1944 წლის ივლისის ბოლოს მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა.
ომი სიყვარულისთვის დაბრკოლება არ არის
ისტორიკოს ანდრიუს ტუმავიჩიუსის თქმით, იმ დროს მომხდარი ტრაგედიების მიუხედავად, ლიეტუვაში რომანტიკული ისტორიებიც არის ცნობილი.
„არსებობს საკმაოდ საინტერესო ეპიზოდი, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდა ქალთან, ტამარა მიხაილოვასთან. ის რუსი იყო, ლენინგრადის ოლქიდან. დაახლოებით 1943 წელს გერმანელებმა ის და მისი დეიდა ლიეტუვაში გადაასახლეს და გლეხებთან სამუშაოდ გაგზავნეს. ეს იმ დროს გავრცელებული პრაქტიკა იყო: გერმანელები მთელი საბჭოთა კავშირიდან აგროვებდნენ რუსებს სამუშაოდ. ასე რომ, ტამარა მეურნეობაში მუშაობდა და სანამ ის ამ გლეხთან შრომობდა, 18-19 წლის ქალიშვილსა და ახალგაზრდა ფერმერს შორის რომანტიკული ურთიერთობა გაიბა. ყველაფერი საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურებოდა: ახალგაზრდები, სიყვარული - არაფერი უჩვეულო.
ასევე ნახეთ რუსეთი ბალტიის ქვეყნებში შეჭრისთვის ემზადება?დადგა 1944 წელი. წითელმა არმიამ გერმანელები განდევნა და ტამარას შესაძლებლობა მიეცა, ლენინგრადის ოლქში დაბრუნებულიყო. ის დეიდასთან ერთად დაბრუნდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით მისი დაკითხვის ოქმებშია ნათქვამი, როდესაც ისინი ლენინგრადის ოლქში ჩავიდნენ, ნახეს, რომ არაფერი არ გადარჩენილიყო: არც სახლი, არც წინა ცხოვრება, პირობები გაუსაძლისი იყო. და მისმა დეიდამ უთხრა: „იცი რა, დაბრუნდი ლიეტუვაში შენს შეყვარებულთან. აქ ცხოვრება არ არის, მაგრამ იქნებ იქ ყველაფერი უკეთესად წარიმართოს შენთვის.“ ტამარა დაბრუნდა, მისი იონუკასი კი უკვე პარტიზანულ რაზმში იყო. და ის მასთან მიდის პარტიზანულ რაზმში. რაზმში დაახლოებით ექვსი თვე დარჩა, სანამ არ დააპატიმრეს. მის მიმართ მთავარი კრიტიკა იყო ის, თუ როგორ შეეძლო რუს ქალს თავისი „დიადი სამშობლოს“ ღალატი, „საბჭოთა კავშირის გაყიდვა“ და ა.შ.
თუმცა, ეს მის სასჯელზე რაიმე კონკრეტული სახით არ ასახულა: მისთვის უფრო მკაცრი სასჯელი არ მიუსჯიათ, ვიდრე, მაგალითად, მისი ლიეტუველი მეწყვილე ქალისთვის იმავე რაზმიდან. ათი წელი მიუსაჯეს.
ორ ცეცხლს შუა
ლიეტუველ პარტიზანებს შორის შეხვდებოდით როგორც ვერმახტის ყოფილ ჯარისკაცებს, ასევე წითელარმიელებს. საინტერესოა ვლადიმირელი სერჟანტის, დიდების ორდენის კავალრის შემთხვევა. ის ლიეტუვაში სამკურნალოდ იმყოფებოდა და მოგვიანებით აჯანყებას შეუერთდა. შემდგომში იგი დააპატიმრეს და 25 წლით შრომა-გასწორების ბანაკში პატიმრობა მიუსაჯეს.
ლიეტუველი პარტიზანების რიგებში ბრძოლის შესაძლებლობა უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე განმარტოებულად მალვა
რაც შეეხება გერმანელ ჯარისკაცებს, ისინი ყველაზე ხშირად ლიეტუველებთან ხვდებოდნენ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, განმარტავს ტუმავიჩიუსი. „შესაძლოა, მათი მთავარი მოტივი იყო გადარჩენა, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ფრონტი უკან იხევს, მტრის ხაზების უკან რჩები და მტერი შეუჩერებლად მიიწევს წინ დასავლეთისკენ. ლიეტუველი პარტიზანების რიგებში ბრძოლის შესაძლებლობა უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე განმარტოებულად მალვა. ეს მათ სთავაზობდა გადარჩენისა და ხელსაყრელ პირობებში სახლში დაბრუნების შანსს.“
მკვლევრის თქმით, 1944-1945 წლებში ლიეტუვაში ბევრს სჯეროდა, რომ ამერიკელები და ბრიტანელები დამარცხებული გერმანელების ნარჩენებთან გაერთიანდებოდნენ, რათა საბჭოთა კავშირის მიერ ევროპის დაპყრობა არ დაეშვათ. „გერმანიის სრული კაპიტულაციის შემდეგაც კი ხალხს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ დასავლეთი გაერთიანდებოდა და ბოლოს და ბოლოს განდევნიდა ბოლშევიკებს. პარტიზანულ რიგებში მყოფი ვერმახტის ყოფილი ჯარისკაცები ფიქრობდნენ, რომ ამ შემთხვევაში მათ შეეძლოთ რთული პერიოდის გადატანა და შემდეგ სამშობლოში დაბრუნება“, ამბობს ანდრიუს ტუმავიჩიუსი.
„ტყის ძმა“ აზერბაიჯანიდან
ბევრი ისტორიკოსის აზრით, ლიეტუვაში პარტიზანული ომის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია აზერბაიჯანელი შაკირ სადიკოვის ამბავი. ის ბაქოს მახლობლად დაიბადა და ომამდე მასწავლებელი იყო. წითელი არმიის რიგებში იბრძოდა ნაცისტებისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად და საბოლოოდ ლიეტუვაში აღმოჩნდა.
ადოლფას რამანაუსკას-ვანაგასის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონია. ვილნიუსი, 2018
მკვლევარ მაჰირ გამზაევის თქმით, სადიკოვი ლიეტუველ პარტიზანებს იდეოლოგიური მიზეზების გამო შეუერთდა 1945 წლის აგვისტოში. ეს იყო მისი პირადი პროტესტი სტალინური რეჟიმის წინააღმდეგ. თავის მხრივ, სადიკოვი „ტყის ძმებისთვის“ სასარგებლო იყო თავისი საბრძოლო გამოცდილების გამო.
ცნობილია, რომ სადიკოვი საკმაოდ სწრაფად დაეუფლა ლიტვურ ენას და ლიტვურად ლექსებსაც კი წერდა. ის მონაწილეობდა ნკვდ-ს რაზმებთან პირდაპირ შეტაკებებში. 1950 წელს იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. სასჯელი ერთი წლის შემდეგ მოიყვანეს სისრულეში.
აღსანიშნავია, რომ სადიკოვი, როგორც მკვლევრები წერენ, დაკითხვებზე ითხოვდა, რომ მასთან ლიტვურ ენაზე ესაუბრათ.
ასევე ნახეთ „აჯანყდით! იბრძოლეთ!“ - ვინ არის პარტიზანული ჯგუფი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრა?