რუსმა სამხედროებმა დღის დასაწყისიდან 2000-ზე მეტჯერ დაარღვიეს მათ მიერ გამოცხადებული „რუსული ზავი“, ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„უკვე დაფიქსირდა 67 რუსული იერიში ჩვენს სხვადასხვა პოზიციებზე, ყველაზე მეტი კი - პოკროვსკის მიმართულებით. 1355 საარტილერიო თავდასხმა, მათგან 713 მძიმე შეიარაღებით, 673 შემთხვევაში დაფიქსირდა რუსების მიერ FPV დრონების გამოყენება,“ - აცხადებს ზელენსკი.
„რუსეთს არ ეყო თითქმის მთელი დღეც კი, რომ ეპასუხა სრული სიჩუმის შესახებ ჩვენს შეთავაზებაზე - აღდგომიდან 30 დღის განმავლობაში“, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, ფრონტის ყველა მთავარ მიმართულებაზე რუსეთმა არ დაიცვა „სააღდგომო ზავი“.
ასევე ნახეთ ზელენსკის თქმით, "აღდგომის ზავის" დროს რუსეთის არმიამ უკრაინელი ჯარისკაცები დახოცა
ორივე მხარე ირწმუნება, რომ ფრონტზე ბრძოლა გრძელდება, თუმცა არსებული ცნობების თანახმად, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა ჩვეულებრივზე შესამჩნევად დაბალია. ზელენსკის თქმით, 20 აპრილს უკრაინაში საჰაერო განგაშები არ ყოფილა.
„ამიტომ ეს არის სიჩუმის ფორმატი, რომელიც უკვე მიღწეულია და რომლის გაგრძელება ყველაზე მარტივია. უკრაინა სთავაზობს უარს თქვას ნებისმიერი დარტყმების განხორციელებაზე, შორ მანძილზე მოქმედი დრონებითა და რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - მინიმუმ 30 დღით და გაგრძელების შესაძლებლობით. თუ რუსეთი არ დათანხმდება ამ ნაბიჯს, ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ მას კვლავაც სურს აკეთოს მხოლოდ ის, რაც ანადგურებს ადამიანების სიცოცხლეს და აგრძელებს ომს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
20 აპრილს, საღამოს სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმებოდა, თუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ე.წ. სააღდგომო ზავი გაგრძელდებოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების თანახმად, ზავის გაგრძელება რუსეთის სერიოზული განზრახვის მაჩვენებელი იქნებოდა.
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არ გაუცია ბრძანება „აღდგომის ზავის“ გაგრძელების შესახებ 21 აპრილის შუაღამის შემდეგ. შესაბამისი განცხადება გააკეთა პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
19 აპრილს კრემლმა გაავრცელა ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომელმაც გამოაცხადა „აღდგომის ზავი“. მისი თქმით, რუსეთის მხარე „წყვეტს ყველა საბრძოლო მოქმედებას 19 აპრილის 18:00 საათიდან 21 აპრილის 00:00 საათამდე“. ამავდროულად, დაამატა პუტინმა, რუსულმა ჯარებმა მზად უნდა იყონ „შესაძლო დარღვევების მოსაგერიებლად“.
20 აპრილს, დღის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის „იმიტაციას“ აკეთებს, თუმცა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ბრძოლები მაინც გრძელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც ისწრაფვის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისკენ: „ამ საკითხში სერიოზული განზრახვის შეფასებისას, ჩვენ მივესალმებოდით ზავის გაგრძელებას კვირის შემდეგაც“.