უცხოელების თაღლითური ძარცვა თბილისიდან - გამომძიებელი ჟურნალისტები 23 გვარს ასახელებენ

თაღლითები მსხვერპლებისგან მეტი ნდობის მოსაპოვებლად, მათ ყალბ ფოტოებს უგზავნიდნენ და ემოციურ კომუნიკაციაში შედიოდნენ. ილუსტრირებული ფოტო.

საერთაშორისო გამოძიების მონაწილე სამმა ქართულმა მედიაორგანიზაციამ გაარკვია, რომ ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ; თაღლითები მსხვერპლებს უკანასკნელ დანაზოგს ართმევდნენ, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ.

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ერთმანეთთან კოორდინაციით დაადგინეს საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელების და მათი ხელქვეითების ვინაობა.

დოკუმენტებით დგინდება, რომ:

  • 6 ათასზე მეტ ადამიანს თაღლითებმა, 3 წლის განმავლობაში, თითქმის 36 მილიონი დოლარი წაართვეს.
  • მსხვერპლთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის - პენსიონერები.

ორი ტერაბაიტი მოცულობის გამოჟონილ ინფორმაციას 8 თვის განმავლობაში შეისწავლიდა 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის - OCCRP და მის ქსელში ჩართული სამი ორგანიზაცია საქართველოდან - “სტუდია მონიტორი”, “აი, ფაქტი” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC). ეს მასალები წყარომ თავდაპირველად შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.

პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა არ დაგვიკონკრეტეს, გამოიკითხნენ თუ არა ჟურნალისტურ გამოძიებაში დასახელებული პირები.

რა დგინდება ჟურნალისტური გამოძიებით?

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა თბილისში დაფუძნებული ქოლ-ცენტრის, A.K. Group-ის ორ ოფისს საბურთალოზე, ქავთარაძისა და შარტავას ქუჩებზე მიაგნეს, სადაც კარგად დამუშავებული თაღლითური სქემებით, 80-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა. ოფისები, რომლის ქირაშიც ათასობით დოლარს იხდიდნენ, უკვე დახურულია.

ჟურნალისტები გვეუბნებიან, რომ ოფისები ჟურნალისტური გამოძიების მიმდინარეობის მიწურულს დაიხურა, როცა მათ ქოლ-ცენტრის თანამშრომლებთან გასაუბრებას შეეცადნენ. შეხვედრა ვერ შედგა, მაგრამ თითქმის ყველა თანამშრომელი იდენტიფიცირებულია.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქოლ-ცენტრის თანამშრომლებს თვეში 20 000 დოლარზე მეტის გამომუშავებაც კი შეეძლოთ. თანამშრომლები, მათ მიერ ნაძარცვი თანხის სიდიდის შესაბამისად, კომპანიისგან ძვირადღირებულ საჩუქრებსაც იღებდნენ. შთამბეჭდავია ქოლ-ცენტრის მიერ გადახდილი პომპეზური კორპორაციული წვეულებები.

ფოტო A.K.Group-ის კორპორაციული წვეულებიდან [საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან]

გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ A.K. Group-ის წარმატებული თანამშრომლები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, ხშირად მოგზაურობდნენ საზღვარგარეთ, იხდიდნენ ძვირადღირებულ წვეულებებს და საკუთარ თავს ძვირფასი ნივთებით ანებივრებდნენ.

ტექსტურ თუ ვიდეომასალებში, რომლებიც მედიაორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს, დასახელებულია 2021 წელს დაფუძნებული შპს “ა.კ. გრუპის” [„A.K. Group“] 23 თანამშრომლის სახელი და გვარი - ხელმძღვანელი პირებიდან რიგით შემსრულებლებამდე, რომლებიც, სხვადასხვა ეტაპზე, უშუალოდ ელაპარაკებოდნენ მსხვერპლებს და სარფიანი საინვესტიციო წინადადებებით მოხიბლულებს შემდეგ მშრალზე ტოვებდნენ. ყველა მათგანს აქვს გამოგონილი სახელები, რომლებითაც ისინი მსხვერპლებს ეცნობოდნენ.

გასაჯაროებული საგამოძიებო მასალების თანახმად, თაღლითები მსხვერპლებისგან მეტი ნდობის მოსაპოვებლად, მათ ყალბ ფოტოებს უგზავნიდნენ და ემოციურ კომუნიკაციაში შედიოდნენ. ბოლოს კი, როდესაც ძარცვის ფაქტი გაიშიფრებოდა, მსხვერპლის ემოციებს გულგრილად ხვდებოდნენ.

“თავს მოვიკლავ”, - ეუბნება კანადელი მსხვერპლი, 60 წლის მარსელ დეშამი მერი რობერტს [მარიამ ჩარჩიანს]; “კარგი, წადი და მოიკალი თავი!” - არის “სკამერის” პასუხი. სუიციდის განზრახვაზე სხვა მსხვერპლებიც მიუთითებენ.

ყალბი პასპორტი [საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან]

კარგად შენიღბული “სკამერები”, რომლებიც მსხვერპლებს პირადობის დამადასტურებელ გაყალბებულ დოკუმენტებს უგზავნიან, პოლიციით მუქარაზე არ რეაგირებდნენ, რადგან მათი რეალური ვინაობის დადგენა მართლაც ძალიან ძნელია.

არც გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის ყოფილა იოლი ქოლ-ცენტრებიდან გამოჟონილ ზღვა ინფორმაციაში გზის გაკვლევა და თაღლითების კვალზე გასვლა.

“ფაილებში ვნახეთ, რომ ხშირად იყო ნახსენები კომპანია A.K. Group-ი. მაგალითად, ვიპოვეთ დირექტორის, მერი შოთაძის სახელით თანამშრომლისთვის დაწერილი სარეკომენდაციო წერილი, ზოგან A.K.-ის ლოგო იყო გამოყენებული, ვნახეთ ასევე, რომ ამ კომპანიის სახელით ხდებოდა თანხების მიღება თუ სხვა სახის სამუშაოს შესრულება… შემდეგ ინტერნეტში ვიპოვეთ A.K.-ის 2023 წლის საახალწლო ღონისძიების GIF-ები [პროგრამულად შენახული ფოტოები]. ამ ღონისძიებაზე რამდენიმე ადამიანს ეცვა A.K.-ის მაისური და ღონისძიებაზე იყო ბანერიც - კომპანიის ლოგოთი. სწორედ ამ GIF-ების მეშვეობით ამოვიცანით ძალიან ბევრი ადამიანი”, - გვიყვება “სტუდია მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტი, ნინო რამიშვილი. თუმცა მთავარი გამართლება მაინც ის იყო, რომ ფაილებში იძებნებოდა რამდენიმე “სკამერის” რეალური სახელი და გვარი, “რაც მათ გაეპარათ”. სოციალურ ქსელებში კი მათი მოძებნა იოლი აღმოჩნდა.

ქოლ-ცენტრიდან გამოჟონილი მასალები მოიცავს სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებს ოფისების დერეფნებიდან, ინფორმაციას თაღლითების სამუშაო კომპიუტერებიდან, სატელეფონო საუბრების აუდიოჩანაწერებს თუ მიმოწერებს ტელეგრამჯგუფებში.

როცა სქემები გაიშიფრა

“აი, ფაქტის” თანახმად, საგამოძიებო მასალაზე მუშაობის მიწურულს, 19 თებერვალს, “სკამერებს” [თაღლითებს] ვრცელი კითხვარები დაეგზავნათ, მათგან ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რასაც მათი დამალვა მოჰყვა.

“ვიდრე შეკითხვებს გავაგზავნიდით, ვამოწმებდით და დანამდვილებით ვიცით, რომ ყველას ღია ჰქონდა ანგარიშები და იძებნებოდნენ სოციალურ ქსელებში, მაგრამ შემდეგ დახურეს ან წაშალეს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “აი, ფაქტის” დამფუძნებელი რედაქტორი, ნინო ბაქრაძე.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მედიაორგანიზაციების მიერ საგამოძიებო რეპორტაჟების გამოქვეყნებამდე, სოციალურ ქსელებში ჯერ ისევ იძებნებოდა ზოგიერთი “სკამერის” ფოტოები. მაგალითად, ვერონიკა ჩარჩიანის ფოტოები მისი პირადი ფეისბუკგვერდიდან 5 მარტს დილით გაქრა, თუმცა ახლად წაშლილი ფოტოების კვალი ჯერ ისევ იძებნებოდა გუგლის სისტემაში. ამ ეტაპზე ხელმიუწვდომელია ვერიკო ჩარჩიანის, როგორც წარჩინებული, განათლებული ახალგაზრდის შესახებ ინფორმაცია “საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდების ცენტრის” ფეისბუკგვერდზე. რადიო თავისუფლებამ მასალის წაშლის საფუძველი ჯერჯერობით ვერ გაარკვია.

ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მათ ასევე თებერვლის ბოლოსკენ ინფორმაცია მიაწოდეს გენერალურ პროკურატურას და დაახლოებით ერთ კვირაში მიიღეს პასუხი, რომ - გამოძიება დაწყებულია.

“საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სწავლობს და შესაბამისად, რაიმე სახის დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენის შემთხვევაში მოახდენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეაგირებას… მოცემულ ეტაპზე, AK Group-ის Milton Group-თან კავშირის შესახებ ინფორმაციის მოკვლევა მიმდინარეობს,” – გვიპასუხა პროკურატურამ წერილობით გაგზავნილ კითხვებზე”, - ვკითხულობთ “აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიაში.

“აი, ფაქტის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ვკითხულობთ, რომ “საქართველოში მოქმედი თაღლითური ქსელი ამ მიზნით იყენებს სპეციალურად შექმნილ სავაჭრო პროგრამას, Puma TS-ს. ამავე პროგრამას იყენებდა სხვა თაღლითური ქსელი “მილტონ ჯგუფი” [Milton Group], რომლის საქმეზეც გამოძიება ახლაც მიმდინარეობს.

ახლა რა ეტაპზეა გამოძიება?

“გამოძიება მიმდინარეობს და ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება”, - პროკურატურისგან რადიო თავისუფლებამ 6 მარტსაც იმავე შინაარსის პასუხი მიიღო. არ დაგვიკონკრეტეს, როდის დაიწყო გამოძიება და გამოჰკითხეს თუ არა სავარაუდო თაღლითები. თუმცა დაგვიდასტურეს, რომ იკვლევენ A.K. Group-ის კავშირს ასევე საერთაშორისო მასშტაბით თაღლითური საქმიანობით ცნობილ Milton Group-თან.

Milton Group-ი მოხსენიებული იყო BBC Eye-ის მიერ 2023 წელს გამოქვეყნებულ გამოძიებაში, რომელშიც ასევე, ე.წ. ქოლ-ცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი იყო დასახელებული.

კეზერაშვილი Milton-თან კავშირს თავიდანვე უარყოფდა და ბრალდებებს ცილისწამებას უწოდებდა, 2024 წლის დეკემბერში კი, მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, BBC-მ თავისი პლატფორმიდან ჟურნალისტური გამოძიება წაშალა, რითაც „ფაქტობრივად, დადასტურდა, რომ გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენდა უმძიმეს ცილისწამებას".

ბმული, რომელზეც BBC-ის ხმაურიანი გამოძიება იძებნებოდა, წაშლილია.

მანამდე, სექტემბერში, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხა დავით კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა. კეზერაშვილმა ამ ინფორმაციას დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა უწოდა.

  • საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, არ არის დადგენილი, წარმოადგენს თუ არა საქართველოში დაფუძნებული A.K. Group-ი რომელიმე მსხვილი თაღლითური სქემის ნაწილს.
  • გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, საბურთალოზე კომპანიის ორი ოფისის დახურვა არ გამორიცხავს, რომ ქოლ-ცენტრი სხვა მისამართზე განაგრძობს ფუნქციონირებას.