„ანდრიეში“ (1954, სსრკ, რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი)
სერგო ფარაჯანოვის სრულმეტრაჟიანი ფილმი „ანდრიეში“ დიდი ხანია ატვირთულია ინტერნეტში. იმედია, სულ მალე ვნახავთ ფარაჯანოვის სადიპლომო ნამუშევარს, რომელსაც ასევე „ანდრიეში“ ჰქვია და დღემდე დაკარგულად ითვლებოდა.
1952 წელს გადაღებული „ანდრიეში“ ერთი თვის წინ, მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის, „ვგიკის“ კინოარქივის გაციფრულების დროს აღმოაჩინეს. ფაქტობრივად, ეს უნდა ყოფილიყო ესკიზი კიევის სტუდიაში გადაღებული „ანდრიეშისთვის“, რომელიც ასევე მოლდოვური ზღაპრის მიხედვით შეიქმნა. ამ ორ ფილმს მხოლოდ ორი წელი აშორებთ, თუმცა ეს ორი წელი მთელი ეპოქაა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. ორ „ანდრიეშს“ ერთმანეთისგან სტალინის სიკვდილი გამოყოფს.
პუტინის რუსეთის კულტურული პოლიტიკის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება „ანდრიეშის“ პირველი ვერსიის მსოფლიო პრემიერის მოწყობა. ფარაჯანოვი ის ხელოვანი არაა, რომელსაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება პროპაგანდისთვის გამოიყენებდა. თანაც რუსეთისთვის იგი არა მარტო ქართველი და სომეხი რეჟისორია, არამედ ავტორი, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობდა. „ანდრიეში“ კი, საერთოდ, უკრაინის გარდა მოლდოვის კულტურულ მემკვიდრეობასაც წარმოადგენს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ დღემდე დაკარგულად მიჩნეული „ანდრიეშის“ ისტორია უკავშირდება ორ, პუტინის კულტურული პოლიტიკისთვის მიუღებელ ფიგურას - ალექსანდრ დოვჟენკოს, რომელიც სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო ფარაჯანოვის დიპლომის დაცვაზე, და იგორ სავჩენკოს, ასევე უკრაინელს, ავტორს ფილმისა „გარმონი“, რომელიც 30-იან წლებში პირადად სტალინის ბრძანებით აიკრძალა.
სერგო ფარაჯანოვმა „ანდრიეში“ სავჩენკოს სახელოსნოში სწავლის დროს გადაიღო. ისიც მნიშვნელოვანია, რომ დიპლომის დაცვის შემდეგ სწორედ დოვჟენკოს რეკომენდაციით მიემგზავრება ფარაჯანოვი კიევში და იწყებს მუშაობას „დიდ ანდრიეშზე“, იმ დოვჟენკოსი, რომელსაც მოსკოვი არაერთხელ დაუპირისპირდა როგორც „უკრაინელ ნაციონალისტს“ და რომელსაც დღეს უკრაინელები თავიანთ მთავარ კინოკლასიკოსად მიიჩნევენ.
ჯერჯერობით გაუგებარია, მართლაც დაკარგული იყო ფარაჯანოვის სადიპლომო ნამუშევარი თუ ფილმს, უბრალოდ, მალავდნენ. ეჭვს ბადებს იმ კინემატოგრაფისტების შეფასებები, რომლებიც დაესწრნენ სერგო ფარაჯანოვის დიპლომის დაცვას. ერთ-ერთი მათგანი, კინოს ისტორიკოსი იურენევი 80-იანი წლების ბოლოს გამოცემულ წიგნში ამტკიცებდა, რომ „ანდრიეში“ ანიმაციის და გათამაშებული ეპიზოდების გაერთიანების ცდა იყო და რომ ასეთი გადაწყვეტა სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა დოვჟენკოსთვის... ანუ იმ დოვჟენკოსთვის, რომელმაც ფარაჯანოვი კიევში გაუშვა, როგორც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი? ახლა გაირკვა, რომ „ანდრიეშს“ მულტიპლიკაციურ კინოსთან არაფერი აქვს საერთო. პატარა მწყემსის, ანდრიეშის როლი ითამაშა ნატალია კრაჩკოვსკაიამ, რომელიც იმხანად კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა (უფროს თაობას გახსოვთ, ალბათ, კრაჩკოვსკაია მადამ გრიცაცუევას როლში, ლეონიდ გაიდაის ფილმში „12 სკამი“)...
„ვგიკის“ თანამშრომლები, რომლებმაც ფარაჯანოვის უცნობი „ანდრიეში“ ნახეს, წერენ, რომ რატომღაც კრაჩკოვსკაია გადაღებულია ფილმის ახლო ხედებზე, ხოლო შორ ხედებზე, რეტუშირებულ კადრებში, ანდრიეშს სხვა მსახიობები ასახიერებენ. ფილმში მონაწილეობს აგრეთვე გიული ჭოხონელიძე, რომელსაც ვნახავთ კიევის სტუდიაში გადაღებულ „ანდრიეშში“, ოპერატორი კი იური სხირტლაძეა, წლების შემდეგ - ელდარ შენგელაიას „სამანიშვილის დედინაცვლის“ და „ცისფერი მთების“ მეორე ოპერატორი. ამ უკანასკნელის ნამუშევარს განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევენ კინომცოდნეები, რომლებმაც მოახერხეს პირველი „ანდრიეშის“ ნახვა. ეს ხალხი წერს, რომ ფარაჯანოვის სადიპლომო ნამუშევარში უკვე გამოჩნდა რეჟისორის ერთგულება ხატოვანი პოეზიისადმი და ფერწერული კადრ-კომპოზიციებისადმი. ზღაპრული სიუჟეტი მას საშუალებას აძლევდა მიემართა სტალინური კულტურისთვის უცხო პირობითი ენისთვის და გაემართლებინა ეს პირობითობა ლიტერატურული პირველწყაროთი - მოლდოველი პოეტის, ემილიან ბუკოვის ტექსტით, თავად ამბით. „ანდრიეშში“ ხომ კეთილი მწყემსი, ფაქტობრივად ანგელოზი ბიჭუნა შეერკინება „შავ გრიგალად“ მონათლულ დემონს, რომელიც ყველა ცოცხალ არსებას სძულს, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს.
ამასობაში ბელადი კვდება. სერგო ფარაჯანოვი ამთავრებს „ვგიკს“ და კიევის სტუდიის წამყვანი რეჟისორი ხდება. რატომ გადაწყვიტა ისევ და ისევ „ანდრიეშის“ სიუჟეტის გაცოცხლება, არ ვიცი. ფარაჯანოვს ამ კითხვას, როგორც ჩანს, არავინ უსვამდა, რადგანაც სადიპლომო ნამუშევარი არავის ჰქონდა ნანახი... და ეს „ანდრიეშიც“, სერგო ფარაჯანოვის დებიუტი, დიდად არც ფარაჯანოვის თაყვანისმცემლებს ეხატებოდათ გულზე.
„არ დაიჯერებ, მაგრამ სერგომ სოცრეალისტური ფილმით დაიწყო“, - მითხრა დიდი ხნის წინ კოლეგამ, როცა შეიტყო, რომ ფარაჯანოვის პირველი ფილმი ნანახი არ მქონდა.
არადა, თუკი სადიპლომო „ანდრიეში“ იყო ესკიზი უკრაინული „ანდრიეშისთვის“, ეს უკრაინული ფილმი ნამდვილად არის ესკიზი სერგო ფარაჯანოვის შედევრისთვის, უკრაინული ფილმისთვის „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“(1964). ამავე დროს „ანდრიეში“ არის დებიუტი შესანიშნავი ოპერატორის, სურენ შახბაზიანისა, რომელმაც ფარაჯანოვის „საიათნოვა“ გადაიღო. მოგვიანებით მოლდოველი მწყემსის, ანდრიეშის იმიჯი ფაქტობრივად სიტყვა-სიტყვით განმეორდება „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ გმირში, ჰუცული ბიჭის სახეში. მოლდოვური „შავი გრიგალი“ კი გარდაიქმნება კარპატების დემონად, რომლის როლსაც სპარტაკ ბაღაშვილი შეასრულებს.
მოლდოვურ ზღაპრებს, რომლებიც ემილიან ბუკოვმა თავისი „ლექსად თქმული რომანისთვის“ (ასე ახასიათებს მწერალი „ანდრიეშს“) გამოიყენა, ზოგჯერ ბალკანურ წარმართულ-ქრისტიანულ ფოლკლორს უკავშირებენ, ზოგჯერ კი მთლად აღმოსავლურ, სპარსულ-ზოროასტრულ კულტურას. ფარაჯანოვისთვის ეს სამყარო თავიდანვე ძალიან ახლობელი იყო, მას ყოველთვის მოსწონდა კეთილისა და ბოროტის მკვეთრი კონტრასტები, უარყოფდა ბოროტებაში ნიუანსების ძიებას და აღმერთებდა უსამართლობასთან მარტოდმარტო მებრძოლ პერსონაჟებს. ანდრიეში პირველი ასეთი გმირია სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაში. უკანასკნელი იქნება აშიკ-ქერიბი - რეჟისორის მშობლიურ თბილისში გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში. „ანდრიეშის“ ისტორიული ფონი პოსტსტალინური ეპოქის დასაწყისია, „აშიკ-ქერიბისა“ კი საბჭოთა კავშირის ნგრევის და სერგო ფარაჯანოვის სრული რეაბილიტაციის დასაწყისი. თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ფარაჯანოვის თავგადასავალი უფრო ადრე დაწყებულა, რეპრესიების ტრაგიკულ წლებში. დიდი ხელოვანი ჯერ კიდევ იმხანად ოცნებობდა იდეალურ გმირზე, რომლისთვისაც ყველანაირ მოძალადესთან დაპირისპირება ღვთაებრივი განგებაა.