ქართული ენა, სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის - ზრუნვა დედაენაზე თუ პოპულიზმი

გახდება ქართული ენა სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტისათვის? - თუ პარლამენტი ამ კანონპროექტსაც დაჩქარებული წესით განიხილავს, დიდი ალბათობით, კი.

საქართველოს პარლამენტში შესულია საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიხედვით, ყველა უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფოშიც და კერძოშიც, ბაკალავრიატის საფეხურზე, ქართული ენის სწავლება სავალდებულო უნდა გახდეს.

განათლების სპეციალისტების აზრით, გარდა იმისა, რომ ბუნდოვანია, რა იგულისხმება უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლებაში, ეს ინიციატივა პირდაპირ მიანიშნებს ჩარევაზე უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობაში და შეზღუდავს აკადემიურ თავისუფლებას.

ამ იდეის რეალობად ქცევას და საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცებას, „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი ძალიან მალე, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს.

ხოლო უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლების აღდგენის თარიღად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, 2025 წლის პირველი ოქტომბერი დაასახელა.

14 აპრილს, დედაენის დღეს, ეს სიახლე საზოგადოებას სწორედ მან გააცნო და თან დასძინა, რომ "20 წლის წინ მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში შევცვლითო“.

მიქანაძის სიტყვებით, 2005 წელს, მაშინდელი განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით, უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო პროგრამიდან მიზანმიმართულად ამოიღეს ქართული ენის, როგორც სავალდებულო საგნის სწავლება.

ამავე შინაარსს იმეორებს უმაღლეს სასწავლებლებში „ქართული ენის“ სავალდებულოდ სწავლების იდეის ავტორების, ენათმეცნიერების, ნანა მაჭავარიანისა და გიორგი გოგოლაშვილის საკანონმდებლო წინადადების ტექსტიც, რომლის ნახვაც პარლამენტის ვებსაიტზეა შესაძლებელი.

ამ საკანონმდებლო წინადადებაში წერია:

„2005 წელს, რევოლუციის გზით მოსულმა არაეროვნულმა ხელისუფლებამ სავალდებულო საუნივერსიტეტო საგანი „ქართული ენა“ გააუქმა. ეს იყო ნაწილი იმ დანაშაულებრივი ღონისძიებებისა, რომლებიც იმ ხელისუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფო ენის მიმართ. დახურეს ენის სახელმწიფო პალატა, გააუქმეს პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, პარლამენტში გააუქმეს სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, დაიხურა ყველა რადიო და ტელეგადაცემა ქართული ენის შესახებ)...“

გივი მიქანაძე აცხადებს, რომ 2025 წლის პირველი ოქტომბრიდან ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატზე აღდგება და სავალდებულო იქნება ქართული ენის სწავლება.

შემდეგ ხელმომწერები მიმართავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და სთხოვენ, რომ რადგან „უმაღლესი სასწავლებლებში არის სახელმწიფო ენის სწავლების მხრივ უმძიმესი მდგომარეობა“, ქართული ენის სწავლებაზე პასუხისმგებლობა, სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოსო.

ამონარიდი საკანონმდებლო წინადადებიდან

ამ საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთი ავტორის, გიორგი გოგოლაშვილის განმარტებით, მიზანი „ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებაა“.

განათლების კომიტეტზე მან ისიც თქვა, რომ წინა მთავრობის პერიოდში, “მაშინდელი რეფორმატორების ჯგუფმა განაცხადა, ინგლისური უნდა იყოს სახელმწიფო ენაო”.

14 აპრილს, განათლების კომიტეტმა ამ საკანონმდებლო წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირა და სავარაუდოდ, მას უახლოეს სესიაზეც წარადგენენ.

უპასუხო კითხვები

"ქართული ენის" უმაღლესი სასწავლებლების ყველა ფაკულტეტზე სავალდებულო საგნად შეტანის ინიციატივამ არაერთი კითხვა გააჩინა. მათ შორის ისიც, როგორ აპირებს ხელისუფლება დასახული გეგმის განხორციელებას, თან, ოქტომბრამდე.

ასევე -

  • რა იგულისხმება ქართული ენის სწავლებაში, კონკრეტულად რა უნდა ისწავლონ ბაკალავრიატის სტუდენტებმა? გრამატიკა? ენის ისტორია? წერა-კითხვა? ლიტერატურა? მეტყველება?
  • რა პრობლემის მოგვარებას ფიქრობენ ამით? შედეგი რა იქნება?
  • როგორ აპირებენ ამის დანერგვას? ახალი სტანდარტი დაიწერება?
  • რა დაუჯდებათ ეს ყველაფერი სტუდენტებს? სახელმწიფო ბიუჯეტს?
  • რომელი სახელმძღვანელოთი ასწავლიან?
  • როგორ წარმოუდგენიათ - ყველა უნივერსიტეტისთვის უნდა არსებობდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროგრამა? და ამ შემთხვევაში უნივერსიტეტების ავტონომიურობა არ დადგება საფრთხის ქვეშ?
  • სახელმწიფო გადაწყვეტს უნივერსიტეტი რას ასწავლის თავის სტუდენტს?
  • რა ხანგრძლივობისა უნდა იყოს ეს კურსი, ერთსემესტრიანი თუ უფრო ხანგრძლივი?
  • თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოს უნივერსიტეტებში ასეულობით პროგრამაა, თუ ამ პროგრამების ფარგლებში უნდა ასწავლონ ქართული ენა, ამ რაოდენობის პროფესორს საიდან მოიყვანენ?
  • ეს ვალდებულება უცხოელებზეც გავრცელდება თუ მხოლოდ ქართველებს შეეხებათ?
  • რადგან კურსი სავალდებულოა, თუ, მაგალითად, ქართულ ენას ვერ დაძლევს სტუდენტი, ის ვერ გახდება, მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი?
  • ქართული ენის ცოდნა აუცილებელი კომპეტენციაა, რომ ნებისმიერი სპეციალობა ვისწავლოთ?


ეს მხოლოდ კითხვების ნაწილია, რომლებზე პასუხების მისაღებად რადიო თავისუფლებამ იდეის ავტორებს მიმართა.

ნანა მაჭავარიანმა პირველ სატელეფონო ზარს უპასუხა, დაგვპირდა, რომ მოგვიანებით თავად დაგვიკავშირდებოდა, აღარც დაგვიკავშირდა და აღარც ჩვენს შემდგომ სატელეფონო ზარებს უპასუხა. ზარები უპასუხოდ დატოვა საკანონმდებლო წინადადების მეორე ავტორმა, გიორგი გოგოლაშვილმაც.


"სასკოლო დონეზე რომ პრობლემები გვაქვს, წერაშიც და კითხვაშიც, ეს ცნობილია, მაგრამ უნივერსიტეტში ქართული ენის შემოყვანით როგორ მოხდება ამის გამოსწორება?“

განათლების საკითხების სპეციალისტები და უმაღლესი განათლების ექსპერტები, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, საერთო აზრზე არიან, რომ ქართულ ენას სჭირდება მოვლა, დაცვა, რომ სწავლების ხარისხი არის გასაუმჯობესებელი, მაგრამ ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა.

ირინე დარჩია: მშობლიური ენის სასწავლი ადგილი არის სკოლა და ამისათვის ჩვენ გვაქვს 12 წელი.

თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს ადგილი არის სკოლა, სადაც მშობლიური ენის სასწავლად ჩვენ გვაქვს 12 წელი. უნივერსიტეტმა არ უნდა მიიღოს სტუდენტი, რომელიც მშობლიურ ენას სათანადო დონეზე არ ფლობს - გრამატიკა, მორფოლოგია და სინტაქსი მან უნივერსიტეტში მისვლამდე უნდა იცოდეს:

„უნივერსიტეტში მივდივართ იმიტომ, რომ დავეუფლოთ სხვადასხვა სპეციალობას, განვივითაროთ კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური და პრაქტიკული უნარები და გავხდეთ კარგი მოქალაქეები. ეს არის უნივერსიტეტის დანიშნულება. ვიცით, რომ ქართული ენის სწავლების პრობლემა არსებობს, ის მოსაგვარებელია, ოღონდ ეს უნდა მოხდეს სკოლაში“.

ირინე დარჩია განმარტავს, რომ სტუდენტებს, საუნივერსიტეტო კურიკულუმების ფარგლებშიც აქვთ მშობლიური ენაზე წერის და მეტყველების განვითარების შესაძლებლობები: მათ უწევთ მშობლიურ ენაზე რეფერატების, ესეების წერა, პრეზენტაციების მომზადება, საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომებზე მუშაობა და ა.შ. ისინი სწავლობენ საგანსაც - აკადემიურ წერას.

ამავე დროს, ირინეს თქმით, დღეს უნივერსიტეტების ყველა პროგრამა უკვე აკრედიტებულია. განაწილებულია კრედიტები. ამ აწყობილი სისტემის ცვლილებაც რთულად წარმოსადგენი ამბავია.

მაგრამ ჩამოთვლილი ტექნიკური საკითხების მიღმა, ამ ინიციატივაში, ირინე დარჩია უფრო სერიოზულ საფრთხეს ხედავს და ეს არის ლექტორების აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და უნივერსიტეტების ავტონომიურობაში ჩარევა:

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არც სამინისტროს, არც პარლამენტს აქვს უფლება, ჩაერიოს სასწავლო პროცესში და მე, ლექტორს, უნივერსიტეტს, მიმითითოს რა და როგორ უნდა ვასწავლო. შეგვიძლია ჩავიხედოთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და ვნახოთ, როგორ არის განმარტებული აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა. დღეს კი ვხედავთ, რომ სამინისტრო და პარლამენტი ცდილობენ თავს მოგვახვიონ რაღაც, ოღონდ ამას აკეთებენ თითქოსდა კეთილშობილური, ქართული ენის პოზიციების გაძლიერების მიზნით. ჩემი აზრით, ამ პრეცედენტის დაშვება არ შეიძლება, რადგან ქართულ ენას, ხვალ, შესაძლოა, მოჰყვეს სხვა საგნებიც და სწორედ ეს იქნება აკადემიური თავისუფლების პირდაპირი შეზღუდვა“ - ამბობს ირინე დარჩია.

ასევე ნახეთ მოწყობა „ჩაწყობით“: რა სქემები მოქმედებდა მისაღებ გამოცდებზე და რატომ აღარ უნდა დავბრუნდეთ იქ

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ბელა წიფურია 2004-2008 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და კოორდინირებას უწევდა სახელმწიფო პროგრამებს უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში. ისიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მშობლიურ ენაზე წერისა და მეტყველების სწავლება სასკოლო განათლების ამოცანაა და ჯობს, სახელმწიფომ ამ კუთხით გაზარდოს სკოლებისათვის რესურსი.

ბელა წიფურია: საჯარო და კერძო უნივერსიტეტების კურიკულუმში ჩარევა არ უნდა იყოს სახელმწიფოს და ადმინისტრაციის ამოცანა.

უმაღლესი განათლების ფარგლებში, აკადემიური მიზნებით, ქართული ენის ცოდნა და ამ ენაზე აკადემიური საქმიანობის წარმოება, არის არა საგნობრივი, არამედ ტრანსფერული უნარი, რომელიც უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, ამბობს ბელა წიფურია და განმარტავს:

„ეს არის ის უნარი, რომელიც უნივერსიტეტში მიიღწევა და ვითარდება ნებისმიერი საგნის სწავლების ფორმით. თუმც კი, ყველა უნივერსიტეტს აქვს ისეთი სავალდებულო საგანი, როგორიც აკადემიური წერაა. ის, რაც ამ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებს ჰგონიათ, რომ დღეს აღარ ისწავლება უნივერსიტეტებში, სინამდვილეში, ისწავლება გაცილებით ფართო ფორმატით და გაცილებით უფრო თანამედროვე ამოცანებთან მისადაგებული წესით“.

უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების ინიციატივას წიფურიაც საჯარო და კერძო უნივერსიტეტების კურიკულუმში ჩარევად მიიჩნევს.

საუნივერსიტეტო პროგრამებში ქართული ენის სავალდებულო სწავლებაზე აზრი ასევე ვკითხეთ განათლების საკითხთა სპეციალისტს, სიმონ ჯანაშიას, რომელსაც განათლების კვლევებისა და განათლების განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

სიმონ ჯანაშია: არ არის სიმართლე ის, რომ 2004 წლამდე, უნივერსიტეტებში, ყველა ფაკულტეტზე ისწავლებოდა ქართული ენა.

ჯანაშია ამბობს, რომ არ არის სიმართლე, თითქოს 2004 წლამდე, უნივერსიტეტებში, ყველა ფაკულტეტზე ისწავლებოდა ქართული ენა.

"ეს ტყუილი, რაც მოვისმინეთ, საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ვითომ პატრიოტული გადაწყვეტილება ( დაავალდებულონ ყველა უნივერსიტეტი, კერძოც და სახელმწიფოც, რომ კონკრეტული საგანი ისწავლებოდეს) დაასაბუთონ“.

კითხვაზე, რატომ აკეთებენ ამას? სიმონ ჯანაშია პასუხობს, რომ ეს არის იმ ერთიანი ჯაჭვის რგოლი, რატომაც ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ლაპარაკი იმაზე, რომ წინა ხელისუფლებამ გოგებაშვილის „დედა ენა“ ჩამოაშორა სკოლებს და მისი სწავლება მათ უნდა დაებრუნებინათ.

ან რატომაც ამბობდნენ,რომ რომ საქართველოს ისტორიის სწავლება იყო ამოღებული პროგრამიდან, რაც სიმონ ჯანაშიას თქმით, ასევე არ იყო იყო სიმართლე და ეს მარტივი გადასამოწმებელია, თუ ჩავხედავთ სახელმძღვანელოებს, პროგრამებს და ვკითხავთ მასწავლებლებს:

„შარშან, მაგალითად, გამოიგონეს, რომ არასაკმარისად პატრიოტული იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი და იქ რაღაც სადღეგრძელოები ჩაწერეს. ახლა კი, ქართული ენის დღეს, შეიკრიბნენ და მოიფიქრეს ეს ახალი რამე...“.

როგორც წესი, განათლების პოლიტიკის დაგეგმვისას, ჯერ იკვეთება პრობლემა, შემდეგ განისაზღვრება რა არის მისი გადაჭრის საუკეთესო გზა და შემდეგ იგეგმება კონკრეტული ნაბიჯები , „და ამ შემთხვევაში რა არის რეალური პრობლემა? ამ ინიციატივის ავტორების განცხადებით, ეს არის ის, რომ ქართული ენის სწავლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო... რა ვიცით საერთოდ იმის შესახებ, საუნივერსიტეტო ასაკის ხალხმა ქართული იცის თუ არა? სასკოლო დონეზე რომ პრობლემები გვაქვს, წერაშიც და კითხვაშიც, ეს ცნობილია, მაგრამ უნივერსიტეტში ქართული ენის შემოყვანით როგორ მოხდება ამის გამოსწორება?“ - კითხულობს ჯანაშია.

ის კიდევ ერთ დეზინფორმაციაზე მიუთითებს, რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს, ვინმე ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას გეგმავდა, რაც გიორგი გოგოლაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზეც ახსენა:

„ 2005 თუ 2006 წელს, სადღაც გავრცელდა ამბავი, თითქოს გიგი თევზაძემ ვიღაცას უთხრა ყურში, ვაპირებ, ინგლისური გამოვაცხადო სახელმწიფო ენადო... მას მერე ამას იმეორებდნენ. ეს არის უბრალოდ ტყუილი“, - უთხრა სიმონ ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.