პროკურატურის ცნობით, საჯარო მოხელისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირისათვის ქრთამის შეთავაზების შემდეგ ორი ადამიანი დააკავეს. საქმე ხე-ტყის უკანონო ჭრას ეხება.
გამოძიების ვერსია ასეთია:
- ორმა კაცმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის მიმართა შსს-ის თანამდებობის პირს;
- საუბარია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის „ერთ-ერთ ხელმძღვანელზე“, - ვინაობა დაზუსტებული არ არის;
- მას 5000 ლარი შესთავაზეს ქრთამის სახით, სამომავლო, ხის მასალით დატვირთული თითოეული სატვირთო ავტომანქანის „შეუფერხებელი გადაადგილებისთვის“ კი სისტემატურად 2000 ლარს დაპირდნენ.
- პოლიციელმა პროკურატურისთვის „ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია“ და გამოძიება დაიწყო.
- დღეს, 20 ივნისს, მათ ქრთამის ნაწილი, 3000 ლარი, გადასცეს საჯარო მოხელეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი დააკავეს.
პროკურატურის განცხადების თანახმად, ისინი „ქრთამის მიცემის“ ბრალდებით დააკავეს - სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა აცხადებს, რომ „მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ და ამაზე „უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას გაატარებს“.