მზაობა დიალოგისთვის „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან“ - ყაველაშვილის სიტყვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას

მიხეილ ყაველაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას გამოხატა საქართველოს მზაობა „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დიალოგისათვის“ და სურვილი, დაიწყოს „ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი“.

„უძველესი ცივილიზაციის აკვანი“, „ქრისტიანობის 17-საუკუნოვანი ისტორია“ და „ბრძოლა დამპყრობლებთან“, „დიალოგსა და მშვიდობაზე“ ორიენტირება „სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში“, მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, მადლიერება დონალდ ტრამპისადმი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მედიაციისათვის.

ასეთი იყო დღეს, 2025 წლის 25 სექტემბერს აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიაზე მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოსვლის ძირითადი აქცენტები. გამოსვლაში მას არ უსაუბრია შიდაპოლიტიკურ საკითხებზე. ის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ქართულ ენაზე მიმართავდა მსოფლიო ლიდერებს.

მის სიტყვაში ამჯერად არ ყოფილა პირდაპირი კრიტიკა ევროსტრუქტურებისა თუ ვაშინგტონის პოლიტიკისადმი; ასევე, არ უხსენებია არც „გლობალური ომის პარტია“ და „დიპ სტეიტი“. თუმცა განაცხადა: „ქართველი ხალხი არ შეეგუება ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარს“.

გამოსვლის დასასრულს მან გაეროს მოუწოდა, უზრუნველყოს „მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“ გადასვლა და იქვე გამოხატა საქართველოს მზაობა, ესაუბროს „უკლებლივ ყველა ქვეყანას“.

რადიო თავისუფლებამ მისი სიტყვით გამოსვლის ძირითადი აქცენტები შეაჯამა - ყაველაშვილის სიტყვაში მათი რიგითობის მიხედვით.

„ომის ფასი, მშვიდობის მნიშვნელობა“

სიტყვით გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ისტორიის წარმოჩენით დაიწყო.

„მე წარმოვადგენ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართულ ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა“, - განაცხადა მან.

ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „საქართველოს ისტორია არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკა“ და „სასწაულებრივი“ უწოდა იმას, რომ საქართველომ მოახერხა „კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება“.

ახსენა ქართული პოლიფონია, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და განაცხადა: მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის, როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა“.

„მშვიდობის სადარაჯოზე“

მიხეილ ყაველაშვილმა ახსენა „სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი“ და „უპრეცედენტო გლობალური გამოწვევები“, რომელთა შორისაც დაასახელა „მიმდინარე კონფლიქტები“, - დაკონკრეტების გარეშე, - ასევე, „კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები“.

მან თქვა, რომ ამ ყველაფრის ფონზე, „საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე“.

„ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - თქვა მან.

ამჯერად მას აღარ განუვითარებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსჯელობის ის ხაზი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთი - „გლობალური ომის პარტია“, - საქართველოს „ომში ჩართვას“ ცდილობდა.

თუმცა ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე:

„საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება, შევინარჩუნოთ მშვიდობა და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი“.

ომი უკრაინაში

„უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ევროკავშირის ლიდერებისგან განსხვავებით, არ დაუკონკრეტებია, რომ ეს იყო „გაუმართლებელი, არაპროვოცირებული ომი“, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო.

უკრაინაზე საუბრისას აქცენტი დასვა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინელი ხალხის მიმართ:

„2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს. ჩვენ ბევრზე უკვე გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის.

დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერას გამოხატავს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსეთის ფედერაცია ახსენა მხოლოდ ერთხელ, როდესაც თქვა რომ მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, „მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი“.

„ტრამპის მარშრუტი“ და „შუა დერეფანი“

ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს როლზე და განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს კონფლიქტების სივრცის ნაცვლად დიალოგისა და კეთილდღეობის პლატფორმად იქცეს.

ის მიესალმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხში, - „ტრამპის მარშრუტს“.

შემდეგ ახსენა „შუა დერეფანიც“, რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს. თქვა, რომ „დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“ და განმარტა:

„სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია ჩვენი ქვეყნის როლს როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“.

თქვა, რომ „გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით“, საქართველო „მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება“.

ყაველაშვილის განცხადებით, მისი ქვეყანა „ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ [შუა] დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს“.

ამ კონტექსტში ახსენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, - რომლის განვითარებაც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის ჩართულობითაა დაგეგმილი, - ასევე, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტები.

„შანტაჟის ენა“

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა „კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები“ განავითაროს ამერიკის შეერთებული შტატებთან, ჩინეთთან და ევროკავშირთან.

„ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“, - განაცხადა მან.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხშირად საყვედურობს დასავლელ პარტნიორებს „უსამართლო დამოკიდებულების გამო“ - მათ მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების (მათ შორის დემონსტრანტების დარბევის), საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევებისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების ფონზე.

„რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მან ასევე თქვა, რომ „საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია“.

მისი თქმით, ეს „იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით“.

2024-25 წლებში გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის წევრმა არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვადასხვა რანგის წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლისა და დემოკრატიული უკუსვლის პროცესში მათი უარყოფითი როლის გამო.

მიმართვა აფხაზებსა და ოსებს

„მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას“, - თქვა მან.

საუბრის ამ ნაწილშიც არ უხსენებია რუსეთის ფედერაცია, აქცენტი დასვა ტერიტორიულ მთლიანობაზე და მიმართა, მისი სიტყვებით, „საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ვყოფ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს“.

„ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა, ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა. ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით“, - თქვა მან.


განაცხადა, რომ „ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა“.

„საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა“, - ასევე განაცხადა მან.

„მე მწამს, ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, - თქვა მან.

იქვე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“.


„მრავალპოლუსიანი სამყარო“

საუბრის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა წარმოთქვა ფრაზა, რომელიც:

  • აღწერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მიმართ, - თუმცაღა ამ პოლიტიკის ფორმულირება ამ დრომდე არ მოუხდენია საგარეო საქმეთა სამინისტროს;
  • წინააღმდეგობაში მოდის იმ ლოგიკასთან, რომელმაც განაპირობა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვა.
  • ამავდროულად, ეს ფრაზა აირეკლავს მიხეილ ყაველაშვილის საგარეო ურთიერთობებში მრჩევლის მოსაზრებებს (ამჟამად ის აცხადებს, რომ ეს იყო ყაველაშვილის „ისტორიული მიმართვა გაეროს ტრიბუნიდან“).
  • ყაველაშვილის განცხადების ბოლო ნაწილი ტოვებს სივრცეს, აღქმული იქნას, როგორც ხელისუფლების მზაობა, მათ შორის, რუსეთთან დიალოგისათვის, - არსებულ ძალთა ბალანსის პირობებში.

„ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი“, - განაცხადა ყაველაშვილმა და შემდეგ გაეროსადმი ასეთი რეკომენდაცია გასცა:

„გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე“.

შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო, „როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაეროს, გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი“.

მზაობა დიალოგისთვის „უკლებლივ ყველა ქვეყანასთან“

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის ბოლო ნაწილი სიტყვასიტყვით ასეთი იყო:

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან.

„არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი.

ვფიქრობ მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხების და მომავალი თაობების სასარგებლოდ“, - განაცხადა მან.

„ღმერთი ფარავდეს კაცობრიობას. დიდი მადლობა“, - ასე დაასრულა მან სიტყვით გამოსვლა.

ასევე ნახეთ ზელენსკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები მეგობრებისა და იარაღის გარდა