ერდოანმა ყაველაშვილს გადასცა „მოლოდინი მესხი თურქების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესახებ“

თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მიხეილ ყაველაშვილს უმასპინძლა

მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 12 აგვისტოს - როდესაც საქართველოში „დიდგორობას“ აღნიშნავენ, - თურქეთს ეწვია და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ პრესკონფერენცია გამართეს.

ისინი მიესალმნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას და ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

ერდოანის თქმით, ყაველაშვილს გადასცა მოლოდინი „მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში“.

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავდაპირველად ისაუბრა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და თქვა, რომ ორ ქვეყანას „ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს“.

„ჩვენ ვართ ქვეყნები, რომლებიც ვართ მონაწილენი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტისა, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს“, - თქვა მან.

ასევე, განაცხადა: „საქართველო გახლავთ სამშობლო მესხი თურქებისა, რომლებიც 1944 წლის ნოემბერში თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაასახლეს “.

საუბრის ბოლოს განაცხადა: „მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“ [ტელეკომპანია „იმედის“ თარგმანი, რომელიც ყაველაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავიდა].

ასევე ნახეთ საქართველოს უსტატუსო მოქალაქეები

მკვლევრების თანახმად, რეპატრიანტ მესხებს არაერთი დასახელებით მოიხსენიებენ: „თურქი მესხები“, „მუსლიმი მესხები“, „ახისკა თურქები“ („ახალციხელი თურქები“) და ა.შ..

ისინი დასახლებულნი იყვნენ მესხეთის ისტორიული რეგიონში; საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს, სამხრეთ საქართველოდან მესხების იძულებითი დეპორტაცია მოხდა.

2007 წელს საქართველოს ხელისუფლების მიღებულმა კანონმა ყოფილი სსრკ-ის მიერ 1940-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირებს და მათ შთამომავლებს მისცა სამართლებრივი შესაძლებლობა, მიემართათ სახელმწიფოსთვის;

დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა რეპატრიანტთა სტატუსის მიღება, - რაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ამარტივებდა.

ამ და სხვა ნაბიჯების მიუხედავად, მკვლევრების თანახმად, მესხების რეპატრიაცია გაჭიანურებული პროცესია და მსურველები არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან მოქალაქეობის მიღების პროცესში.

„საქართველოში მცხოვრებ მესხთა, აგრეთვე, რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად დიდი ხანია კონკრეტული და ეფექტიანი ნაბიჯები აღარ გადადგმულა“ - წერდა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 2023 წელს.

ასევე ნახეთ სტალინური დეპორტაციები - როგორ გადაასახლეს საქართველოდან ასი ათასამდე ადამიანი

რეჯეპ ტაიპ ერდოანის თანახმად, საქართველოში შექმნილი „გულთბილი ატმოსფეროს წყალობით“, ქვეყანაში ათასობით თურქული კომპანია მუშაობს: „თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული“, - თქვა მან.

თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმოხილვის შემდეგ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები“ ,- თქვა მან

მისი განცხადებითვე, პირისპირ შეხვედრისას მან და პრეზიდენტმა ერდოანმა ისაუბრეს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით“.

„მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე თქვა, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე - „უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“; ასევე, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები“ და თქვა, რომ საქართველო „ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას“.

„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“, - თქვა მან პრესკონფერენციაზე.