რამდენად შესაძლებელია ყირიმის ანექსიის დაკანონება?

ვოლოდიმირ ზელენსკი, დონალდ ტრამპი, ვლადიმირ პუტინი. კოლაჟი

ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატები ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინისა და ევროპისთვის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების შეთავაზებას აპირებდა.

თუმცა შეხვედრა არ შედგა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ამ საკითხზე ნეგატიური პოზიციები გამოხატეს როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა.

უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის პოზიციები

ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ერთ-ერთი შესაძლო პირობა, რომელიც, დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციას შესთავაზა. კერძოდ, საუბარია ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე.

„უკრაინას ჯერ არ მიუღია ოფიციალური წინადადებები ტერიტორიების გაცვლის ან დათმობის შესახებ... ყირიმი შეგვიძლია არც განვიხილოთ... უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას, ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს სცილდება. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინის ხალხის ტერიტორია. ეს არ მოხდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპმა ზელენსკის განცხადებას „სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ძალიან საზიანო“ უწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ TruthSocial-ში დაწერა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი უნდოდა, მაშინ რატომ არ იბრძოლეს 11 წლის წინ“. Time-თან ინტერვიუში კი ტრამპმა საერთოდ განაცხადა, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება. ზელენსკი ამას ხვდება, ეს ესმის ყველას, რომ ყირიმი დიდი ხანია [რუსეთთანაა]“.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ „ყირიმი რუსეთს დარჩება“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა სამშვიდობო შეთანხმებისთვის. CBS News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი „სწორი მიმართულებით“ მოძრაობენ.

25 აპრილს, „რეიტერსმა“ გამოაქვეყნა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების წინადადების სრული ტექსტი, რომელიც ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა წარადგინა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთის კონტროლის აღიარებას უკრაინის ტერიტორიების (დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქები) გარკვეულ ნაწილზე, მათ შორის ყირიმზეც.

აშშ-ის გეგმის თანახმად, რუსეთი თმობს ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ნაწილებს, ხოლო უკრაინა იღებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე. გარდა ამისა, უკრაინას გააკონტროლებს კინბურნის ისარას (Kinburn Spit) და მიიღებს წვდომას დნეპრზე.

ყირიმის დათმობის სავარაუდო შედეგები

სამშვიდობო შეთანხმების ხუთ წინაპირობაში, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა The Telegraph-მა გამოაქვეყნა, კიევი დაჟინებით მოითხოვს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილად არ იქნეს აღიარებული. უკრაინული მხარის თქმით, განსხვავებული გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და უკრაინის კონსტიტუციას, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

„ყირიმზე რუსეთის იურისდიქციის ცნობას (აღიარებას) აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი იურიდიული შედეგები“, - ამბობს რადიო თავისუფლების უკრაინულ რედაქციასთან საუბარში უკრაინელი დიპლომატი და თავდაცვის სტრატეგიების ცენტრის ექსპერტი, ოლექსანდრ ხარა, რომელიც ახლო წარსულიდან იხსენებს მსგავს ისტორიულ მოვლენებს, რომლებშიც აშშ-ის მთავრობა ხელმძღვანელობდა არაღიარების პოლიტიკით:

„1932 წელს შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა იაპონიის მიერ ჩინეთის ტერიტორიის ნაწილის (ძირითადად მანჯურიის) უკანონო მიტაცება. 1940 წელს შეერთებულმა შტატებმა არ აღიარა საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების უკანონო ანექსია. 2018 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გამოსცა „ყირიმის დეკლარაცია“ - დოკუმენტი ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარების შესახებ. თუ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი გადაწყვეტს ყირიმის აღიარებას, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ აშშ არა მხოლოდ ანგრევს არაღიარების მრავალწლიან პოლიტიკას, რომელიც არ ცნობს ძალადობით მიღწეულ პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ ეს ასევე იქნება ისეთი ძირითადი პრინციპების განადგურება, როგორიცაა სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

ოლექსანდრ ხარა

ოლექსანდრ ხარას თქმით, თუ აშშ შეუერთდება ჩრდილოეთ კორეას, სუდანს, ვენესუელას, კუბას და ბელარუსს, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებმაც 2014 წლის მარტში გაეროში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისცეს ხმა, მაშინ ნებისმიერი ქვეყანა აღმოჩნდება საფრთხეში და ყველა მათგანი იფიქრებს, რომ მისთვის უმჯობესი იქნება, თუ ბირთვული იარაღის შეძენას შეძლებს პოტენციური აგრესიული მეზობლების შესაკავებლად.

„მეორეს მხრივ, აგრესიული მეზობლები იფიქრებენ, რომ საჭიროა ბირთვული იარაღის მოპოვება, რათა, თუ სხვის ტერიტორიას დაიკავებ და ჩაიდენ ომის დანაშაულს, ამის გამო პასუხი არ მოგთხოვონ, რადგან ბირთვული იარაღი გაქვთ. ანუ აშშ-ის პოზიციის ცვლილება გამოიწვევს ბირთვული იარაღის გავრცელებას“, - ამბობს ოლექსანდრ ხარა.

რისკები გლობალური უსაფრთხოებისთვის

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული ყირიმი იქნება დამოკლეს მახვილი, რომელიც უკრაინის სამხედრო და ეკონომიკურ უსაფრთხოებას მუდმივად შეუქმნის პრობლემებს.

ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმაც რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ყირიმი საკვანძო ტერიტორიაა:

„თუ რუსეთი დაკარგავს ყირიმს, რომელიც უკანონოდ მიიერთა 2014 წელს, ამას ექნება ყველაზე დიდი გავლენა ომის მსვლელობაზე, რადგან ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანია რუსებისთვის“.

„ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის გამო მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა გამოიწვევს რუსეთის სამხედრო პოტენციალის ზრდას და ძალთა ბალანსის შეცვლას არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში, არამედ გლობალურად“, - დარწმუნებულია უკრაინელი ანალიტიკოსი ოლექსანდრ ხარა:

„რუსეთის ხელში ყირიმი ხმელთაშუა ზღვაში გავლენის გავრცელების ინსტრუმენტია. შეიძლება ითქვას, რომ ყირიმი არის ევროკავშირისა და ნატოს, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საყრდენი წერტილი. ყირიმი რუსეთის ხელში რომ არ ყოფილიყო, რუსები ვერ შეძლებდნენ 2015 წელს სირიის კონფლიქტში ასეთი მასშტაბით ჩარევას და ასადის სისხლიანი რეჟიმის მხარდაჭერას. სირიის ქალაქების დაბომბვის შედეგად, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიაწყდა თურქეთსა და ევროპის ქვეყნებს, რომლებშიც ანტიმიგრანტული განწყობები გააღვივა, გერმანიაში კი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა მაშინდელ მმართველ პარტიას“.

„აშშ ვერ შეძლებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში ცნობას ევროპისა და უკრაინის თანხმობის გარეშე“, - მიაჩნია უკრაინელ პოლიტოლოგს და ეროვნული ანტიკრიზისული ჯგუფის მმართველ პარტნიორს, ტარას ზაგოროდნის, რომლის თქმითაც, შეერთებული შტატების ცალმხრივი გადაწყვეტილება დაარღვევდა 1975 წლის ხელშეკრულებას ევროპაში საზღვრების ურღვეობის შესახებ. ექსპერტი განმარტავს, რომ ამ ხელშეკრულებამ, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა მოაწერეს ხელი, დაადგინა (დააფიქსირა) მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილი საზღვრები:

„მაგალითად, პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა ზოგიერთი გერმანული მიწა. დანციგი იქცა გდანსკად. გერმანული კენიგსბერგი გახდა რუსული კალინინგრადი - ესეც ამ ხელშეკრულების თანახმად მოხდა, რომელმაც არსებითად დაადასტურა ის, რაც იყო. ამიტომ ევროპელები კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებიან და მე ვფიქრობ, რომ ამერიკელები ასეთ ნაბიჯებს დამოუკიდებლად არ გადადგამენ“.

ტარას ზაგოროდნი

ზაგოროდნის აზრით, თუ შეთანხმება ჩაიშლება და აშშ გავა მოლაპარაკებების პროცესიდან, ამით უკრაინა დიდად არ დაზარალდება. პოლიტოლოგის მტკიცებით, არსებული ფორმატით მოლაპარაკებები ყველაზე მეტად რუსეთის ინტერესებშია.

„რუსეთი ამ მოლაპარაკებების მეშვეობით, ფაქტობრივად, საკუთარი თავის ლეგიტიმაციას ახდენს. რუსეთი ცდილობს უკრაინელების სისხლი აშშ-ის ადმინისტრაციასაც წაცხოს, რადგან, თუ ამერიკელები წავლენ, ამით მათთვის ყველაფერი დამთავრდება“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.

რა მოხდება თუ აშშ გავა?

ტარას ზაგოროდნის თქმით, თუ ვაშინგტონი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესში შუამავლის როლზე, მაშინ აშშ სტრატეგიული პარტნიორიდან უბრალოდ ბიზნესპარტნიორი გახდება - რაც საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს ამერიკული იარაღი.

„ჩვენ გვაქვს ფული, თქვენ გაქვთ საქონელი. ჯერჯერობით სულ ეს არის. და ეს, ვფიქრობ, უკრაინას სრულიად აწყობს, რადგან ჩვენ სიტყვები კი არა, იარაღი გვაინტერესებს - ეს არის ის, რაც ახლა უკრაინას აინტერესებს“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.

ასევე ნახეთ უკრაინაში ევროპულ ძალებს აშშ-ის ზურგი არ სჭირდებათ - ამბობს აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი

ტარას ზაგოროდნი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ ორგანიზებული სავაჭრო ომის წყალობით ყირიმი შესაძლოა სამხედრო და დიპლომატიური გზებით დაბრუნდეს, რაც დარტყმას მიაყენებს რუსეთის მთავარი პარტნიორის - ჩინეთის ეკონომიკას.

„სავაჭრო (ტარიფების) ომმა უკვე გამოიწვია ნავთობის ფასების ვარდნა, მათ შორის დაეცა რუსული ბრენდის, „ურალის“ ფასები. რუსეთის ბიუჯეტი გათვლილი იყო ბარელზე 69 დოლარით, თუმცა ახლა მისი ფასი 50 დოლარია“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი, - „რუსეთი ახლა იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო 1980-იან წლებში. რუსეთის ომის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება საბჭოთა კავშირის ხარჯებს. ნავთობის ფასების ვარდნა, რაც ამჟამად პროვოცირებული გლობალური კრიზისის ავტომატური შედეგია, ქმნის წინაპირობებს უკრაინის მთელი ტერიტორიის სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით განთავისუფლებისთვის“.

რას ამბობს უკრაინის კანონმდებლობა?

უკრაინის პრეზიდენტს (ნებისმიერს, არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის) არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინისგან რომელიმე ტერიტორიის გასხვისების შესახებ, რადგან საჭიროა ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა. ასეთ გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრთა სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი, თანაც ორ პლენარულ სხდომაზე.

ამის შემდეგ პარლამენტის გადაწყვეტილება უნდა დაადასტუროს უკრაინელმა ხალხმა სრულიად უკრაინის რეფერენდუმზე, შემდეგ კი შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

ამასთან უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა (კონსტიტუციის 157-ე მუხლი) არ შეიძლება ომის მსვლელობისას. უფრო მეტიც, იმავე 157-ე მუხლის თანახმად საკონსტიტუციო ცვლილებები შეუძლებელია ეხებოდეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას.

ყირიმის ანექსია და აშშ-ის კანონმდებლობა

ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე არ შეუძლია ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება. 2017 წელს აშშ-მა მიიღო კანონი „ამერიკის მოწინააღმდეგეების სანქციების მეშვეობით შეკავების შესახებ“, რომლის 257-ე მუხლი ამბობს:

  • შეერთებული შტატების პოლიტიკაა უკრაინის მთავრობის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში;
  • აშშ გმობს და ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებას, რომელიც ჩადენილია საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევით;
  • აშშ არასდროს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ასევე უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერი ნაწილის სამხედრო ძალით გამოყოფას.


გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს სტიმსონის დოქტრინა, რომლის მიხედვითაც, შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 1932 წელს განაცხადა, რომ არ ცნობდა აგრესიული ომების შედეგად შექმნილ სახელმწიფოებს. სწორედ ამ კანონის საფუძველზე, შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საბჭოთა ტერიტორიებად აღიარებაზე.

2018 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, მიიღო ყირიმის დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია:

„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც აშშ არ ცნობს კრემლის პრეტენზიებს საერთაშორისო სამართლის დარღვევითა და ძალის გამოყენებით მიტაცებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის შესახებ. თავის მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას და ვალდებულებას იღებს დაიცვას ეს პოლიტიკა მანამ, სანამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება“.

ასევე ნახეთ კრემლი კმაყოფილია ყირიმის შესახებ ტრამპის განცხადებით

რატომ არ იომეს 11 წლის წინ?

2014 წლის 23 თებერვლის ღამეს, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, მასობრივი საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყანა დატოვა და რუსეთს შეაფარა თავი. მოგვიანებით, უკრაინის პარლამენტმა (ვერჰოვნა რადა) მიიღო დადგენილება იანუკოვიჩის ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა პარლამენტის თავმჯდომარე ოლექსანდრ ტურჩინოვი და განისაზღვრა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი.

2014 წლის 3 მარტს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რუსეთის მაშინდელმა მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა წარადგინა 1 მარტით დათარიღებული წერილი, რომელშიც იანუკოვიჩი რუსეთს უკრაინაში ჯარების შეყვანისკენ მოუწოდებდა. იანუკოვიჩი პუტინს სთხოვს, შეიარაღებული ძალა გამოიყენოს უკრაინის მოსახლეობის დასაცავად, რადგან, მისი სიტყვებით, უკრაინაში ადამიანები პოლიტიკური და ენობრივი მიზეზების გამო იდევნებიან. ვიტალი ჩურკინის თქმით, რუსულმა მხარემ წერილს ოფიციალური დოკუმენტის სტატუსი მიანიჭა.

ვლადიმირ პუტინი (მარცხენა) და ვიქტორ იანუკოვიჩი

ვიქტორ იანუკოვიჩის შემდეგ, რუსეთში გაიქცა უკრაინის თავდაცვის ბოლო ორი მინისტრი, დიმიტრი სალამატინი და პაველ ლებედევი - რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებსაც უკრაინული გამოძიება ღალატში ადანაშაულებდა.

უკრაინის საზღვაო ძალების ყოფილი სარდლის, ვიცე-ადმირალ სერგეი გაიდუკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წინა ხელმძღვანელობის სისტემატური ქმედებების შედეგად, ყირიმში დისლოცირებული უკრაინული სამხედრო კონტინგენტის მებრძოლები მზად არ იყვნენ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, მოგვიანებით კი იანუკოვიჩის მთავრობის მოღალატეობრივი ქმედებების გამო დემორალიზაცია განიცადეს.

ასევე ნახეთ რატომ გახდა საჭირო ანექსირებული ყირიმის დასაცავად დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების მობილიზება?

უკრაინის საზოგადოებასა და პოლიტიკაში დღემდე მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ბრძანება ყირიმის შეიარაღებული საშუალებებით დაცვის შესახებ.

თუმცა, როგორც პოლიტიკის ექსპერტები ამბობენ, როდესაც ისმის კითხვა, თუ რატომ არ იბრძოლეს უკრაინელებმა ყირიმისთვის 2014 წელს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი მხოლოდ 2019 წელს გახდა და იგივე კითხვა მანაც დაუსვა თავის წინამორბედებს.

როგორც ექსპერტები შენიშნავენ, უკრაინის არმიამ 11 წლის წინ ნამდვილად არ იბრძოლა ყირიმისთვის, მაგრამ სამაგიეროდ ძლიერი იყო მომდევნო წლებში სამხედრო და სამოქალაქო პირების მიერ გაწეული წინააღმდეგობა, რომელიც გმირობისა და თავგანწირვის არაერთ მაგალითს ითვლის.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
  • პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
  • უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
ასევე ნახეთ როგორ იქცა ყირიმი უკრაინად