მოსკოვში გაიხსნა ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტული ხელოვნების გამოფენა - უკრაინელი ჯარისკაცების სიკვდილის ამსახველი ნამუშევრებით

გროტესკული კარიკატურა: ჩრდილოეთ კორეის პროპაგანდისტულ გამოფენაზე ნამუშევრები უკრაინელების სიკვდილს ასახავს

მოსკოვის გამარჯვების მუზეუმში გამოფენის - „მხარდამხარ“ გახსნისას.

მოსკოვში 13 ოქტომბერს, რუსეთის კულტურის სამინისტროს დავალებით, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მხარდამხარ“ - მოსკოვსა და ფხენიანს შორის ათწლეულების განმავლობაში თანამშრომლობის აღსანიშნავად. გამოფენაზე ნაჩვენებია არტეფაქტები, რომლებიც შექმნილია 1950-იანი წლების კორეის ომიდან ორ დიპლომატიურად იზოლირებულ ქვეყანას შორის ამჟამინდელ პარტნიორობამდე პერიოდში.

ახალგაზრდა ქალები გამოფენის გახსნისას ათვალიერებენ ექსპონატებს

ექსპონატებს შორისაა ფანქრით შესრულებული ნახატების სერია. ის ასახავს ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცებს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრილი უკრაინის ჯარის წინააღმდეგ.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების ექსპერტმა, პროფესორმა ბ.გ. მუნმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ჩაკეტილ ქვეყანაში „ომის ამსახველი ფანქრით შესრულებული ნახატები კვლავ რჩება ჩრდილოეთ კორეის ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფორმად“. ასეთი ფანქრით შესრულებული სურათები ზოგჯერ უფრო დახვეწილი პროპაგანდისტული ნამუშევრების საფუძველს წარმოადგენს.

ერთ-ერთი ესკიზის დეტალი, რომელიც ასახავს როგორ ესვრიან უკრაინელ ჯარისკაცებს და როგორ გარბიან ისინი

მუნი ამბობს, რომ ამ ნამუშევრებში გამოსახული სასტიკი ძალადობა შეიძლება შეადაროთ ჩრდილოეთ კორეაში გამოყენებულ სხვა, მსგავს ვიზუალურ პროპაგანდისტულ იაფფასიან საშუალებებს, „იმის საჩვენებლად, რომ ჯარისკაცები იბრძვიან საკუთარი ქვეყნისთვის - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარს უჭერენ რუსეთს, მათ ძლიერ მოკავშირეს“.

მნახველები ათვალიერებენ პროპაგანდისტულ ნახატებს, სადაც ასახულია ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების ბრძოლა უკრაინელების წინააღმდეგ

მოსკოვის გამარჯვების მუზეუმში მოწყობილი გამოფენა რუსეთის დედაქალაქში ჩრდილოეთ კორეის კიდევ ერთი პროპაგანდისტული გამოფენის შემდეგ გაიმართა, სადაც ასახული იყო, როგორ იბრძოდნენ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსების მხარდამხარ.

ნახატი ასახავს ჩრდილოეთ კორეელ სნაიპერს, რომელიც ესვრის უკრაინელ ჯარისკაცს

წინა გამოფენაზე უკრაინელ ჯარისკაცებზე მინიშნება იყო მხოლოდ. ამის საპირისპიროდ, ექსპოზიციაზე „მხარდამხარ“ წარმოდგენილია ნამუშევრები, სადაც ასახულია უკრაინელების საშინელი სიკვდილი და ის კომიქსს ემსგავსება.

ნახატზე ასახულია უკრაინელ ჯარისკაცი, მის წინ კი დაჭრილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ყუმბარას რგოლს აძრობს

ზოგ ნამუშევარზე უკრაინელები წარმოდგენილი არიან გროტესკულ-კარიკატურულად. ეს სტილი ემსგავსება მეორე მსოფლიო ომის ეპოქის პროპაგანდისტულ სურათებს.

მოსკოვში გამოფენილი არტეფაქტი - სავარაუდოდ კორეელი ჯარისკაცის სისხლით შეღებილი წერილი

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სავარაუდოდ, ომის რელიკვიები, მათ შორის სისხლით შეღებილი წერილები და ტყვიით გახვრეტილი დღიური. იმის მიუხედავად, რომ გამოფენაზე სისასტიკის ამსახველი სურათებია გამოტანილი, როგორც ამბობენ, ის ღიაა ყველა ასაკის მნახველისთვის.

რუსი და ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მცირე ქანდაკება

გამარჯვების მუზეუმის დირექტორმა, ალექსანდრ შკოლნიკმა გამოფენა შეაქო, როგორც ორ ავტორიტარულ ქვეყანას შორის რვა ათწლეულიანი პარტნიორობის კულმინაცია „სამართლიანობისა და სიკეთის გამარჯვებისა და ჩვენს პლანეტაზე მშვიდობისთვის“.

უარყოფიდან გამოფენამდე: ჩრდილოეთი კორეა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას განადიდებს