ვინ "დააკვირდა" არჩევნებს საქართველოში?

პროსახელისუფლებო მედიები აქტიურად ავრცელებდნენ ამ დამკვირვებლების ციტატებს.

მოკლედ

  • 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებს არ აკვირდებოდნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები.
  • არჩევნებზე დამკვირვებლების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 13-ჯერ ნაკლები იყო, რაც კითხვებს ბადებს პროცესის გამჭვირვალობაზე.
  • გამოიკვეთა „ყალბი დამკვირვებლების“ ფენომენიც, რომლებიც არჩევნების ლეგიტიმაციას ცდილობენ, თუმცა მათი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მცირე რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლებს შორის არავინ იყო ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფიდან - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროდან (ეუთო/ოდირი).

ამ გარემოებამ არჩევნებში "ყალბი" დამკვირვებლების“ ფენომენის განხილვის საბაბი გააჩინა და აჩვენა, როგორ შეიძლება ეცადო, დამკვირვებლების პოლიტიკური მიკერძოება ძალაუფლების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენო. "ყალბ დამკვირვებლებს" უწოდებენ პოლიტიკურად მიკერძოებულ დამკვირვებლებს, რომლებსაც, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ ხოლმე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების წარმოსაჩენად.

საერთაშორისო დამკვირვებლები: ვინ და რატომ?

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაარეგისტრირა მხოლოდ 81 საერთაშორისო დამკვირვებელი. ისინი 28 ორგანიზაციას წარმოადგენდნენ.

შედარებისთვის, 2021 წლის არჩევნების პირველ ტურში 1024 დამკვირვებელი იყო, ხოლო მეორე ტურში - 1102. ანუ ამჟამინდელი რიცხვი თითქმის 13-ჯერ ნაკლებია ოთხი წლის წინანდელთან შედარებით.

თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

სერბული ორგანიზაცია ALTERFACT-ი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებზეა ორიენტირებული, დამკვირვებლების რაოდენობით ლიდერობდა - მას საქართველოში გამოგზავნილი ჰყავდა 20 დამკვირვებელი.

დამკვირვებლების რაოდენობით მეორე ადგილზე იყვნენ უნგრული ორგანიზაციები. მათ შორის, უნგრეთის საელჩო საქართველოში და ფუნდამენტური უფლებების ცენტრი, რომლის მისიაც ეროვნული იდენტობის, სუვერენიტეტისა და ქრისტიანული ტრადიციების დაცვაა.

დანარჩენმა ორგანიზაციებმა, თითოეულმა, საქართველოში გამოუშვეს ერთიდან სამამდე დამკვირვებელი.

იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოები და საარჩევნო კომისიები არჩევნებს აკვირდებოდნენ იყვნენ: იორდანია, ტუნისი, მალდივის კუნძულები, თურქეთი, ეთიოპია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სამხრეთი აფრიკა, ბულგარეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ფიჯი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, ფილიპინები, ალბანეთი, გაერთიანებული სამეფო, მალაიზია, მექსიკა, უზბეკეთი, ბელარუსი, შვეიცარია და მოლდოვა.

ეუთო/ოდირის მისია საქართველოში არ ჩასულა.

ორგანიზაციის თქმით, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაგზავნილი მოწვევა „სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის საკმარის დროს არ იძლეოდა“.

მანამდე, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობა აუცილებელი არ იყო. 2014 წლის არჩევნებიც ეუთოს მისიის გარეშე ჩატარდა, თუმცა მაშინ ეს მისიის ფინანსური პრობლემებით იყო გამოწვეული.

ასევე ნახეთ 4 ოქტომბერი - არჩევნები OSCE/ODIHR-ის გარეშე

„ყალბი დამკვირვებლების“ ფენომენი

როგორც დემოკრატიული არჩევნების ევროპული პლატფორმა (EPDE) აღნიშნავს, ასეთი დამკვირვებლების ფენომენი ჩნდება თანამედროვე ავტორიტარულ და ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებში და ეს პირები თუ ჯგუფები ფორმალურად მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანია საეჭვო არჩევნების ლეგიტიმაცია და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების კრიტიკის ნეიტრალიზება, როგორიცაა ეუთო/ოდირი.

ეს ფენომენი უკვე გამოცდილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და აზერბაიჯანი და, მკვლევრების აზრით, საქართველოშიც გამოჩნდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა.

მაშინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აკრედიტებული 1700-ზე მეტი დამკვირვებლიდან, პროსახელისუფლებო მედია აქტიურად მხოლოდ 23-ს ციტირებდა და ყველა მათგანი ექსკლუზიურად დადებითად აფასებდა არჩევნებს, რომელიც ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა გაყალბებულად აღიარა.

„რადგან ეს 23 ადამიანი არ წარმოადგენდა ისეთი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებს, როგორიცაა ეუთო/ოდირი, ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროქართული ოცნების მედიამ განზრახ შეარჩია დამკვირვებლები, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ მათ დღის წესრიგს და გააძლიერებდნენ პარტიის ოფიციალურ ნარატივს“, - წერს თავის კვლევაში ამერიკული კვლევითი ცენტრის, „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი.

საერთაშორისო კონტროლის ილუზია

არჩევნების დღის განმავლობაში და მის შემდეგაც, პროსამთავრობო ტელეარხები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი აქტიურად ავრცელებდნენ დამკვირვებლების ციტატებს, რომლებიც საქართველოში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებს გამორჩეულად დადებითად აფასებდნენ.

ოფიციალურად, არჩევნებს ევროკავშირის მხოლოდ ორი ქვეყნის - სლოვაკეთის და უნგრეთის - წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თუმცა ზემოხსენებული მედიასაშუალებები თავიანთ პუბლიკაციებში ხაზს უსვამდნენ დამკვირვებლების დასავლურ წარმომავლობას (მაგალითად, დამკვირვებელი საფრანგეთიდან, იტალიიდან), თუმცა გამოტოვებული იყო ინფორმაცია მათი წარმომგზავნი ორგანიზაციების შესახებ.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა დაასახელეს დამკვირვებლები იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ოფიციალურ სიებშიც კი არ იყვნენ შეყვანილი - მაგალითად, იაპონიიდან და კორეიდან, ხოლო საარჩევნო უბნებზე მათი არყოფნის მიზეზი იმით ახსნეს, რომ ისინი „სადილზე გავიდნენ“.

ამ ყველაფერმა შექმნა ილუზია, რომ არჩევნებს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებოდნენ. სინამდვილეში, პირის წარმოშობის ქვეყანა შეიძლება არ დამთხვეოდა იმ ორგანიზაციის ქვეყანას, საიდანაც ის წარმოდგენილი იყო ამ არჩევნებზე.

ასევე ნახეთ არჩევნებს 81 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება – 2021 წელს მათი რიცხვი 1000-ს აჭარბებდა

მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პატრიკ სტანისლავ იგნაშჩაკი წარმოგვიდგინა, როგორც „პოლონეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებელი“, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვაჩვენოთ, რომ არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდა“.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი არ აკვირდებოდა საქართველოს არჩევნებს, მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებები დამკვირვებლის სწორედ ამ ქვეყნიდან წარმომავლობას უსვამენ ხაზს.

იგნაშჩაკი ადამიანის უფლებათა დამცველი ულტრაკონსერვატიული ორგანიზაციის, „ორდო იურისის“ (პოლონეთი) ანალიტიკოსია.

ის ასევე აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მისი სახელი fakeobservers.org-ის მონაცემთა ბაზაში „არასანდო დამკვირვებლად“ არის მოხსენიებული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მიერ საერთაშორისო დაკვირვების სტანდარტების დაცვას.

fakeobservers.org არის ვებსაიტი, რომელზეც არიან თავმოყრილი ის საერთაშორისო აქტორები, რომლების მიზანიც არის ცალკეული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ძალების ინტერესების დაცვა არჩევნებზე, მათი მხრიდან დაკვირვების სიმულაციის გზით.

„მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად, შეუფერხებლად და მშვიდად მიმდინარეობს. თქვენი ზოგიერთი პრაქტიკა შესაძლოა აშშ-მაც აითვისოს“, - ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის კომპანია საერთაშორისო დამკვირვებელ ჯეიკ ჰოფმანს.

ჰოფმანი ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსია ფლორიდიდან, რომელიც 2022 წელს 65-ე ოლქში ფლორიდის წარმომადგენელთა პალატაში იყრიდა კენჭს, თუმცა პრაიმერი წააგო.

ჯეიკ ჰოფმანი კომენტარს აკეთებს ქართული მედიისთვის.

ადგილობრივი პროსახელისუფლებო მედია მას შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ დამკვირვებლად წარმოაჩენს, თუმცა შეერთებული შტატები მუნიციპალური არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში არ მონაწილეობდა.

რუსეთში - არჩევნების შემდეგ

ზოგიერთი ეს „საერთაშორისო დამკვირვებელი“ ადრე მონაწილეობდა რუსეთში, საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაღიარებული არჩევნების ლეგიტიმაციაში.

ერთ-ერთი მათგანია ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ფრანკ პენგამი, Géopolitique Profonde პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც ქართული მედია საქართველოში ფრანგ დამკვირვებლად წარმოაჩენს (თუმცა საფრანგეთი ოფიციალურად არ აკვირდება არჩევნებს).

პენგამი ცნობილია პროუკრაინული პოზიციის მქონე დასავლური მედიასაშუალებების კრიტიკით. 2023 წელს იგი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს და პროცესი იქაც შეაქო.

„ვლადიმირ პუტინის განსაცვიფრებელი გამარჯვებითაც კი გაკვირვებული ვიყავი. ოდნავ დაბალ პროცენტს ველოდით, მაგრამ შედეგი, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე იყო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ვლადიმირ პუტინის პოპულარობას და მაღალ რეიტინგს რუსეთის მოსახლეობაში“, - განაცხადა პენგამმა 2024 წლის მარტში.

ის დღევანდელ რუსეთს სხვა ქვეყნებისთვის მაგალითად მიიჩნევს:

„სანქციების მიუხედავად, რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა აყვავებულია. რუსეთში შექმნილი მთელი სისტემა კი მთელი მსოფლიოსთვის სუვერენიტეტის მაგალითია.... საფრანგეთში ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ რუსეთში არსებული სისტემებით. და იმედი მაქვს, რომ თქვენ დაგვეხმარებით ჩვენ - ფრანგებს და სხვა ქვეყნებს - ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენაში“.

ასევე ნახეთ არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?

პენგამი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. მან თქვა, რომ კიევი დონბასის მცხოვრებლებს ხოცავდა და რუსეთი იქ მათ გადასარჩენად მივიდა.

„და ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი. სწორედ ამიტომ მოვიდა რუსეთი - ხალხის დასაცავად“, - მიაჩნია პენგამს.

მან საქართველოში ჩატარებული არჩევნები სრულიად დადებითად შეაფასა:

„მე მჯერა, რომ არჩევნების შედეგები ასახავს სიმართლეს და ხალხის ნებას. თქვენ არჩევნებს საფრანგეთზე უკეთ ატარებთ. როგორც საფრანგეთის წარმომადგენელი, მე ძალიან ნეიტრალური ვარ და ყოველგვარი წინასწარი წარმოდგენის გარეშე მოვედი. ჩვენ არანაირი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია; ყველაფერი ღია და პირდაპირი იყო“.

ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ

საერთაშორისო დამკვირვებელმა და ევროპარლამენტის წევრმა ანდრაშ ლასლომ, რომელიც ასევე აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, განაცხადა: „პროცესი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობსო“.

თუმცა მისი ეს პოზიციაც კითხვებს ბადებს.

ლასლო ის უნგრელი პოლიტიკოსია, რომელიც 2024 წლის ივლისიდან ევროპარლამენტის წევრია და ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ წარმოადგენს. ის სოციალურ მედიაში აქტიურად უწყობს ხელს ნაციონალისტურ შეხედულებებს და თანამშრომლობს „მეგაფონის“ პლატფორმასთან, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ნარატივებს და აკრიტიკებს ევროკავშირს მიგრაციის, ვაქცინაციისა და ლგბტ უფლებების საკითხებში.

ანდრას ლასლო

ლასლო ცნობილია ევროკავშირის კრიტიკით და ამტკიცებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპაში მარიონეტული მთავრობების შექმნას ცდილობს. 2025 წლის ივლისში ლასლომ საჯაროდ დაგმო ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს შესახებ და მას „სირცხვილი“ უწოდა.

„ნათელია, რომ ევროპარლამენტის უმრავლესობას საქართველოში მარიონეტული მთავრობის ხილვა სურს. სანამ ეს არ მოხდება, ევროკავშირი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესების განზრახვით მოქმედებს. თქვენი ანგარიში სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ ბევრ ევროპელ ლიდერს არ ესმის, რომ საქართველოს არ სურს დამოუკიდებლობის გაწირვა ევროკავშირში წევრობისთვის.

ასეთი განცხადებები კი სრულიად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ნარატივებს, რომ „ევროკავშირი ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ცდილობს სიტუაციის დესტაბილიზაციას“.

ასევე ნახეთ "ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?

სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები

ესპანეთის სენატის წევრი ლუის აპალატეგი საქართველოს არჩევნებს უკვე მეორედ აკვირდება. მისი თქმით, საქართველომ „მტკიცედ აჩვენა დემოკრატიული არჩევნების თავისუფალი, სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო გზით ჩატარების უნარი, ისევე როგორც ამას აკეთებენ მსოფლიოს სხვა ნამდვილი დემოკრატიები“.

თუმცა აპალატეგიც იმ „ყალბი“ დამკვირვებლების“ ბაზაშია, როგორც ადამიანი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ იმ არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს.

სავარაუდოდ, საქართველოში ისიც უნგრული ორგანიზაციის, „ძირითადი უფლებების ცენტრის“ სიით ჩამოვიდა დამკვირვებლად, თუმცა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მედია მხოლოდ მისი წარმოშობის ქვეყანას ახსენებს, ორგანიზაციის დაკონკრეტების გარეშე.

„ყალბი დამკვირვებლების“ სიაში კიდევ ერთი საერთაშორისო დამკვირვებელია უნგრეთიდან - ხუან როჩა. მისი შეფასება საქართველოში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შესახებ ასეთია:

„კენჭისყრა ორგანიზებული იყო; არანაირი ინციდენტი არ შემიმჩნევია... ამ არჩევნებით ძალიან კმაყოფილი ვარ“.

2024 წლის პირველ ნახევარში როჩა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის დეპარტამენტში მუშაობდა. მის სიტყვებს ხშირად ციტირებდა პროსახელისუფლებო ქართული მედია, არჩევნების „დემოკრატიული“ ხასიათის დასადასტურებლად.

„ჩვენ არჩევნებს დემოკრატიულად ვაფასებთ. ხმის მიცემის პროცესი ყველა იმ საარჩევნო უბანზე, რომლებიც ჩვენ მოვინახულეთ, მშვიდობიანად წარიმართა. ჩვენ პირადად არანაირი დარღვევა არ დაგვიფიქსირებია. ასევე აღსანიშნავია ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. საარჩევნო კომისიების წევრები პროფესიონალურად მოქმედებდნენ“, - განაცხადა როჩამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს.

როჩას და სხვა მსგავსი დამკვირვებლების მონაწილეობა ზოგად ტენდენციას შეესაბამება: ხელისუფლება პოლიტიკურად მეგობრულად განწყობილ პირებს „დამოუკიდებელ საერთაშორისო დამკვირვებლებად“ წარმოაჩენს. მათი ბიოგრაფიები და საჯარო განცხადებები სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ხაზს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათი მისიის ობიექტურობას.

ასევე ნახეთ “ჩვენ ვართ, ვინც გააძევა რუსი დიპლომატები”- რას ელის “ქართული ოცნება” ბაბიშის პარტიის გამარჯვებიდან


ასევე ნახეთ ელჩების "გაძევება" თუ "ცალმხრივი მეგობრობა" - "ოცნებას" სურს, რომ "დიპ სტეიტმა" პარტნიორად აღიქვას