ორშაბათს მოსკოვში დაიწყო 2024 წლის 22 მარტს „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში ტერაქტის ჩადენაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი.
მაშინ მოსკოვში მდებარე საკონცერტო ცენტრში მომხდარს 149 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 609 ადამიანმა, რომლებიც იმ საღამოს ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტზე იყვნენ მისული. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიების დასრულების შესახებ გამოაცხადა. ტერორისტული თავდასხმის განხორციელებასა და მისთვის ხელშეწყობაში 19 ადამიანს ედება ბრალი. მეორე ბრალდება წაუყენეს მათ, ვინც ტერორისტული თავდასხმის სავარაუდო შემსრულებლებს ოთახები მიაქირავა. გამოძიება მიიჩნევს, რომ თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას, თუმცა ჯერაც ეძებს საქმეში „უკრაინულ კვალს“.
გამომძიებლების თქმით, ტერაქტების შემსრულებლები იყვნენ ოთხნი ტაჯიკეთიდან: დალერჯონ მირზოევი, საიდაკრამი რაჩაბალიზოდა, შამსიდინ ფარიდუნი და მუჰამადსობირ ფაიზოვი. ისინი საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის შემდეგ პირველსავე დღეებში დააკავეს. რუსულ არხებზე თითქმის უმალ გავრცელდა სასამართლო დარბაზში გადაღებული კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ ეჭვმიტანილები ნაწამები იყვნენ. შემდეგ ტელეგრამში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთ ეჭვმიტანილს ყურს აჭრიან და აიძულებენ, შეჭამოს ის. ასევე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც მოწმობს, რომ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს ელექტროდენით აწამებდნენ.
ასევე ნახეთ ტერაქტები - პუტინის მმართველობის ნაწილიეს ოთხნი და საქმეში მონაწილე კიდევ 15 ბრალდებული (შახრომჯონ გადოევი, ზუბაიდულო ისმოილოვი, ჰუსეინ ჰამიდოვი, მუჰამად ზოირ შარიფზოდა, იაკუბჯონი დავლატხონ იუსუფზოდა, ნაზრიმად ლუტფულოი, ჯუმახონ კურბონოვი, ხუსეინ მედოვი, ჯაბრაილ აუშევი, ალიშერ კასიმოვი, უმეჯონ და მუსტაკიმ სოლიევები, ისროილ ისლომოვი, დილოვარი და ამინჩონ ისლომოვები) ბრალდებულნი არიან ტერორისტულ აქტში, ტერორისტულ საქმიანობაში ხელის შეწყობაში, ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით წვრთნის გავლასა და სხვა დანაშაულებში.
„ტერორისტული ორგანიზაციის ორი ორგანიზატორისა და ოთხი მონაწილის მიმართ წინასწარი გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს“, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ყველა მათგანი ცენტრალური აზიიდანაა, დანაშაული კი დაგეგმილი და ჩადენილი იყო „უკრაინის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით“.
„კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტის მსხვერპლთა იმპროვიზებული მემორიალი
გარდა ამისა, პეტრენკოს თქმით, ბრალდებულთა ნაწილი თითქოს „გეგმავდა გასართობი კომპლექსის აფეთქებას დაღესტნის რესპუბლიკის ქალაქ კასპიისკში, მაგრამ ეს დანაშაული აღკვეთილ იქნა“. ოფიციალური ვერსიით, ტერორისტული თავდასხმისთვის მზადება „მის ჩადენამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო“. „საქმეში ბრალდებულთა ნაწილი რუსეთში ჩავიდა საზღვარგარეთიდან, სადაც მათ საწყისი მომზადება გაიარეს. რამდენიმე ადამიანი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და დანაშაულის ჩასადენად საშუალებებსა და იარაღს ეძებდა. სხვა ბრალდებულები მუდმივად აახლებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და, ესმოდათ რა, რომ მისი მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელია, ის ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს გადასცეს“, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა.
ტაჯიკეთის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებულის, დალერჯონ მირზოევის ძმა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს საბრძოლველად წავიდა და დაიღუპა. რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახურის ცნობით, შამსიდინ ფარიდუნი 2020 წელს გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც ის სექსუალური ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებამ და საგამოძიებო პროექტმა „სისტემამ“ გაარკვიეს, რომ შამსიდინ ფარიდუნი სოციალურ ქსელებში „აბდულოჰის“ (არაბულად - „ღვთის მსახური“) სახელით მონაწილეობდა. მას ასევე ჰქონდა ტელეგრამის ანგარიში, რომელშიც ბოლოს 2024 წლის 18 თებერვალს შევიდა. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ „მქადაგებლის თანაშემწე“, რომელმაც მას 500 ათასი რუბლის სანაცვლოდ ტერორისტული თავდასხმის ჩადენა შესთავაზა, ამ მესინჯერის მეშვეობით დაუკავშირდა.
ფარიდუნის სოციალური ქსელების ანალიზის შემდეგ, რომლებსაც ის სხვადასხვა სახელით იყენებდა, ჟურნალისტებმა თვალი მიადევნეს მისი ქმედებების ქრონოლოგიას საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმამდე: 18 თებერვალს შამსიდინ ფარიდუნი უკანასკნელად იყენებს ტელეგრამს, 23 თებერვალს აქვეყნებს ფოტოებს სტამბოლის ფათიჰის მეჩეთიდან და ამ ქალაქის სასტუმროდან, 2 მარტს (თურქეთის უსაფრთხოების სამსახურებში Reuters-ის წყაროების ცნობით) ან 4 მარტს (თავად ბრალდებულის თქმით) ფარიდუნი და ტერორისტული თავდასხმის კიდევ ერთი მონაწილე სტამბოლიდან რუსეთის დედაქალაქში გაფრინდებიან, 22 მარტს ხდება ტერაქტი „კროკუს სიტი ჰოლში“.
რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური ესაუბრა მუჰამადსობირ ფაიზოვის ნათესავებს. ფაიზოვი ასევე ბრალდებულია „კროკუს სიტი ჰოლში“ სროლაში. მათ თქვეს, რომ მათი შვილი „არ იყო რელიგიური ადამიანი“ და ჩინეთში სასწავლად წასვლას გეგმავდა. მუჰამადსობირის დედამ განაცხადა, რომ მის შვილს სურდა ოჯახის ფინანსურად დახმარება, ამიტომ ის რუსეთში წავიდა ფულის საშოვნელად. ის პარიკმახერად მუშაობდა ივანოვოს ოლქში და მამამისს ფულს უგზავნიდა. მისი ნათესავების თქმით, ფაიზოვს „ჩიტის შეურაცხყოფისაც კი ეშინოდა“, ამიტომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ის მოატყუეს. თავად ფაიზოვმა გამომძიებლების პირველ კითხვას ტაჯიკურ ენაზე უპასუხა: „რა დავაშავე?“
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილი მუჰამადსობირ ფაიზოვი ბასმანის სასამართლოში.
დამნაშავეთა გარდა, გამოძიებამ დააკავა ადამიანები, რომლებსაც, თითქოს თანამზრახველთა ფართო ქსელი ჰქონდათ შექმნილი. მათ შორის არიან დილოვარ და ამინჩონ ისლომოვები, ასევე მათი მამა ისროილი. საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, თავდასხმის შემდეგ მაშინვე აცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომ ისლომოვებმა ოთხი მთავარი ბრალდებული ავტომობილითა და ბინით უზრუნველყვეს. ძმები ისლომოვები თავად მივიდნენ პოლიციაში, როდესაც კადრში დაინახეს თავიანთი მანქანა, რომელიც ტერორისტულ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე გაყიდეს. დაკავებისას ამინჩონ ისლომოვმა მოსამართლის კითხვას, ესმოდა თუ არა, რაში ედებოდა ბრალი, უპასუხა, რომ უდანაშაულო იყო.
საიდაკრამ რაჩაბალიზოდა, შამსიდინ ფარიდუნი, დალერჩონ მირზოევი, მუჰამადსობირ ფაიზოვი
საქმეში არის კიდევ ერთი ბრალდებული - მზარეული ალიშერ კასიმოვი, რომელმაც შამსიდინ ფარიდუნის ბინა მიაქირავა. სასამართლოში კასიმოვმა დაიყვირა: „ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ“. „კროკუსზე“ თავდასხმის საქმეში უკვე არის ერთი მსჯავრდადებული პირი: ეს არის ტვერის მკვიდრი სალოხიდინ აშუროვი, რომელმაც თავის სახლში ფიქციურად დაარეგისტრირა ძმები ისლომოვები. აშუროვი დამნაშავედ ცნეს, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სასჯელისგან გაათავისუფლეს. პოლიტიკოსი გენადი გუდკოვი „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის გამოძიებაში არსებულ უამრავ შეუსაბამობაზე მიუთითებს:
„ჩვენ ვიცით, რომ ამ საქმეში ყველა ჩვენება წამების, ცემისა და ზეწოლის ქვეშ იქნა მოპოვებული. ეს ტერორისტული თავდასხმა, გულწრფელად რომ ვთქვათ,
მე საერთოდ არ მჯერა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ამგვარად მოქმედებს
ძალიან საეჭვოა. მე საერთოდ არ მჯერა, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ამგვარად მოქმედებს. ისინი ინტერნეტში შემთხვევით ადამიანებს ქირაობენ, ეს ადამიანები, რომლებიც კაპიკებისთვის დათანხმდნენ, ემოქმედათ, აღმოჩნდება, რომ შესანიშნავი მსროლელები და პროფესიონალი კილერები არიან. შემდეგ ეს პროფესიონალები უკიდურესად უხეშ შეცდომებს უშვებენ, რაღაც დანგრეული მანქანით გარბიან, რატომღაც უკრაინის მიმართულებით. მათ იქ თითქმის 700 კილომეტრის გავლის შემდეგ აკავებენ.
საქმეში უამრავი შეუსაბამობაა. მათ შორის დარბაზის აალება, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა, კამერების გაუმართაობა. არსებობს კითხვები გასროლების რაოდენობასთან დაკავშირებით - იმდენია, რომ ვერცერთი ავტომატი ვერ გაუძლებს. ლულის ასეთი გაცხელებისას ავტომატი ფაქტობრივად უარს ამბობს სროლაზე. ლულა მეორე მჭიდზე ცხელდება, ის გავარვარებულია, „ფურთხებას“ იწყებს. ვისაც კალაშნიკოვიდან ბევრი უსროლია, კარგად იცის ეს. ის არც ისე კარგია, უბრალოდ იაფია. ასე რომ, საქმე სავსეა შეუსაბამობებით.
გენადი გუდკოვი
მასთან ერთად ბაზარში სურსათს ყიდულობდნენ - ე.ი. დამნაშავეები არიან
მე საერთოდ არ მჯერა ამ გამოძიების და ვვარაუდობ, რომ ამ ტერაქტის ორგანიზებაში დახმარება გასწიეს სპეცსამსახურებმა, რაღაც საიდუმლო სტრუქტურებმა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, ხანძრის ჩამქრობი სისტემები გამოერთოთ, კამერები გამოერთოთ და დაფარვის ოპერაციის ორგანიზება მოეხდინათ. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ ყველაფრის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები, რომლებსაც, შესაძლოა, სურდათ საზოგადოების რაღაცნაირად დაშინება, მაგრამ გამოვიდა სულ სხვანაირად, ვიდრე მათ სურდათ. არ მჯერა, რომ ეს ინტერნეტით დაქირავებული ტაჯიკების ჯგუფმა გააკეთა. და ის ფაქტი, რომ 27 ადამიანი დააკავეს, ვიცით, როგორც დააკავეს. მანქანით მიჰყავდათ ადგილზე, [ამიტომ] თანამზრახველებად გამოცხადდნენ. მათ ბინა მიაქირავეს სავარაუდო ტერორისტს - ეს ნიშნავს, რომ ისინიც ორგანიზაციის წევრები არიან. მასთან ერთად ბაზარში სურსათს ყიდულობდნენ - ე.ი. დამნაშავეები არიან. ჩემი აზრით, მათ უბრალოდ „განტევების ვაცები“ მოაგროვეს. ძნელია მათი დანაშაულის ხარისხის გაგება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს სასამართლო პროცესი არის შირმა იმისთვის, რომ ნამდვილი გამოძიება არ ჩაატარონ. რადგან იქ ყველა ნაცემია, დაჭრილია, ერთს ყური მოაჭრეს, ხალხი საშინლად აწამეს, წამების დროს კი ყველაფერს აღიარებ“, ამბობს გენადი გუდკოვი.
„კროკუს სიტი ჰოლის“ ტერაქტის შემდეგ რუსეთში მიგრანტოფობიის ტალღა აგორდა. მიღებულ იქნა არაერთი ანტიმიგრანტული კანონი, რომელთაგან ერთ-ერთი მიგრანტების შვილებს რუსეთის სკოლებში სწავლას უკრძალავს, თუ ისინი რუსული ენის გამოცდას ვერ ჩააბარებენ. ადამიანის უფლებათა დამცველ კარიმჯონ იოროვის თქმით, ტაჯიკეთის ბევრი მოქალაქე ტოვებს რუსეთს, რადგან იქ ცხოვრება და მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება:
„ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ეს არასდროს მოხდებოდა - ტერორისტულ თავდასხმაში ბრალდებულებისგან აღიარებითი ჩვენებები წამებით არის მოპოვებული და ამას არც კი მალავენ. ჩვეულებრივ, თუ აღიარებითი ჩვენებები წამების ქვეშაა მოპოვებული, მათ
მე არ ვიცავ ამ ადამიანებს, არ ვიცი, დამნაშავეები არიან თუ არა, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში წამება აკრძალულია
არ აღიარებენ, მაგრამ რუსეთში ეს მუშაობს. მე არ ვიცავ ამ ადამიანებს, არ ვიცი, დამნაშავეები არიან თუ არა, მაგრამ ნორმალურ ქვეყნებში წამება აკრძალულია. და ის ადამიანები, რომლებიც თანამზრახველებად იყვნენ ჩამოთვლილი და ასამართლებენ - მათ ადგილას ნებისმიერი შეიძლებოდა ყოფილიყო. ისინი ადანაშაულებენ მათ, ვინც სავარაუდო ტერორისტებთან ერთად ბაზარში კაფეში ჭამდა. დიახ, ისინი ერთმანეთს მიესალმნენ, ჩვენში ასეა მიღებული. ადანაშაულებენ მათ, ვინც მათ ბინა მიაქირავა. ადანაშაულებენ იმ ადამიანს, ვინც მათ მანქანა მიჰყიდა. რომელი ჭკუათამყოფელი ადამიანი ყიდის თავის მანქანას ასეთი ტერორისტული თავდასხმის ჩასადენად?
კარიმჯონ იოროვი
რატომ არ არის ხალხის სიკვდილისთვის პასუხისმგებელი „კროკუს სიტი ჰოლის“ მფლობელი ბატონი აგალაროვი? კარები დაკეტილი იყო, ვენტილაციის სისტემა არ მუშაობდა, დაცვა არ იყო. ნორმალურ დროსაც კი კონცერტებზე ყოველთვის იყვნენ შეიარაღებული პოლიციელები. რატომ არ იყვნენ ისინი იქ? ან რატომ არ მივიდა პოლიცია უახლოესი პოლიციის განყოფილებიდან? იქვე ახლოს არის პატარა პოლიციის განყოფილება, ეს ვიცი, რადგან იქ ბევრჯერ ვყოფილვარ. მაქვს განცდა, რომ ბრალდებულები „ბრმად“ გამოიყენეს.
რაც შეეხება მიგრანტოფობიას - ის რუსეთში ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამ ტერაქტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა ბევრნი ცდილობენ სხვა გზების პოვნას. ევროპაში ძალიან ბევრი მიგრანტია, ხალხი ამერიკაში მიემგზავრება, თუმცა დიდ რისკზე მიდიან. ძალიან პოპულარული დანიშნულების ადგილი გახდა სამხრეთი კორეა, ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ყაზახეთში. იქ უკვე მილიონზე მეტი შრომითი მიგრანტია. რუსეთში მიგრანტების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის ცუდი იყო და „კროკუსი“ რომ არ მომხდარიყო, ხელისუფლება სხვა რამეს მოიფიქრებდა“, დარწმუნებულია ადამიანის უფლებების დამცველი კარიმჯონ იოროვი.