7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დედა და ბებია დააკავეს

პოლიცია ადასტურებს, რომ არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში „მრავლობითი დაზიანება აღენიშნება“.

სამეგრელოში, ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით პოლიციამ დედა და ბებია დააკავა.

ინფორმაცია და ბავშვის დაზიანებების ამსახველი ფოტოები თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

„უცემიათ, დაუკბენიათ... საღორეში დაუმწყვდევიათ“, - ამბობდა ტელევიზიასთან ბავშვის ნათესავი და ხელს ბავშვის დედასა და ბებიას ადებდა.

იგი მცირეწლოვანზე დაყრდნობით ამბობს იმასაც, რომ მას მხოლოდ წყალს აწვდიდნენ.

ბავშვი, ტელეარხის ცნობით, ამჟამად უსაფრთხოდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

მათ ბრალად ედება „წინასწარი შეცნობით, ჯგუფურად ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ“, - ეს დამამძიმებელი გარემოებებია.

მათ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დედა 44 წლისაა, ბებია - 70-ის.

პოლიცია ადასტურებს, რომ არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში „მრავლობითი დაზიანება აღენიშნება“.