მსახიობ ლევან გელბახიანს გადასცეს „ოქროს ლეოპარდი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის შვეიცარულ ფილმში “ნუ მისცემთ მზეს უფლებას“, ხოლო საერთაშორისო კონკურსში ჩართული ქართულ-გერმანული ფილმი „ხმელი ფოთოლი“ ჟიურის „სპეციალური აღნიშვნით“ და კინოკრიტიკოსთა პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმის რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ „ფიპრესის“(კინოპრესის ასოციაციის) პრემიაა, რადგანაც „კინოზე ფიქრი და დაკვირვება ამ ხალხს პროფესიად აქვს არჩეული“.
ასევე „ფიპრესის“ პრიზით აღინიშნა 2021 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის წინა ფილმიც „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“. კრიტიკოსთა შეფასებებით, ალექსანდრე აგრძელებს თავის პირველ ფილმებში დაწყებულ მხატვრულ ექსპერიმენტებს „ნელი კინოს“ სტილისტიკაში. „ხმელი ფოთოლი“ 3 საათზე მეტხანს გრძელდება და მთლიანად ძველი თაობის მობილური ტელეფონით, Sony Ericsson-ით არის გადაღებული.
ასევე ნახეთ "ხმელი ფოთოლი" - ქართველი რეჟისორის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე„ბრწყინვალე და ექსცენტრიკული მოგზაურობა საქართველოს მქრქალ სოფლებში“, - ასე ახასიათებს ფილმს Variety-ის კორესპონდენტი ჯესიკა კიანგი, რომელიც წერს, კობერიძის წინა ფილმში მაყურებლებს გვთხოვდნენ, ცოტა ხნით თვალი დაგვეხუჭა, აქ კი, „ხმელ ფოთოლში“, პირიქით, აუცილებელია, რაც შეიძლება ფართოდ გაახილო თვალი, რომ ძველი სმარტფონით გადაღებულ გამოსახულებას სიმკვეთრე დაუბრუნოო. „ხმელი ფოთოლი“ ბედნიერებაა უჩვეულოს, განსხვავებულის, ტრანსცენდენტულის მოყვარულებისთვის“, - აღნიშნავს კიანგი.
ანდრეა პიკარი ტორონტოს ფესტივალის გვერდზე წერს, რომ „ხმელი ფოთოლი“ წლის ყველაზე რადიკალური და მომაჯადოვებელი ექსპერიმენტია, „მომხიბლავი ოდაა გაურკვევლობაზე, ბუნების ცვალებადობასა და ოჯახური კავშირების სიმტკიცეზე“. რეცენზიის ავტორი განსაკუთრებით აქებს ფილმის მუსიკას, რომლის ავტორი ალექსანდრე კობერიძის ძმა გიორგი კობერიძეა, ხოლო თავად რეჟისორს ახასიათებს, როგორც „თანამედროვე მსოფლიო კინოს ერთ-ერთ ყველაზე უჩვეულო და მგრძნობიარე ვიზიონერს“.
რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ჟურნალისტი დმიტრი ვოლჩეკი ამბობს, რომ ლოკარნოში მაყურებელთან შეხვედრა ალექსანდრე კობერიძემ საქართველოში მიმდინარე პროტესტების მხარდაჭერით დაიწყო. ლოკარნოს ფესტივალის დღიურში ვოლჩეკი დეტალურად აღწერს „ხმელი ფოთლის“ სახვით გადაწყვეტას, ადარებს რა ფილმის გამოსახულებას ბონარის და ვოლოტონის სურათებს. „უჩვეულო სიუჟეტი ასეთ ირეალურ დეკორაციებში გათამაშდება“, - წერს დმიტრი ვოლჩეკი.
რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, როდის ნახავს „ხმელ ფოთოლს“ ქართველი მაყურებელი, ალექსანდრე კობერიძემ უპასუხა: „ხმელ ფოთოლს“ ქუთაისის კინოფესტივალზე ვაჩვენებთ. იმედია, ვიქნებით ფილმების ყურების ხასიათზე“.
ასევე ნახეთ როგორ გვამცირებდნენ