10-ათასიანი ჯარიმა საზღვარზე - არ გადაიხდი, არ შემოგიშვებენ

საილუსტრაციო ფოტო

მოკლედ

  • 25 წლის ნანუკა ჯორჯაძემ ტალინში გამგზავრებისას გაიგო, რომ 10,000 ლარის ჯარიმა ჰქონდა, რაც მანიფესტაციის წესების დარღვევას ეხებოდა.
  • ჯარიმების შესახებ შეტყობინება არ მიუღია, რადგან ინფორმაცია მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობით იძებნება, ხოლო ნანუკა ამერიკის მოქალაქეა.
  • საზღვარზე ჯარიმის გადახდა ნაღდი ფულით მოითხოვეს, მაგრამ საბოლოოდ ონლაინ გადახდა შეძლეს ექვსსაათიანი პროცედურის შემდეგ.
ნანუკა ჯორჯაძემ, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობს, მხოლოდ საქართველოს საზღვარზე, უცხოეთში გაფრენის წინ გაიგო, რომ ორი, 5000-ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი და თუ არ გადაიხადა უკან დაბრუნებულს ქვეყანაში არ შემოუშვებენ.

25 წლის ნანუკა ჯორჯაძე დედასთან, სოფო მეგრელიძესთან ერთად ტალინში მიემგზავრებოდა. როდესაც ნანუკამ პასპორტი მესაზღვრეს მიაწოდა, გაირკვა, რომ ორი ჯარიმა აქვს გადასახდელი. რის გამო იყო დაჯარიმებული და რამდენი ლარით - ამის შესახებ საზღვარზე არაფერი იცოდნენ. ნანუკა ამბობს, რომ მანამდე ამ ჯარიმების არსებობა ეჭვადაც არ ჰქონია. არც უკან გამობრუნება გამოვიდა, მესაზღვრემ უთხარ, პასპორტში ბეჭედი უკვე ჩაგირტყი და ითვლება, რომ საზღვარი გადაკვეთილი გაქვსო.

„ჩემი შვილი ამერიკის მოქალაქეა, მაგრამ საქართველოში ბინა აქვს, თავის სახელზე გაფორმებული. ისე არ არის, რომ ვერ მოეგნოთ, მაგრამ ამ ჯარიმების შესახებ შეტყობინება არავის მოუტანია“, - ამბობს სოფო მეგრელიძე.

საბოლოოდ დედა-შვილი ტალინში გაფრინდა. ერთი კვირის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულებს ისევ იგივე პრობლემა დახვდათ. ჯარიმის გადახდის გარეშე ნანუკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. მას ადმინისტრაციული კოდექსის 174-ე მუხლით ედავებოდნენ, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას გულისხმობს. საერთო ჯამში ნანუკას ათი ათასი ლარი ჰქონდა გადასახდელი.

ნაღდი ფულით უნდა გადაიხადოთო. მაგრამ 10 ათასი ლარი ხელზე სად გვქონდა?! არც ბანკომატში იყო შესაბამისი თანხა. ნახევარი პოლიცია არკვევდა, როგორ უნდა გადაგვეხადა ფული. ბოლოს როგორც იქნა ონლაინ გადაგვახდევინეს, მაგრამ ექვსი საათი იქ ვიყავით“, - ჰყვება სოფო მეგრელიძე.

ნანუკა ჯორჯაძე ამბობს, რომ მისი ჯარიმები 17 ივნისსა და 17 ივლისს არის გამოწერილი - ამ დროს კი ის თბილისში საერთოდ არ იყო.

„რამდენჯერაც აქციაზე ვიყავი, ყოველთვის ვიღებდი ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ვდგავარ ტროტუარზე“, - ამბობს ნანუკა და გასაჩივრებას აპირებს. თუმცა, როგორ ეს ჯერ არ იცის. ნანუკას თქმით, ჯარიმების შესახებ მისთვის არავის შეუტყობინებია, ვერც თავად მოძებნიდა იმ საიტზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ოფიციალურად აქვეყნებს. ამ პროგრამაში ინფორმაცია მხოლოდ ქართული პირადობის მოწმობით იძებნება, ის კი ამერიკის მოქალაქეა.

ასევე ნახეთ რა მოხდება, თუ ჯარიმას არ გადაიხდი?

„რამდენიმე მსგავსი შემთხვევა იყო. ერთმა [უცხო ქვეყნის მოქალაქემ] გადაიხადა და შემოვიდა ქვეყანაში. ერთი გააბრუნეს თავის ქვეყანაში. უცხოელებთან დაკავშირებით არის ასეთი პრობლემები", - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი შორენა ლოლაძე, - "რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, მისი საზღვარზე შეფერხების საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს. სახელმწიფოს არა აქვს უფლება, საქართველოს მოქალაქე ჯარიმის გამო არ შემოუშვას. კანონში ასეთი რამ არ წერია“.

კანონით, სახელმწიფო ვალდებულია დაჯარიმებულს ეს ფოსტით ან პირადად შეატყობინოს. თუ დაჯარიმებულმა წერილი არ ჩაიბარა, ან სახლში არ დახვდა, მეორე მცდელობის შემდეგ ჯარიმა ამ საიტზე ქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 30 დღეში ის ჩაბარებულად ითვლება. დაჯარიმებულს გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეტყობინების სისტემა მეტ-ნაკლებად მუშაობს, უცხოელების მოძებნა კი ჭირს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მათ არც სახლი აქვთ საქართველოში და არც მიწერილები არიან სადმე, ამიტომაც მათ ჯარიმა შესაძლოა სწორედ საზღვარზე დახვდეთ.

„განსაკუთრებული პრობლემაა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ქართული არ იციან. მოქალაქეს ჯარიმა დროულად უნდა ჩაბარდეს და განემარტოს, თუ რა სახის ჯარიმაა და რის გამო, რომ გასაჩივრება შეძლოს, საზღვარზე არ უნდა უწევდეს ამის გარკვევა“, - ამბობს ეკა ქობესაშვილი.

გასაჩივრება შედარებით იოლია საქართველოს მოქალაქისთვის.

„თუ საქართველოს მოქალაქე იტყვის, რომ შეტყობინება არ გამოუგზავნიათ, არაფერი ვიცოდი და მხოლოდ საზღვარზე გავიგე, ჯარიმა რომ მქონდაო, აქ უფრო არის დავის შესაძლებლობა, რადგან შსს-ს აქვს ინფორმაცია გამოიგზავნა თუ არ ფოსტით შეტყობინება“, - ამბობს შორენა ლოლაძე.

„უფლებები საქართველოს“ იურისტს დიმიტრი ნოზაძეს მსგავსი ორი საქმე ჰქონდა, გზის გადაკეტვის გამო ერთხელ გერმანიის მოქალაქეს გადაახდევინეს 5000-ლარიანი ჯარიმა საზღვარზე, მეორედ - ამერიკის. დაჯარიმებულებს აეროპორტში ვერ ეუბნებოდნენ, რისთვის იხდიდნენ ჯარიმას და არც საჯარიმო ქვითარს აძლევდნენ.

„უბრალოდ ეუბნებიან, რომ უნდა გადაიხადო და მორჩა. ინფორმაცია არავის აქვს. მერე მოგვიწია საპატრულოსგან აგვეღო საჯარიმო ქვითარი, მაგრამ მასალები მათაც არ მოუციათ. რა კანონზე დაყრდნობით აკეთებენ ამას მეც ვერ გავიგე. ამ ხალხს ხომ აქვთ მითითებული სად არიან გაჩერებული, ზოგს ბინა აქვს ნაქირავები, ზოგი სასტუმროშია, შეუძლიათ იქ მიუტანონ, თუ უნდათ“.

დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ასეთ დროს ჯარიმის გადახდამდე გასაჩივრების საშუალება არ არსებობს, დაჯარიმებულმა, ფული საზღვარზე უნდა გადაიხადოს, შემოვიდეს ქვეყანაში და შემდეგ მიმართოს სასამართლოს ან არ შემოვიდეს ქვეყანაში და სასამართლოს მინდობილი პირის მეშვეობით დაუკავშირდეს.

„შემოსვლისას ჩააბარონ ჯარიმა და აცალონ გასაჩივრება ან გადახდა. თუ არ გადაიხადა, მაშინ გასვლისას მოსთხოვონ, ისევ იმ საზღვრით არ უნდა გავიდეს?!“ - ამბობს იურისტი.

ასევე ნახეთ გზის გადაკეტვისთვის დამაჯარიმეს, არ გადამიხდია - საზღვარგარეთ გამიშვებენ?

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები. პროტესტი გამოიწვია „ქართული ოცნების“ 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე გამკაცრდა და გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის. ნაცვლად თავდაპირველი 500 ლარისა, ამჯერად გზის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეები 5000 ლარით ჯარიმდებიან.