სირიის საგარეო მინისტრს ვთხოვე, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - კონგრესმენი უილსონი

ჯო უილსონი და ასად ჰასან ალ-შიბანი 2025 წლის 15 თებერვალს მიუნხენში

ამერიკელი კონგრესმენი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი და „ჰელსინკის კომისიის“ თანათავმჯდომარე ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

„მქონდა შესაძლებლობა, მეთხოვა საგარეო საქმეთა მინისტრ [ასაად] ალ-შიბანისთვის, რომ შეაბრუნოს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება და სირიამ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიაროს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილად“, - წერს ჯო უილსონი 17 მაისს.

„ეს მარტივი ნაბიჯი იქნებოდა ძალის ჩვენება [სირიის მხირდან] და აჩვენებდა სირიის ახალი გზისადმი ერთგულებას“, - წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.

როგორც იგი წერს, ეს შეხვედრა 2025 წლის თებერვალში შედგა.

სირიის საგარეო უწყების ცნობით, შიბანი 2025 წლის 15 თებერვალს შეხვდა ამერიკელ კონგრესმენებს, მათ შორის ჯო უილსონს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, - რომლის ლიდერები, თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი, მიხეილ სააკაშვილის უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად 16 მაისს ვაშინგტონში შეხვდნენ ჯო უილსონს, - აცხადებს, რომ დელეგაცია ჯო უილსონთან აღნიშნულ თემაზე ისაუბრა.

კერძოდ, პარტიის პრესცენტრის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციამ უილსონთან შეხვედრაზე „მწვავედ დააყენა საკითხი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – აღიარების შესახებ“.

2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში“, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.

ეს პარტიები იყვნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“.

წერილის ადრესატი, აჰმედ ალ-შარაა, - სირიელ მეამბოხეთა ლიდერი, - 2025 წლის 29 იანვარს ქვეყნის ახალ პრეზიდენტად გამოცხადდა „გარდამავალი პერიოდის მთავრობის“ მოქმედების პერიოდში. სწორედ ის ედგა სათავეში სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხებას 2024 წლის ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში.

ასევე ნახეთ ოთხი პარტია სირიის ლიდერს მიმართავს, გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

სტაბილურობისა და სხვა არაერთი პრობლემის მქონე სირიის ახალ ხელისუფლებასთან მსოფლიოს ლიდერებმა უკვე დაამყარეს პირველი კონტაქტები: HTS-ის ლიდერს ჯერ კიდევ იანვარში შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები; შეხვდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის საგარეო მინისტრიც.

ალ-შარაა შეხვდა რეჯეპ ტაიპ ერდოანს ანკარაში, საუდის არაბეთში - მოჰამედ ბინ სალმანს, იორდანიაში - მეფე აბდულა მეორეს;

მას პრეზიდენტი დონალტ ტრამპიც შეხვდა მიმდინარე კვირაში, - ახლო აღმოსავლური ტურნეს ფარგლებში.

ტრამპმა განაცხადა, რომ სირიისათვის სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ სანქციებს მოუხსნის სირიას

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების ფონზე ჩნდება შანსი, საქართველომ იმუშაოს სირიის ახალ ფაქტობრივ მმართველებთან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევაზე.

თუმცა, ანალიტიკოსების თანახმადვე, ამ შესაძლებლობას „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური ნაბიჯები, პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობები და იზოლაციის მზარდი რისკი ხელს უშლის.

უცნობია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, უყურებს თუ არა იგი სირიაში შეცვლილ ვითარებას, როგორც ახალ შესაძლებლობას.

ასევე ნახეთ შანსი, სირიამ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გაიწვიოს - არის თუ არა?