რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკსა და მარიუპოლში წყლის პრობლემა "ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფად" იქცა

ხალხი წყლის რიგში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ დონეცკში. 29 ივლისი, 2025 წელი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქებში - დონეცკსა და მარიუპოლში - წყლის დეფიციტის პრობლემა მწვავდება და ადგილობრივებს კვლავ გრძელ რიგებში უწევთ დგომა. მსგავს პრობლემებს უჩივიან რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ქალაქებსა და დასახლებებშიც.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, დონეცკში წყალი ონკანებში მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ მოდის და ისიც რამდენიმე საათით. თუმცა, დაბალი წნევის გამო, წყალი მაღალ სართულებამდე ვერ აღწევს და ხალხი ჭურჭლებით ეზიდება სარდაფებიდან.

პრობლემურია ამ წყლის ხარისხიც - როგორც წესი, ის სასმელად გამოუსადეგარია. „შეუძლებელია ამ წყლის გამოყენება საკვების მოსამზადებლად და პირადი ჰიგიენისთვის“ - აღნიშნავენ ადგილობრივები.

იტყობინებიან, რომ მარიუპოლში დადგენილი გრაფიკით წყალი მოსახლეობას ორ დღეში ერთხელ უნდა მიეწოდებოდეს, თუმცა - გრაფიკი ხშირად ირღვევა. წყლის წნევა და ხარისხი ამ ქალაქშიც პრობლემურია.

წყლის მწვავე პრობლემამ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში 2022 წლიდან იჩინა თავი, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ. მიზეზი დაზიანებული ინფრასტრუქტურა და რეკონსტრუქციის წარუმატებელი, ჩავარდნილი პროექტებია. მარტში პრობლემა უკვე მძაფრად იდგა, ზაფხულის სიცხეში კი - გაუსაძლისი გახდა.

მარიუპოლელებს მარტში ჰპირდებოდნენ, რომ პრობლემის აღმოფხვრას 2027 წლიდან შეძლებენ.

ქალაქ დონეცკისა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობამ ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. წერილს რუსული არხები აქვეყნებენ, მათ შორის - „КРАСНАЯ ЛИНИЯ“. ტექსტში ნათქვამია, რომ წყლის პრობლემა უკვე „ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ კატასტროფად“ იქცა და, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს მაღაზიებში სასმელი წყლის სიძვირე. ცისტერნებით წყლის მიწოდება იშვიათად ხდება.

წერილში „დაცინვად“ არის მოხსენიებული წყალზე დაწესებული დღიური ლიმიტი - 330 ლიტრი ერთ ადამიანზე - წყლის რამდენიმე დღეში ერთხელ 4 საათით მოსვლის გრაფიკის პირობებში.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები პუტინს სთხოვენ, პირად კონტროლზე აიყვანოს წყლის საკითხი, ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ ადგილობრივი ჩინოვნიკები.