Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

(მარცხნიდან მარჯვნივ:) გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. კიევი. 2025 წლის მაისი
(მარცხნიდან მარჯვნივ:) გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. კიევი. 2025 წლის მაისი

„მსურველთა კოალიცია“, რომელიც 20-ზე მეტ დასავლურ ქვეყანას აერთიანებს, ახლოსაა უკრაინისთვის „სამშვიდობო ძალის“ შექმნის გეგმების დასრულებასთან.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ევროპის დედაქალაქებში „დისკუსიები გაძლიერდა“.

4 სექტემბერს პარიზში ჩატარებული ბოლო მოლაპარაკებების შემდეგ, ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ წლის დასაწყისთან შედარებით „გაზრდილია ენთუზიაზმი“ ინიციატივის მიმართ და ისინი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით „მცირე ნაბიჯებს დგამენ წინ“.

ბოლო კვირების განმავლობაში მოქმედების უეცარი გააქტიურება ერთი დიდი ცვლილებით არის განპირობებული: შეერთებული შტატები ყურადღებას აქცევს პროექტს.

ერთი დიპლომატი, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ ვაშინგტონი ახლა კოალიციის „დამკვირვებლად“ შეიძლება ჩაითვალოს. მართალია კონკრეტული „ამერიკული ზურგი“, რომელსაც ევროპული ქვეყნები ითხოვენ სამშვიდობო ძალის ჩამოსაყალიბებლად, ჯერ არ არსებობს, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, მიანიშნა, რომ შესაძლოა ის შეიქმნას, დასძინა დიპლომატმა.

რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს, ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა მიიჩნევა, რომ ყველაზე სასარგებლო აქტივი იქნება ამერიკული დაზვერვა.

ამერიკის შესაძლო როლის გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორია გადასაჭრელი სამშვიდობო ძალის ჩამოსაყალიბებლად. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისიის პოლიტიკურ მანდატს და ძალის გამოყენების წესებს.

რაც შეეხება მანდატს, ორი რამ ცხადია: ეს ძალა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში გახდება აქტიური და მას მხოლოდ უკრაინის მოწვევით შეუძლია მოქმედება. ეს უკანასკნელი თითქოს ისედაც ცხადია, მაგრამ კოალიცია კვლავ ცდილობს აღნიშნოს, რომ ეს მხოლოდ კიევის გადაწყვეტილებაა და რუსეთს ამაზე ვეტოს დადება არ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები გაეროს ან ეუთოს ეგიდით არ მიიღება.

კოალიცია ასევე ცდილობს, თავიდან აიცილოს საერთაშორისო ძალის ნებისმიერი ფორმა, რომელშიც ჩართული იქნებიან კრემლისადმი უფრო მეგობრული ქვეყნების, მაგალითად, ბრაზილიის, ინდოეთის ან ჩინეთის ჯარები.

ნებისმიერი სამხედრო ძალის ადგილზე გასაგზავნად აუცილებელი წინაპირობაა ცეცხლის შეწყვეტა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ არცერთ ქვეყანას არ სურს რაიმე სახით ბრძოლაში ჩართვა. აქ ერთგვარი დილემაა ჩადებული, რადგან არცერთი ევროპელი დიპლომატი არ თვლის, რომ ომი მალე დასრულდება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა კაია კალასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ, მისი აზრით, მოსკოვი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საომარ ძალისხმევას გააძლიერებს. ამ მოსაზრებას სხვა ევროპელი ოფიციალური პირებიც დაეთანხმნენ და თქვეს, რომ კონფლიქტი შესაძლოა კიდევ წლების განმავლობაში გაჭიანურდეს.

არც ძალის გამოყენების წესებთან დაკავშირებით არ არსებობს შეთანხმება. ერთი რამ ცხადია, რომ მომავალი ძალები შეხების ხაზთან არ განთავსდებიან.

ამგვარად, უკრაინის თავდაცვის პირველ ხაზად უკრაინის არმია მოიაზრება, ხოლო სამშვიდობო ძალები მეორე ხაზზე იქნებიან. სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, მაგრამ ძირითადი იდეაა, რომ უნდა არსებობდეს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომპონენტები.

საზღვაო კომპონენტის კუთხით წამყვანი ქვეყანაა თურქეთი, რომლის როლიც შავი ზღვის ნავიგაციისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა და, პოტენციურად, საზღვაო განაღმვითი საქმიანობა იქნება.

მოსალოდნელია, რომ სახმელეთო ძალების კუთხით ლიდერობას ბრიტანეთი და საფრანგეთი აიღებენ თავზე. ასევე რვა სხვა ქვეყანამაც, ძირითადად სკანდინავიურ-ბალტიის რეგიონში, მიანიშნა, რომ მზად არიან ჯარისკაცები ადგილზე გაგზავნონ.

საბოლოო მიზანი უკრაინაში 25 000-30 000 ჯარისკაცის განთავსებაა, თუმცა შესაძლოა, რომ ეს რაოდენობა შემცირდეს. პოლონეთმა მიანიშნა, რომ ის ძირითადად ძალების ლოჯისტიკური ცენტრის როლს შეასრულებს. გერმანია ყოყმანობს. სამხედროების სავარაუდო გაგზავნისთვის პარლამენტის თანხმობა იქნება საჭირო. ამ პოტენციური დაბრკოლების წინაშე კიდევ არაერთი სხვა ქვეყანაც დგას.

კიდევ ერთი დილემა ის არის, რომ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ბევრ ქვეყანას არ სურს, მომავალი სამშვიდობო ძალის ოფიცრები ნატოს იმ ბატალიონებიდან გამოყოს, რომლებიც ბოლო წლებში მათ ტერიტორიაზე განთავსდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ. ბალტიელმა დიპლომატებმა ხაზგასმით მოითხოვეს, რომ სამშვიდობო ძალამ არ უნდა შექმნას „ხარვეზები“ სამხედრო ალიანსის თავდაცვაში.

სამშვიდობო ძალის სახმელეთო კომპონენტი, სავარაუდოდ, დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რაიონში განთავსდება. აქ მდებარეობს იავორივის სამხედრო ბაზა, რომელსაც დასავლეთის არმიის პერსონალი უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნისთვის იყენებდა რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე. ზოგიერთი წყაროს აზრით, ბუნებრივია, რომ ცენტრი სწორედ აქ იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო ძალას სასწავლო კომპონენტიც ექნება.

სხვა ვარიანტები მოიცავს ძალების განლაგებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის - აეროპორტების და პორტების - გარშემო, ასევე უფრო დიდ ქალაქებში, როგორიცაა ოდესა და კიევი.

საჰაერო კომპონენტი ჯერ კიდევ დასამუშავებელია, მაგრამ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთ უკრაინის და საბოლოოდ ცენტრალური უკრაინის ცა დაცული უნდა იყოს. თუმცა, აქაც გადასაჭრელია ძალის გამოყენების წესების საკითხი, რადგან არცერთი დასავლური ქვეყანა არ არის მზად, მაგალითად, ესროლოს რუსულ თვითმფრინავებს, თუ ისინი უკრაინის ცაზე გადაიფრენენ და კრემლთან პირდაპირ დაპირისპირებაში ჩაებან.

ბრიუსელი ისლანდიის გაწევრიანების პერსპექტივებს იმედით უყურებს, თუმცა იმასაც ხედავენ, რომ რეიკიავიკს თავისი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ სურს (არქივის ფოტო).
ბრიუსელი ისლანდიის გაწევრიანების პერსპექტივებს იმედით უყურებს, თუმცა იმასაც ხედავენ, რომ რეიკიავიკს თავისი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ სურს (არქივის ფოტო).

რომელი ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში უახლოეს მომავალში? ამის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი, ალბათ, მონტენეგროა. ის წლებია, რაც მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიზანთან ყველაზე ახლოსა.

თუმცა სხვებმა შეიძლება ალბანეთი დაასახელონ, რომელიც ბრიუსელისკენ მიმავალ გზაზე დიდ ნაბიჯებს დგამს. ზოგმა შეიძლება თქვს, რომ მოლდოვას - რეფორმებზე ორიენტირებული ამბიციური ქვეყანას - აქვს შანსი, რათა მომავალ წელს ევროკავშირის 28-ე წევრი სახელმწიფო გახდეს.

თუმცა სწორი პასუხი შესაძლოა ისლანდია იყოს.

ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკამ გრენლანდიის ტერიტორიის ანექსიის შესახებ და აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომის პერსპექტივამ, რეიკიავიკში დიდი შეშფოთება გამოიწვია.

ისლანდიის ამჟამინდელმა მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში გასულ შარშან მოვიდა, გამოაცხადა, რომ 2027 წლამდე ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უმრავლესობა ამას ახლა მხარს უჭერს.

ქვეყანას ეს ადრეც გამოუვლია.

2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ქვეყანა ძალიან დააზარალა - მისი სამი მთავარი ბანკი გაკოტრდა. ევროკავშირში წევრობა - და განსაკუთრებით ევროზონაში გაწევრიანება - კრიზისიდან გამოსვლის გზად მიიჩნეოდა და ბლოკთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო.

მოლაპარაკებები სამი წლის შემდეგ ახლად არჩეულმა მემარჯვენე მთავრობამ შეაჩერა. მაშინ ევროზონა თავადაც იმავე ფინანსურ კრიზისში იყო მოქცეული, ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანება და ევროზე გადასვლა პანაცეად აღარ განიხილებოდა.

გაწევრიანების მოლაპარაკებების ამ სამწლიანი პერიოდის განმავლობაში რეიკიავიკმა გახსნა გაწევრიანების 33 თავიდან უმეტესობა და დახურა 11.

შედარებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების ამჟამინდელმა ფავორიტმა, მონტენეგრომ, ათ წელზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შედეგად მხოლოდ შვიდი თავის დახურვა მოახერხა.

„სუვერენული გადაწყვეტილება“

ევროკავშირის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ისლანდიას განაცხადის განახლების შემთხვევაში შეუძლია მთელი პროცესი რამდენიმე წელიწადში დაასრულოს. განაცხადი კი, ევროკომისიის თქმით, კვლავ ძალაშია.

რა თქმა უნდა, ისიც ხელს უწყობს, რომ ქვეყანა ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ის - EEA-ს სხვა წევრებთან, ნორვეგიასთან და ლიხტენშტაინთან ერთად - უკვე იყენებს ევროკავშირის შიდა ბაზრის წესებს.

ისლანდია ნაცნობია და ინტეგრირებულია ერთიან ბაზარში. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მსგავსი შეხედულებები გვაქვს - ეს ყველაფერი ჩვენი აქტივია...

როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი გასულ კვირას კუნძულს ეწვია, მან მაშინვე აღნიშნა, რომ ევროკავშირში მომავალი წევრობის საკითხი „სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელსაც აქაური ხალხი იღებს. ამიტომ, ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ“.

თუმცა, მან დასძინა, რომ „ისლანდია ნაცნობია და ინტეგრირებულია ერთიან ბაზარში. ჩვენ ვიზიარებთ ღირებულებებს, ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მსგავსი შეხედულებები გვაქვს - ეს ყველაფერი ჩვენი აქტივია“.

ამ თემის კარგად მცოდნე ევროპელი დიპლომატი, რომელიც ანონიმურად გვესაუბრა, კიდევ უფრო გულწრფელი იყო:

„კარგი იქნებოდა, თუ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა შეუერთდებოდა ევროკავშირს, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ“, - თქვა მან. „ეს აჩვენებდა, რომ კლუბი ნამდვილად მიმზიდველია“.

ინტეგრაცია შეუფერხებლად ჩაივლიდა იმის გათვალისწინებით, რომ ისლანდია ევროკავშირის საშუალო სახელმწიფოებზე მდიდარია და მისი მოსახლეობა მხოლოდ 300 000-ია. ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ის კლუბის ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფო გახდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი ცდილობს ოფიციალურად არ ჩაერიოს ისლანდიის წევრობასთან დაკავშირებულ დებატებში, ის ყველაფერს აკეთებს მის გასაღრმავებლად.

ვიზიტის დროს ფონ დერ ლაიენმა ევროპის ეკონომიკური ზონის შეთანხმების პოტენციურად განახლების მიზნით სავაჭრო მიმოხილვის ჩატარების პირობა დადო. მან ასევე მიაღწია შეთანხმებას ისლანდიისთვის აუცილებელი კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მაგალითად, წყალქვეშა კაბელების, დასაცავად და დაიწყო მოლაპარაკებები უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე, რომელიც კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

ეს შეთანხმება, რომელიც, წესით, წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად, ისლანდიისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყანაში კარგად ესმით უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი და ჩინეთი უფრო აქტიურები ხდებიან არქტიკის რეგიონში.

ისლანდიაზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ანექსიაზე დაწყებულმა საუბარმა. ევროკავშირში დაბრუნების შესახებ დებატები სწორედ ამან გამოიწვია. ქვეყანამ ევროკავშირის წინამორბედი ევროპული თანამეგობრობა1985 წელს დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ისლანდიასთან დაკავშირებით მსგავსი პრეტენზიები არ გამოუთქვამს, რეიკიავიკი მაინც ნერვიულობს. ქვეყნის თავდაცვას აშშ უზრუნველყოფს ნატოს სახელით 1951 წელს ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

დღემდე ისლანდია ნატოს ერთადერთი წევრია, რომელსაც არ აქვს საკუთარი არმია და მის შექმნას არც გეგმავს.

2006 წელს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ გააგრძელებდა კუნძულის თავდაცვის უზრუნველყოფას, მაგრამ იქ მუდმივად განლაგებული ძალების გარეშე. ეს პოლიტიკა კვლავ ძალაშია და კებლავიკში აშშ-ის ყოფილი საჰაერო ბაზა ნატოს წვრთნების ცენტრად რჩება.

დაძაბულობა ვაჭრობასთან დაკავშირებით

ყველაზე მეტად კი ისლანდიას ტრანსატლანტიკური სავაჭრო დაძაბულობა აღელვებს.

რეიკიავიკს სურს, რომ ბრიუსელმა მათთან კონსულტაციები გამართოს ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა ამას ბრიუსელი მას ვერ დაჰპირდება სრული წევრობის გარეშე.

კარგი იქნებოდა, თუ დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა შეუერთდებოდა ევროკავშირს, განსაკუთრებით ბრექსიტის შემდეგ... ეს აჩვენებდა, რომ კლუბი ნამდვილად მიმზიდველია...

სწორედ ვაჭრობამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი წევრობის მოლაპარაკებების განახლების შემთხვევაში. ეს განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და მეთევზეობას - კუნძულის ძირითად ინდუსტრიებს შეეხება.

ეს ორი სფერო ევროპის ეკონომიკურ ზონაში არ შედის - საფუძვლიანი მიზეზითაც.

ისლანდია შიშობს, რომ ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა კუნძულზე სოფლის მეურნეობას გაანადგურებს, რადგან ის ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებიდან იაფი საკვები პროდუქტებით გაივსება.

თევზაობა კიდევ უფრო დელიკატური საკითხია.

რეიკიავიკი ამაყად აცხადებს, რომ თევზჭერის მარაგების მართვა ბრიუსელზე უკეთესად აქვთ აწყობილი.

მას ძალიან არ სურს 200 მილის ეკონომიკურ ზონაში თევზჭერის ექსკლუზიური უფლებები დაუთმოს დანიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ესპანეთის ან საფრანგეთის ფლოტებს.

ასევე, ისლანდიის წყლებში ჯერაც დაშვებულია ვეშაპებზე კომერციული ნადირობა, მიუხედავად ევროკავშირის მცდელობისა, ამ საკითხზე გლობალური მორატორიუმი გამოცხადდეს.

ფაქტია, რომ ისლანდიის პარლამენტში პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ მოსახლეობას ბრიუსელთან მოლაპარაკებების განახლება სურთ, მაგრამ სულაც არაა ცხადი, რომ მათ რეალურად სურთ წევრობა.

ბრიუსელი ისლანდიის გაწევრიანების პერსპექტივებს იმედით უყურებს, თუმცა იმასაც ხედავენ, რომ რეიკიავიკს თავისი სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ სურს.

„პრობლემა მათი მხრიდანაა და არა ჩვენგან“, - მითხრა ევროკავშირის ერთმა წარმომადგენელმა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG