Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრძალული მუსიკა რუსეთის ქუჩებში – პატიმრობა და სოლიდარობა „აგენტების“ სიმღერების შესრულების გამო


რუსეთში უცხოელ აგენტებად გამოცხადებული მომღერლები მონეტოჩკა და Noize MC და მათი სიმღერების ქუჩაში შესრულების გამო დაპატიმრებული დიანა ლოგინოვა (შუაში). კოლაჟი
რუსეთში უცხოელ აგენტებად გამოცხადებული მომღერლები მონეტოჩკა და Noize MC და მათი სიმღერების ქუჩაში შესრულების გამო დაპატიმრებული დიანა ლოგინოვა (შუაში). კოლაჟი

მოკლედ

  • რუსეთში აპატიმრებენ და აჯარიმებენ ქუჩის მუსიკოსებს, რომლებიც ომის საწინააღმდეგო აკრძალულ სიმღერებს ასრულებენ.
  • ვოკალისტი დიანა ლოგინოვა (ნაოკო) და მისი ჯგუფის წევრები ადმინისტრაციული პატიმრობით დაისაჯნენ „არმიის დისკრედიტაციის“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ ბრალდებით.
  • მუსიკოსების დევნას სოლიდარობის აქციები მოჰყვა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც ქუჩის მუსიკოსებმა „უცხოელი აგენტების“ სიმღერები შეასრულეს.

რუსეთის ქალაქებში ქუჩის მუსიკოსები მღერიან იმ ავტორთა სიმღერებს, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადა და აკრძალა.

ისინი ასე უჭერენ მხარს მომღერალ ნაოკოს (დიანა ლოგინოვა), რომელიც სანქტ-პეტერბურგში დააკავეს „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებული „მონეტოჩკასა“და Noize MC-ის სიმღერების - „შენ ჯარისკაცი ხარ“ და „ნათელი ხაზის“ გამო. მას ბრალი წაუყენეს რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში.

დიანა ლოგინოვას, სანქტ-პეტერბურგელ მომღერალს, რომლის ომის საწინააღმდეგო სიმღერებმა და იმპროვიზებულმა ქუჩის წარმოდგენებმა ბევრი თაყვანისმცემელი მიიზიდა, პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დაადგინა, რომ ნევის გამზირზე შესრულებული მისი ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი შეიცავდა უცენზურო ლექსიკას - გინებას.

ჯგუფ „Stoptime”-ის ვოკალისტი დიანა ლოგინოვა (სასცენო ფსევდონიმი ნაოკო), ზედიზედ მეორედ დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ამჯერად ერთდროულად ორი ბრალდებით, რომელთაგან თითოეული 13-დღიან პატიმრობას გულისხმობს.

Mediazona-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგის სმოლნის სასამართლომ ნაოკოს ერთი 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა „საზოგადოებრივი წესრიგის“ დარღვევისთვის (რუსეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2.2 მუხლის პირველი ნაწილი, ნაწილი 1), მორე კი „წვრილმანი ხულიგნობისათვის“ - ასე ნევის გამზირზე უხამსი სიმღერების შესრულება შეფასდა.

ჯგუფ Stoptime-ის რეპერტუარშია როგორც ომის, ასევე ხელისუფლების საწინააღმდეგო თემები
ჯგუფ Stoptime-ის რეპერტუარშია როგორც ომის, ასევე ხელისუფლების საწინააღმდეგო თემები

„არ ვაღიარებ ჩემს დანაშაულს; არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩამიდენია“, - თქვა ლოგინოვამ სასამართლოში.

13 დღიან პატიმრობას მოიხდიან ჯგუფის სხვა წევრებიც - გიტარისტი ალექსანდრ ორლოვი და დრამერი ვლადისლავ ლეონტიევი.

28 ოქტომბერს ჯგუფ „Stoptime”-ის 18 წლის ვოკალისტი უნდა გამოსულიყო დროებითი დაკავების იზოლატორიდან, სადაც ის 13 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდიდა „მოქალაქეთა მასობრივი შეკრების“ ორგანიზებისთვის.

თუმცა, დაკავების იზოლატორიდან ის ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგის ლენინის რაიონულ სასამართლოში, სადაც განიხილეს მის წინააღმდეგ შეტანილი მორიგი ოქმი, ამჯერად შედგენილი არმიის „დისკრედიტაციის“ ბრალდებით.

საქმის აღძვრის საბაბად იქცა „Stoptime”-ის მიერ შესრულებული ჯგუფ „მონეტოჩკის“ სიმღერა „შენ ჯარისკაცი ხარ“. პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, სასამართლომ ნაოკოს 30 000 რუბლის (375 $) ჯარიმა დააკისრა.

ლოგინოვამ დანაშაული არ აღიარა. როგორც გამოცემა Mediazona იტყობინება, განსასჯელის ადვოკატმა, მარია ზირიანოვამ, სასამართლოში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ სიმღერაში ერთი ისეთი ფრაზაც კი ვერ მიუთითა, რომელიც არმიის „დისკრედიტაციას“ ისახავდა მიზნად.

თავად ნაოკომ სასამართლოში განაცხადა, რომ მან შეასრულა სიმღერები, რომლებიც მოსწონდა, მათ შორის არა მხოლოდ ე.წ. უცხოელი აგენტებისა, არამედ ისეთი ჯგუფებისა, როგორებიცაა „გრაჟდანსკაია ობორონა“, „კინო“.

თუმცა, ჯარიმის დაკისრების შემდეგ, მომღერალი არ გაათავისუფლეს: სასამართლო დარბაზიდან პოლიციის განყოფილებაში დააბრუნეს, რათა კიდევ ერთი ოქმი შეედგინათ.

ლოგინოვას დედამ, ირინამ, გამოცემა SOTAvision-ს (რომელიც რუსეთის „უცხოელი აგენტის“ სიაშია) უთხრა, რომ მისი ქალიშვილი არ აპირებს მუსიკალურ კარიერაზე უარის თქმას.

„დიანა სწავლას გააგრძელებს, დიანა სიმღერების წერასაც გააგრძელებს. ეს განსახილველიც კი არ არის. ეს მისი ცხოვრებაა. ის სიმღერას გააგრძელებს, მაგრამ შესაძლოა ოდნავ განსხვავებული რეპერტუარით. პირადად მივადევნებ თვალყურს, თუ რა რეპერტუარს იმღერებენ ამიერიდან“, - განაცხადა ვოკალისტის დედამ, რომლის თქმითაც, რიმსკი-კორსაკოვის მუსიკალური სასწავლებელი, სადაც ლოგინოვა სწავლობს, სტუდენტის დაბრუნებას ელოდება. თუმცა ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავების შემდეგ მომღერლის პორტრეტი „რატომღაც“ საპატიო დაფიდან ჩამოუხსნიათ.

„Stoptime”-ის დრამერი ვლადისლავ ლეონტიევიც 28 ოქტომბერს საღამოს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ისიც იზოლატორიდან პირდაპირ სანქტ-პეტერბურგის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მის წინააღმდეგ შეადგინეს მორიგი ოქმი 2025 წლის 26 სექტემბერს გამართული კონცერტისა და „საგზაო მოძრაობის შეფერხების“ გამო.

კარუსელური დაკავება - რუსეთსა და ბელარუსში ასეთ დაკავებებს, როცა პირს გათავისუფლებისთანავე ხელახლა აპატიმრებენ სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, „კარუსელურ დაკავებებს“ უწოდებენ. „კარუსელური დაკავება“ სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას აძლევს, ადამიანები კანონით დაშვებულზე გაცილებით მეტხანს (თვეობითაც კი) დააპატიმრონ.

ჯგუფმა „Stoptime”-მა სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში იმპროვიზებული კონცერტების გამართვა 2025 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მალევე, აგვისტოში გამოცემა „ბუმაგასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლოგინოვამ თქვა, რომ ჯგუფი ხშირად ასრულებს „მონეტოჩკას“, Noize MC-ის და რუსეთში „უცხოელი აგენტების“ სახელით ცნობილი სხვა მუსიკოსების სიმღერებს.

„მესმის, რომ ხელოვნება ახლა ერთადერთი ენაა — ყოველ შემთხვევაში რუსეთში — რომლითაც შეგიძლია გამოხატო შენი აზრები. მე ეს ავირჩიე და სხვა ენაზე საუბარი არ მინდა“, - თქვა მან.

ჯგუფის პოპულარობის ზრდამ Z-აქტივისტების ყურადღება მიიპყრო. 2025 წლის სექტემბრის ბოლოს, გამოცემა Regnum-ის მთავარმა რედაქტორმა მარინა ახმედოვამ „Stoptime”-ის შესახებ თავის Telegram არხზე აღშფოთებულმა დაწერა, რომ ჯგუფი მომავალ კონცერტებს ისე აანონსებს სოციალურ ქსელებში, თითქოს ხალხს მიტინგებზე ეპატიჟებაო.

სანქტ-პეტერბურგელი მომღერლის, დიანა ლოგინოვასა (ნაოკო) და მისი ჯგუფის წევრების სისხლის სამართლებრივმა დევნამ რუსეთის მასშტაბით სოლიდარობის გრძელი ჯაჭვი გამოიწვია.
სანქტ-პეტერბურგელი მომღერლის, დიანა ლოგინოვასა (ნაოკო) და მისი ჯგუფის წევრების სისხლის სამართლებრივმა დევნამ რუსეთის მასშტაბით სოლიდარობის გრძელი ჯაჭვი გამოიწვია.

2025 წლის 11 და 12 ოქტომბერს „Stoptime”-მა კონცერტები გამართა სანქტ-პეტერბურგში მეტროსადგურების მახლობლად, სადაც ქუჩის აუდიტორიასთან ერთად იმღერა, მათ შორის Noize MC-ის აკრძალული სიმღერა „კოოპერატივი „გედების ტბა“. კონცერტის ვიდეოები შეუმჩნეველი არ დარჩენიათ Z-ბლოგერებს, რომლებმაც მოითხოვეს როგორც მუსიკოსების, ასევე მათი აუდიტორიის დასჯა.

16 ოქტომბერს „Stoptime”-ის წევრებს ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. მუსიკოსებს ბრალი დასდეს 11 ოქტომბრის არასანქცირებული კონცერტის მოწყობაში. პოლიციის ცნობით, მეტროსადგურ „პლოშჩად ვოსტანიას“ წინ გამართული კონცერტის მოსასმენად შეკრებილი ადამიანები ხელს უშლიდნენ მგზავრების მეტროპოლიტენში შესვლა-გამოსვლას.

დიანა ლოგინოვამ და დრამერმა ვლადისლავ ლეონტიევმა 13-13 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიიღეს, ხოლო გიტარისტმა ალექსანდრ ორლოვმა - 12 დღიანი.

17 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაოკოს კიდევ ორი ადმინისტრაციული ბრალდება წაუყენეს - ამჯერად არმიის „დისკრედიტაციისთვის“, რაც კანონის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია. ბრალდება „არმიის დისკრედიტაციად“ მიიჩნევს მონეტოჩკასა და Noize MC-ის სიმღერების - „შენ ჯარისკაცი ხარ“ და „ნათელი ზოლი“ - შესრულებას.

თუმცა, Noize MC-ის სიმღერაში არც ომია ნახსენები და არც - არმია. როგორც Rotonda იტყობინება სანქტ-პეტერბურგის სასამართლოების პრესსამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით, პოლიციამ „დისკრედიტაციის“ ნიშნები დაინახა Noize MC-ის ერთ-ერთი პოსტის ქვეშ კიეველი თაყვანისმცემლის მიერ დატოვებულ კომენტარში, სადაც ის ამტკიცებდა, რომ კიევზე დრონით თავდასხმის დროს სიმღერას უსმენდა და მუსიკოსის მხარდაჭერას გრძნობდა.

„„Stoptime”-ის წევრების დევნამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რუსეთის რამდენიმე ქალაქში მუსიკოსების მხარდასაჭერად პიკეტები მოეწყო, ხოლო ეკატერინბურგში, კრასნოდარსა და პერმში ქუჩის მუსიკოსებმა „Stoptime”-ის სოლიდარობის ნიშნად „უცხოელი აგენტების“ სიმღერები შეასრულეს. აქციების მონაწილეთა ნაწილი დააკავეს, ხოლო ეკატერინბურგელი ქუჩის მუსიკოსი ევგენი მიხაილოვი, რომელიც „ჟენკა რადოსტის“ სასცენო სახელითაა ცნობილი, 14 დღით დააპატიმრეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG