Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ - მზია ამაღლობელის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა


ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა - პროცესი 8 საათია, გრძელდება
ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა - პროცესი 8 საათია, გრძელდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის საქმის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს, ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

83-გვერდიანი, თითქმის 8-საათიანი სიტყვის დასასრულს მწარიაშვილმა მოკლედ შეაჯამა დაცვის მხარის პოზიცია.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზია ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის უფროსისათვის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნა არ შეიძლება „პოლიციელზე თავდასხმას“ შეფასდეს და პატიმრობით დაისაჯოს და განაცხადა:

„რატომ ვესაუბრე თავიდან მზია ამაღლობელის საქმიანობაზე? მზია ამაღლობელი არ არის მხოლოდ ფიზიკური პირი და არც მისი გაკეთებული საქმეები. მე მინდოდა დაგენახათ, რომ მზია ამაღლობელი არის მოქალაქე, რომელიც დისკომფორტულია ხელისუფლებისთვის...

მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად, როგორ არ არსრულებს ბრალდება ფუნქციას და როგორ ცდილობს მსხვერპლი მოძალადეთ წარმოადგინოს და მოძალადე მსხვერპლად“.

„რა შეუძლია სასამართლოს?! - დარწმუნებული ვარ, ყველა მოსამართლემ იცის თავისი როლი და ადგილი. არის საქმეები, რომლებიც დღეს სხვანაირად ჩანს და ხვალ სხვანაირად გამოჩნდება... არის საქმეები, რომელზეც 20 წელი გავიდა და თაობები საუბრობენ. ეს არის საქმე, რაზეც თაობები ისაუბრებენ“, - განაცხა მწარიაშვილმა.

„მინდა დავასრულო ჩემი სიტყვა: მზია ამაღლობელის სილა არ იყო არც ხმამაღალი და არც დანაშაული. ერთსაც გვატყუებს და მეორესაც. არ მინდა სასამართლომ რომელიმე გაიზიაროს“ - თქვა მან.

მაია მწარიაშვილის სიტყვას დამსწრეები ომახიანი ტაშის დაკვრით შეხვდნენ.

როგორც დარბაზიდან რადიო თავისუფლების რეპორტიორი იუწყება, მოსამართლემ ხმადაბლა ჩაილაპარაკა: „შეწყვიტეთ“.

უცნობია, დღესვე გამოაცხადებს თუ არა ის განაჩენს.

ახლა დანარჩენ ადვოკატებს სურთ დასკვნითი სიტყვით წარმოთქვა. მოსამართლის თქმით, დღეს დასრულდება დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები.

პროცესზე მხარეთა არგუმენტები ვრცლად:

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა 31 ივლისს, ორის წუთებზე დაიწყო.

დარბაზში შესულ მზია ამაღლობელს ახლობლები და სხვა გულშემატკივრები შეძახილებით შეხვდნენ.

როგორც ყველა სხვა სხდომაზე მთელი 7 თვის განმავლობაში, პირველ აგვისტოსაც მზია ამაღლობელი ფეხზე დგას, ასე ისმენს ადვოკატის დასკვნით სიტყვას და არ ჯდება საბრალდებო სკამზე.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG