ტრასა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენდა მოსკოვის დასაცავი რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ტრანსპორტირებისთვის.
მოსკოვის რეგიონში ახალი რუსული საჰაერო თავდაცვის პოზიციები ხშირად განლაგებულია იმ ადგილებთან ახლოს, სადაც ადრე საბჭოთადროინდელი „საჰაერო თავდაცვის პატარა წრე“ იყო, რომელიც გამოიყენებოდა С-25-ის (ბერკუტი) სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით ნატოს ქვეყნების პოტენციური ავიაიერიშებისგან ქალაქის დასაცავად.
28 მაისის დილას ზელენოგრადის მცხოვრებლები აფეთქებების ხმამ გააღვიძა. “ორი აფეთქების ხმა მკაფიოდ გავიგონეთ. ამის შემდეგ ფანჯარასთან მივედი და დავინახე, როგორ მუშაობდა საჰაერო თავდაცვის სისტემა. დავინახე, როგორ ჩამოაგდეს დრონი. იმ მომენტში შიში ვიგრძენი”, - უთხრა ზელენოგრადელმა ქალმა URA.RU-ს.
მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებისა, რომ დრონის შეტევების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები არ გავრცელებულიყო, ზელენოგრადის მრავალსართულიანი კორპუსების ათეულობით მცხოვრებმა მომხდარი ტელეფონებით გადაიღო. ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ აგდებს დრონს საჰაერო თავდაცვის სისტემა.
სწორედ ზელენოგრადის სიახლოვესაა ცენტრალური წრიული მაგისტრალი, რომელიც გარს არტყია ძველ, საბჭოთადროინდელ ბეტონის წრიულ გზას მოსკოვის გარშემო. ეს ტრასა გასული საუკუნის 50-იან და 60-იან წლებში, პირველ რიგში, სწორედ სამხედრო დანიშნულების ამოცანებისთვის ააშენეს. ამ გზის ძირითადი ფუნქცია იყო, რომ ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდა ათეულობით საზენიტო-სარაკეტო დანაყოფს, რომლებიც საბჭოთა დედაქალაქის “საჰაერო თავდაცვის ოქროს რგოლის” ("Золотого кольца ПВО") შემადგენლობაში იყო.
არსებობდა რამდენიმე ასეთი “რგოლი” - პირველი ქალაქის ცენტრიდან 75-90 კილომეტრის რადიუსში, მეორე კი, ე.წ. “მოსკოვის თავდაცვითი პატარა რგოლი”, 35-50 კილომეტრის მანძილზე იყო განლაგებული. 1955 წელს მტრის საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად შეიქმნა და ამუშავდა სტაციონარული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბერკუტი” (С-25).
მას შემდეგ, რაც 2023 წლის მაისში უკრაინამ პირველად შეუტია მოსკოვს დრონებით, რუსეთის ხელისუფლებამ ათეულობით ახალი საჰაერო თავდაცვითი პოზიციები მოაწყო როგორც მოსკოვში (მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს შენობის სახურავზე), ასევე დედაქალაქის გარშემო, მათ შორის, ვლადიმირ პუტინის ნოვო-ოგარიოვოს რეზიდენციის დასაცავად. მათ ათეულობით სარეკეტო სისტემა „პანცირი“ დააყენეს მაღლობებზე, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაკონსერვებით შექმნეს.
80 წლის განმავლობაში, რაც საბჭოთა საჰაერო თავდაცვის პირველი "წრეები" ააგეს, მოსკოვიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის რადიუსში ახალი საცხოვრებელი უბნები გაშენდა. “პანცირის” რაკეტების ამაჩქარებელი ბლოკების ვარდნა ხშირად უფრო დიდ ზიანს იწვევს, ვიდრე თავად უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები. მაგალითად, ზელენოგრადში დრონების შეტევის შემდეგ ნაპოვნია „პანცირის“ ახალი რაკეტის საბრძოლო ნაწილი ТКБ-1055, რომელიც ჰაერში არ აფეთქდა.
იქ, სადაც რელიეფი არ იძლევა საშუალებას საჰაერო თავდაცვის სისტემები განთავსდეს, რაკეტების გამშვებ მოწყობილობებს სპეციალურ კოშკურებზე ამაგრებენ. ერთ-ერთი ასეთი კოშკურის მახლობლად, ცოტა ხნის წინ თავი მოიკლა კურსკის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა.
ორ წელზე მეტია, რადიო თავისუფლება აახლებს ინტერაქტიულ რუკას, რომელზეც მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემის ადგილებია აღნიშნული. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთმა დედაქალაქში 50-ზე მეტი საზენიტო-სარაკეტო (SAM) თავდაცვითი ნაგებობა დაიდგა. სატელიტური ფოტოების ანალიზი აჩვენებს, ეს პროცესი 2025 წელსაც გრძელდება.
სარაკეტო კოშკურებს „მალაია ბეტონკას" გარშემო აგებენ, ან მის პარალელურ "დიდ წრიულ გზატკეცილთან". ხშირად, “პანცირის” კოშკურებს ყოფილი საბჭოთა S-25 ტიპის საზენიტო სისტემების მახლობლად დგამენ, ან პირდაპირ მათ ადგილას. ამგვარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, ფაქტობრივად, საბჭოთა სისტემის მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას ცდილობს მოსკოვისთვის. ეს ინფრასტრუქტურა გვიანი 80-იანი წლებიდან დიდწილად მიტოვებული იყო.
2022 წლის შემდეგ განთავსებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ახალი პოზიციები მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში
2024 წლის შემოდგომაზე რადიო თავისუფლებამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოსკოვის გარშემო, წრეზე შენდებოდა. მათგან ერთ-ერთი კიდევ უფრო ახლოსა მოსკოვთან, ვიდრე საბჭოთა „მცირე საჰაერო თავდაცვის რგოლი“.
საბჭოთადროინდელი მდებარეობის მიხედვით, დღემდე ინფორმაცია იყო მხოლოდ ორ “პანცირზე”, რომლებიც ამ ორი პარალელური გზის სიახლოვეს იდგა. ერთ-ერთი მათგანი სამხრეთიდან დომოდედოვოს აეროპორტს იცავს და მკაფიოდ ჩანს აეროპორტისკენ მიმავალი ტრასიდან; მეორე კი კუბინკის სიახლოვესაა, დაკონსერვებული ნაგავსაყრელის გორაკზე.
OSINT-ის მკვლევარმა, რომელიც X-ზე jembob-ის სახელით აქვეყნებს ინფორმაციას, Sentinel-ის სატელიტური სურათების ანალიზის საფუძველზე, აღმოაჩინა 15-ზე მეტი “პანცირის” მდებარეობა.ისინი სულ ახლახან, 2025 წლის ზაფხულში ააშენეს „მალაია ბეტონკას" გზასა და ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს. მათ შორის ერთი აღმოჩნდა ზელენოგრადთან, სადაც “პანცირის” მოქმედება 28 მაისს, ღამით უკრაინული დრონების თავდასხმისას გადაიღო ხალხმა.
ხუთი ახლად აღმოჩენილი საჰაერო თავდაცვის პოზიციების ადგილმდებარეობას ადასტურებს სხვა წყაროებიც, მაგალითად, Yandex.Mirrors სერვისი, რომელიც მანქანების ავტორეგისტრატორების ახალ ჩანაწერებს აქვეყნებს. ამ კადრებზე ჩანს, რომ 16 ივნისს ცენტრალური რგოლის მახლობლად, გჟელის ტერიტორიაზე “პანცირისთვის” განკუთვნილი კოშკურის მშენებლობა დაიწყო. Sentinel - ის სატელიტური სურათების მიხედვით, მისი მშენებლობა 29 ივნისამდე დასრულდა, თუმცა უშუალოდ “პანცირი” Yandex.Mirrors-ის ფოტოში, რომელიც 3 ივლისს იყო გადაღებული, არ ჩანდა.
იმავე გზიდან ჩრდილოეთით, 8 კილომეტრში კიდევ ერთი, ახალდადგმული “პანცირი” ჩანს. მისი მშენებლობაც ივნისში დაიწყო და 7 ივლისამდე დასრულდა. ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დადგეს საბჭოთადროინდელი „ბერკუტის“ ორი სარაკეტო კომპლექსის შუაში.
მოსკოვის სამხრეთით, Yandex.Mirrors-ის ფოტოებსა და Sentinel-ის სატელიტურ სურათებზე “პანცირის” კიდევ ერთი კოშკურა ჩანს. ისიც ცენტრალურ გზატკეცილზეა და მდებარეობს დაახლოებით 8 კილომეტრში, მანამდე აღმოჩენილი საჰაერო თავდაცვის ნაგებობისგან, რომელიც დომოდედოვოს აეროპორტის სამხრეთით, მოსკოვის "პატარა რგოლის" გზატკეცილზე დგას. ამ უბანში გზა ორად იყოფა - ახალი ცენტრალური გზა და საბჭოთა სარაკეტო თავდაცვის ბაზებისთვის განკუთვნილი ძველი ბეტონის გზა.
მეოთხე კოშკურა “პანცირისთვის”, რომელიც Yandex.Mirrors-ის ფოტოებშიც და სატელიტურ სურათებზეც ჩანს, ააგეს ივნისში ქალაქ რამენსკოიეს მახლობლად, ჟუკოვსკის აეროპორტის სამხრეთით. მეოთხე კოშკურა ნოვორიაზანსკის მაგისტრალზე დადგეს სულ რაღაც 4.5 კილომეტრით შორს იმ კოშკურისგან, რომელიც 2024 წელს OSINT-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთი უკრაინული შეტევის მოგერიების კადრები გავრცელდა.
და ბოლოს, კიდევ ერთი “პანცირის” კოშკურა, რომელიც Yandex.Mirrors-ის ფოტოებსა და სატელიტურ სურათებზეც ჩანს, პოდოლსკის სამხრეთით, საბჭოთა S-25-ის ადგილის სიახლოვეს ჩანს.
ამ ეტაპზე, ახალი საჰაერო თავდაცვის პოზიციები მხოლოდ Sentinel-ის სატელიტურ სურათებზე ჩანს; მაღალი გარჩევადობის სატელიტურ სურათებსა და Yandex.Mirrors-ის ფოტოებზე ისინი ჯერ არ მოხვედრილან. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ივნისში ააშენეს ზუსტი მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პოლიგონის მახლობლად. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული აქ მოწმდებოდა სხვადასხვა ტიპის ჭურვები, მათ შორის, საავიაციო ქვემეხებისთვის. კიდევ ერთი სავარაუდო საჰაერო თავდაცვის პოზიცია სულ ცოტა ხნის წინ ააშენეს ნარო-ფომინსკის მახლობლად, ყოფილი საბჭოთა რადიოინჟინერიის ცენტრის ტერიტორიაზე, რომელიც თავდაპირველად S-25 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს ემსახურებოდა, ხოლო შემდგომ - S-300/S-400 სისტემებს.
მთელი ეს ინფორმაცია საფუძველს იძლევა დარწმუნებით ითქვას, რომ რუსეთის სამხედრო უწყებამ გადაწყვიტა, მოსკოვის ირგვლივ აღადგინოს საბჭოთა პერიოდის “საჰაერო თავდაცვის პატარა რგოლი”, რომელიც ცივი ომის დროსაც კი არ გამოუყენებიათ. თუმცა მას შემდეგ რუსული არმიის წინაშე მდგარი სამხედრო გამოწვევების ხასიათი შეიცვალა: დღეს საჰაერო თავდაცვის სისტემამ NATO-ს ფრთოსანი რაკეტები კი არ უნდა შეაჩეროს, არამედ დაბალ სიმაღლეზე მფრინავი უკრაინული დრონები.
ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, დრონების დასაცავად პრიორიტეტულ ობიექტებად იქცა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო აეროდრომები (მაგალითად, ჩკალოვსკის), უფრო ძლიერი საჰაერო თავდაცვის S-300/S-400 სისტემების ბაზები და სხვა სამხედრო ობიექტები, ასევე ელიტური აგარაკები, სადაც რუსი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ, მათ შორის პრეზიდენტიც. (ჯერ კიდევ 2024 წელს რამდენიმე “პანცირის” სისტემა ვალდაის რაიონში, პუტინის რეზიდენციის მახლობლად განთავსდა.)
პუტინის ვალდაის რეზიდენციას საჰაერო თავდაცვის სისტემა იცავს
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის რეგიონი აქამდე არნახულად გაჯერდა სარაკეტო თავდაცვის სისტემებით (ხანდახან, ფრონტის საჭიროებების საზიანოდ და სხვა რეგიონებში სტრატეგიული ობიექტების „მოშიშვლების“ ხარჯზე), უკრაინული თავდასხმები მაინც გრძელდება, თუმცა მათი პირდაპირი ზიანი შეუდარებლად მცირეა, ვიდრე კიევზე “შაჰედებით” დარტყმის შედეგები.
მიუხედავად ამისა, თითოეული იერიში უკრაინის მხრიდან რუსეთს ეკონომიკურ ზიანს აყენებს, მაგალითად, იწვევს კოლაფსს აეროპორტებში სამოქალაქო ავიარეისების გაუქმების გამო. ივნისის ბოლოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავს შორი რადიუსის დრონებით რუსეთზე დარტყმების რაოდენობის “რამდენჯერმე” გაზრდას. მისი თქმით, უკრაინის სამხედრო უწყებას უკვე გაფორმებული აქვს კონტრაქტები ათიათასობით ასეთი დრონის წარმოებასა და მიწოდებაზე.
თარგმანი: მარიამ ნოზაძე
ფორუმი