ხელისუფლების მტკიცებით, იგორ გრაბინმა გაფლანგა ბიუჯეტის ფული, დაახლოებით 19 მილიარდი რუბლი (250 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც კურსკსა და უკრაინას შორის საზღვარზე თავდაცვითი ნაგებობებისთვის იყო გამოყოფილი.
ამ გამაგრებულ ნაგებობებში შედიოდა ბეტონის ერთმეტრიანი პირამიდები, რომლებიც ცნობილია, როგორც „დრაკონის კბილები“. მათი მიზანი ტანკების შეჩერება - კურსკის დაცვაა. უკრაინის ძალები კურსკში 2024 წლის 6 აგვისტოს შეიჭრნენ და ამით კრემლი დიდად შეარცხვინეს. როგორც ამბობენ, დრაკონის კბილები წვიმისა და თოვლისგან დაზიანდა.
გრაბინის დაპატიმრების შემდეგ თვეებში სხვა აღმასრულებლებიც, მათ შორის, მისი უფროსიც დააკავეს გაფლანგვისა და კორუფციის ბრალდებით. კურსკის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი 2024 წლის დეკემბერში გადადგა. ოთხი თვის შემდეგ ისიც დააკავეს.
თუმცა სმირნოვი თანხების სავარაუდო მითვისების დროს გუბერნატორი არ ყოფილა. მაშინ რეგიონს ხელმძღვანელობდა რომან სტაროვოიტი, რომელიც 2024 წლის მაისში დააწინაურეს და ის რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი გახდა.
სტაროვოიტი პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ივლისს გაათავისუფლა. მისი ცხედარი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. გამომძიებლები ამბობენ, რომ მან თავი მოიკლა.
პუტინის რუსეთში სახელმწიფო სახსრების ქურდობა ან მითვისება არც ახალი ფენომენია და არც იშვიათი. ექსპერტების თქმით, კორუფცია პუტინის 25-წლიანი მმართველობის დროს კიდევ უფრო გაიზარდა.
თუმცა სტაროვოიტის გარდაცვალების გარშემო არსებულმა ბუნდოვანებამ რუსეთის პოლიტიკური ელიტის ყურადღება მიიპყრო. ბევრი სულაც არაა დარწმუნებული, რომ მან თავი მოიკლა. არც ისაა ცხადი, რომ ის ცოცხალი იყო პუტინის მიერ თანამდებობიდან გათავისუფლების დროს.
რუსეთში საჯარო თუ კერძო სექტორის ცნობილი წარმომადგენლების მოულოდნელი სიკვდილიც არ უკვირთ. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ენერგეტიკული კომპანიის სულ მცირე რვა აღმასრულებელი გარდაიცვალა საეჭვო ვითარებაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ილია შუმანოვის თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ომმა შეარყია რუსეთის მმართველი კლასები - პოლიტიკოსები, უსაფრთხოების სააგენტოები, სამხედრო ჩინოვნიკები, ოლიგარქები.
„[სტაროვოიტის] გარდაცვალების თარიღი და გარდაცვალების დრო არ ვიცით. პუტინის ხელმოწერამდე? ამ გათავისუფლების ბრძანების ხელმოწერამდე?“ - თქვა მან ინტერვიუში. - „ამ ყველაფერთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა“.
„ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა ელიტური სისტემის ტრანსფორმაციის ნიშნები... ახლა ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა კლანს. სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს თავისი თამაშების წარმოებას და მათ არ აქვთ ერთმანეთთან კოორდინაცია, რადგან ეს მათთვის გადარჩენის სტრატეგიაა“, - თქვა მან.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსანდრა პროკოპენკომ, განაცხადა, რომ სტაროვოიტის გარდაცვალების გარემოებები „კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაუმჭვირვალე გახდა რუსეთის მთავრობის უფროსი ეშელონების ფუნქციონირება კრიზისულ სიტუაციებში“.
„არავინ არაფერი იცის და არავის სურს პასუხისმგებლობის აღება“, - განაცხადა პროკოპენკომ, რომელიც ამჟამად „კარნეგი - რუსეთის“ ევრაზიის ცენტრის ექსპერტია.
„გუბერნატორთა სკოლა“
კურსკის რეგიონის თავდაცვის მზადყოფნის, კერძოდ, „დრაკონის კბილების“ შესახებ კითხვები ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებში ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს გაჩნდა.
2024 წლის მაისში სტაროვოიტი, რომელიც 2019 წლიდან კურსკის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა, პუტინის მინისტრთა კაბინეტში შეიყვანეს. ეს მისი, როგორც ადგილობრივი დონის ტექნოკრატის კომპეტენციის აღიარება იყო.
ტრანსპორტის მინისტრის რანგში სტაროვოიტი უზარმაზარ ფედერალურ ბიუროკრატიას ხელმძღვანელობდა, რომელიც ყველაფერს არეგულირებდა - მაგისტრალებით დაწყებული რკინიგზით დამთავრებული.
სტაროვოიტს მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდა კავშირები მილიარდერ არკადი როტენბერგთან, პუტინის ბავშვობის მეგობართან.
როტენბერგის და მისი ძმის სიმდიდრის წყარო სამშენებლო კომპანიებია. მათ არაერთი უაღრესად მოგებიანი სამშენებლო პროექტი დაუკვეთეს, მათ შორის, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის დროს.
სტაროვოიტი ხელმძღვანელობდა როტენბერგის პროექტს, რომლის ფარგლებშიც აშენდა ქერჩის ხიდი, უაღრესად ძვირად ღირებული პროექტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებდა. უკრაინამ არაერთხელ სცადა ამ ხიდის დაზიანება ან განადგურება.
რუსულ კულტურაში - ბიზნესში, მთავრობაში თუ კრიმინალში - მსგავს ურთიერთობას „კრიშა“ ანუ „სახურავი“ ეწოდება.
სტაროვოიტის მოსკოვში გადასვლიდან სამი თვის შემდეგ უკრაინული ჯარები კურსკში შეიჭრნენ, როგორც ჩანს, დიდი დაბრკოლების გარეშე.
შედეგები არაერთგვაროვანი იყო. ამ შეჭრამ ვერ აიძულა რუსეთი, რომ ჯარები გადმოესროლა ფრონტის ხაზის სხვა ადგილებიდან, სადაც უკრაინული ჯარები ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ. მაგრამ მან აჩვენა უკრაინული გამბედაობა.
და ამან კრემლი შეარცხვინა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც უცხო ქვეყნის ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რუსეთმა საბოლოოდ დაახლოებით 11 000 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი შეკრიბა და შვიდი თვე მოანდომა უკრაინელი ჯარისკაცების განდევნას.
2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს გრაბინი, რომელიც ადრე კურსკის რეგიონის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
თერთმეტი დღის შემდეგ მისი უფროსი, ვლადიმირ ლუკინი დააკავეს. ორივეს ბრალი წაუყენეს მითვისებაში.
სმირნოვი, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე სტაროვოიტის მოადგილე იყო, 2025 წლის აპრილში დააკავეს. გაზეთ „კომერსანტისა“ და ტელეგრამ-არხ 112-ის ცნობით, მან მისცა ჩვენება სტაროვოიტის წინააღმდეგ.
საერთო ჯამში, კურსკის სკანდალთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავეს.
დრო ყველაფერია
7 ივლისს, მოსკოვის დროით დილის 9:20 საათზე, კრემლმა გამოაცხადა, რომ სტაროვოიტი ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს.
16:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეგრამ-არხებმა, რომლებიც ცნობილნი არიან რუსეთის უსაფრთხოების სააგენტოებთან კავშირებით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სტაროვოიტი გარდაცვლილი იპოვეს და, როგორც ჩანს, მან თავი მოიკლა.
დაახლოებით 16:20 საათზე ეროვნულმა საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა სტაროვოიტის გარდაცვალება და განაცხადა, რომ ის მის პირად მანქანაში, „ტესლაში“ იპოვეს მოსკოვის გარეუბან ოდინცოვოს ავტოსადგომზე - „პირველადი ვერსია თვითმკვლელობაა“.
თუმცა მომდევნო რამდენიმე საათში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, თუ სად იპოვეს მისი გვამი - მანქანაში თუ ავტოსადგომთან მიმდებარე ბუჩქებში. კიდევ უფრო დამაბნეველი იყო ინფორმაცია, რომ სტაროვოიტი შესაძლოა, ერთი დღით ადრე გარდაიცვალა.
Forbes Russia-მ განაცხადა, რომ სტაროვოიტი შესაძლოა, 5 ივლისის ღამეს მოკვდა. ერთ-ერთმა ცნობილმა კანონმდებელმა განაცხადა, რომ ის „გარკვეული დროის წინ გარდაიცვალა“.
თუ ეს სიმართლეა, მაშინ კიდევ დამატებითი კითხვები ჩნდება: იცოდა თუ არა პუტინმა სტაროვოიტის გარდაცვალების შესახებ იმ დროს, როდესაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მოეწერა ხელი და გამოქვეყნდა?
კრემლთან კარგ ურთიერთობაში მყოფმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი მარკოვმა ივარაუდა, რომ ის მოკლეს, რათა სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენება არ მიეცა.
ვის აწყობს?
ბევრი რუსი მიიჩნევს, რომ პუტინის დროს კორუფცია გაიზარდა. სწორედ ამის გამო უკმაყოფილებას აღვივებდა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ალექსეი ნავალნი.
ასევე ფართოდ გავრცელებულია აღქმა, რომ ქრთამის აღება დაშვებულია, განსაკუთრებით კრემლის ინსაიდერებისა და უსაფრთხოების სააგენტოებისათვის, თუ ეს ქრთამი პუტინზე ან ეროვნულ უსაფრთხოებაზე უარყოფითად არ აისახება.
შუმანოვმა თქვა, რომ ეს შეიძლება სტაროვოიტის გარდაცვალების ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.
„თუ შენ ხარ პირი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინის ძალების დედა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრაზე, გაცილებით უარესი ხარ, ვიდრე ნავალნი იყო“, - თქვა მან. - „ჩვენ არც კი ვიცით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შესახებ. ეს შეიძლება იყოს ღალატი და არა მითვისება... ვის შეიძლება აწყობდეს მისი სიკვდილი?..“
„მომხდარს არ აქვს პრეცედენტი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში და ნათლად მიუთითებს, რომ სისტემის შიგნით რაღაცამ სრულიად განსხვავებულად დაიწყო მუშაობა“, - თქვა კომენტარში რუსული პოლიტიკის ცნობილმა ექსპერტმა ტატიანა სტანოვაიამ.
ფორუმი