Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩიაშვილი საუბრობს „მკვლელობის შეკვეთაზე“, გაქცევის დეტალებსა და ივანიშვილის „სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობაზე“


გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან გაქცევის შემდეგ. ფოტო: „გარდიანი“, კატარინა პრემფორსი
გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან გაქცევის შემდეგ. ფოტო: „გარდიანი“, კატარინა პრემფორსი

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტი“, მიმალვაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.

ბრიტანულ გამოცემა „გარდიანთან“ იგი საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე საუბრობს; საუბრობს ბიძინა ივანიშვილზეც.

„გარდიანმა“ (The Guardian) 26 მაისს გამოაქვეყნა ჟურნალისტის, დენიელ ბოდის სტატია, შემდეგი სათაურით:

„ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.

მისი ვარაუდით, „მკვლელობის ბრძანება“ ივანიშვილის გაცემული არ არის

ბაჩიაშვილის შესახებ ბოლო საჯარო განცხადებაში მისი ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი, „ორი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით“ ამბობდა, რომ ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ბაჩიაშვილი ამასთან დაკავშირებით პირველად საუბრობს საჯაროდ და ამბობს, რომ საუბარია „ჯგუფებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სავარაუდოდ, ჩეჩნებზე“.

„[ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა] მითხრეს, რომ განა უბრალოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ ეს [ჩემი მკვლელობის] ბრძანება გაცემულია“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

იგი ასევე ვარაუდობს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:

„ვშიშობ, ეს [ბრძანება] შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას.

ამ საკითხის სხვა დეტალებზე ბაჩიაშვილი არ საუბრობს.

მისი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი ასევე აცხადებდა, რომ არ გამორიცხავს, ბაჩიაშვილის მკვლელობის დაგეგმვა იყოს „საგარეო ძალების სცენარი, რათა კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში“.

გაქცევის ახალი დეტალები

მისი მონათხრობის თანახმად, გაქცევის გეგმა კარგად იყო მომზადებული:

  • თვეების განმავლობაში ის კახეთში მოგზაურობდა, რითაც მასზე მოთვალთვალე სპეცსამსახურებს არწმუნებდა, რომ ეს მისი ჩვეული რუტინა იყო;
  • 2 მარტს მან მძღოლსა და დაცვის წევრს უთხრა, რომ სურდა კახეთში წასვლა, თუმცა შუა გზაში მანქანიდან ჩამოვიდოდა ჟურნალისტთან შეხვედრის მიზნით - ერთი-ერთზე, საიდუმლოდ;
  • „მანქანიდან ჩამოვხტი, „კუდი“ საკმაოდ შორს იყო, კუთხის უკან, შენობა გავიარე და ჩავჯექი მანქანაში, რომელიც იქ მელოდებოდა“, - ამბობს ბაჩიაშვილი;
  • მისი თქმითვე, მობილური ტელეფონი იმ ავტომობილში, ჩანთაში დატოვა, რომ ამგვარად აერია კვალი.

სავარაუდოდ, ამის შემდეგ გაემართა ის „ტოიოტა ქამრით“, მანქანაში მოწყობილი სამალავით, სომხეთის საზღვრისაკენ, - როგორც შსს ამბობს თავის ვერსიაში.

„გარდიანი“ წერს იმასაც, რომ მართალია, ბაჩიაშვილს საქართველოში ბრალის წაყენების შემდეგ ჩამოართვეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის პასპორტები, თუმცა რუსულ პასპორტს ვადა გაუვიდა, რამაც მას რუსეთში ამ პასპორტის ჩუმად განახლების შესაძლებლობა მისცა.

სომხეთიდან ის კატარში გაფრინდა, ხოლო კატარიდან სად გაემგზავრა, უცნობია. არც „გარდიანი“ არ წერს, სად შეხვდნენ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ბაჩიაშვილს, რის მიზეზადაც ბაჩიაშვილის თხოვნას ასახელებს „უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე“.

შეპყრობილი „სიცოცხლის გახანგრძლივებით“

გიორგი ბაჩიაშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის პიროვნების შესახებ:

„რაღაცას თუ არ ფლობს, ისე ვერ შეიყვარებს. ეს არის მისი მსოფლმხედველობა“, - ამბობს ბაჩიაშვილი, როდესაც საუბრობს ივანიშვილის ექსტრაორდინარულ ჰობებზე, ზებრების, ფარშევანგების და სხვა ეგზოტიკური ცხოველების კოლექციაზე; ასევე - მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ასწლოვანი ხეების საქართველოში გადმორგვაზე.

მან ასევე თქვა, რომ ივანიშვილი ხეებს სასიცოცხლო ენერგიის წყაროდ მიიჩნევს.

„ის შეპყრობილი იყო საკუთარი მოკვდაობით“, - გამოცემის თანახმად, თქვა ბაჩიაშვილმა.

„იგი ატარებს უამრავ ექსპერიმენტულ, გიჟურ პროცედურას, როგორიცაა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა და ეს „ვუდუ“ რაღაცები [ცრურწმენები]. ერთი ასეთი „ვუდუ ოსტატი“, იულია კრუშანოვა, მასთან ცხოვრობს“, - თქვა მან.

გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყნიდან გაქცევამდე ერთი თვით ადრე, 7 თებერვალს, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.
გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყნიდან გაქცევამდე ერთი თვით ადრე, 7 თებერვალს, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას.

იულია კრუშანოვას ბიძინა ივანიშვილთან ცხოვრების შესახებ ქართული მედიაც იუწყებოდა. ის მოხსენიებული იყო, როგორც „რუსი ექიმბაში, რომელიც ამტკიცებს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების უნარი აქვს“.

„გარდიანი“ წერს, რომ კრუშანოვა საკუთარ თავს უწოდებს „დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის სპეციალისტს“ და, სხვადასხვა მედიის ცნობით, დაქორწინებულია რუსეთის უსაფრთხოების ოფიცერზე, თუმცა "გარდიანის" თანახმად, ეს ცნობა დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა.

კრუშანოვას კომენტარი არ გაუკეთებია, ივანიშვილის ადვოკატმა კი უარყო კრუშანოვას ივანიშვილთან ცხოვრება და თქვა: „ბაჩიაშვილის ეს განცხადებები აბსურდულია. გარწმუნებთ, არანაირი ექიმი მასთან არ ცხოვრობს, მით უმეტეს რაღაც „ოკულტური“ გადახრებით და არანაირი ექსპერიმენტები არ ტარდება“.

ბაჩიაშვილი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილისა და საქართველოს სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის ურთიერთობა ჰგავდა „გაბრაზებული „ბოსის“ და სულელი თანამშრომლის“ ურთიერთობას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG