საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ 30 ივნისს, გვიან ღამით გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უწყებამ გამოიძახა გიორგი (ბაჩო) საგანელიძე, - საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.
ბრიტანეთის საგარეო უწყების პრესცენტრის თანახმად, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა - რომლის ვინაობაც საჯაროდ არ დასახელებულა, - საგანელიძესთან საუბარში „ნათლად გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა“ საქართველოს „სულ უფრო საზიანო ტრაექტორიის მიმართ“.
- ამჟამად საქართველოს ბრიტანეთში ელჩი არ ჰყავს და დიპლომატიურ მისიას სწორედ საგანელიძე ხელმძღვანელობს. ის არის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;
- გიორგი საგანელიძე არის „საქართველოს განვითარების ფონდის“ (ყოფილი „საპარტნიორო ფონდის“) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, დავით საგანელიძის ძმისშვილი.
ამასთან, საგანელიძესთან საუბრისას მან „მკაცრად გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და საჯარო თავდასხმები“.
ბრიტანეთის საგარეო უწყების სპიკერი ასევე აცხადებს, რომ:
- „გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის უახლესი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლება და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“;
- „საარჩევნო კონკურენტების დაკავება შეუთავსებელია ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან, - თუ ასეთი კვლავ გააჩნია „ქართულ ოცნებას“, - და მათს საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან“;
- „გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უყოყმანოდ განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას“.
- ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსნისთვის აქვს სანქციები დაწესებული.
2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, - განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.
პასუხად ბრიტანეთის საელჩომ 18 ივნისს განცხადებაში დაწერა: „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ [გრანტით გათვალისწინებულ] საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.
საელჩომ „ქართული ოცნების“ მთავრობას მოუწოდა 2025 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია მოეწვია, თუმცა ამაზე ირაკლი კობახიძემ უარი განაცხადა.
26 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გარეთ უორდს, შეხვდა.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა გარეთ უორდთან ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია დიდი ბრიტანეთის საელჩოს საქართველოში.
მეორე დღეს, 27 ივნისს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესისათვის, თუ როგორ იმოქმედონ ბრიტანულ სანქციებთან შესაბამისად.
გაერთიანებულ სამეფოს ამ ეტაპზე ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შემდეგი პირებისათვის:
- ვახტანგ გომელაური, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი - გადადგა სანქცირების შემდეგ;
- გიორგი გაბიტაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი - გადადგა სანქცირების შემდეგ;
- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე;
- შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის (ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილის) მოადგილე მირზა კეზევაძე;
- კარლო კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი .
- მილერი ლაგაზაური, გდდ-ის უფროსის მოადგილე
- ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; სანქცირების შემდეგ დანიშნეს აჭარის მთავრობის მეთაურად;
- მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე;
- მოსამართლე ლევან მურუსიძე.
გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით სანქციები არ დაუწესებია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, საპატიო თავმჯდომარისათვის, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილისათვის.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
წინადადებას, რომელიც 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში პარლამენტის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატმა ჯეიმს მაკკლირიმ, 30 ივნისისთვის 27 ხელმომწერი/მხარდამჭერი ჰყავს.
ფორუმი