Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისა და თბილისის „მეგობრობის“ გზა


ღია წყაროების თანახმად, საქართველოს დელეგაცია შედგებოდა „სხვადასხვა სოციალური ჯგუფის“ დაახლოებით 50 წარმომადგენლისგან.
ღია წყაროების თანახმად, საქართველოს დელეგაცია შედგებოდა „სხვადასხვა სოციალური ჯგუფის“ დაახლოებით 50 წარმომადგენლისგან.

ინგუშეთში გაიმართა რუსეთ-საქართველოს პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო რუსეთიდან და საქართველოდან ჩასულმა ასზე მეტმა სტუდენტმა, ბლოგერმა და ეკონომიკურმა კომენტატორმა.

ფორუმის ორგანიზატორებმა ღონისძიება წარადგინეს, როგორც „ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გამოცდილების გაცვლისა და მეგობრული კავშირების განმტკიცების პლატფორმა“, თუმცა ფორუმის დღის წესრიგი მალევე გასცდა კულტურული თანამშრომლობის ფარგლებს. ფორუმის მსვლელობისას გამოცხადდა რუსეთიდან ინგუშეთის გავლით საქართველოსკენ მიმავალი ახალი გზის მშენებლობის გეგმები.

„ისტორიული მომენტი“

ღია წყაროების თანახმად, საქართველოს დელეგაცია შედგებოდა „სხვადასხვა სოციალური ჯგუფის“ დაახლოებით 50 წარმომადგენლისგან, მათ შორის, სტუდენტებისგან, პოლიტოლოგებისა და ბლოგერებისგან, რომლებიც ინგუშეთში ავტობუსით ჩავიდნენ. ინგუშეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, რადმილა ნალგიევამ განაცხადა, რომ თავდაპირველად სტუმრებთან შეხვედრას ქვემო ლარსზე გეგმავდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ „პოლიტიკურად სწორი“ იქნებოდა მათი დახვედრა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ფორუმი რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს, რუსეთში ქართული დიასპორის, რუსეთისა და ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ორგანიზატორებს მარტივი მიზანი ჰქონდათ: ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის დიალოგის გაბმა და კონტაქტების გაფართოება.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მედიის, „ვესტი ინგუშეტიის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტებში ისაუბრეს ნათესაურ კავშირებსა და საერთო ისტორიაზე:

„ინგუშები ჩვენი ძმები არიან. ეს მხოლოდ ისტორია არ არის, ეს არის საერთო გენეტიკა, კულტურა და ტრადიციები. ეს კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

„გავაგრძელებთ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენმა წინაპრებმა ჩაუყარეს საფუძვლები. კვლავაც მოხარულები ვიქნებით მეგობრობისა და ძმობისთვის“.

რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის პროექტის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი დაუკავშირდა ერთ-ერთ ქართველ დელეგატს, გიორგი გიკაშვილს, რომელიც რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა და ისტორიის კათედრის ასპირანტია და საკუთარ თავს სამხრეთ კავკასიის ექსპერტად მიიჩნევს.

გიორგი გიკაშვილი
გიორგი გიკაშვილი

გიორგი გიკაშვილი ამბობს, რომ ყოველთვის ცდილობს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ფორუმსა და კონფერენციაში, რადგან „კავკასია მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროა“.

„ჩემი ინგუში ძმების წყალობით, მათ რესპუბლიკაზე საუკეთესო შთაბეჭდილებები დამრჩა. ფორუმის დროს შევძელით ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონახულება, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ტყობა-იერდის ტაძარი“, - ამბობს ის.

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა, ეროვნებათშორისი ურთიერთობების საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა და რუსეთში მცხოვრები ქართველების ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ ფორუმი შეაფასა, როგორც „ურთიერთობების განახლების ისტორიული მომენტი“.

„როდესაც ჩვენ ვერთიანდებით, როდესაც ჩვენს ძალისხმევას ვაერთიანებთ, ყოველთვის ყველაფერი კარგად გამოგვდის. ყოველთვის ასე იყო, როგორც 80 წლის წინ, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ საერთო გამარჯვებას დედამიწის უდიდეს ბოროტებაზე - ფაშიზმზე. ამიტომ ჩვენ გვაქვს ისტორია, მაგალითები, რომლებსაც უნდა მივბაძოთ და მივდიოთ. მიუხედავად გარე გავლენების მნიშვნელოვანი მცდელობებისა, ბზარი გააჩინონ ჩვენს ხალებს შორის, ჩვენ მაინც გამარჯვებულთა მემკვიდრეები და იმ წინაპრების შთამომავლები ვართ, რომლებითაც ვამაყობთ და გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და შვილთაშვილებმაც იამაყონ ჩვენით“, - განაცხადა დავით ცეცხლაძემ.

ცეცხლაძის გამოსვლის პათოსი სრულად გაიზიარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლის წარმომადგენლებმა ღონისძიების დასკვნით საღამოს უწოდეს „რუსეთისა და საქართველოს ხალხების ეროვნებათაშორისი ჰარმონიისა და მეგობრობის ნამდვილი განსახიერება, რომლებსაც აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების საერთო სურვილი“.

მეგობრობის გზა თუ სტრატეგიული მარშრუტი?

ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა კულტურულ გაცვლას: ფორუმი, სადაც ადამიანები რუსეთიდან და საქართველოდან განიხილავენ ტრადიციებს, ოჯახსა და „მარადიულ ღირებულებებს“. თუმცა ფორუმის მსვლელობისას გაკეთდა განცხადება, რომელიც გასცდა მეგობრობის რიტორიკას - საუბარია იმ გზის მშენებლობაზე, რომელმაც, ინგუშეთის გავლით, რუსეთი საქართველოსთან უნდა დააკავშიროს.

დავით ცეცხლაძე
დავით ცეცხლაძე

„ცდება, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება. ეს გზა აშენდება. რუსეთს ინგუშეთის გავლით საქართველოსკენ მიმავალი გზა ექნება“, - განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ.

მან Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა თავისი გამოსვლის ეს ფრაგმენტი, რომელსაც თან დაურთო შემდეგი მინაწერი:

„ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე და ჩემს თანამოაზრეებს დაწყებული საქმეები ბოლომდე მიგვყავს. მოგვიანებით, შევეცდები დეტალურად აღვწერო ამ გზის მშენებლობის ისტორიული და ტრაგიკული მომენტები. ასევე გაგაცნობთ ინგუშეთში გამართული რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდობის ისტორიული ფორუმის დეტალებს. რა თქმა უნდა, ახლა ატყდება ხმაური ხელისუფლების, ოპოზიციის, ე.წ. ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ვიმეორებ - ეს გზა აშენდება! მაგასი-თბილისის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და ბევრი სხვა რამ უკვე მუშაობის პროცესშია. ინგუში ხალხი კავკასიის რეგიონში ქართველების მთავარი საყრდენია“.

მსგავსი სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი ფორუმის დელეგატის, გიორგი გიკაშვილის კომენტარიც.

„ქართველებსა და ინგუშებს შორის ისტორიული მეგობრობის გათვალისწინებით, ამ გზის მშენებლობა გააძლიერებს ეკონომიკურ, სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთობებს, აღადგენს დაკარგულ ხიდებს და ხელს შეუწყობს ნათესაური კავშირების აღდგენას“, - განუცხადა მან „ეხო კავკაზას“.

„ვესტი ინგუშეტიას“ რეპორტაჟის მიხედვით, ფორუმზე მიღებულ დეკლარაციას ორივე ქვეყნის ახალგაზრდები აპლოდისმენტებით შეხვდნენ:

„სულ რაღაც ერთ ღამეში, ამ გამონათქვამის შემცველმა პოსტმა საქართველოს საზოგადოებრივ ჯგუფებში თითქმის 2000 მოწონება, დადებითი კომენტარი და ენთუზიაზმით აღსავსე კომენტარები დააგროვა. სწორედ ეს არის სახალხო დიპლომატია და მეგობრობის გზა, რომელიც მშენებლობა უკვე დაიწყო“.

ამჟამად აღნიშნულ პოსტს დაახლოებით 5000-ზე მეტი მოწონება და 500-ზე მეტი კომენტარი აქვს.

თუმცა ქართულ სოციალურ მედიაში მხოლოდ დადებითი რეაქციები არ ყოფილა. კომენტარებში საქართველოს ზოგიერთმა მოქალაქემ გაიხსენა წარსულში მოსკოვის მიერ სატრანსპორტო კავშირების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება და გამოთქვა შეშფოთება, რომ ახალ გზას შეიძლება ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს თბილისისთვის:

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვიყვარს ინგუშები, მაგრამ რამდენი გზაც გავიყვანეთ რუსეთთან, ზუსტად იმდენივე გამოიყენეს სამხედრო შემოჭრისა და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის. ამიტომ, რუსეთს გზებით არ უნდა დავუკავშირდეთ; პირიქით, ის, რაც უკვე არსებობს, ასევე უნდა განადგურდეს და ჩვენ სრულად უნდა დავშორდეთ ამ ქვეყანას, როგორც კულტურულად, ასევე ფიზიკურად, რათა ჩვენს მომავალ თაობებს არაფერი საერთო არ ჰქონდეთ, არც მენტალურად და არც კულტურულად“.

„განა რუსეთი არ ისარგებლებს ქართველებისა და ინგუშების გრძნობებით? გზის მშენებლობას საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენებს, ისევე როგორც როკის გვირაბი გამოიყენა ჩვენ წინააღმდეგ! ვიდრე რუსეთი არ დაიშლება (თუ ეს საერთოდ მოხდება), ეს საქმე არ გამოვა. კავკასია - ბუნებრივი ზღუდე - ყოველთვის იცავდა საქართველოს“.

„ინგუშები კარგი ხალხია, მაგრამ გზის მშენებლობა მაშფოთებს... არ დავუშვებთ, რომ როკის გვირაბის კიდევ ერთი ანალოგი გავიყვანოთ“.

ახალგაზრდულ ფორუმზე გაიხსენეს „მეგობრობის გზის“ სახელით ცნობილი ტრანსკავკასიური გზატკეცილის მშენებლობის დაწყების ისტორია: დელეგაციამ მოინახულა 1994 წელს მისი მშენებლობის დროს დაღუპული ქართველი მშენებლების მემორიალი.

ფორუმი რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს, რუსეთში ქართული დიასპორის, რუსეთისა და ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.
ფორუმი რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს, რუსეთში ქართული დიასპორის, რუსეთისა და ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და რეგიონული მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

„ეს გზა უნდა ქცეულიყო თანამშრომლობისა და კავშირის სიმბოლოდ, რომელიც რუსეთს, ინგუშეთის გავლით, საქართველოსთან დააკავშირებდა. თუმცა ტრაგედიამ აქ სამუდამოდ დატოვა კვალი. 1994 წელს, კრიმინალების ჯგუფმა სასტიკად დახვრიტა რვა ქართველი მუშა. შვიდი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი - მოგვიანებით მიყენებული ჭრილობებისგან. ეს იყო საშინელი დანაშაული, რომელიც დღემდე გაუხსნელია“, - დაწერა ცეცხლაძემ ორგანიზაციის „საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში“ ტელეგრამარხზე.

დავით ცეცხლაძემ ეს ინციდენტი გაიხსენა 2023 წლის დეკემბერშიც, ინგუშეთში გამართულ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე:

„ეს იყო მიზანმიმართული ტერორისტული თავდასხმა ახალი გზის მშენებლობის შესაფერხებლად. თუმცა მეგობრობის ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც აშენდება“.

„ეხო კავკაზამ“ დავით ცეცხლაძეს რამდენიმე კითხვით მიმართა. სტატია განახლდება, პასუხების მიღებისთანავე.

საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და საქართველოს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ რუსეთი დიდი ხანია საუბრობს საქართველოსთან სხვადასხვა საგზაო კავშირის აღდგენაზე. მაგალითად, 2014 წელს დაღესტანში დაიწყო სამუშაოები 83-კილომეტრიან ავარეთ-კახეთის გზაზე, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან უნდა დაეკავშირებინა. გზა მიიყვანეს საქართველოს ტერიტორიამდე, დასასრულებელი მხოლოდ ქართული ნაწილი დარჩა. აქუბარდია იხსენებს, რომ „ასევე იგეგმებოდა დიდი გვირაბისა და რკინიგზის ხაზის მშენებლობა“ ინგუშეთის გავლით, მაგრამ პროექტს წინააღმდეგობა შეხვდა რუსული ფაქტორის გამო და შეჩერდა.

„არხოტის ხეობაში არსებულ გზას ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ გზა, იმდენად კლდოვანია ის - ეს ერთი ფაქტორია და, შესაძლოა რუსეთს ამიტომაც სურს საქართველოსკენ მიმავალი დამატებითი გზების გაყვანა სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა უკრაინაში ომის, სანქციებისა და მისი სტრატეგიული დამარცხების გათვალისწინებით, ამჟამად რუსეთი არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ასეთი მასშტაბური პროექტები განახორციელოს. ვფიქრობ, ეს გზა ამ ეტაპზე უფრო wishful thinking-ია, [სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა] ვიდრე გარდაუვალი საფრთხე“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

2015 წელს ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ინგუშეთის გავლით რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის განხორციელებასთან: „არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს.“ როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, სულ მცირე, იმის გამო, რომ „რუსეთთან პოლიტიკურ ასპარეზზე არანაირი პროგრესი არ არის“.

„მეტიც, არსებულ ვითარებაში ნებისმიერი სატრანსპორტო პროექტის განხილვა აბსოლუტურად მიზანშეუწონელია“, - განაცხადა მაშინ კვირიკაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისმა უარი თქვა რუსეთში განხილულ ყველა ასეთ პროექტზე.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

2023 წლის დეკემბერში რუსეთმა კვლავ წამოჭრა ეს საკითხი და გამოაცხადა ინგუშეთის გავლით საქართველომდე მიმავალი ახალი რკინიგზის ხაზის მშენებლობის განზრახვის შესახებ. საუბარია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შედგენილი ტრანსკავკასიური საუღელტეხილო რკინიგზის პროექტის აღორძინებაზე.

მოსკოვმა, დასავლეთის სანქციების ფონზე, ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შესთავაზა ორლიანდაგიანი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ცენტრალურ რუსეთს სამხრეთ კავკასიასთან დააკავშირებდა. პროექტის მიხედვით, ხაზი შეუერთდება ჩრდილოეთ კავკასიის რკინიგზას და დასრულდება ქსნის სადგურზე, თბილისთან ახლოს, ტრანსკავკასიის რკინიგზაზე. მოსკოვს ასე ესახება რუსეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მარშრუტის შემცირება.

პირველ ეტაპზე იგეგმებოდა არხოტის 23,4 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ქართული სოფლის, ახიელის მახლობლად, ასევე ორი დამხმარე შესასვლელის - სავენტილაციო და სამშენებლო გვირაბების - გაკეთებას ინგუშეთში, თარგიმის ტაფობზე გამავალი შემხვედრი გვირაბის მშენებლობისთვის. მეორე ეტაპზე იგეგმებოდა 5-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, რომელიც თარგიმის ტაფობიდან მდინარე ასის ხეობის გავლით ყარაბულაკ-ტოვარნაიას სადგურამდე უნდა გაგრძელებულიყო. ინგუშეთში ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პროექტი გადაზიდული ტვირთის ყოველ ტონაზე 20-25 აშშ დოლარს დაზოგავდა.

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები 2024 წლის ოქტომბერში განიხილეს ინგუშეთის რესპუბლიკის მეთაურმა მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა და რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ იური ბალაშოვმა. ამ უკანასკნელის აზრით, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა (ერთადერთი სახმელეთო გზა, რომელიც რუსეთს სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებს) ვერ გაუძლებს დამატებით დატვირთვას, რის გამოც დღის წესრიგში დგება ახალი სატრანსპორტო მარშრუტების - ტრანსკავკასიური საუღელტეხილო რკინიგზისა და არა მხოლოდ მისი შემუშავება.

რაც შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობას. თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ ამ პროექტს ეკონომიკური შინაარსი არ აქვს.

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

„ეს გზა არ იქნება არც ტრაილერებისთვის, არც კომერციისთვის; არხოტის ხეობის რთული რელიეფის გამო ის ასევე ვერ შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვერანაირი ეკონომიკური დანიშნულება მას ვერ ექნება. თუმცა, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ის, რა თქმა უნდა, შეძლებს შეუქმნას დამატებითი საფრთხეები საქართველოს, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. თუ ოკუპაციის ეს ფაქტორი აღმოიფხვრება, მაშინ, ბუნებრივია, შესაძლებელი იქნება ახალ, დამატებით გზებზე საუბარი პოზიტიური კუთხით.“

მთლიანობაში, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე მიიჩნევს, რომ რკინიგზის პროექტზე საუბარი მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებიდან, მათ შორის, „რბილი ძალის“ გამოყენებიდან:

„ეს ფორუმი შეგნებულად ჩატარდა ინგუშეთში. ინგუშებთან ჩვენი ტრადიციული ურთიერთობების გათვალისწინებით, ადგილმდებარეობა ისე შეირჩა, რომ მინიმალური ყოფილიყო საზოგადოების უკმაყოფილება. თუმცა, ამ ფორუმს ესწრებოდნენ არა მხოლოდ ინგუშები, არამედ რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული რუსეთის მოქალაქეები, გაურკვეველი წარმოშობის პოლიტოლოგები“.

თეონა აქუბარდია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დავით ცეცხლაძეზე, რომელსაც ის „ღია პუტინისტს“ უწოდებს. აქუბარდიას თქმით, ცეცხლაძე აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ინტერესებს საქართველოში.

„გაგახსენებთ მის ინიციატივებს: ფრენების აღდგენა, რომელიც უკვე განხორციელდა და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება, რაც საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მათ შორის, ის ასევე გახდა საბჭოს წევრი და ცხადია, რომ ის „პუტინის საქმეს“ აკეთებს სხვადასხვა აქტიური ღონისძიების ჩატარებით“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

2024 წლის ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება ეროვნებათშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობის განახლების შესახებ. სწორედ ამის შემდეგ დაემატა საბჭოს დავით ცეცხლაძე - როგორც ორგანიზაციის „რუსეთში ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ხელმძღვანელი.

ცეცხლაძე აქტიურ პროპაგანდას უწევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „ახალი ისტორიის“ იდეას და აღნიშნავს, რომ ქართველები „ამაყად ატარებენ რუსეთის ფედერაციის დროშას“.

ფორუმი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG