აპრილის ბოლოს, დათოს* რუსეთში მცხოვრებმა მეგობარმა დაურეკა, თუ შეგიძლია დამეხმაროო, უკრაინაში მინდა ფულის გაგზავნა და თუ არ შეგაწუხებ, რუსული ბანკიდან ფულს ქართულ ანგარიშზე გამოგიგზავნი და მერე შენ გადარიცხე უკრაინაშიო.
დათო კი თანახმა იყო მეგობარს დახმარებოდა, მაგრამ ეს იდეა განუხორციელებლად მიაჩნდა და პირდაპირ უთხრა, შეუძლებელია სანქცირებული რუსული ბანკიდან ქართულ ბანკში ფულის გადმორიცხვაო. როგორც აღმოჩნდა, ცდებოდა.
6 მაისს სანქცირებული „სბერბანკიდან“ "თიბისიში" გახსნილ ანგარიშზე დათოს რამდენიმე საათში დაუჯდა 906 ლარი, ანუ 26 420 რუბლის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში. გადმორიცხვის დამადასტურებელ ტრანზაქციაში ჩანდა, რომ მისმა ნაცნობმა 30 000 რუბლი გადმოურიცხა, საიდანაც თითქმის 4 ათასი რუბლი ბანკმა საკომისიო მომსახურებისთვის აიღო.
სმს-ში, რომელიც დათომ ბანკიდან მიიღო თანხის ჩარიცხვის დასტურად, თანხის გადმომრიცხველად მითითებული იყო სრულიად სხვა ადამიანის გვარი და სახელი, გამქრალი იყო სანქცირებული რუსული „სბერბანკის“ კვალიც - შეტყობინების თანახმად, დათოს ფულს ურიცხავდა ვინმე იკრამ შაჰიროვი "თიბისი ბანკის" ანგარიშიდან.
დათო არ ელოდა, რომ სანქცირებული რუსული ბანკიდან თანხას ასე მარტივად მიიღებდა ქართულ ანგარიშზე, ვერც იმას მიხვდა, რატომ არ ჩანდა ტრანზაქციის ჩანაწერში მისთვის თანხის გამომგზავნის რეალური გვარი და სახელი და თავის ნაცნობს სთხოვა, კიდევ ერთხელ ჩაერიცხა თანხა - აინტერესებდა ამჯერად მაინც თუ გამოჩნდებოდა რეალური გამომგზავნი.
შემდეგი 151 ლარი დათომ 6 მაისს ისევ მიიღო იმავე ადამიანისგან, თუმცა ტრანზაქციის დამადასტურებელ ჩანაწერში გამომგზავნად ამჯერად ალექსანდრ სტელმაჰი იყო მითითებული; "თიბისი ბანკის" მობილურ აპლიკაციაში გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ როგორც იკრამ შაჰიროვს, ასევე ალექსანდრ სტელმაჰს ნამდვილად ჰქონდათ ქართულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშები გახსნილი, თუმცა ვინ არიან ეს ადამიანები, არც დათომ არ იცის და არც მან, ვინც მას თანხა გადმოურიცხა რუსეთიდან.
დათომ გადაწყვიტა, ექსპერიმენტი გაეგრძელებინა და ნაცნობს რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა ამჯერად "საქართველოს ბანკის" ანგარიშზე სთხოვა. აღმოჩნდა, რომ "სბერბანკიდან" "საქართველოს ბანკში" გახსნილ ანგარიშზეც იმავენაირად დაუჯდა თანხა - 13 მაისს იმავე ნაცნობმა რუსეთიდან კვლავ „სბერბანკის“ მობილური აპლიკაციით გამოუგზავნა ფული, მან კი მიიღო შეტყობინება, რომ "საქართველოს ბანკის" ანგარიშიდან ფულს ვინმე ივან ზუბარევი ურიცხავდა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე რუსული ბანკები SWIFT-იდან [ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა] ჩახსნეს - ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სანქცია იყო რუსული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რის შედეგადაც მათ ფაქტობრივად შეუჩერდათ საერთაშორისო გადარიცხვების შესაძლებლობები. 2022 წლის მარტიდან რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს ამერიკული გადახდის ბარათების კომპანიებმა, Visa-მ და Mastercard-მა. დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ რუსეთის მოქალაქეებს ფულად გადარიცხვებზე ლიმიტები და შეზღუდვები დაუწესა საკუთარმა მთავრობამაც - ბანკებს აეკრძალათ მოქალაქეებისთვის ნაღდ ფულად უცხოური ვალუტის მიყიდვა, სავალუტო ანგარიშებიდან კი 10 ათას დოლარზე მეტის გატანა. საზღვარგარეთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ანგარიშის გახსნისას ბანკები განსაკუთრებით ფრთხილობენ, რისკებს მეტად აზღვევენ და ძირითადად რიგი დათქმებით ემსახურებიან. მაგალითად, ქართული ბანკებში რუსეთის მოქალაქეებს ანგარიშზე ფულის მიღება მხოლოდ ლარში, დოლარში ან ევროში შეუძლიათ. ინდივიდუალურ ტრანზაქციებზე ხშირად დაწესებულია ლიმიტებიც. |
ქართულმა ბანკებმა დათოს ანგარიშებზე რუსეთიდან შესრულებული ტრანზაქციების შემოწმება პირადი მონაცემების გარეშე ვერ შეძლეს და ზოგადად გვიპასუხეს, რომ ზედმიწევნით იცავენ სანქცირების წესებს და შეზღუდვების გვერდის ავლის არანაირ გზას არ ტოვებენ.
დათომ თავადაც სცადა, ბანკში გადაემოწმებინა, რა გზა გაიარა იმ ფულმა, რომელიც მან რუსეთიდან მიიღო - მას უთხრეს, რომ ფული მხოლოდ ქართული ანგარიშებიდან იყო ჩარიცხული და რუსული კვალი არ ჩანდა.
"საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია და სრულად იცავს როგორც ადგილობრივ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სანქციებს და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ყველა რეგულაციას. ცხადია, საქართველოში მოქმედ ბანკებში ვერ განხორციელდება ვერც ერთი ტრანზაქცია, რომელიც სანქცირებულ ბანკს ან პირს მოიცავს", - გვითხრეს საქართველოს საბანკო ასოციაციაში.
აქ განგვიმარტეს, რომ ტრანზაქცია საეჭვოდ არ ითვლება, როცა არც გამომგზავნია რისკის მატარებელი და არც თანხაა დიდი. ქართული ბანკები ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) და სანქციების მონიტორინგის მოწინავე სისტემებით სარგებლობენ და მუდმივად და დეტალურად აკონტროლებენ თავიანთ სისტემაში ყველა ტრანზაქციას.
"თუმცა განმეორებადობის, კონკრეტული მოცულობის ან სქემატურობის დაფიქსირების შემთხვევაში, ბანკების ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) სისტემები ავტომატურად აღმოაჩენს და ბლოკავს საეჭვო ტრანზაქციებს", - აზუსტებენ ასოციაციაში, სადაც გვითხრეს, რომ სქემა, რომელიც რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, ვერ ჩაითვლება ფართო გამოყენების შავ ხვრელად, ის უფრო სუსტი წერტილია, რომელსაც ცალკეული ადამიანები იყენებენ.
როგორ მუშაობს ეს გზა და შეიძლება თუ არა ის სანქციების დარღვევად ჩაითვალოს?
„[მირჩიეთ] რუსეთიდან საქართველოში რომელი ბანკით გადავრიცხო ფული?“ - იკითხა 2025 წლის 18 იანვარს ირინა მიქელაძემ ფეისბუკჯგუფში Грузия - Общение (Оригинал)
პასუხად ირინას არაერთი ადამიანი წერს, რომ "სბერბანკიდან" უპრობლემოდ შეძლებს ფულის მიღებას ქართულ ანგარიშებზე, მათ შორის "თიბისი ბანკშიც". მხოლოდ ორი რამ დასჭირდება: ქართული ბანკის კლიენტის სახელი და გვარი და მისი ანგარიშის ნომერი.
აი, დიალოგის ფრაგმენტი ამ მიმოწერიდან:
ტატიანა კალინინა: უპრობლემოდ "სბერბანკიდან". 3 წამი და ფული ანგარიშზეა. საკომისიო გადარიცხვაზე 1%. კურსი ნორმალური.
არჩილ კობერიძე: მართლა? … ადრე არ შეიძლებოდა, რამე შეიცვალა? როდიდან?
ტატიანა კალინინა: რა თქმა უნდა. რამდენიმე თვეა, უკვე ასე ვაკეთებ. "სბერბანკის" პირად კაბინეტში ირჩევთ საერთაშორისო გადარიცხვა - საქართველოს, შეგყავთ მიმღების საბანკო ბარათის ნომერი და სახელი და გვარი.
არჩილ კობერიძე: და ქართული ბანკების ბარათზე გადაგყავს?
ტატიანა კალინინა: კი. [მე] "თიბისიზე" გადამყავს.
სანქცირებული ბანკებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვის ინსტრუქციებს რუსულენოვან ფორუმებზე, ბლოგებსა და ჯგუფებში ამ დრომდე უხსნიან ერთმანეთს ინტერნეტმომხმარებლები.
ფეისბუკჯგუფში Русскоговорящая Грузия [რუსულენოვანი საქართველო - რ.თ.] 15 აპრილს დავითი კითხულობს: „ვინმეს ხომ არ გაგიგზავნიათ "სბერბანკიდან" ონლაინ გადარიცხვით ფული საქართველოში ბარათის ნომრით?”
ამ კითხვის პასუხად არაერთი ადამიანი ჰყვება, რომ იოლად გადარიცხეს თანხა როგორც "თიბისის", ისე "საქართველოს ბანკის" ანგარიშებზე, ზოგი კი წარუმატებელი გადარიცხვების ისტორიებსაც აზიარებს - როგორ გაქრა მათი ფული რუსული სანქცირებული ბანკიდან თანხის გადარიცხვის შემდეგ ისე, რომ თანხა გადარიცხულად ჩანს, მაგრამ ქართული ბანკის ანგარიშზე არ ასახულა.
2025 წლის მარტში გამოჩნდა ცნობები კიდევ ერთი სანქცირებული რუსული ბანკიდან, Т-банк-დან (წარსულში Тинькофф - რ.თ.) საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობაზე. ამ ცნობებით, Т-банк-დან ქართულ ანგარიშებზე თანხა მხოლოდ ვიზა ბარათზე შეიძლება აისახოს ბარათის ნომრისა და მიმღების გვარისა და სახელის მითითებით.
ერთ-ერთი პირველი, ვინც შენიშნა, რომ "სბერბანკმა" ინტერნეტბანკში IBAN-ით საერთაშორისო გადარიცხვების ჩამონათვალში საქართველო დაამატა, ნიკოლაი ლევშიცი იყო. ის საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორიის მქონე ბლოგერია.
“ რუსულმა "სბერბანკმა" თავისი ანგარიშებიდან ქართულ ანგარიშებზე დაიწყო ფულის გადატანა…
კურსი ძალიან ცუდია, შეიძლება ითქვას, მტაცებლური, მაგრამ გადარიცხვების სისტემა ფუნქციონირებს და თანხა საკმაოდ სწრაფად იგზავნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ სიახლეზე, "სბერბანკი" მკაცრი სანქციების ქვეშაა და შეტანილია SDN (Specially Designated Nationals — «специально назначенные лица») სიაში, ანუ იმ ადამიანებისა და კომპანიების შავ სიაში, რომელთან საქმიანი ურთიერთობაც მკაცრად ეკრძალებათ აშშ-ის მოქალაქეებსა და იქ მუდმივ მცხოვრებლებს”, - წერდა 2024 წლის თებერვალში ნიკოლაი ლევშიცი და ფეისბუკზე აქვეყნებდა "სბერბანკიდან" ქართულ ანგარიშზე გადარიცხვის დამდასტურებელ ამონაწერს ინტერნეტბანკიდან.
“ შეიძლება გადაამოწმონ იმათი ანგარიშები უცხოურ ბანკებში, ვინც [საერთაშორისო] გადარიცხვებს აკეთებს?“ - კითხულობს რუსი ბლოგერი ფეისბუკზე.
ეს საკითხი, როგორც სხვა შემთხვევებიც აჩვენებს, ძალიან აღელვებთ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც, მაგალითად, საქართველოს ბანკებში აქვთ გახსნილი ანგარიშები. მათ, მართალია შეზღუდვებით, მაგრამ მაინც საქართველოს ბანკებში გახსნილი ანგარიშები ონლაინ შოპინგის, შიდა გადარიცხვების და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, "ვიზა" და "მასტერკარდ ბარათების" ქონის შესაძლებლობას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ ამ ანგარიშებს გაუუქმებენ, კვლავ მხოლოდ ჩაკეტილი რუსული საბანკო სისტემის ნაწილებად იქცევიან.
საეჭვო ტრანზაქციების დაფიქსირებისას ბანკები, პირველ რიგში, სწორედ ანგარიშების დახურვის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ მომხმარებლებს - თუკი შიდა მოკვლევის ჯგუფები საეჭვო ტრანზაქციის მიღმა დანაშაულის ნიშნებს დაინახავენ, საქმე შესაძლოა, გამოძიებისთვის პროკურატურას გადაეცეს.
შესაბამისად, სანქცირებულ პირებთან და კომპანიებთან ფინანსური კავშირები არა მხოლოდ რეპუტაციული ზიანის მომტანი, ფინანსური და შესაძლოა სამართლებრივი ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებში თავშესაფრის ან ახალი ცხოვრების მაძიებელი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
შუამავალი ბანკები, მესამე პირები - რა შლის რუსულ კვალს
საქართველოს ბანკების ასოციაციაში, სადაც, ერთი მხრივ, ამტკიცებენ იმას, რომ საეჭვო ტრანზაქციებს ბანკები მუდმივად ადევნებენ თვალს და თითქმის შეუძლებელია სანქცირებული კომპანიის ან ფიზიკური პირის ფულის გადმორიცხვა ქართულ ბანკებში, მკაფიოდ არ სცემენ პასუხს კითხვას, როგორ შეიძლება წაშლილიყო რუსული კვალი, მაგალითად, "სბერბანკიდან" გამორიცხვების შემთხვევაში - ზოგადი პასუხი ამ კითხვაზე კი გვეუბნება, რომ სანქციების მუდმივი გამკაცრების მიუხედავად, მაინც არსებობს არაერთი გზა, მათ შორის ელექტრონული საფულეები, კრიპტობაზარი, სათამაშო ბიზნესი და სპეციალურად ფინანსური მანიპულაციებისთვის ნაქირავები ანგარიშები, რომლებიც შეიძლება შავ ხვრელებად გამოიყენებოდეს.
2025 წლის მაისში თანხების გადარიცხვისა და კრიპტოვალუტების გადაცვლის საერთაშორისო კომპანია 1tab-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბლოგში, “როგორ გადავრიცხოთ თანხები რუსეთიდან საქართველოში”, ფულის გადარიცხვის საუკეთესო გზად მიჩნეულია კრიპტოვალუტა. იქვე აღნიშნულია, რომ SWIFT-ის გამოყენებით რუსეთიდან თანხის გაგზავნა საზღვარგარეთ შესაძლებელია იმ რუსული ბანკების საშუალებით, რომლებიც სანქციების ქვეშ არ არიან და ჯერ კიდევ ინარჩუნებენ წვდომას საერთაშორისო სისტემაზე.
“2025 წელს ასეთ მომსახურებას, მაგალითად, BCS-ი, UniCredit-ი და Renaissance Credit-ი უზრუნველყოფენ”, - წერია ბლოგში. შესაძლოა სწორედ ამ ბანკებს იყენებენ სანქცირებული რუსული ბანკები სხვა ქვეყნების, მათ შორის ქართულ ბანკებთანაც შუამავალ რგოლად ფულად გადარიცხვებში.
ტელეგრამის არხში “ქართული ბანკები რუსეთის მოქალაქეებისთვის”, ახსნილია, რომ ერთ-ერთი გზა რუსეთიდან თანხის საქართველოში გადმოსარიცხად საკორესპონდენტო ბანკებია.
“მაგალითად, "საქართველოს ბანკს" აქვს რუბლის ანგარიში რუსულ Raiffeisen-ში, გადარიცხვისას მიუთითებთ Raiffeisen-ის საიდენტიფიკაციო კოდს, მიმღებად კი "საქართველოს ბანკს" და მის საკორესპონდენტო ანგარიშს. გადახდის დეტალებში უთითებთ თქვენს გვარს და სახელს და IBAN-ს (ანგარიშის ნომერს)”, - წერია ამ ჯგუფის წევრებისთვის შედგენილ გზამკვლევში. აქვეა გაფრთხილება, რომ ამ გზით გადარიცხვას საშუალოდ 2-დან 5 დღემდე სჭირდება და გაცვლითი კურსი რუბლის გადარიცხვის შემთხვევაში იმდენად ცუდია, რომ თვალშისაცემი ზარალი გარდაუვალია.
ამ გზით რუსული ბანკებიდან მხოლოდ რუბლის გადარიცხვაა შესაძლებელი, ქართულ ანგარიშზე კი მხოლოდ ლარის დარიცხვა. Raiffeisen-ი, რომელიც გზამკვლევში არის ნახსენები, ავსტრიული Raiffeisenbank-ის რუსული შვილობილი კომპანიაა. Raiffeisenbank-ი რჩება რუსეთის ფედერაციაში, - ევროპული ქვეყნების, მათ შორის ჩეხეთის, წნეხის მიუხედავად.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ის „ომის საერთაშორისო სპონსორად“ მიიჩნია 2023 წლის მარტში. 2023 წლის ივნისში „რაიფაიზენბანკმა“ გამოაცხადა, რომ საკორესპონდენციო ბანკების დაწესებული შეზღუდვების გამო 3 ივლისიდან რუსეთსა და ზოგიერთ ქვეყანაში, - მათ შორის საქართველოში, - ევროში გადარიცხვებს ვერ განახორციელებდა.
რუსულენოვან სოციალურ ქსელებში რუსეთიდან საქართველოში ფულის გადმორიცხვის გზების განხილვისას შუამავალებად მითითებულია უზბეკური ბანკებიც, რომლებსაც "სბერბანკი" იყენებს - მათი დახმარებით თანხა მყისიერად ირიცხება. უზბეკურ ბანკებში ანგარიშების გასახსნელად და Visa და Mastercard ბარათების ასაღებად ტურებს რუსული ტურისტული სააგენტოები 2022 წლის მარტიდან ახორციელებენ.
საშიშია ქართული ბანკებისთვის რუსული ფული?
სანქცირებული რუსული ბანკებიდან გადარიცხვებმა პრობლემები შეიძლება შეუქმნას როგორც ქართულ ბანკებს, ისე მათ მომხმარებლებს.
საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკი, "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული კომპანიებია, რომლებისთვისაც საერთაშორისო იმიჯი და სანქციების დაცვა რეპუტაციის საკითხია.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ სანქცირებული რუსული ბანკების ონლაინ აპლიკაციებში ქართულ ანგარიშებზე თანხის გადარიცხვის ფუნქცია დაემატებოდა, 2023 წლის დასაწყისში ქართულმა ბანკებმა შენიშნეს, რომ გარკვეული სქემა რუსული ფულის საქართველოში სანქციების გვერდის ავლით შემოსატანად ფუნქციონირებდა, თუმცა მაშინ ლაპარაკი იყო არა შუამავალ მესამე ბანკებზე, არამედ ადგილობრივი ბანკების კლიენტებზე, რომლებიც მიღებულ თანხას სწრაფად ანაღდებდნენ და სხვას გადასცემდნენ - ეს სერვისი არაერთმა ადამიანმა დამატებითი შემოსავლის მიღების გზად აქცია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წლებში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასეთია:
- 2021 წელი - რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 411 მილიონი დოლარი;
- 2022 წელს - 2 მილიარდი დოლარი;
- 2023 წელს - 1,5 მილიარდი დოლარი;
- 2024 წელს - 987 მილიონი დოლარი.
* სახელი შეცვლილია წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით და მისი თხოვნით.