Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ელჩის გაწვევა და "ოცნების" იმედები - სინამდვილეში რას ნიშნავს ეს?


საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ბერლინმა ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია (ილუსტრირებული ფოტო).
საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც ბერლინმა ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია (ილუსტრირებული ფოტო).

„ქართული ოცნების" მიზანში ამოღებული გერმანიის ელჩის - პეტერ ფიშერის გაწვევას წინ უსწრებდა მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც თბილისსა და ბერლინს შორის ურთიერთობების გართულებაზე მიუთითებს.

გერმანიის ელჩის საქართველოდან გაწვევას - მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ გამოხატულ „სერიოზულ დიპლომატიურ პროტესტს“ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბერლინთან ურთიერთობების გადატვირთვისა და განახლების იმედებს უკავშირებს.

გერმანიას - საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მკაფიო მხარდამჭერს - ასეთი პროტესტისთვის ჯერ არასოდეს მიუმართავს.

რა ეიმედება "ოცნებას"?

“30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს [ელჩის გაწვევა - რ.თ.] არის გადატვირთვის სიგნალი“, - 20 ოქტომბერს, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩმა ფიშერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არა „ხიდის“, არამედ „კედლის“ როლი აირჩია და ამიტომ - „როგორც ჩანს, გერმანიის ხელისუფლებაში დაფიქრდნენ”.

პეტერ ფიშერის გაწვევას „ადეკვატურ დიპლომატიურ ქცევას“ უწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, მარიამ ლაშხი.

"ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქმედების უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი დიპლომატი ამ გამოცდილებიდან ბევრს ისწავლის," - უთხრა ლაშხმა პროსახელისუფლებო “რუსთავი 2”-ს. ის თითქოს დარწმუნებულია, რომ ელჩი ფიშერი საქართველოში აღარ დაბრუნდება.

თუმცა, დიპლომატების განმარტებით, ეს აუცილებელი სულაც არ არის - კონსულტაციისთვის გაწვეული ელჩები ხშირად ჩვეულებრივად ბრუნდებიან მასპინძელ ქვეყანაში.

"ოცნება" კავშირს ხედავს ელჩის გაწვევასა და გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის მოთხოვნას შორის. AfD-ს ("ალტერნატივა გერმანიისთვის") წარმომადგენლებმა ბუნდესტაგში პეტერ ფიშერის შესახებ კითხვებით მიმართეს ქვეყნის მთავრობას. გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ გვერდზე ელჩის საქმიანობის გამოკვლევის მოთხოვნის დოკუმენტი 8 ოქტომბრით არის დათარიღებული.

მოკავშირე გერმანელი პარლამენტარების მიერ დასმული აქცენტები ძირითადად შეესაბამება "ქართული ოცნების" მიერ ელჩის მისამართით გახმაურებულ ბრალდებებს და უკავშირდება, მათ შორის - ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახისგან ბინის დაქირავების ფაქტს.

„ეს არის ოროსნებისთვის - ვინც დაიჯერებს, რომ ელჩის გაწვევა გადატვირთვის ნიშანია. გადასატვირთი არაფერი აქვს გერმანიას - რადგან მისი ნაბიჯები „ქართული ოცნების“ რეპრესიული, ანტიდასავლური პოლიტიკით არის განპირობებული“, - გვეუბნება ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ის ვერ ხედავს ვერცერთ ნიშანს იმისა, რომ ბერლინი პეტერ ფიშერის შეცვლას გეგმავს, ან მისით უკმაყოფილოა.

ყოფილი დიპლომატი ამბობს, რომ ელჩი ფიშერი განსაკუთრებულს არაფერს ამბობდა, რასაც ევროკავშირის ქვეყნების უდიდესი ნაწილი არ იზიარებს და იხსენებს, რომ ამ ქვეყნებს „ქართული ოცნებისთვის“ არცერთ ბოლო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოციათ.

„მართალია, ეს [ელჩის გაწვევა] არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, მაგრამ ეს არის პროტესტის სერიოზული ფორმა, რომელიც გამოხატავს მკაფიო უკმაყოფილებას მასპინძელი ქვეყნის მიმართ. ელჩები 95%-ით ასრულებენ თავიანთი ქვეყნების მთავრობების დირექტივებს და განცხადებებიც თავის დედაქალაქთან არის შეთანხმებული. ელჩი ქვეყანას წარმოადგენს და ამიტომ არის რომ საელჩოზე აღმართულია მისი ქვეყნის დროშა და ასევე ქვეყნის დროშაა - მის ავტომობილზე“, - განმარტავს ბატიაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“.

ელჩის გაწვევას ყველა ქვეყანა ერიდება, რომელიც თავს მასპინძელი ქვეყნის პარტნიორად და მეგობრად თვლის - თუმცა ყველაფერს თავისი საზღვრები აქვს.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ - ელჩის გაწვევას ვადა არა აქვს. ეს პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ან წელიწადამდე და ამ პერიოდში „ვერ იტყვი, რომ საელჩო მუშაობს ჩვეული ტემპითა და დღის წესრიგით“, რადგან „დიპლომატიური დონე დაწეულია“ და გარკვეული სახის საკითხების მასპინძელ ქვეყანასთან შესათანხმებლად, სწორედ ელჩის რანგი ესაჭიროება“.

ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ ბერლინი ელჩ ფიშერს ყოველმხრივ უჭერს მხარს:

  • პეტერ ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებულ განცხადებაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გარკვევით აცხადებს, რომ მიზეზი არა თავად ელჩის, არამედ - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განგრძობადი ქმედებებია - [სიძულვილის] აგიტაციაა როგორც ელჩის, ასევე გერმანიისა და მთელი ევროკავშირის წინააღმდეგ.
  • „[ელჩი] წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“ - აღნიშნავდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 სექტემბერს, როდესაც პეტერ ფიშერი თბილისში, „ქართული ოცნების“ საგარეო უწყებაში დაიბარეს. „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ” - ეწერა ამავე განცხადებაში.
  • 2 ოქტომბერს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. „გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, პლატფორმა X-ზე.


„ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ვითარება უკვე დაძაბული იყო ელჩის გაწვევამდეც:

  • 2024 წლის 31 დეკემბერს და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს.
  • გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საწყის ეტაპზევე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების შესახებ; თუმცა გრძელდება პროექტები, რომლითაც როგორც ბერლინი აცხადებს - საქართველოს ხალხს ეხმარება.
  • გერმანიამ აღარ განაახლა პროგრამების ნაწილი, პეტერ ფიშერი მუდმივად აფრთხილებდა ქვეყანას, რომ თუკი საქართველო არ დაუბრუნდებოდა დემოკრატიულ პროცესებს, კიდევ უფრო მეტს დაკარგავდა, მათ შორის - ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.


ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა მიიღო. მიზანია: კონსულტაციები - “შემდგომ ქმედებებთან დაკავშირებით”.

გერმანიამ "ოცნების" მიმართ მკაცრი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გერმანიის საგარეო უწყების 19 ოქტომბრის განცხადებაში ასევე მითითებული იყო, რომ საქართველოს საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში განიხილავდნენ.

ლუქსემბურგში, სწორედ მინისტრთა საბჭოს შეხვედრის წინ - ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, გუნტერ კრიხბაუმმა განაცხადა, რომ "ევროპულ მიდგომასთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებული მოვლენები ბოლო დროს ნამდვილად იმედგაცრუებას იწვევს“ და „[საქართველოს] მთავრობის ქცევა მიუღებელია“.

„[სანქცირების] ყველა ვარიანტი, ნამდვილად - ყველა ვარიანტი, დევს მაგიდაზე“, - განაცხადა კრიხბაუმმა, პროსახელისუფლებო „იმედის“ შეკითხვის საპასუხოდ. შეკითხვა ეთერში თითქმის არ ისმოდა, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, „იმედის“ ეთერში განმარტეს, რომ შეკითხვა ელჩის გაწვევას უკავშირდებოდა და გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ამ აქცენტს გვერდი აუარა.

მინისტრთა საბჭოს შეხვედრა სავიზო შეზღუდვების დაპირებით დასრულდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების თანახმად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება შესაძლოა „გარკვეულ ჯგუფებს“ შეეხოთ.

„[ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა] მინისტრებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავაც უარესდება საქართველოში“, - განაცხადა კალასმა.

სამიზნე ელჩ(ებ)ი

ელჩი პეტერ ფიშერი „ქართული ოცნების“ თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გახდა. ლაპარაკი იყო ქვეყნიდან მის გაწვევასთან დაკავშირებითაც - მაგრამ მხოლოდ როგორც "ოცნების" ცალკეული წარმომადგენლების სურვილზე.

მას ძირითადად რადიკალიზმის ხელშეწყობაში, ოპოზიციის მფარველობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. „ოცნებაში“ ბოლო დროს ხშირად აცხადებდნენ, რომ გერმანიის ელჩი „ვენის კონვენციის“ მოთხოვნებს უგულებელყოფდა.

  • “ოცნების” წარმომადგენლები ბოლო დროს იმითაც იყვნენ უკმაყოფილო, რომ ელჩი ფიშერი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ დაპატიმრებული პოლიტიკოსებისა და დემონსტრანტების სასამართლო პროცესებს, რაც ირაკლი კობახიძისთვის მოსამართლეების საქმიანობაზე ზეწოლის მცდელობაა.

მაგრამ ელჩი ფიშერი ერთადერთი სამიზნე არ არის.

  • „ქართული ოცნება“ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფუჭებას ხშირად სწორედ ელჩებს აბრალებდა. ასე იყო მაგალითად აშშ-ის ყოფილ ელჩებთან, ევროკავშირის ელჩთან თუ ახლა - დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მოქმედ ელჩებთან დაკავშირებით.
  • უწინდელი საერთაშორისო პარტნიორების უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ახლა უკვე "გლობალური ომის პარტიის", იგივე "დიპ სტეიტის" ინტერესების მსახურებად და საქართველოში მოქმედი "აგენტურის" პატრონებად მოიხსენიებს - სამართლებრივი დასაბუთების გარეშე.


"ვენის კონვენციის" სახელს ატარებს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ კონვენცია, რომელიც ავსტრიის დედაქალაქში 1961 წლის 18 აპრილს დაიდო, დიპლომატებისგან ადგილსამყოფელი ქვეყნების სახელმწიფო კანონებისა და დადგენილებების პატივისცემას მოითხოვს.
კონვენციის 41-ე მუხლის თანახმად, დიპლომატების ვალდებულებაა, არ ერეოდნენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.

ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გერმანიის ელჩი, ანუ გერმანია - სამიზნედ შემთხვევით არ შეურჩევია და ეს უკავშირდება გერმანიის განსაკუთრებულ გულშემატკივრობას - საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის იდეის მიმართ, რაც ასევე წინა საუკუნეში არაერთი მკაფიო ფაქტით გამოვლინდა.

გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობები 200 წელიწადზე მეტს ითვლის.

2018 წელს 100 წელი შესრულდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და გერმანიის მხრიდან მისი დამოუკიდებლობის აღიარებიდან.

  • 1918 წელს გერმანიაში ჩავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური დელეგაცია.
  • გერმანელები საქართველოში 1817 წლის სექტემბერში ჩამოასახლეს და ასე დაარსდა პირველი გერმანული სოფელი, მარიენფელდი.
  • 1819 წლისთვის საქართველოში უკვე ხუთი გერმანული კოლონია არსებობდა, რომელთა რიცხვი წლების განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა. გერმანელები ჩაებნენ საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, გეოლოგიასა თუ სხვა სფეროებში.
  • 1991 წელს, როდესაც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გერმანია ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მისი დამოუკიდებლობა აღიარა. მალევე გაფორმდა დიპლომატიური ურთიერთობები.


30 წლის განმავლობაში გერმანიამ საქართველოს, მხოლოდ ფინანსური დახმარების სახით, ჯამში, 1.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოუყო.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG