ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა „შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა“, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა:
„ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, - წერია განცხადებაში.
ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ბინას მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს და არ არსებობს „ქირავნობის ხელშეკრულება“ გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.
მათ შორის, ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია "იმედი".
ამ ინფორმაციას 2 აგვისტოს განცხადებით გამოეხმაურნენ მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები.
მათი მტკიცებით, მედიაში გავრცელებული ცნობები მორიგი პროპაგანდისტული თავდასხმაა ერთი მხრივ, მამუკა ხაზარაძის ოჯახზე, მეორე მხრივ კი გერმანიის სახელმწიფოს მიმართ:
"გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.). გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!“, - აცხადებენ ისინი.
„ლელო - ძლიერ საქართველოში“, 4 აგვისტოს რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხაზარაძეების ოჯახის ადვოკატები ჩათვლიან საჭიროდ, რომ კვლავ გააკეთონ დამატებითი განმარტებები, ამის შესახებ ისინი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.
ფორუმი