პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოსგან დაკავებულთათვის „წინასწარი პატიმრობის“ შეფარდებას ითხოვს.
პროკურატურის 27 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიების ვერსია ასეთია:
- 1 ოქტომბერს თბილისში, „ზღვისუბნის“ (თემქის) დასახლებაში, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გიგა ავალიანს „სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო“;
- ძალადობის მოტივად პროკურატურა ასახელებს „მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას და ეჭვიანობას“;
- გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა;
- პროკურატურის თანახმადვე, დანაშაულის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ხოლო „მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“.
ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია - პირველი 2008 წელსაა დაბადებული, მეორე - 2007 წელს.
გიგა ავალიანის დედის თანახმად, მისი შვილის „სასტიკ ცემაში“ არასრულწლოვანთა „ჯგუფი“ მონაწილეობდა.
მისივე თქმით, საქმეში ასევე ფიგურირებს 16 წლის გოგო, რომელმაც აწ უკვე დაკავებული 16 წლის ბიჭი მასწავლებელზე „აეჭვიანა“; შემდეგ კი „აჩვენა, სად შეეძლებოდათ ენახათ გიგა“.
დედის თანახმად, არასრულწლოვანები „რამდენიმე დღის განმავლობაში სისტემატურად უთვალთვალებდნენ“ გიგა ავალიანს, „მაგრამ რადგან ჩემთან ერთად დადიოდა, ვერ მოკლეს. ნახეს ხელსაყრელი მომენტი, აედევნენ სახლამდე და ბნელ ადგილზე მოკლეს“.
პროკურატურა და შსს აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
გიგა ავალიანი იყო თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის, „ვეკუას სკოლის“ კურსდამთავრებული. სკოლა წერს:
„უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის, სიცოცხლე.
ქვეყანამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ბევრი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი.
საქართველოს მომავალს გამოაკლდა კიდევ ერთი პროფესიონალი.
თანავუგრძნობთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, სკოლას და ყველა იმ ადამიანს ვისაც გიგა უყვარდა“.
ფორუმი