ბრალდება ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 9 365 801 ლარს და „ლაგი კაპიტალის“ საქმეს. ამ კომპანიის ნახევარი 2023 წლის სექტემბრამდე ირაკლი ზარქუას ცოლისძმას ეკუთვნოდა.
ვინ არის დავით ტაბიძე
დღეს საღამოს, 27 ოქტომბერს, „ფინანსური პოლიციის“ უფროსის მოადგილე ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დავით ტაბიძე დააკავეს.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელსაც ტაბიძე ხელმძღვანელობდა, არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
ტაბიძე ამ პოზიციაზე 2021 წლის 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე მუშაობდა - პოსტი დატოვა „პირადი განცხადების საფუძველზე“.
ახალმა მინისტრმა რეზი სოხაძემ მისი შემცვლელი 6 მაისს წარადგინა - ბექა ურუშაძე.
ტაბიძე ამ პოსტზე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობის პერიოდში.
- ირაკლი ქარსელაძე ამ პოსტზე 2021 წლის 22 თებერვლიდან 2025 წლის 24 აპრილამდე მუშაობდა;
- მანამდე, 2018-21 წლებში, იყო მინისტრის პირველი მოადგილე და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე;
- კიდევ უფრო ადრე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორად;
- ასევე იყო ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
- ირაკლი ქარსელაძეს მედიაში მოიხსენიებენ სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრად.
- პარტია „ახლის“ პოლიტსაბჭოს წევრის, კორუფციის მკვლევარ დავით მჟავანაძის ცნობით, ქარსელაძე ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და უახლოეს მეგობარია.
- ბოლო პერიოდში ლილუაშვილის გარემოცვის სამი წევრი მისცეს პასუხისგებაში.
რას ედავებიან ტაბიძეს?
„ფინანსური პოლიციის“ უფროსის მოადგილე ია ახალაიამ დღეს საღამოს განაცხადა, რომ ამავე საქმეზე - რაზეც დავით ტაბიძე დააკავეს - ასევე დაკავებული იყვნენ ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი.
თუმცა მათ, ახალაიას განცხადებითვე, „სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან“ და ამის გამო გირაო შეუფარდეს და არა პატიმრობა.
მანამდე, სექტემბერში, ფინანსურმა პოლიციამ კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.
საქმე ეხება „მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებასა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას“.
ია ახალაიამ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ფონდის წარმომადგენლები „ფლობდნენ ინფორმაციას, რომ „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი“.
„დასახელებულმა პირებმა სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს "ლაგი კაპიტალის" ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს“, - ასეთია ბრალდების შინაარსი.
დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. „ფინანსური პოლიციის“ (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის) უფროსის, ია ახალაიას განცხადებით, საქმეზე „გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენის და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.
„ლაგი კაპიტალი“
შპს „ლაგი კაპიტალი“ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული არაერთი ტენდერის გამარჯვებულია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა კომპანიის მიერ 2023 წელს მოგებულ ტენდერებზე:
- რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის 11 ტენდერით 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არცერთ მათგანზე ეს პროცესი ამ დრომდე არ არის დამთავრებული;
- გარდა ამისა, ამავე წელს კომპანიამ მოიგო კიდევ ერთი ტენდერი - 20,6 მლნ ლარად გათვალისწინებული იყო ოთხი სკოლის აშენება: აქედან ერთი გორში, სამი კი - ხაშურში.
- გამოძიებისთვის საინტერესო პერიოდში დადებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 94 444 427 ლარია.
ფორუმი