მე-10 სკოლის შენობიდან წლების წინ გამოყვანილებმა რამდენიმე დღის წინ გაიგეს, რომ იმ სკოლის შენობაც უნდა დაცალონ, რომელსაც თავი შეაფარეს.
პროტესტის ნიშნად, მშობლებთან ერთად დადიანის ქუჩა გადაკეტეს და ბანერები გამოფინეს. საკუთარი ხელით მიაწერეს: „არ დაირღვეს ბავშვების განათლების უფლება“.
„2019 წელს სამხარაულის ექსპერტიზამ მე-10 სკოლა მეოთხე კატეგორიის ავარიულ შენობად გამოაცხადა, დღის წესრიგში ჩვენი გასახლების საკითხი დადგა და აქედან დაიწყო მრავალწლიანი წამების პროცესი”, - ასე იწყებს მე-11 კლასელი გიორგი ტომარაძე თავისი სკოლის ისტორიის მოყოლას, სადაც ხუთ კლასამდე ისწავლა.
მეექვსე წელი დაიწყო, რაც გაკვეთილებს ის 22-ე საჯარო სკოლის შენობის მეორე ფლიგელში ესწრება. აქ გამოუყო მის კლასს განათლების სამინისტრომ ფართობი.
22-ე საჯარო სკოლა დიდუბეშია, შენობის გარეშე დარჩენილი მეათესკოლელები მეორე ფლიგელში ორ ცვლაში გადაანაწილეს. საშუალო საფეხურის მოსწავლეები სკოლაში დილით მიდიან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები - დღის მეორე ნახევარში. სკოლამდე ბავშვები ავტობუსით მიჰყავთ.
„რამდენიმე კვირის წინ 22-ე სკოლაშიც ჩამოინგრა ჭერი“, - ამბობს გიორგი და ამატებს, რომ ამის შემდეგ სკოლის დირექტორს უთქვამს, ის ფართი, რომელიც წლებია „შესახლებულებს“ ეჭირათ, ახლა ჩვენ თვითონ დაგვჭირდებაო.
ამ მომენტში სწავლა 22-ე სკოლის ორივე ფლიგელში შეწყვეტილია. ადგილზე დირექციიდან არავინ დაგვხვდა, დირექტორმა ინტერვიუზე უარი გვითხრა.
„როგორც კი 22-ე სკოლაში ბზარები გაჩნდა, სკოლის ერთი ნაწილი შენობიდან გამოვიყვანეთ, ახლა უკვე მთელი სკოლა გამოყვანილია, ორივე ფლიგელიდან, 22-ეც და მე-10-ც“, - თქვა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ლალი კალანდაძემ, რომელიც დედიანის ქუჩაზე, საპროტესტო აქციაზე მივიდა.
როგორც მან თქვა, მე-10 სკოლის მოსწავლეთა მშობლებს 190-ე სკოლაში გადასვლა და ტრანსპორტი შესთავაზეს, მაგრამ მეორე ცვლაში სიარულის იდეა მათ არ მოეწონათ და დროებით, „ერთი კვირით“ ბავშვები ონლაინსწავლებაზე გადაიყვანეს.
„ბზარები რამ გამოიწვია?” - იქვე იკითხა ერთ-ერთმა მშობელმა.
„მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებმა“, - უპასუხა ლალი კალანდაძემ.
მშობელი: „რომლის დროსაც ხის იატაკზე დაასხეს ბეტონი...“
ლალი კალანდაძე: „მე ამის სპეციალისტი არ ვარ“.
მშობელი: „ვინც სპეციალისტია არ ჰკითხეთ?.. სექტემბერში ხის იატაკზე ასხამთ ბეტონს, გაქანებული სწავლებაა...“
გარდა ბზარებისა, მშობლები ამბობენ, რომ 22-ე სკოლაში ბათქაშიც ჩამოვარდა. რადიო თავისუფლებამ გადაიღო, რა ვითარებაა ამ შენობის მეოთხე სართულზე, რომელიც რემონტდება.
22-ე სკოლის ფლიგელები ერთმანეთზეა გადაბმული და სხვადასხვა ფერადაა შეღებული, ერთს თავზე აწერია "მე-10 სკოლა".
მე-10 სკოლის მასწავლებლები წიგნებს ყუთებში ალაგებენ, კლასებიდან გამოაქვთ კომპიუტერები, თაროები - ყველაფერი, რაც ამ შენობაში შესახლებისას მიიტანეს ან შემდეგ შეიძინეს.
კლასებში მერხებზე ქაღალდის ყუთებში ჩაწყობილი ნივთებია შემოდებული. კედლის მარჯვენა კუთხეში აკაკისა და ილიას პორტრეტები ერთმანეთზეა მიყუდებული.
მე-10 სკოლას 22-ე სკოლის მეორე ფლიგელში ოთხი სართულიდან მხოლოდ ორი ჰქონდა დაკავებული, პირველი და მეოთხე.
10-მდე მშობელმა ბავშვები სხვა სკოლაში გადაიყვანა. მასწავლებლებს ღიად ლაპარაკი არ სურთ, თუმცა პირად საუბრებში შემოგვჩივლეს: „ხომ შეიძლებოდა 22-ე სკოლის დირექტორს ან ზამთრის არდადეგებამდე მოეცადა ან სანამ სწავლა დაიწყებოდა, იქამდე გავეფრთხილებინეთო“.
„ქვევით ძალიან ცუდად იჭერს ინტერნეტი“, - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელიც მანამდე კოლეგებს ნივთების შეფუთვაში ეხმარებოდა და მეოთხე სართულზე ადის - ონლაინგაკვეთილი ეწყება.
არც თბილისის 190-ე სკოლის მეორე ცვლაში სიარული და არც ონლაინსწავლება ბავშვებისთვის და მშობლებისთვის მისაღები არ გამოდგა, ამიტომ გავიდნენ ისინი საპროტესტო აქციაზე.
„მე მყავს რეპეტიტორები… ყველაფერი სკოლის გრაფიკზე მქონდა აწყობილი, ცნობა მეორე ცვლაში და სხვა სკოლაში გადასვლის შესახებ ჩემთვის კატასტროფა იყო... დირექტორმა კი მითხრა, თუ არ ივლი, "არები" დაგეწერებათ და თუ მე-10 სკოლა არ მოგწონთ, გადადითო“, - ამბობს გიორგი ტომარაძე.
„პატარა ძმები მყავს. ოთხი და-ძმა ვართ და ძალიან ხმაურიანები. [ონლაინგაკვეთილებისას] ზოგი შედის, ზოგი გამოდის… ისმის მასწავლებლების ხმა, ბავშვების, ჩემი ძმები დარბიან, ისმის ქვაბის ხმა, ჩაიდნის… მე კამერას და მიკროფონს ვთიშავდი… არც ვუყურებდი და არც ვუსმენდი მასწავლებელს, წარმოიდგინეთ პირველკლასელები რას იზამენ..“ - ამბობს 13 წლის ბარბარე მუხათგვერდელი და ვერ ხვდება, როგორ გადაიტანს მეორედ „სასკოლო დევნილობას“, ისედაც ხატვაზე სიარულს თავი დაანება და ამის გამო გულდაწყვეტილია.
ნუცა რაზმაძე წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრია და ცურვაზე სკოლის შემდეგ დადის, სწავლას თუ მეორე ცვლაში გადაუტანენ, რა უნდა ქნას?
არასასურველი არჩევანის წინაშე დაყენების გარდა, სწავლების ხარისხის მკვეთრი კლების რისკებსაც ხედავს.
„სკოლის აშენებას ექვსი წელია ველოდებით… ახლაც გვეუბნებიან, რომ ისევ ვიცვლით სასწავლო გარემოსო... პირველი ცვლა სამზე უმთავრდება 190-ე სკოლას და ჩვენ ამის შემდეგ უნდა მივსულიყავით, ღამისთევით ვიქნებოდით, მშიერები. სკოლის ბუფეტი არც მე-10 სკოლაში გვქონდა და არც იქ გვექნებოდა“, - მეუბნება მე-11 კლასელი ანა ოდიშვილი.
მე-10 სკოლა ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ინკლუზიური განათლების პრაქტიკის დანერგვაში. სკოლას ამ დრომდე 1 200-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს. შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს და ახლის აშენებას საშველი არ დაადგა.
„დროულად რომ დაენგრიათ ამისთვისაც საპროტესტო აქციების გამართვა დაგვჭირდა. 2019 წელს გამოგვასახლეს და ორი წლის განმავლობაში შენობა ისევ დასანგრევი იყო, ვკითხულობდით, რატომ არ იწყებდნენ მშენებლობას, ან რატომ არ ანგრევდნენ შენობას, თუ ასეთი ავარიული და საშიში იყო, არავინ პასუხს არ გვცემდა“, - ამბობს მარიამ მუხათგვერდელი რადიო თავისუფლებასთან. მას ორი შვილი დაჰყავს მეათე სკოლაში და ახლა, როცა 22-ე სკოლიდანაც უწევს მათი გადაყვანა, ისევ პროტესტზე ფიქრობს.
„გვესმის და ვიაზრებთ, რომ მათ ფლიგელს და შენობასაც პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენი ბავშვები რჩებიან ჰაერში, განათლების უფლების გარეშე, მათ აღარ აქვთ ჯანსაღი გარემო. არ მოიძებნა გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე შენობა, სადაც შევალთ და გავაგრძელებთ სწავლას… მე მგონი, უსამართლოდ ნამდვილად არ ვაპროტესტებთ“, - ამბობს მარიამი.
მანამდე, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, 22-ე სკოლის დირექტორი მე-10 სკოლისთვის გამოყოფილ ფლიგელში მოსწავლეების დაბრუნებას ვერ შეძლებს. თუ სამხარაულის ბიურო იტყვის, რომ შენობის ორივე ფლიგელი საშიშია, 22-ე სკოლის მოსწავლეებიც დასაბინავებლები იქნებიან.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განათლების სამინისტრომ 2022 წელს დაიწყო და 2022-2026 წლებში, ჯამში, 80 სკოლის მშენებლობა და 720-ის რემონტი დაიგეგმა.
უახლესი სტატისტიკით, რომელიც რადიო თავისუფლებას ინფრასტრუქტურის სამინისტროში მისცეს 77 სკოლიდან 53 თავიდან შენდება, 14 შესაკეთებელია, 10 კი პროექტირების ეტაპზეა. მათ შორისაა ნაძალადევის მე-10 სკოლაც.
ამ სკოლის მშენებლობაზე 2023 წლის 1 მარტს გამოცხადდა (NAT23004764) ტენდერი, რომელშიც კომპანია „დაგმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების საწყისი ღირებულება 500 000 ლარით გაიზარდა და 15 429 932 ლარს მიაღწია.
მე-10 სკოლის ტერიტორიაზე უკვე სამი სართულია ამოყვანილი. მშობლები ჩივიან: „სამი მუშაა ყოველდღე და სწრაფად ვერ დასრულდება, უკვე 7 წელია ველოდებით“.
მშენებლობის ვადები რომ დარღვეულია, ამას კომპანიაშიც ადასტურებენ:
„ჩვენ შაბათსაც ვმუშაობთ და კვირასაც, წვიმაში ქარში არ ვჩერდებით და დანარჩენი ბიუროკრატიული საკითხებია, დაწყება, ვადები…
აქტიური მუშაობა, რასაც ჰქვია 7 თვის წინ დავიწყეთ... იმიტომ რომ ეს შენობა ათი თვე გაჩერებული იყო, ორი ნაძვი იყო მოსაჭრელი და ნებართვას ველოდებოდით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას შპს „დაგის“ წარმომადგენელმა თამაზ ცარციძემ.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სკოლის მშენებლობა 2027 წლის თებერვალ-მარტში დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტით 2026 წლის მაისში შენობა მზად უნდა ყოფილიყო.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ამ სკოლის შემთხვევაში პრობლემას ქმნის სპორტული მოედნის მშენებლობა, რადგან მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს „აქვთ გარკვეული პრობლემები“.
„ასევე კონტრაქტორი ძალიან დაბალ ტემპში აწარმოებდა სამუშაოებს... შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში დასრულდეს“, - თქვა მინისტრმა.
„ეს პროცესი არავის გვსიამოვნებს და მოგვწონს, მაგრამ მოცემულობა ასეთია“, - ამბობს დირექტორი, ლელა ტაბაროკიშვილი. ის ამ სკოლაში 2021 წელს დაინიშნა. სკოლის დირექტორი განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად მივიდა გადაკეტილ დადიანის ქუჩაზე და მშობლების მოთხოვნები მოისმინა.
მშობლებსა და მოსწავლეებს ხუთი მოთხოვნა აქვთ:
- არ შეიცვალოს სწავლის ცვლები;
- არ ჩატარდეს გაკვეთილები ონლაინ - აჩქარდეს ფართის მოძიება და არა [კოვიდის დროს შექმნილი] „თიმსის იუზერების და პაროლების აღდგენა!“;
- არ გაიყოს სკოლა ორ ნაწილად - ოჯახებს რამდენიმე ბავშვი დაჰყავს ერთ სკოლაში და გაუჭირდებათ მათი ორ ადგილზე მიყვანა;
- განათლების სამინისტროს სთხოვენ სასწრაფოდ მოძებნოს შენობა ბავშვებისთვის;
- ბოლო-ბოლო დასრულდეს მეათე სკოლის მშენებლობა - წლებია ვადების დარღვევის გამო ბავშვებს „არასათანადო პირობებში“ უწევთ სწავლა.
„მხოლოდ რვა ოთახი გვაქვს, ფიზიკურად ვერ გადანაწილდებოდა ამდენი ბავშვი ჩვენს შენობაში, თორემ წინააღმდეგები არ ვიყავით“, - გვეუბნება თამუნა გარდაფხაძე. ის იმ კოლეჯის რექტორია, სადაც გეგმავდნენ ბავშვების გადაყვანას, მაგრამ საბოლოოდ ამ გეგმამ ვერ იმუშავა.
არადა, ამ კოლეჯთან მოლაპარაკების დაპირების გამო გახსნეს მე-10 სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში პროტესტის ნიშნად გადაკეტილი დადიანის ქუჩა, 28 ოქტომბერს.
მშობლები და მოსწავლეები ახლა ორშაბათს ელოდებიან. ეს დრო ითხოვა განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილების მისაღებად.