“ყველა დაჭერილია, ვიღამ უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში?”, “ლამის დაიქცა ქვეყენა და კიდევ არჩევნებზე როგორ ლაპარაკობენ?!” - აღშფოთებულია საზოგადოების ერთი ნაწილი, თუმცა არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის იდეას მომხრეებიც შემორჩა.
მე-5 პრეზიდენტის მიერ შექმნილი - “წინააღმდეგობის პლატფორმის” მონაწილე თუ ყოფილი მონაწილე ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებისთვის ემზადება - “გახარია საქართველოსთვის”, ხოლო “ლელოს” კოალიცია - "ძლიერი საქართველო" არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა, თუმცა გადაწყვეტლი ჯერ არა აქვს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიდან ამ ეტაპზე დაკავებულები არიან:
- გიორგი ვაშაძე -“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი; დააკავეს 24 ივნისს, პატიმრობის ვადა - 7 თვე;
- მამუკა ხაზარაძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი; დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე;
- ბადრი ჯაფარიძე - “ძლიერი საქართველოს” ლიდერი; დააკავეს 23 ივნისს, პატიმრობის ვადა - 8 თვე;
- ნიკა გვარამია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 13 ივნისს [გირაო არ გადაიხადა] - განაჩენი გამოცხადებული არ არის;
- ნიკა მელია - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 29 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; განაჩენი გამოცხადებული არ არის;
- ზურაბ ჯაფარიძე - “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი; დააკავეს 22 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; პატიმრობის ვადა - 7 თვე;
- ირაკლი ოქრუაშვილი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი; დააკავეს 14 მაისს [გირაო არ გადაიხადა]; განაჩენი გამოცხადებული არ არის.
დაკავებულთაგან ხუთი [ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე] – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების [ცესკოს] შედეგებით, პარლამენტის წევრები გახდნენ. შემდეგ პარლამენტი არალეგიტიმურად მიიჩნიეს და მანდატებზე უარი თქვეს.
დროებითი საგამოძიებო კომისია სადავო პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნეს და მას “ქართული ოცნების” დეპუტატი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. დაკავებული პოლიტიკოსები კომისიის სხდომაზე სხვადასხვა დროს დაიბარეს და მისვლაზე უარის გამო, სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გაასამართლეს. „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის" კოდექსი განსაზღვრავს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე და ასევე - თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. დაკავებულ პოლიტიკოსებს ეს აკრძალვაც დაუწესდათ.
პარალელურად, საპატიმროებში ზის სისხლის სამართლის წესით გასამართლებული 50-მდე აქტივისტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის - ჟურნალისტი, ექიმი, მსახიობი. მათი უდიდესი ნაწილი 28 ნოემბერის შემდეგ დააკავეს, როდესაც "ოცნებამ" 4 წლით, 2028 წლამდე დააპაუზა - ევროკავშირში გაწევრიანების მომდევნო აუცილებელი ნაბიჯის [გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა] გადადგმა.
“როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვთ კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივი სცეს ქვეყნის კონსტიტუციას, არ აპირებენ - წავლენ ციხეში... როცა ხარ "დიპ სტეიტის" აგენტი უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის დარღვევას, კონსტიტუციის დარღვევას, შეიძლება მოხვდე ამის გამო ციხეში ეს არის "დიპ სტეიტის" აგენტების ბედი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, 23 ივნისს, მედიასთან საუბრისას.
ვინ [არ] გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას?
პოლიტიკოსების საპატიმროდან გამოსვლის დროს - საქართველოში უკვე ჩატარებული იქნება თვითმმართველობის არჩევნები [4 ოქტომბერი]. დაკავებულთაგან ამ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ “ლელოს” გარშემო შეკრული კოალიცია - “ძლიერი საქართველო” ემხრობა და ეს პოზიცია არც ლიდერების დაკავების შემდეგ შეცვლილა. თუმცა მონაწილეობა ჯერ მკაცრად გადაწყვეტილი არა აქვთ.
“გადაწყვეტილი, როგორც აქამდე არ გვქონია, არც ახლა გვაქვს. ახლა ისევ ინტენსიურად მიდის ამაზე ლაპარაკი. ჩვენი მიზანია, რომ გავხსნათ აქტიური დისკუსია იმაზე - შესაძლებელია თუ არა თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება ჩვენი მიზნებისთვის... გუშინ, პარტიის შიგნით, შეხვედრაზე ვთქვით, რომ არავითარ საკრალურობას არ მივანიჭებდით [ლიდერების] ამ დაპატიმრებებს”, - გვეუბნება პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საუბრისას ერთ მომენტში თვითმმართველობის არჩევნებს “ფასადურს და ძალადობრივს” უწოდებს.
დათუნაშვილის თქმით, ახლა, როცა - “ქართული ოცნება” – „რეპრესიებს მიმართავს” და ცდილობს “შიში თითოეული ადამიანის მეგზურად აქციოს”, ყველაზე მთავარია პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების ერთობის უზრუნველყოფა და არჩევნებში მონაწილეობასაც მხოლოდ ერთობის შემთხვევაში აქვს აზრი.
თავად მამუკა ხაზარაძეს "TV პირველთან" ნათქვამი აქვს, რომ - არჩევნების ბოიკოტის შემთხვევაში, "ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოსგან მიიღებს "ლეგიტიმაციას", რადგან "ის არჩევნებს გაყალბების გარეშე ჩაატარებს". ამ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა მხარდამჭერებიც ჰყავს.
23 ივნისს, “ძლიერი საქართველოს” ოფისში მისულმა მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას - არჩევნებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა თქვა, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმა” ერთიან გეგმას გამოაცხადებს.
„გვექნება გეგმა. პასუხი რეპრესიაზე იქნება ჩვენი ერთობლივი გეგმა. ამის შესახებ თქვენ გექნებათ სრული ინფორმაცია, როცა ამისი დრო დადგება“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ამ ეტაპზე, “წინააღმდეგობის პლატფორმა” ყველა ოპოზიციურ პარტიას არ აერთიანებს. ძველი წევრებიდან შეხვედრებზე არ დადიან, მაგალითად - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები; მაგრამ მათ კოალიციაში მყოფი - “სტრატეგია აღმაშენებელი” სალომე ზურაბიშვილის ფორმატში მონაწილეობს.
შეხვედრებს ესწრებოდა თავად გიორგი ვაშაძე - 24 ივნისს დაკავებული ლიდერი.
როგორც “სტრატეგია აღმაშენებელში” გვითხრეს - პარტია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს.
“ახლა არის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დრო”, “ახლა არ არის დრო პარტიული პოლიტიკისთვის” - გვეუბნება “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე და ამატებს, რომ - რეპრესიებისას, ხალხმა პოლიტიკურ ლიდერებში მესია არ უნდა ეძებოს.
“დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლის მანძილზე არასოდეს ყოფილა, რომ ოპოზიციური პარტიების ამდენი ლიდერი აბსურდული ბრალდებით დაეკავებინოთ. არავინ იფიქროს, რომ ამ ლიდერებზე გაჩერდებიან. ნებისმიერს შეეხებიან… ირანზე ვამბობთ ავტოკრატიული რეჟიმია, სულიერი ლიდერი მართავს ქვეყანას, რომელიც არავის აურჩევიაო - ბიძინაც [ივანიშვილი] იგივე არ არის?!”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პაატა მანჯგალაძე.
არჩევნებისთვის მზადების განზრახვა არ შეუცვლია პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, მის ლიდერთან - გიორგი გახარიასთან “ქართული ოცნების” მზარდი დაპირისპირების მიუხედავად. პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს არა აქვთ პასუხი შეკითხვაზე - “თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობის შემდეგ რა გეგმით ამარცხებენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს”.
“რატომ უნდა ვთქვა მე [პარტიამ] ამ ბრძოლაზე უარი, როდესაც პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” რეჟიმის გაცხადებული მიზანია და რატომ უნდა შევუწყო მე ხელი?!” - პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, 23 ივნისს, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ოპოზიცია აქვს შესაძლებლობა “ოცნებას” თბილისსა და დიდ ქალაქებში დაამარცხოს.
გახარია ერთხელ უკვე იყო “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე, 14 აპრილს, გამოსაკითხად - მათ შორის “ჩორჩანის საგუშაგოს” ხმაურიან ეპიზოდზე. მაგრამ დაიბარეს მეორედაც - 23 ივნისს, მან დისტანციურად ითხოვა ჩართვა, იმის გამო, რომ საზღვარგარეთ იყო. კომისიამ გახარიას უფლება არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური ჩართვის პრაქტიკას იყენებს.
“ოცნების” ყოფილი პრემიერ-მინისტრის ყოფილი მოადგილის, თეა წულუკიანის კომისიამ გახარიას “გონივრული ვადა” მისცა და 2 ივლისისთვის დაიბარა. წინასწარი ინფორმაციით, გახარია არც 2 ივლისს იქნება საქართველოში.
“ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია”, - აცხადებს პარტია “ფედერალისტები”, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას “ქართული ოცნების” ხელისუფლების ფარსში მონაწილეობად მიიჩნევს და გეგმავს, რომ ამაში საწინააღმდეგო აზრზე მყოფი პოლიტიკოსებიც დაარწმუნოს.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რადიო თავისუფლების გადაცემა 2150-ში სტუმრობისას თქვა, რომ ცუდი იქნება, თუკი თუნდაც ერთი-ორი პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში; მაგრამ რადგან ამომრჩეველთა “უდიდესი ნაწილის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალები” არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ, არჩევნები “პოლიტიკურად ლეგიტიმური არ იქნება”.
"ოცნების" ხელისუფლების შეცვლას “ფედერალისტები” არჩევნების გზით გეგმავენ, მაგრამ არა 4 ოქტომბერს.
საით მიდის საქართველო?
„ოპოზიციის ლიდერები ხელბორკილებით, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ, ჟურნალისტები ციხეში. საით მიდიხარ, საქართველო?“, - დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა X-ზე, 23 ივნისს. ელჩი ფიშერი არაერთხელ გამხდარა "ქართული ოცნების" წევრთა მწვავე კრიტიკის სამიზნე.
პოლიტიკის საკითხების ექსპერტი და ტელეწამყვანი, არჩილ გამზარდია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება საქართველოში თვალსა და ხელს შუა ტოტალიტარიზმის ჰიბრიდულ ფორმას ამკვიდრებს - “იქმნება საყოველთაო კონტროლის, საყოველთაო წნეხის მექანიზმები, რაც მოიცავს საზოგადოების ყველა სფეროსა და ჯგუფს”.
“ამ პროცესით [“ქართული ოცნების” ხელისუფლება] რამდენიმე ძირითადი შედეგის მიღებას გეგმავს და ეს არის: სრულად დათრგუნული მოსახლეობა; მედიისგან, სამოქალაქო ორგანიზაციებისგან, ოპოზიციური პარტიებისგან თავისუფალი ველი - როცა უნდა დარჩნენ მხოლოდ მათ მიერ მართული ჯგუფები. მაგალითად, შეიძლება დარჩეს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ხელისუფლება დააფინანსებს, ანდა რომელიც ხელისუფლების ნებართვით მიიღებენ დაფინანსებას”, - პარალელურად, გამზარდია მოელის, რომ გაძლიერდება ერთგვარად მისტიკური რწმენა-წარმოდგენები ე.წ. დიპ სტეიტის ძალასთან თუ ბიძინა ივანიშვილის გადამრჩენლის იმიჯთან დაკავშირებით.
პოლიტიკური სპექტრის სისუსტე და მოუმზადებლობა, არჩილ გამზარდიას აზრით, დღევანდელი პროტესტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან ხალხს ცვლილებების გარდა, იმის ცოდნაც სჭირდება - თუ ვინ და როგორ, რამდენად გარანტირებულად დაიცავს მას, თუკი ხელისუფლება შეიცვლება. "ამ თემაზე ოპოზიციური ამომრჩევლების დიდ ნაწილს პასუხი არა აქვს" - ამბობს გამზარდია.
ის ასევე ფიქრობს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს მნიშვნელოვანი განახლება ესაჭიროება, რადგან, 2024 საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის მიუხედავად - ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მათთან ემოციურ თუ საქმიან ბმაში არ არის და შესაბამისად, არც მათ დაჭერას მოჰყოლია მნიშვნელოვანი პროტესტი.
24 ივნისს, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს, სოციალურ ქსელებში გაიხსენეს, რომ ჯერ მარტო მათ მიერ შექმნილ ბიზნესებში დასაქმებულია ათობით ათასი ადამიანი, რომლებიც ხმას არ იღებენ.
ბიზნესის დუმილი - გზა თვითმკვლელობისკენ?
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე ბიზნესის დუმილში არაერთ კომპონენტს ხედავს, მათ შორის - შიშისა თუ კომფორმიზმის ელემენტებსაც და თვლის, რომ ეს დუმილი თავად საქმიანი წრეებისთვის არის დამაზიანებელი.
“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ფუძემდებლები არიან...[არამხოლოდ მათზე] ზოგადად, ბოლო პერიოდში [“ქართული ოცნების” ხელისუფლების] მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე და კანონებზე - რაც დაამტკიცეს ან გეგმავენ, როცა ამაზე არ ხდება რეაგირება, მე ეს მგონია [საქმიანი წრისთვის] თვითმკვლელობისკენ მიმავალი არცთუ შორი გზა”, - გვეუბნება გიორგი ისაკაძე. ის მაინც მოელის, რომ გარკვეული განცხადებები გაკეთდება.
პროცესები, რომლებიც დღეს საქართველოში ვითარდება, ისაკაძის შეფასებით, კლავს ეკონომიკის ორ ფუძემდებლურ პრინციპს - ნდობასა და განწყობას, რომლებიც აუცილებელია ადგილობრივი ინვესტორებისთვის - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების “პრაქტიკულად არარსებობის პირობებში”. ისაკაძე ემხრობა მოსაზრებას, რომ დღეს მიმდინარე პროცესებს საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს.
ფორუმი