Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა ავტორიტარული ტაქტიკაა - ევროკომისიის სპიკერი საქართველოზე


ევროკომისიის სპიკერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ეხმაურება: „ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა“
ევროკომისიის სპიკერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებას ეხმაურება: „ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა“

ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და ამას „ავტორიტარულ ტაქტიკას“ უწოდებს.

„საქართველო: ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება ეწინააღმდეგება ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს“, - წერს ანიტა ჰიპერი პლატფორმა X-ზე.

„ეს არის ავტორიტარული ტაქტიკა, საპირისპირო იმისა, რაც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება“, - აცხადებს ევროკომისიის სპიკერი.

ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებულები.

  • გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის დღეს, 24 ივნისს დააპატიმრეს.
  • მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს - რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი გუშინ, 23 ივნისს დააპატიმრეს.
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს - შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.
  • ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.

ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.

16 ივნისს ცნობილი გახდა, ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. ის 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მეორედ არიან დაბარებულები ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე - დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად გამოცხადდებიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG