Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჯიან, ვის არა - შეადარეთ მაგალითები


იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით.
იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით.

ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ თვლიან იურისტები, უფლებადამცველები და აქტივისტები, რომ ქვეყანაში მოქმედებს დანაშაულის დასჯის უსამართლო, ფასადური სისტემა, რომელიც აშინებს ხალს და ახშობს პროტესტს.

იურისტები და არამხოლოდ, მიიჩნევენ, რომ უკვე აშკარა გახდა სახელმწიფო პასუხისმგებლობას აკისრებს და სჯის მოქალაქეებს, მაშინ, როდესაც სამართალდამცავების ძალადობას ფარავს.

ერთი სილა = 7 წელს

კანონმდებლობით, დანაშაულად არ ითვლება ისეთი საქციელი, რომელიც, მართალია ფორმალურად შეიცავს კანონით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯილიყო.

იურისტების შეფასებით, იმგვარი სილის გაწნა, რომელსაც არ შეიძლება ტკივილი გამოეწვია, მხოლოდ მცირე მნიშვნელობისაა და ის რაიმე სერიოზულ ზიანს ვერ მიაყენებს ადამიანს.

იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ სილის გაწნა არის შეურაცხყოფა, რაც ისჯება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით და არა სისხლის სამართლის წესით.

მზია ამაღლობელი - ჟურნალისტი

მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი
მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და რედაქტორი, მზია ამაღლობელი ხუთ თვეზე მეტია დაპატიმრებულია. ის პოლიციამ 2025 წლის 12 იანვრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავა. გამოძიება ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჟურნალისტი თავს დაესხა პოლიციელს. ამისთვის მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები თვლიან, რომ მზია ამაღლობელის დისკრიმინაცია ხდება მისი ჟურნალისტურ საქმიანობისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

დაზარალებული პოლიციელი, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე ირწმუნება, რომ ჟურნალისტის სილის გაწვნისას მან „განიცადა ტკივილი“.

2025 წლის იანვრიდან იძიებენ მზია ამაღლობელის მიმართ სამართალდამცავების არასათანადო მოპყრობასაც თუმცა, ამ დრომდე მზია ამაღლობელი არც დაზარალებულად არის ცნობილი და არც პროკურატურას წარუდგენია ბრალი ვინმესთვის.

ზვიად რატიანი - პოეტი

ზვიად რატიანი, პოეტი
ზვიად რატიანი, პოეტი

ამავე მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს რამდენიმე დღის წინ პოეტი ზვიად რატიანი. 25 ივნისს მას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მასაც რუსთაველის გამზირზე, აქციაზე, პოლიციელისთვის სილის გაწვნას ედავება. ზვიად რატიანსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ელის.

ხელისუფლებისადმი ლოიალური მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ზვიად რატიანი ჯერ ელაპარაკება პატრულის თანამშრომელს, შემდეგ ხელს არტყამს და მას იქვე რამდენიმე პოლიციელი აკავებს.

ზვიად რატიანი რამდენიმე თვის წინაც დააკავეს. მაშინ მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა.

ზვიად რატიანი რუსთაველის გამზირზე 2024 წლის 29 ნოემბრის ღამესაც დააკავეს. ის სხვა დემონსტრანტებთან ერთად აპროტესტებდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე შეეჩერებინა ევროინტეგრაციის პროცესი,

დაკავებისას მასზე ჯგუფურად იძალადეს. გაუტეხეს ერთი მალა, ცხვირის ძვალი და ძგიდე, ურტყეს თავსა და მთელ სხეულზე. 2 დეკემბერს ზვიად რატიანს, - რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, - 8-დღით მიუსაჯეს პატიმრობა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მისი ცემის ამსახველი ვიდეო, გამოძიებას დამნაშავე არ უპოვია.

ნინო დათაშვილი - მასწავლებელი

ნინო დათაშვილი, მასწავლებელი
ნინო დათაშვილი, მასწავლებელი

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე, ოღონდ სეკუნდა მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება გამოძიება მასწავლებელ ნინო დათაშვილს. მას ბრალად სდებენ საჯარო მოხელეზე თავდასხმას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ნინო დათაშვილს, ისევე როგორც მზია ამაღლობელსა და ზვიად რატიანს, 4-დან 7 წლამდე ციხე ელის.

ეს ამბავი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდა. იმ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებისა და პროევროპული აქციებისას დაკავებული აქტივისტების მორიგი სასამართლო სხდომა იმართებოდა. ნინო დათაშვილს სხდომაზე უნდოდა შესვლა, თუმცა მანდატურებმა უფლება არ მისცეს.

სასამართლოს დერეფანში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ დგას ნინო დათაშვილი სასამართლოს ფოიეში კედელთან და რამდენიმე მანდატური მის გაყვანას აპირებს. ქალი ცდილობს მოიშოროს ხელები, ყვირის: „ხელი არ მახლოთ“ და იქნევს ხელს, რომელიც ერთ-ერთ მანდატურს ხვდება სახეში. მანდატურები მას მკლავებში ჰკიდებენ ხელს და სასამართლოს ფოიეში მიათრევენ. ქალი ისევ ცდილობს თავის დახსნას და ყვირის: „გამიშვით, მტკივა, ნაოპერაციები ვარ“. მანდატურებს ქალი უხეშად, თრევა-თრევით, სასამართლოს კართან მიჰყავთ და კინწისკვრით აგდებენ გარეთ.

ნინო დათაშვილმა სასამართლოს ეზოდანვე დარეკა 112-ში, ოპერატორს ძალადობის შესახებ შეატყობინა და პოლიციის გამოძახება ითხოვა. თუმცა, მის ზარზე პოლიციას არც იმ დღეს და არ მას შემდეგ არ ჰქონია რეაგირება. პოლიციამ გამოძიება ქალის წინააღმდეგ მანდატურის სამსახურიდან შესული ზარის შემდეგ დაიწყო.

ასობით გამოუძიებელი დანაშაული, რომლებიც სამართალდამცავებმა ჩაიდინეს

იმის პარალელურად, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც გამოძიება სამართალდამცავებისთვის სილის გაწვნას, სამართალდამცავებსა და საჯარო მოხელეებზე თავდასხმას ედავება (მათ ქმედებას იურისტები არა თავდასხმად, არამედ შეურაცხყოფად, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებენ) და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წლობით პატიმრობა ელით, ბოლო თვეებში ასობით ადამიანმა ოფიციალურად ითხოვა გამოძიების დაწყება სამართალდამცავების ჩადენილი დანაშაულებზე და დამნაშავეების დასჯაც მოითხოვა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მათ უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით 343-მა ადამიანმა, მათ შორის, 49 ჟურნალისტმა მიმართა.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 29 ნოემბერი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, 29 ნოემბერი, 2024 წელი

თუმცა, გამოძიების დაწყებიდან თითქმის 7 თვის თავზე, არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.

არ, არის გამოძიებული არც ის საქმეები, სადაც ასობით დემონსტრანტი, რომლებიც ადმინისტრაციული წესით დააკავეს, საუბრობს სხვადასხვა ნივთის, მათ შორის, ტელეფონების, ყურსასმენების, ლეპტოპების, საფულეების, საათების და სხვა პირადი ნივთების ჩამორთმევა/წართმევის შესახებ. ეს ნივთები მათ დღემდე არ დაუბრუნებიათ.

სამართლებრივად, ეს საქციელი, შესაძლოა, ძარცვად ან სამოხელეო დანაშაულად ჩაითვალოს.

ზოგიერთი დემონსტრანტი თავის ტელეფონს, სპეციალური სამეთვალყურეო აპლიკაციის დახმარებით ადევნებდა თვალს და მათ შსს-ს შენობის ტერიტორიაზე ხედავდა.

პარლამენტის უკანა ტერიტორია, 2024 წლის მაისი
პარლამენტის უკანა ტერიტორია, 2024 წლის მაისი

„მე რომ გამაწნა სილა პოლიციელმა, ის სილა არ იყო“?

ამ საქმეების გამოძიების გაჭიანურების ერთ-ერთი საბაბი ის არის, რომ სამართალდამცავები, რომლებიც აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, ნიღბებში იყვნენ და მათი ამოცნობა რთული აღმოჩნდა.

თუმცა, ამ არგუმენტს მაგალითად, აქარწყლებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა ჭალიძის შემთხვევა, რომელსაც პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე სილა გააწნა, არსებობს ამის ამსახველი ვიდეოკადრებიც, თუმცა, თეონა ჭალიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ექვს თვეზე მეტია ელის დაზარალებულის სტატუსს.

„როგორც საქმის პროკურორმა, ისე მისმა ზემდგომმა უარი თქვეს თეონა ჭალიძის დაზარალებულად ცნობაზე, ხოლო როდესაც მათი უარები სასამართლოში გავასაჩივრეთ, სასამართლომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეონა ჭალიძის ადვოკატმა.

ლეონიძეზე, ყველას დასანახად ნაცემი მოქალაქე

ნიღბის გარეშე, ფაქტობრივად, ტელეფონის კამერების წინ გაუსწორდა 2024 წლის 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი პოლიციელი ირაკლი წიგნაძეს. კადრებში, რომლებიც თვითმხილველებმა სხვადასხვა რაკურსით გადაიღეს, კარგად ჩანს იმ ადამიანის სახე, რომელიც მანქანაში მჯდომ ახალგაზრდა კაცს სცემს.

ირაკლი წიგნაძეზე ძალადობის გამოძიებაც დაწყებულია, თუმცა, შედეგი არც ამ შემთხვევაში დამდგარა.

საკანონმდებლო ცვლილებები - კიდევ ერთი ბერკეტი „სამაგალითო დასჯისთვის“

იურისტები და უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოქალაქეების, აქტივისტების, პოლიტიკოსების სამაგალითო დასჯაზე მეტყველებს ბოლო ერთ წელში, აქციებზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ადამიანების საქმეების არათუ გამოძიება, არამედ პირიქით, დაჯარიმებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვების შემთხვევები.

აი, მაგალითად, მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა, რომელსაც პოლიცია ედავებოდა გასული წლის 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.

დავით ქაცარავა, 14 მაისი, 2024 წელი
დავით ქაცარავა, 14 მაისი, 2024 წელი

არადა, იმ დღეს, დაკავებისას, დავით ქაცარავა ისე სცემეს ნიღბიანმა სამართალდამცავებმა, რომ მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა და რამდენიმე დღე გაატარა კლინიკაში. მის ცემაში მონაწილე სამართალდამცავები ნაპოვნი და დასჯილი არ არიან.

ზეწოლის, დაშინებისა და შეუსაბამო სასჯელის ფორმად აფასებენ იურისტები ხელისუფლების მიერ ამოქმედებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებსაც - მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად შერაცხილ ფეისბუკ-პოსტებს.

აი, მაგალითად, 25 ივნისს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმა მოსამართლემ. მას „ქართული ოცნება“ დეპუტატების, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის ფეისბუკის პოსტებით შეურაცხყოფას ედავებოდა.

ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი იყო, რომელსაც გასული წლის გაზაფხულზე, საპროტესტო აქციებისას სამართალდამცავები სასტიკად გაუსწორდნენ. ვინ ცემა პოლიტიკოსი დადგენილი და დასჯილი არ არის.

ლევან ხაბეიშვილი, 1 მაისი, 2024 წელი
ლევან ხაბეიშვილი, 1 მაისი, 2024 წელი

იმავე დღეს სცემეს სპეცრაზმელებმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. გამოძიებას დამნაშავე არც ამ შემთხვევაში გამოუვლენია. მას შემდეგ ალეკო ელისაშვილი არაერთხელ დააჯარიმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ ის მოსამართლემ ფეისბუკის პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმა.

ზუსტად შვიდი თვეა, არ წყდება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და დემონსტრაციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. შვიდი თვის წინ, პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც პარტია აღარ დააყენებს ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე.

„ქართული ოცნება“ დემონსტრანტების შესაზღუდად ამკაცრებს კანონებს, პოლიცია კი აჯარიმებს და აკავებს მოქალაქეებს.

2024 წლის 19 ნოემბერი - 2025 წლის 28 თებერვლის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 1084 ადამიანის მიმართ, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო 486 ადამიანი.

2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, 60-ზე მეტ ადამიანს ემუქრებოდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მათგან 10 დაკავებულია 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციებისას, 52 კი 2024-2025 წლების ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე პროევროპულ აქციებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG