Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტები თოშხუა და შერვაშიძე ექსფეხბრუთელი გოცირიძის საქმეზე პატიმრობაში დატოვეს


დღეს სასამართლოში ჩვენება 37 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბექა გოცირიძემ მისცა და თქვა, რომ ბრალდებულებისადმი „პრეტენზია“ არ აქვს
დღეს სასამართლოში ჩვენება 37 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ბექა გოცირიძემ მისცა და თქვა, რომ ბრალდებულებისადმი „პრეტენზია“ არ აქვს

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციის მონაწილეები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებსაც 1 აგვისტოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან.

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა დღეს, 17 დეკემბერს. თოშხუა და შერვაშიძე 18 აგვისტოს შემდეგ, ოთხი თვეა, პატიმრობაში არიან.

  • მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ ბექა გოცირიძემ განაცხადა, დაკავებულებისადმი პრეტენზია არ აქვს და გაუხარდება, თუ გაათავისუფლებენ.
  • პროკურორმა განაცხადა, რომ გოცირიძის პოზიცია „ახალი“ არ არის და საქმისთვის არაფრის ცვლის.

„ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა“

დღეს სასამართლო სხდომაზე ადვოკატ ომარ ფურცელაძის კითხვებზე პასუხად, ბექა გოცირიძემ სხდომაზე თქვა, რომ არ აქვს ბრალდებულების მიმართ პრეტენზია.

- „პრეტენზია თუ გაქვთ ბრალდებულების მიმართ“?

- „არა“.

- „მათი პატიმრობაც არ გსურთ“?

- „არა“.

- „არც შიშის განცდა გექნებათ. თუ ისინი გარეთ იქნებიან“?

- „არა“.

დემონსტრანტებს ამ დროისთვის ოთხი თვე უკვე აქვთ გატარებული „წინასწარ პატიმრობაში“.

ადვოკატმა ფურცელაძემ ხაზი გაუსვა, რომ გოცირიძის ჩვენებაში რამდენიმე ეპიზოდია, სადაც ის ტკივილზე საუბრობს:

„[ამბობთ, რომ] ხელის მოხვედრით [გქონდათ] ტკივილის განცდა, თავის არეში მუშტის დროს ტკივილის განცდა და დაცემისას... ეს ტკივილი იყო ძლიერი ტკივილი“?

„არა ეგეთი არ ყოფილა... ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე... მეც ვჩხუბობდი“, - უპასუხა გოცირიძემ.

მანამდე პროკურორის კითხვაზე პასუხად, საქმეში დაზარალებულად ცნობილმა გოცირიძემ თქვა, რომ თავს იცავდა.

გოცირიძემ დაკავებულ მინდია შერვაშიძეს მიუსამძიმრა ძმის გარდაცვალება (შერვაშიძე ძმის გასვენებაში ბადრაგებმა მცირე ხნით მიიყვანეს).

ჩვენების მიცემის ბოლოს ბექა გოცირიძემ სასამართლოს მიმართა: „თუ გირაოთი გამოუშვებთ და ახალ წელს სახლში შეხვდებიან, ძალიან გამიხარდება“.

„ვერ დავინახე სინანული“ - პროკურორი

ადვოკატებმა გოცირიძის ჩვენების შემდეგ დააყენეს შუამდგომლობა, საერთოდ გაუქმებულიყო აღკვეთის ღონისძიება.

პროკურორმა ნინო ჟვანიამ განაცხადა, რომ ამას არ ეთანხმებოდა.

„ვერცერთი ბრალდებულისგან ვერ დავინახე სინანულის განცდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვერ აცნობიერებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებისთვის საშიშ ხასიათს... მათი აგრესიული დამოკიდებულების ანარეკლია დამსწრეების აგრესია დაზარალებულის მიმართ“, - განაცხადა მან.

„დაზარალებულმა დაახასიათა, რა ტკივილი განიცადა და დასკვნით სიტყვაში შევაფასებ. ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს, არ არის ახალი გარემოება... მისი შემოყვანა დარბაზში მოხდა აგრესიით და გაყვანა მოხდა აგრესიით... ძალაში დარჩეს პატიმრობა", - განაცხადა პროკურორმა ნინო ჟვანიამ.

„ახალი დანაშაულის საფრთხე“ - მოსამართლე

მოსამართლე ელენე გოგუაძემ განაცხადა, რომ ის, თუ რა თქვა დაზარალებულმა ყურადღებამისაქცევი და შესაფასებელი განაჩენის ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი.

მოსამართლის თქმით, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს, თუმცა არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

„ეს რისკი დღეს არ არის განეიტრალებული... ნუ იცინით, თუ მომისმენთ თქვენც მიხვდებით, რაზე ვსაუბრობ“, - მიმართა მან თორნიკე თოშხუას.

„გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში სასამართლო გაითვალისწინებს დაზარალებულების პოზიციას... ბრალდებულების პოზიციაც... თქვენი [თოშხუას] პოზიცია და ეს გამოჩნდა დაზარალებულთან მიმართებით დაკითხვისას...“

„სასამართლოს მიაჩნია, რომ... დღეის მდგომარეობით შესაძლოა, მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება“, - თქვა მოსამართლე გოგუაძემ.

საქმის გარემოებები და დანა

  • თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ედავება თავდასხმას ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;
  • აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლი არიან;
  • თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
  • აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.


ეს დანა მას დღეს დაკავებულებმა გაახსენეს.

კერძოდ, თორნიკე თოშხუამ ჰკითხა, თუ რაში იყენებს გოცირიძე დანას.

„ვაშლის დასაჭრელად, ხორცის დასაჭრელად“, - თქვა მან.

თოშხუა: „ხორცს მანქანაში ხომ არ ჭრით“?

გოცირიძე: „რატომ არა“.

პროკურორმა ნინო ჟვანიამ გოცირიძეს ჰკითხა, თუ როდის გაახსენდა მას, რომ დანა თან ჰქონდა, რაზე პასუხადაც გოცირიძემ თქვა:

- „როცა ჩვენება მივეცი“

- „სიუჟეტი რომ ნახეთ, მერე“?

- „დიახ“, - უპასუხა გოცირიძემ.

ბექა გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ საჯარო მოსამსახურეა და "თბილსერვისშია" დასაქმებული. ეს სამსახური თბილისის მერიას ექვემდებარება.

დღეს თორნიკე თოშხუას კითხვაზე პასუხად გოცირიძემ თქვა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეები მისთვის „უსამშობლოები და აკაცუკები“ არიან.

თოშხუა და შერვაშიძე ბრალს არ აღიარებენ.

დღევანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საპროცესო შეთანხმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

ორივე მათგანი თავს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად მიიჩნევს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG