„ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურაბ პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ „დიპ სტეიტზე“ იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან „დიპ სტეიტი“, საერთოდ ვერ გავიგე. მაგრამ, ზოგადად, დასანანია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის. როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს, ნუ, ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ ტერმინებს აღარ გავიმეორებ, რაც მან გამოიყენა“, - თქვა კობახიძემ 14 მაისს „იმედის“ ეთერში.
„რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი, აღარ მინდა დეტალებში შევიდე“, - თქვა მან, თუმცა შემდეგ გააგრძელა:
„ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს. გაეროს სისტემაში ორჯერ მეტად არ ხდება ხოლმე ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა“.
„აღარ არის არსებითი“
რადიო თავისუფლების ინფორმირებული წყაროს ცნობით, პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს უჭერდა UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭო; ამასთან, საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვის დაწყებული ჰქონდა პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის მობილიზების პროცესი მაისის ბოლოს კენჭისყრის სამზადისში, თუმცა ეს პროცესი შეწყვიტეს. ამასთან, არსებობდა მოლოდინი, რომ მას კვლავ აირჩევდნენ.
„იმედის“ წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხა: „მას [პოლოლიკაშვილს] არ ექნებოდა მხარდაჭერა, რომც წარგედგინათ?“
„ამაშიც არ მინდა შევიდე. აღარ არის არსებითი“, - უპასუხა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა შევიდე“. მას არ დაუზუსტებია ეს „მიზეზები“, მხოლოდ დასძინა:
„ერთადერთი, ამ მესიჯმა დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით“.
„კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის..."
რამდენიმე საათით ადრე პოლოლიკაშვილის კომენტარი გავრცელდა.
„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება“, - ამბობდა პოლოლიკაშვილი.
„კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს. სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება. გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც „დიპ სტეიტს“ და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, მისწერა მათ პოლოლიკაშვილმა.
„ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ირაკლი კობახიძისთვის „იმედის“ წამყვანებს არ უკითხავთ - და საკუთარი ინიციატივით არც თავად არ უსაუბრია, - რატომ „ემალებოდა“ იგი პოლოლიკაშვილის სამი თვის განმავლობაში, - როგორც ამას UNWTO-ს ხელმძღვანელი ამბობდა, - ან უარყოფდა თუ არა პოლოლიკაშვილის ბრალდებას კომუნიკაციისათვის თავის არიდებაზე.
მანამდე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, - რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, - არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
თავდაპირველად ეს ინფორმაცია 13 მაისს ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა.
რას წერდა ესპანური პრესა
ონლაინგამოცემა ამ ამბავს აფასებს „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ და წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.
„გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო“, - წერდა ასევე გამოცემა.
The Diplomat-ი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით, „გაეროს სისტემაში პრეცედენტი“ დააწესა.
„სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა“, - განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პოლოლიკაშვილისთვის საქართველოს მთავრობის ნდობის შეწყვეტას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთისკენ გადადგმული და საქართველოს ინტერესებისგან დაშორებული კიდევ ერთი ნაბიჯი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლოლიკაშვილის გუნდში რამდენიმე თვის წინ მუშაობა დაიწყო საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩეხეთში, თეა მაისურაძემ. მან დიპლომატიური სამსახური 2024 წლის დეკემბერში დატოვა, საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებისა და თბილისში პროევროპულ, ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეებზე მასობრივი ძალადობის ფონზე.
ფორუმი