ევრობარომეტრი არის საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერია, რომელსაც ევროკომისია რეგულარულად ატარებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში (ზოგჯერ - კანდიდატ ქვეყნებშიც).
საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 18 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდში. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანაში. ჯამში - 26319 ინტერვიუ.
ზოგადად, გამოკითხულთა 56% ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას. მათ შორის 10% „ძლიერ ემხრობა“ გაფართოებას.
გაფართოებას ყველაზე მეტად - 70%-ზე მეტი - შვედეთში, დანიაში, ლიეტუვაში, ფინეთსა და პოლონეთში უჭერენ მხარს. კერძოდ:
- შვედეთი - 79%;
- დანია - 75%;
- ლიეტუვა - 74%;
- ფინეთი - 73%;
- პოლონეთი - 70%.
ბლოკის წევრებს შორის გაფართოებისადმი ყველაზე სკეპტიკურად საფრანგეთსა და ჩეხეთში (43-43%) არიან განწყობილი.
რა წერია საქართველოზე?
გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებს წევრობის კრიტერიუმებს.
მათ შორის 10% მტკიცედ ემხრობა ამ პერსპექტივას.
გამოკითხულთა 43% მოწინააღმდეგეა.
„ძლიერი მოწინააღმდეგე“ არის 16%.
ამასთან, 27-დან ჩვიდმეტია ისეთი წევრი ქვეყანა, რომელთა მოსახლეობის ნახევარზე მეტიც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. მათ შორის ლიდერობენ შვედეთი, ლიეტუვა და ლატვია.
კვლევაში გამოკითხულები პოლიტიკური ორიენტაციის მიხედვითაც არიან დაჯგუფებული. შედეგების თანახმად, საქართველოს ევროინტეგრაციას
- მხარს უჭერს მემარცხენეთა 55% და ეწინააღმდეგება 36%;
- მხარს უჭერს ცენტრისტების 45% და ეწინააღმდეგება მათი ასევე 45%;
- მხარს უჭერს მემარჯვენეთა 41% და ეწინააღმდეგება 51%.
კონტექსტი
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, ქვეყნის ევროინტეგრაცია შეჩერებულია.
ბრიუსელსა და თბილისს შორის ვითარება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ „ოთხი წლით გადაავადა“ ევროინტეგრაციის აუცილებელი პროცედურა - ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგში დაყენება.
ბრიუსელის ბოლოდროინდელი კრიტიკა ძირითადად კვლავ ეხება მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, იმას, რომ საქართველოს მოქმედებები ზოგჯერ სცილდება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს, რაც ვლინდება, მათ შორის, რუსული სტილის „აგენტების კანონისა“ თუ სხვა შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებაში. ამასთან:
- ევროკომისია განიხილავს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის "სერიოზული უკუსვლის" გამო, რეკომენდაციების შესრულების ვადად აგვისტოს ბოლოა დასახელებული.
- ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება.
- საქართველოს მთავრობა ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს "შანტაჟად" აფასებს.
ფორუმი