Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრემიერი, უზბეკეთის, თურქმენეთის და სომხეთის პრეზიდენტები, გაეროს გენ.მდივანი - კობახიძის შეხვედრები თურქმენეთში


ირაკლი კობახიძის შეხვედრები თურქმენეთში გაეროს კონფერენციაზე
ირაკლი კობახიძის შეხვედრები თურქმენეთში გაეროს კონფერენციაზე

ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან მაღალი დონის შეხვედრების შეჩერების ფონზე, ირაკლი კობახიძე, რომელიც თურქმენეთში იმყოფება გაეროს კონფერენციაზე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების შესახებ, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ის შეხვდა ღონისძიების მასპინძლებს, თურქმენეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და უზბეკეთისა და სომხეთის პრეზიდენტებს.

ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო როლზე.

მისივე ცნობით, საქართველოში მოიწვია უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები.

აზერბაიჯანი

კონფერენციაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, მონაწილეობენ სომხეთი და აზერბაიჯანი.

თუმცა ღონისძიებას არ ესწრებიან პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, - ერევნიდან და ბაქოდან თურქმენეთში, კურორტ ავაზაში ჩავიდნენ პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი.

ირაკლი კობახიძემ ორივე მათგანთან გამართა შეხვდრები.

აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედიის ცნობით, ალი ასადოვმა ირაკლი კობახიძეს მოკითხვა გადასცა ილჰამ ალიევისგან, კობახიძემ მას მადლობა გადაუხადა და თავადაც დააბარა ალიევთან მოკითხვა.

შეხვედრის შესახებ ცნობა ირაკლი კობახიძემაც გამოაქვეყნა, თუმცა მის გავრცელებულ მოკლე ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი მოკითხვებზე.

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ალი ასადოვს შეხვდა
ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ალი ასადოვს შეხვდა

ამასთან, მხარეებმა

  • „გამოხატეს კმაყოფილება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არაერთ სფეროში მაღალი დონის სტრატეგიული პარტნიორობისადმი“;
  • „განიხილეს შესაძლებლობები ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტრანზიტის, ენერგეტიკის, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გასაფართოებლად“.

ირაკლი კობახიძის თანახმად, ამ „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტების როლზე“ და „საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მზადყოფნა, დიალოგისა და დიპლომატიის გზით ხელი შეუწყოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“, - წერს ირაკლი კობახიძე.

სომხეთი

სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ „კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას“, ასევე, ადმინისტრაციის ცნობით, „სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს“.

„აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი განცხადება სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, - წერია კობახიძის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

„ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს დიალოგს და ამ გზით რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - წერია განცხადებაში.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

თურქმენეთი

კობახიძე შეხვდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვსაც.

სერდარ ბერდიმუჰამედოვი არის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ვაჟი, რომელიც თურქმენეთს 15 წლის განმავლობაში (2006-2022 წწ.) მართავდა ერთპიროვნულად.

2022 წელს მან შვილს გადააბარა პრეზიდენტობა, თუმცა შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილება და დარჩა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ჰალკ მასლაჰათის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

ირაკლი კობახიძისა და სერდარ ბედიმუჰამედოვის შეხვედრისას, ირაკლი კობახიძის ცნობით, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალზე.

„აღინიშნა ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა და სამხრეთის გაზის დერეფნის შესაძლებლობები ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების კუთხით. შეხვედრისას ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამ მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევის აუცილებლობას“, - წერს ირაკლი კობახიძე.

კობახიძის ცნობითვე, მან თურქმენეთის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში.

უზბეკეთი

ირაკლი კობახიძე ასევე შეხვდა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს.

ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული „პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე, ასევე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს“.

„უზბეკეთის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მოვიწვიე, რომელიც 22-23 ოქტომბერს გაიმართება“, - წერია ირაკლი კობახიძის ფეისბუკის გვერდზე.

გაეროს გენერალური მდივანი

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში შეხვდა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს, ღონისძიების ერთ-ერთ მასპინძელს. შეხვედრაზე მისი მთავრობიდან ასევე იმყოფებოდნენ :

  • ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი;
  • ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

კობახიძის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

  • „აღინიშნა დიალოგის ხელშეწყობისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში მშვიდობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უზრუნველყოფისთვის.
  • ვისაუბრე საქართველოს მთავრობის მიერ რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაზე, ასევე, გაეროს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების, ისევე როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად გატარებულ რეფორმებზე.
  • გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადავუხადე“, - წერს კობახიძე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG