Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გზავნილი რუსეთს? - რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება


სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.
სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო.

„საქართველომ სამხრეთ ოსეთზე უარი თქვა“ - ასეთ სათაურებს წააწყდებით რუსულ მედიაში "ქართული ოცნების" მთავრობის ბოლო გადაწყვეტილების შესაფასებლად.

17 ნოემბერს “ქართული ოცნების” პარლამენტის სპიკერმა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ 18 წლის წინ შექმნილი სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ გამოაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა, ბრიფინგზე თქვა, რომ 2006 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ჩაატარა „არაკონსტიტუციური არჩევნები“, რის შედეგადაც “გამოცხადდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყოო".

პაპუაშვილმა ასე განმარტა: სააკაშვილმა “ხელოვნურად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რომელიც 1990 წელს უკვე გაუქმებული იყო. ამას შემდეგ ერთ-ერთი ხელშემწყობი როლი ჰქონდა 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისთვის და საქართველოს ისტორიული რეგიონის - სამაჩაბლოს - ოკუპაციისთვის“.

რა მოხდა 2006 წელს?

2006 წლის 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის, იმავე ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან ერთად, პარალელურად გაიმართა ორი “საპრეზიდენტო არჩევნები”: ერთ მხარეს რუსეთის მხარდაჭერილი კენჭისყრა, სადაც გამარჯვებულად ედუარდ კოკოითი გამოცხადდა; ალტერნატიულ არჩევნებს ერედვის საარჩევნო კომისია უწევდა ორგანიზებას და იქ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა. ორი პროცესი ერთდროულად, მაგრამ სხვადასხვა ტერიტორიაზე - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, იმის მიხედვით, ვინ რას აკონტროლებდა. კრემლმა ალტერნატიული არჩევნები თბილისის მიერ „ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის მცდელობად შეაფასა.

სწორედ ამ არჩევნებზე დაყრდნობით შექმნა სააკაშვილმა 2007 წლის მაისში სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია, რომლის ხელმძღვანელი გახდა დიმიტრი სანაკოევი. ადმინისტრაცია თავდაპირველად ცხინვალის რეგიონის სოფელ ქურთაში განლაგდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისში გადავიდა. 2022 წელს სანაკოევი გადადგა, მისი ადგილი თამაზ ბესტაევმა დაიკავა. ადმინისტრაციას საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებდა, ისევე როგორც აფხაზეთის დევნილ მთავრობას.

პაპუაშვილმა თქვა, რომ „ცხინვალის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება“ ახალგორის, ქურთის, ტიგვასა და ერედვის მუნიციპალიტეტები 2006 წელს არჩეული ადმინისტრაციააო.

„აქედან გამომდინარე, ისინი საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური სისტემის ერთადერთი კანონიერ გაგრძელებად უნდა ჩაითვალონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

2006 წელს ამ მუნიციპალიტეტებში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ადგილობრივ არჩევნები ჩატარდა, ანუ არჩეული ადმინისტრაციები საქართველოს თვითმმართველობის სტრუქტურის ნაწილია.

„მაშინ ისინი ადგილზე იყვნენ არჩეული, როდესაც ამ ტერიტორიებს ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებდით. შემდეგ ისინი იქიდან გააძევეს და დღეს დევნილობაში არსებობენ, როგორც ლეგიტიმური სტრუქტურები“, - განმარტავს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობაც ხაზს უსვამს, რომ ტერმინის „სამხრეთი ოსეთი“ გამოყენებაც კი ეწინააღმდეგება მასთან დაკავშირებით არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას - არაღიარების პრინციპს, რომლის განმტკიცებასაც, როგორც აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“, ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ.

„არანაირი "სამხრეთი ოსეთი" ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს“, - თქვა პაპუაშვილმა.

ადმინისტრაციის გაუქმებაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს

ადმინისტრაციის შესაძლო ლიკვიდაციაზე საუბარი ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, თუმცა კონკრეტული არაფერი მოჰყოლია. 2025 წლის ოქტომბერში, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პარალელურად, საკითხს ისევ დაუბრუნდა “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური. კობახიძემ თქვა, რომ 2006 წლიდან სააკაშვილის რეჟიმის მიერ მიზანმიმართულად წარმოებულ პროცესებს ის ნაბიჯები მოჰყვა, რომლებმაც 2008 წლის ომი გამოიწვიაო და მათ შორის დროებითი ადმინისტრაციის შექმნაც დაასახელა.

„2006 წელს სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაგეგმილი პროცესების საფუძველზე ჩატარდა ალტერნატიული, სეპარატისტული არჩევნები. 2006 წელს მაშინ კოკოითი იყო დე ფაქტო პრეზიდენტი, საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილის რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში ჩაატარა ალტერნატიული არჩევნები, სადაც აირჩა არაკონსტიტუციურად სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ანუ საქართველოს ხელისუფლებამ დააორგანიზა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არ არის ღალატი? ჯერ სამხრეთ ოსეთი არ არსებობდა, ოლქი გაუქმებული იყო, ეს სახელწოდება საერთოდ არ არსებობდა, არ აღიარებდა ჩვენი სახელმწიფო და, მით უმეტეს, იქ პრეზიდენტზე საუბარი როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო? ეს არ იყო ავანტიურა, ეს იყო ჩვეულებრივი უხეში ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ, როდესაც თავისივე ორგანიზებული არჩევნების საფუძველზე აირჩია სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი. ეს არ არის ღალატი?“ - განაცხადა კობახიძემ პროსახელისუფლებო ტელევიზიის გადაცემა „იმედი LIVE-ში“ ოქტომბრის ბოლოს. ის სანაკოევის არჩევას გულისხმობდა.

„2007 წელს კი შეიქმნა დროებითი ადმინისტრაცია - არა მხოლოდ “პრეზიდენტი”, არამედ “მთავრობაც მინისტრებით” და ა.შ.“ - დაამატა მან.

„ეხო კავკაზამ“ კომენტარი სანაკოევსაც სთხოვა, თუმცა მან მოკლედ უპასუხა: „ჯერ არა“.

ექსპერტების შეფასებები

კონფლიქტოლოგი და ყოფილ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამას ლოგიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს, განსაკუთრებით წულუკიანის კომისიის მუშაობის შემდეგ. მისი თქმით, იმთავითვე მყიფე ნიადაგზე შექმნილი სტრუქტურა, „ქართულ ოცნებას“, რომლებიც უკვე წლებია ხელისუფლებაში, უფრო ადრეც კი უნდა გაეუქმებინაო.

„აფხაზეთის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ეს სტრუქტურა ხელოვნურად შეიქმნა. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩატარდა არჩევნები, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა. რატომღაც გადაწყდა, პარალელურად კიდევ ერთი კვაზიარჩევნები ჩაეტარებინათ, რომელსაც არც კონსტიტუციასთან ჰქონდათ კავშირი და არც კანონთან. ეს თავისთავად დარღვევა იყო. ფაქტობრივად, ორი უკანონო კენჭისყრა მოხდა: ერთი ცხინვალში, მეორე მის ფარგლებს გარეთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ზურაბ ბენდიანიშვილი კი ამბობს, რომ ადმინისტრაცია თავიდანვე დროებითად იყო ჩაფიქრებული.

ზურაბ ბენდიანიშვილი
ზურაბ ბენდიანიშვილი

„ეს უკვე სახელწოდებიდანაც ჩანს - „დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია“. ის ტერიტორიის მართვისთვის იყო შექმნილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე კონტროლი დაიკარგა, ასეთი ორგანოს არსებობა საჭირო აღარ იყო“, - ამბობს ის.

ზაქარეიშვილის თქმით, საკვანძო პრობლემა აქ ისაა, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ცდილობს თავად ტერმინ „სამხრეთ ოსეთის“ გაქრობას, რაც რუსეთისთვის გარკვეული სიგნალია.

„ცხადია, ამით მესიჯს უგზავნიან რუსეთს: რაც გნებავთ, ის გააკეთეთ როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში. მე [თბილისს] აღარ მეხება ეს. ვწყვეტ ყველანაირ კავშირს ოსურ მხარესთან. ყველაფერს ვაკეთებ, რომ საერთოდ აღარ დამელაპარაკონ. ამას ამბობს თბილისი ამ გადაწყვეტილებით“.

ზაქარეიშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებს:

„ტერმინი “სამხრეთი ოსეთი” მხოლოდ ამ სტრუქტურის შექმნის დოკუმენტებში არ ფიგურირებს. ის მოხსენიებულია ჰააგის გადაწყვეტილებებში, სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტებში, მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიან გეგმაში, ჟვანია-კოკოითის 2004 წლის მემორანდუმში, 1992 წლის დათქმების შემდეგ შექმნილ ყველა საერთაშორისო დოკუმენტში. მხოლოდ ქართულ ოფიციალურ დოკუმენტებში არ გვხვდება. …ამ სახელწოდების გაქრობით თემას მთლიანად ვკეტავთ. და აღარავინ დაჯდება შენთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს ან უდიდესი სიბრიყვეა, ან ძალიან გააზრებული მავნებლობა - პლატფორმის განადგურება, რომელზეც ქართულ-ოსური დიალოგის დაწყების თუნდაც მინიმალური საფუძველი შეიძლება შექმნილიყო“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი და არ გამორიცხავს, რომ მსგავს ნაბიჯი შესაძლოა აფხაზეთთან მიმართებაშიც ვიხილოთ, თუმცა აღნიშნავს, რომ იქ სიტუაცია ბევრად რთულად ასახსნელი იქნება.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

„აფხაზეთის შემთხვევაში არსებობს ავტონომიური რესპუბლიკა, ადმინისტრაცია, რომელიც 1991 წლის არჩევნებით არის შექმნილი. მაშინ მთლიანად კანონიერად არჩეული უმაღლესი საბჭო არსებობდა. მართალია, დღეს მათ იურიდიული ლეგიტიმაცია არ გააჩნიათ, მაგრამ პოლიტიკური კი. ეს სხვაგვარი ისტორიული საფუძველია, ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, თუმცა, თეორიულად, გამორიცხული არც ეს არის“, - ამბობს ის.

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდიაც ეთანხმება, რომ იმავე ლოგიკით შესაძლოა, აფხაზეთის მთავრობის გაუქმებაც დაიწყოს. მისი თქმით, ქვეყანა რისკავს დარჩეს მხოლოდ „ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმის“, პირისპირ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში „სამ ნაწილად დაშლის“ საფრთხეს შექმნის და სამივეს რუსეთი გააკონტროლებს.

აქუბარდია დროებითი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების მიზეზად არა რუსეთისთვის გაგზავნილ სიგნალს, არამედ რუსეთიდან მიღებულ მესიჯს ასახელებს:

თეონა აქუბარდია
თეონა აქუბარდია

„ამ გადაწყვეტილებით სრულდება რუსეთის მოთხოვნა ამ უწყების გაუქმების შესახებ და ჟენევის დისკუსიებში რჩება მხოლოდ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ამ დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გარეშე.

შეიძლება ბევრმა არც იცის, თუმცა 2008 წლის რუსული ოკუპაციის და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდგომ შექმნილ ჟენევის დისკუსიებში ქართულ მხრიდან არამხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, არამედ სწორედ ამ გასაუქმებელი დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც ესწრებოდა“, - დაწერა აქუბარდიამ ფეისბუკზე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თამაზ ბესტაევი 11-12 ნოემბერს გამართულ ჟენევის დისკუსიის 65-ე რაუნდის შეხვედრაშიც მონაწილეობდა, ამბობს ის. ბესტაევი 65-ე რაუნდის მოსამზადებელი სხდომის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თანდართულ ფოტოზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გვერდით ზის.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2025 წლის 16 ოქტომბერი
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2025 წლის 16 ოქტომბერი

„აღიქვით ახალი რეალობა“ - რეაქცია ცხინვალში

ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ დააყოვნა, და გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ლიდერთა რიტორიკა, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომ წინა ხელისუფლების ქმედებებმა „სეპარატისტული პროცესების ირიბი ლეგიტიმაცია“ წაახალისა და „სახელმწიფო ინტერესები“ დააზიანა.

„ბოლო წლებში საქართველოს ხელმძღვანელობის მიდგომებსა და რიტორიკაში არსებითი ცვლილება არ შეიმჩნევა. მიუხედავად თბილისის გარკვეული შერიგების ტონისა, კვლავ ვხედავთ დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და გამორჩეულად გამწვავებული პოლიტიკურ-პოლემიკური შეფასებების გამოყენებას, რაც უფრო მეტად ასახავს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG