Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ ჯერ ისევ აქ ვართ“ - ლორენა ბერიას პროტესტი


ლორენა ბერია ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე
ლორენა ბერია ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე

2024 წლის 28 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა, თბილისში საპროტესტო აქციები ყოველდღიურობა გახდა. მათ შორის, ვინც რუსთველის გამზირზე გამოდის, არის 32 წლის აქტივისტი ლორენა ბერია, სოხუმში დაბადებული და ორ ომს შორის გაზრდილი. გასულ კვირას ის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, მაშინ, როდესაც ცდილობდა, ინსულტგადატანილ კაცს დახმარებოდა.

„დღეს დამაკავებენ“

„ფრთხილად! ეი! ცუდად არის! გთხოვთ! ინსულტი აქვს! ფრთხილად, გთხოვთ! ამ კაცს ტროტუარზე მე თვითონ გავიყვან, გთხოვთ! ცუდად არის!“ - უყვირის ლორენა ბერია პოლიციელებს, რომლებიც გადაკეტილი რუსთველის გამზირზე კაცს აკავებენ.

ამ დროს მისი ტელეფონის კამერა ჩართულია: ჩანს ათობით პოლიციელი, ტროტუარზე დაცემული კაცი და ალიაქოთი. რამდენიმე წამის შემდეგ, გამოსახულება ითიშება, მხოლოდ ხმა ისმის: „ტელეფონი, ტელეფონი...“ ამ მომენტში პოლიციელებმა ლორენას უკვე გამოსტაცეს მობილური ტელეფონი და დააკავეს.

22 ოქტომბერი იყო - დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსთველის გამზირი მხოლოდ ათი-თხუთმეტი წუთით გადაიკეტა. ეს საკმარისი აღმოჩნდა ოცდაათამდე ადამიანის დასაკავებლად. მათ შორის იყო ლორენაც, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების განუყოფელი ნაწილი გახდა.

ლორენას პირველად 2023 წლის ზამთარში შევხვდი, თბილისში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების მიტინგზე. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მან მიკროფონი აიღო და შეკრებილებს რუსი ოპოზიციონერი ლიდერის თხუთმეტი წლის წინ ნათქვამი სიტყვები შეახსენა - „მღრღნელების“ (2028 წელს ნავალნიმ ქართველებს „გრუზინების“ ანალოგიით „გრიზუნები“, რუსულად მღრღნელები, უწოდა) და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ. ლორენა წარმოშობით სოხუმიდანაა.

ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ლორენა ჰყვებოდა, თუ როგორ ამოიცნო სამი რუსი მედიაპროპაგანდისტი და აიძულა ისინი, გასცლოდნენ რუსთაველს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ ხშირად ვხედავდი - ბარიკადებზე, პარლამენტის კიბეებზე, წვიმაში, იმ სტუდენტების რიგებში, რომლებიც ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ. ის ყოველთვის წინა ხაზზე იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან კამათში ერთვებოდა; პოლიციელები მას სახელითა და გვარით იცნობდნენ.

ყველა ჩვენი საუბარი ერთნაირად მთავრდებოდა, ვეკითხებოდი: „მაინც როგორ არ დაგაკავეს აქამდე?“ ლორენა ხუმრობით მპასუხობდა: „ალბათ ჩემთან საქმის დაჭერა არ უნდათ“.

22 ოქტომბერს ლორენა დააკავეს. იმ დღეს საპროტესტო აქციაზე ის საღამოს ექვს საათზე მივიდა. პარლამენტის შენობის მახლობლად, სკამზე ჩამოჯდა, ზურგით გზისკენ. ხმაურით მიხვდა, რომ გამზირზე მოძრაობა მოულოდნელად ადრე შეწყდა. გზაზე რამდენიმე ადამიანი დამდგარიყო. პოლიციის მანქანაში ჩართული მეგაფონი გზის გათავისუფლებას მოითხოვა, მაგრამ არავინ იძვროდა.

„მე იქვე მდგომ ჟურნალისტებს ვუთხარი: გული მიგრძნობს, დღევანდელი დღე ცუდად დასრულდება - დამაკავებენ“, - იხსენებს ლორენა.

რამდენიმე წუთის შემდეგ, უცნობი ქალი პოლიციის მანქანაზე ავიდა - მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 48 წლის თამარ ლორთქიფანიძე იყო. მან თქვა: „მზიასთვის!“ და მანქანის სახურავზე გადავიდა. ის დააკავეს და ბრალი წაუყენეს ძალადობისთვის (ვითომდა ტაქსის მძღოლს სახეში ჩაარტყა) და პოლიციის მანქანაზე თავდასხმისთვის. ქალს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამ სცენამ აიძულა ლორენა, პირველად გადასულიყო გზაზე. ის ამბობს, რომ ინსტინქტურად მოქმედებდა: „შემეშინდა, რომ ვინმეს სახურავიდან არ ჩამოეგდო და, ღმერთმა ნუ ქნას, ძირს არ დავარდნილიყო.“ როდესაც ლორთქიფანიძე ჩამოვიდა, ლორენა ტროტუარზე დაბრუნდა და იქიდან გააგრძელა ყურება.

იმ საღამოსვე ლორენა გზაზე მეორედ იმიტომ გადავიდა, რომ დახმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცს, 52 წლის იოსებ ხეოშვილს.

„დაკავებამდე ის იქ იდგა, გულთან ხელი ჰქონდა მიდებული. კორსიზი შევთავაზე, მაგრამ არ გამომართვა. ვიცოდი, რომ ინსულტი ჰქონდა გადატანილი, პოლიციელებს ვეხვეწებოდი, მე გადავიყვან ტროტუარზე-მეთქი“.

მაგრამ ლორენა დააკავეს და კაცის ფეხსაცმელი, რომელიც მას დაკავებისას გასძვრა, ტროტუარზე დარჩა.

ძილი, საქართველოს ჰიმნი და „ოლე, ოლა“

შეკრების თავისუფლების შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული ახალი კანონების თანახმად, გზის გადაკეტვა ჯარიმის ნაცვლად 15-დღიანი პატიმრობით ისჯება. განმეორებით - უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ლორენას ხელბორკილები დაადეს, საათი და სასტვენი მოხსნეს, სიგარეტი ჩამოართვეს და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

„ფოტო გადამიღეს სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზების ფონზე. სიცილი წამსკდა. მკითხეს, რა გაცინებსო? ვუპასუხე: „თავს ფილმში მგონია“, - იხსენებს ის.

საკანი პატარა იყო: ორი ორსართულიანი საწოლი, მაგიდა, პატარა ფანჯარა და ორი 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის კამერა.

მეორე დილით ლორენა სასამართლოში წაიყვანეს. ბრალდების თანახმად, მან გზა ერთი საათით გადაკეტა. ბრალდების მხარემ სასამართლოში უწყვეტი ვიდეომტკიცებულება არ წარადგინა. მოსამართლეს მხოლოდ ვიდეოს ფრაგმენტები აჩვენეს, სადაც ლორენა სხვადასხვა დროს გზაზე დგას. მოსამართლემ ამისთვის მას ოთხი დღით პატიმრობა მიუსაჯა.

ლორენა იზოლატორში დააბრუნეს. ახალი, N5 საკანი უფრო განიერი ჩანდა. საკანში ჩაით გაუმასპინძლდნენ, ახალი დაკავების ამბები დააწიეს. წიგნებს კითხულობდნენ, საქართველოს ჰიმნსა და „ოლე, ოლას“ მღეროდნენ.

სიმღერა „ოლე, ოლა“ არაოფიციალურ ანტისამთავრობო ჰიმნად იქცა. მისი ტექსტი „ქართული ოცნების“ პარტიას შეურაცხყოფს და ხშირად ისმის საპროტესტო აქციებზე. პარტიის წევრებს ეს სიმღერა ძალიან აბრაზებთ. ადრე ამის გამო შემსრულებლებს რამდენჯერმე უცნობები დაესხნენ თავს.

„როგორც ჩანს, ჩვენი ჯგუფიდან ყველა იქ [იზოლატორში - რ.თ.] იყო. როდესაც დედაჩემთან დასარეკად გავედი, ვიღაც „ოლე, ოლას“ მღეროდა. ძალიან გამიხარდა. მგონი, ლევან ჯობავა იყო“.

დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლებმა ლორენას მეტსახელად „პატარა ლავრენტი“ შეარქვეს.

„მითხრეს, მეტი აქ აღარ დაგინახოთო!“ - სიცილით იხსენებს ლორენა.

იზოლატორში გატარებული ეს ოთხი დღე მისთვის მოულოდნელი შესვენება გამოდგა.

„ცხოვრებაში ამდენი არასდროს მიძინია. სოციალური ქსელებისგანაც დავისვენე. მაგრამ სულ იმაზე მეფიქრებოდა, ნეტა, კიდევ ვინ დააკავეს, რამდენი მიუსაჯეს. ეს წუხილი არსად გამქრალა. ისე, კი დავისვენე და განახლებული ძალებით ვბრუნდები რუსთაველზე, მაგრამ ახლა გზაზე დგომას უკვე ვერ შევძლებ“.

  • - იმიტომ, რომ ახლა გეშინიათ, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრან?
  • - შიში არ მაქვს. უბრალოდ ვფიქრობ, რომ პროტესტის ფორმა უნდა შევცვალოთ. მესმის, რომ იმ ბიჭებისთვის, რომლებიც ნოემბრიდან ციხეში სხედან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველი დაიკეტოს. მაგრამ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რათა მათ [პოლიციას და ხელისუფლებას] აღარ მისცენ საბაბი [დაკავებისთვის].


როდესაც ლორენას დროებითი დაკავების ვადა ამოიწურა, იზოლატორი მან დატოვა ლეოპარდის ორნამენტიანი ჩუსტებით, რომლებიც მეგობრებმა გაუგზავნეს. მათ კარგად იციან, რომ ის „არ არის ყველაზე ნაზი ადამიანი დედამიწაზე“. იმისათვის, რომ გათავისუფლებული მეგობრის რისხვა თავიდან აეცილებინათ, ლორენას ყავით ხელში დახვდნენ.

დაბრუნება სამშობლოში და პროტესტზე

ლორენას ისტორია ერთ რიგითი დაკავების ქრონიკაზე მეტია. ის იმ თაობის ნაწილია, რომელიც ომსა და სახლის ძიებაში გაიზარდა. ლორენა 1993 წელს სოხუმში დაიბადა. დაბადებიდან ოთხი თვის შემდეგ ქალაქი დაეცა. დედამისმა 14 დღის განმავლობაში ჭუბერის უღელტეხილი ბავშვით ხელში გადაიარა. ოჯახი მოგვიანებით აღმოჩნდა რუსეთში, სადაც ლორენამ თხუთმეტი წელი გაატარა.

2008 წლის აგვისტოში ლორენა სენაკში იყო, როდესაც პირველად გაიგო რუსული საჰაერო დარტყმების ხმა.

„აფხაზეთი არ მახსოვს, ოთხი თვის ვიყავი, მაგრამ სენაკში დაბომბვის დაწყებისას ვიკითხე: „ეს ვინ არიან?“ და როდესაც მიპასუხეს: „ისევ რუსეთი“, ყველაფერი დალაგდა. დედაჩემს დავურეკე, რომელიც იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა და ვუთხარი: „მორჩა, საქართველოში გადავდივართ [საცხოვრებლად].“

ასე დაბრუნდა ლორენა საქართველოში - ამჯერად მას გააზრებული ჰქონდა თავისი საქციელი და დარწმუნებული იყო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. ეს მისი პროტესტის პირველი გამოვლინება იყო. შემდეგ დადგა 2023 წლის გაზაფხული და პირველი კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ. ლორენამ პირდაპირი პარალელები დაინახა იმ რუსეთთან, რომელშიც ცხოვრობდა.

„რუსეთიდან მახსოვდა ეს სულელური კანონები. და იგივე იწყებოდა აქაც. ვიფიქრე: „როგორ, კაცო?! შანსი არ არის, რომ ამას დავუშვებთ.“ და, მგონი, სწორედ მაშინ სრულად ჩავერთე ამ ყველაფერში“.

მას შემდეგ, მას თითქმის არცერთი საპროტესტო აქცია არ გამოუტოვებია. ყველა იცნობს - ჟურნალისტები, სტუდენტები და პოლიტიკოსები.

„თუ ვინმეს დააკავებენ, მაინც გავიქცევი; ვიცი როგორიც ვარ. აი, ასეთი ვარ. დედაჩემი ამისთვის მზადაა. მე ყოველთვის ვეუბნები: ძლიერი უნდა იყო. მე ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად ვარ“, - ამბობს ის.

როდესაც ვეკითხები, რად გიღირს ეს ყველაფერი, ლორენა მპასუხობს:

„ნორმალურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. რუსეთში ცხოვრება რომ მინდოდეს, რუსული კანონმდებლობის შესაბამისად, ალბათ აქ არ დავბრუნდებოდი, არა? მინდა ევროპის ნაწილი ვიყო“.

ჩვენი საუბრის ბოლოს ლორენა მისთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტს იხსენებს. 22 ოქტომბერს, როდესაც მისი სასამართლო პროცესი დასრულდა, დერეფანში პოლიციელები მორიგეობდნენ. ისინი ოპოზიციურ არხებზე ახალ ამბებს უყურებდნენ.

„გამოსახულებას ვერ ვხედავდი, მაგრამ მესმოდა, თითქოს გადმოსცემდნენ, რომ ხალხის დიდი ტალღა მიდიოდა რუსთაველზე. შესაბამისი ხმაური, სტვენა მესმოდა. პოლიციელს ვკითხე: „რა, რუსთაველი დაკეტილია?“ ერთ-ერთმა მიპასუხა მკვახედ: „დიახ“. და ისევ კითხვა დავუბრუნე: „მაშ, ბევრი ხალხია, ხო, იქ?“ აღარაფერი უპასუხიათ. გავიფიქრე: აი, ასე. ჩვენ ჯერ ისევ აქ ვართ.“

XS
SM
MD
LG