მამუკა ფიფია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ ზახაროვას ესაუბრა საქართველო-რუსეთს შორის არსებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ჩანაცვლების საჭიროებაზე „მინსკის ფორმატით“, რაზეც ზახაროვამ უპასუხა, რომ „არსებობს ეს მოსაზრებაც“.
იგი ზახაროვას შეხვდა მაშინ, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორი პოდკასტის ჩასაწერად მივიდა „სახალხო ერთობის კლუბის“ წარმომადგენლებთან „მთავრობის პროპაგანდისტულ მედია „ტასში“.
ეს არის ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთის პროპაგანდისტებთან ერთად ირიცხებიან უცხოელი „ექსპერტები“, მათ შორის სკოტ რიტერი და ჯეფრი საქსი, - რომლებიც გამოირჩევიან ანტიდასავლური პოზიციებით.
განახლება: „მსგავსი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებამ და რადიო თავისუფლება „ყალბი ამბის“ გავრცელებაში დაადანაშაულა.
რას შეეხო ფიფია-ზახაროვას მოკლე საუბარი
„ჩვენ მასთან განვიხილეთ ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება, - რადგან ამ მიმართულებით რამდენიმე წელია არაფერი ხდება“, - განუცხადა მამუკა ფიფიამ „ეხო კავკაზას“.
- „ჟენევის ფორმატი“ - ანუ „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები“ - წლების განმავლობაში იყო ერთადერთი ფორმატი, რომელშიც რუსეთი და საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ ხვდებოდნენ ერთმანეთს.
- ფორმატში მოსკოვი და თბილისი ევროკავშირის, აშშ-ის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საუბრობენ.
- რუსეთის ფედერაცია 2022 წლიდან ითხოვს ფორმატის ცვლილებას;
- ინიციატივას მხარს უჭერენ სოხუმსა და ცხინვალშიც და მოლაპარაკებების სასურველ ადგილად მინსკს ან ნაირობის ასახელებენ.
- გაერო, ეუთო და ევროკავშირი ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანას არ ემხრობიან.
„მე მას [ზახაროვას] ვუთხარი, რომ შვეიცარია აღარ არის ნეიტრალური ქვეყანა და არ შეუძლია ჩვენს ქვეყნებს შორის შუამავლობა. ეს არაერთხელ მითქვამს ჩემს ყველა გადაცემაში“, - ამბობს ფიფია.
„ჩვენ უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ხდება ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოხდეს“, - უთხრა ფიფიამ "ეხო კავკაზას", თუმცა არ დაუზუსტებია, „ისეთ რაღაცებში“ რას გულისხმობს. მხოლოდ დასძინა: „ჩვენ დავკარგავთ ყველა შანსს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის“.
ფიფიას მონათხრობის თანახმად, პასუხად მარია ზახაროვამ თქვა, რომ ამ საკითხს განიხილავენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და მისი მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომ „არსებობს ეს მოსაზრებაც“ და „ვნახოთ, რა მოხდება“.
„მე კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ მინსკის ფორმატი ახლა ჩვენთვის შესაფერისი იქნებოდა“, - თქვა ფიფიამ.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ ჟენევის ფორმატი მკვდრადშობილი იყო და უკეთესი იქნებოდა მისი მინსკში გადატანა. ზოგადად, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა ყველა შეხვედრის ჩატარება თბილისში, ცხინვალში, სოხუმსა და მოსკოვში“, - უპასუხა ფიფიამ "ეხო კავკაზას".
„ლუკაშენკა ახლა რთულ მდგომარეობაშია - აღიარებს ამას თუ არა. ის ამჟამად შიდა ბრძოლაშია ჩაფლული. ამიტომ, მოლაპარაკებების მინსკში გადატანა ჩვენთვის კარგია. რუსები და შვეიცარია ჩვენთვის არაფერს კარგს ან სასარგებლოს არ გააკეთებენ. და ბელარუსის პრეზიდენტი ჩვენი მოკავშირეა, კარგი გაგებით; ცხადია, რომ ის საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუმცა ის მაინც იცავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის იდეას“, - ამბობს ფიფია.
- მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერებისა და „ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევის შემდეგ.
- გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა, ხოლო მიმდინარე წლის თებერვალში ყაველაშვილმა ლუკაშენკას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მიულოცა.
- ლუკაშენკამ ასევე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიარებს, გამარჯვების დღე, ხოლო პრემიერ-მინისტრს - 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წარმატებით ჩატარება.
- 2025 წლის 25 სექტემბერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა ბელარუს კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს.
- „ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩვენი ქვეყნისთვის! ქალბატონო მაკა, აწი თქვენც იცით, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს... თუ ჩემი არ გჯეროდათ, პირადად მოისმინეთ ყველაფერი“, - დაწერა ფიფიამ 25 სექტემბერსვე.
„სახალხო ერთობის კლუბი“
პოდკასტი, რომლის ჩაწერისთვის მისულ ზახაროვასაც შეხვდა მამუკა ფიფია, ჩაიწერა რუსეთის „საერთაშორისო სახალხო ერთობის კლუბში“ - რომელიც მთავრობის პროპაგანდისტულ „ტასთან“ თანამშრომლობს.
18 ოქტომბერს ფიფიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც ის კულისებიდან იღებს და რომელზეც ჩანს, როგორ წერენ ზახაროვასთან ინტერვიუს ლარი ჯონსონი, ალექსანდრ კაზაკოვი და ენდრიუ ნაპოლიტანო. „ველი ჩემს რიგს“, - წერს ფიფია.
„სახალხო ერთობის კლუბი“ არის ფონდი, რომლის ორგანიზებული ინტერვიუდან 2025 წლის აპრილშიც გავრცელდა ამავე პარტიის წარმომადგენლების სიტყვები, რომ „დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას აიძულებდა“ და „რუსეთი იყო, არის და იქნება უსაფრთხოების გარანტი რეგიონში“. ეს ამონარიდები რუსულმა მედიამაც გააშუქა.
კლუბი მადლობას უხდის რამდენიმე უცხოელს „უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის“ მხარდაჭერის გამო - ეს დეკლარაცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უჭერს მხარს.
მადლობის ადრესატებს შორის არიან:
- მამუკა ფიფია - პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“, საერთაშორისო მდივანი; „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრი;
- სკოტ რიტერი - გაეროს შეიარაღების ყოფილი ექსპერტი, რომელიც წლებია რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიების საყვარელი ექსპერტია;
- ლარი ჯონსონი - CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი, რომელსაც ასევე ხშირად ციტირებს რუსული სამთავრობო პროპაგანდა; ის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში ნატოსა და უკრაინას ადანაშაულებს;
- ჯეფრი საქსი - კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც რუსეთის აგრესიაში ნატოს ადანაშაულებს; გარდა რუსეთის სამთავრობო მედიისა, ის ხშირად არის ჩინეთის სამთავრობო მედიის, CGTN-ის სტუმარი.
რუსეთის საგარეო უწყების გამოხმაურება
მოგვიანებით, 21 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ გავრცელებულ ინფორმაციას ზახაროვასა და ფიფიას საუბრის შესახებ და მას „შემოგდებული“ და „ყალბი ამბავი“ უწოდა.
„მსგავსი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
თუმცა საგარეო უწყების იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი, „სოხუმთან და ცხინვალთან ერთად, მხარს უჭერს შეხვედრების ჟენევიდან სხვა ისეთ ადგილას გადატანას, რომელიც ნამდვილად ნეიტრალური და მოლაპარაკებების ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება“.
რადიო თავისუფლება რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ არის გამოცხადებული, - სხვა არაერთ დამოუკიდებელ მედიასთან და უფლებადამცველ ჯგუფებთან ერთად.
„სოლიდარობა მშვიდობისთვის“ - მოკლე დოსიე
პარტიას, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, ჯერჯერობით არცერთ არჩევნებში არ მიუღია მონაწილეობა.
ის ითხოვს „ახალი გეორგიევსკის“ დადებას რუსეთის ფედერაციასთან.
- მისი თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი საქართველოს დამოუკიდებლობას „შეცდომად“ და „დამღუპველად“ მიიჩნევს;
- მამუკა ფიფიამ ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა რუსეთის კურსკის ოლქში მას შემდეგ, რაც იქ უკრაინის არმიის ნაწილები შეიჭრნენ;
- პარტიის წევრებს მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის მოლაპარაკებებში;
- მამუკა ფიფიას ახლო მეგობარია ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი, აშშ-ის მთავრობის სიტყვებით, „რუს-ქართველი ოლიგარქი“, რომელსაც ბრიტანეთისგან და აშშ-სგან სანქციები აქვს დაწესებული; ფარცხალაძეს ასევე ასახელებენ „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად;
- 2025 წლის 17 ოქტომბერს ფარცხალაძის (ყოფილი გენერალური პროკურორის), ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და მათი გარემოცვის სახლები გაჩხრიკეს.
- ფარცხალაძის მეგობარია ასევე მერაბ ჭიქაშვილი, რომელიც ამავე პარტიის თავმჯდომარე იყო 2024 წლის აპრილამდე; ამჟამად ის არის პარტიასთან აფილირებული ტელევიზიის, „სოლიდარობა სამყაროსთვის“ (წარსულში მასაც „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ერქვა) დირექტორი;
- პარტიის ლიდერებთან ერთად ხშირად ჩნდება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის დის ქმარი პაატა აბულაძე, - რომელიც „ოცნების“ წევრია;
- აბულაძე, ფიფია და სხვები 2025 წლის სექტემბერში შეხვდნენ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურს, დენის პუშილინს; პუშილინმა მათ უკრაინის „დაზვერვის მთავარი სამმართველოს დაქირავებულების სია“ - აბულაძის თქმით, 12 ადამიანის სია - გადასცა.
შენიშვნა: ინფორმაცია განახლდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო კომენტარით.
ფორუმი