ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი ირწმუნება, რომ "დონეცკში ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მათ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია". ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს და მიუთითებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტიების, "ქართული ოცნებისა" და "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენლები, ასევე ქართული ტელეკომპანია "სეზონი ტვ-ის" დამფუძნებელი.
შეხვედრის შესახებ მედია და თავად პუშილინი ჯერ კიდევ სექტემბერში იტყობინებოდნენ, თუმცა ამ შეხვედრაში ქართველი დეპუტატები არ მონაწილეობდნენ. ე.წ. დნრ-ს ხელმძღვანელს შეხვდა პაატა აბულაძე, თბილისის მერისა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის სიძე, ლიდერები პარტიისა "სოლიდარობა მშვიდობისთვის" მამუკა ფიფია და გიორგი ირემაძე, ასევე პრორუსული ტელეკომპანია "სეზონი ტვ-ის" თანადამფუძნებელი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე.
"ჩვენ 2014 წლიდან ვაკვირდებით ქართველი ხალხის ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებმაც უკრაინული რეჟიმის, სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერის გზა აირჩიეს და რომლებმაც, სხვა საკითხებთან ერთად, 2014 წლიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჩაიდინეს ომის დანაშაულები. ესენი კონკრეტული მოქალაქეები არიან, რომლებიც მსახურობენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში და აგრძელებენ ომის დანაშაულების ჩადენას. ამიტომ, მსურდა სია გამეზიარებინა - ჩვენ ყველა ინფორმაციას ვფლობთ. ვნახოთ, რისი გამოყენება შეიძლება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე“, - ციტირებენ მედიასაშუალებები პუშილინს.
მისი სიტყვებით, „მიწოდებულ სიაში შეყვანილი დაქირავებულების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და ისინი, ზოგადად, ჩადენილია კაცობრიობის წინააღმდეგ“.
შეხვედრაზე მამუკა ფიფიამ აღნიშნა, რომ მებრძოლებს შორის ასევე არიან ქართველები - რუსეთის მოქალაქეები - რომლებიც „რუსეთის და დნრ-ის და ლნრ-ის მხარეს იბრძვიან. სასურველი იქნებოდა რუსულ მედია მათზე უფრო ხშირად საუბრობდეს“, - დასძინა მან.
პუშილინისა და ფიფიას განცხადებებს დღეს ციტირებს ბევრი რუსული მედიასაშუალება. გაურკვეველია, ერთი თვის წინანდელ შეხვედრაზე ინფორმაცია დღეს რატომ გაავრცელა "რია ნოვოსტიმ", მაშინ როცა საინფორმაციო სააგენტომ დონეცკში სექტემბერში გამართული შეხვედრის შესახებ მამუკა ფიფიას კომენტარი მანამდეც გამოაქვეყნა.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის მამუკა ფიფიასაც დაუკავშირდა, მან დაადასტურა რომ შეხვედრაზე გადასცეს სია, რომლის მიწოდებასაც საქართველოს ხელისუფლებისთვის აპირებენ.
"დიახ, გადმოგვცეს სია, ვაპირებთ გადავცეთ საქართველოს ხელისუფლებას. ამ სიაში ის მებრძოლები შედიან, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კურსკის რეგიონში და სხვაგან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკითა და წამებით. ეს ადამიანები თავისუფლად დასეირნობენ საქართველოს ქალაქებსა და მოედნებზე. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ თავიანთი უნარების გამოყენება", - უთხრა მამუკა ფიფიამ რადიო თავისუფლებას.
რუსეთი პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებისა და დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენების შესახებ. მაგალითად, რუსეთის მიერ ანექსირებულ დონეცკში ე.წ. უზენაესმა სასამართლომ „ქართული ლეგიონის“ ლიდერს, მამუკა მამულაშვილს, დაუსწრებლად 23 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს ხელისუფლება არცთუ იშვიათად აკრიტიკებს უკრაინაში მებრძოლ თავის მოქალაქეებს და მათ საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თუმცა არასოდეს უხსენებიათ რუსეთთან თანამშრომლობის ან ამ მებრძოლების რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების განზრახვა. ზოგი მათგანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.
განახლება: თავდაპირველ ვერსიაში პირევლი აბზაცი ასეთი შინაარსის იყო
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი ირწმუნება, რომ "დონეცკში ქართველ პარლამენტარებთან შეხვედრაზე მათ გადასცა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს რიგებში მებრძოლი ქართველი დაქირავებულების სია". ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" წერს და მიუთითებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტიების, "ქართული ოცნებისა" და "სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენლები, ასევე ქართული ტელეკომპანია "სეზონი ტვ-ის" დამფუძნებელი.
თუმცა მას შემდეგ რაც რია ნოვოსტის მასალაში სიტყვა "პარლამენტარები" "პოლიტიკოსებით" შეიცვალა მასალაში შევიდა ცვლილილება.
მას შემდეგ კი რაც რადიო თავისუფლება მამუკა ფიფიას ესაუბრა, მასალაში აისახა მისი ციტატაც.
ფორუმი