Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​ორი რუსეთი?


პუტინმა 2008 წლის აგვისტო სახელმწიფო პროპაგანდის მთავარ ნაწილად აქცია.
პუტინმა 2008 წლის აგვისტო სახელმწიფო პროპაგანდის მთავარ ნაწილად აქცია.

​​უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ახალგაზრდებისთვის პირადად და „შვილის“ ეპიზოდის გადაღებისას არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს? ნუთუ არ გააჩნიათ ამის გამო უხერხულობის გრძნობა?

რუსი ექსპატების პასუხი თითქმის ყოველთვის ერთნაირი იყო, არ არის მნიშვნელოვანი ვინ ამბობდა სიმართლეს და ვინ არა, - „ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით ამ ომის შესახებ. 2008 წლის აგვისტოში რუსული მედია უფრო მეტად პეკინის ოლიმპიადას აშუქებდა...“​

მართლაც, თავიდან რუსული ოფიციალური პროპაგანდა ცდილობდა საქართველოში მომხდარი ამბები წარმოეჩინა, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი. 2 წლის წინ „მედუზამ“ საინტერესო სტატია მიუძღვნა ამ მოვლენას, ახსნა რა აგვისტოს ომის მიმართ რუსული პრესის მოჩვენებითი გულგრილობა პუტინისა და მედვედევის დაპირისპირებით - თითქოს პუტინი, რომლის ხელში იყო რუსული პროპაგანდისტული მედია, ხედავდა, რომ მედვედევი საქართველოს ოკუპაციას პირად წარმატებად ასაღებდა.

მაგრამ ოლიმპიური თამაშებიდან პუტინის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ხელმოწერილი, როცა რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ ანტიქართული გადაცემების ციკლი წამოიწყო.

უმოკლეს დროში გადაიღეს ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიც აგვისტოს ომზე. იგორ ვალოშინი იღებს „ოლიმპიუს ინფერნოს“ - ისტორიას ამერიკელი ენტომოლოგის და რუსი ჟურნალისტი ქალისა, რომლებიც იმ დროს, როცა იშვიათი ჯიშის პეპლების გადაღებას ცდილობენ, აღმოაჩენენ მტკიცებულებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო. უფრო მოგვიანებით, 2012 წელს რუსეთის კინოთეატრებში უჩვენებენ ჯანიკ ფაიზიევის ფილმს „8 აგვისტო“, მარტოხელა დედაზე, რომელიც ჩადის ცხინვალში, სადაც ომის დაწყების წინ თავისი 7 წლის შვილი გაამგზავრა.

პუტინმა 2008 წლის აგვისტო სახელმწიფო პროპაგანდის მთავარ ნაწილად აქცია. როგორც მოსალოდნელი იყო აგვისტოს ომის შეფასებაში ჩართეს „პატრიოტებად“ ცნობილი რუსი ინტელექტუალები, კულტურის მუშაკები.​

„მძინარე ბავშვების დაბომბვა კავკასიაში ყოველთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა“, - რუსი დირიჟორის ვალერი გერგიევის ეს სიტყვები აიტაცეს რუსმა ნაციონალისტებმა და პროპაგანდისტმა კულტურის მუშაკებმა. „რუსეთი იცავდა ბავშვებს, მშვიდობიან მოსახლეობას“ - ეს იყო მომღერლების იოსიფ კობზონის, ოლეგ გაზმანოვის, მწერალ ალექსანდ პროხანოვის, ტელეწამყვანების ვლადიმირ პოზნერის, ვლადიმირ სოლოვიოვის ძირითადი გზავნილი.

2008 წლის 16 აგვისტოს რუსულ მედიაში გავრცელდა მიმართვა, რომელსაც ხელს აწერდნენ მსახიობები ელენა ბისტრიცკაია, ვასილი ლანოვოი, მუსიკოსი იური ბაშმეტი, რეჟისორი კარენ შახნაზაროვი, მწერლები ფაზილ ისკანდერი და ანდრეი ბიტოვი, რომელმაც მოგვიანებით უკან წაიღო თავისი ხელმოწერა.

„ქართველმა ჯარებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე ტანკები, არტილერია, საბრძოლო თვითმფრინავები და სარაკეტო სისტემები გამოიყენეს; გაანადგურეს ათობით დასახლებული პუნქტი, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, ცხინვალი ნანგრევებად აქციეს... მათ საშინლად იძალადეს ბავშვებზე, ქალებსა და მოხუცებზე, დაახლოებით ორი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს... სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა შეიძლებოდა მთლიანად განადგურებულიყო, რუსეთს რომ არ გაეძლიერებინა თავისი სამშვიდობო კონტინგენტი“, - ეწერა მიმართვაში.

ამ კოლექტიურ მიმართვას გამოეხმაურა მწერალი ბორის სტრუგაცკი, რომელმაც წერილი ასე დაახასიათა: „საბჭოთა ეპოქის ტიპური ოფიციალური წერილია, რომლის მსგავსი ცხოვრებაში ასამდე წამიკითხავს... დარწმუნებული არ ვარ, რომ მასზე ხელმომწერი ადამიანები გულწრფელად ასე ფიქრობენ და უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ენით თუ ვიმსჯელებთ, ეს წერილი მათ არ დაუწერიათ.“​

ბორის სტრუგაცკიმ, კონსტანტინ აზადოვსკიმ, ასევე რამდენიმე ახალგაზრდა სანქტპეტერბურგელმა მწერალმა თბილისში, ლიტერატურის ინსტიტუტს წერილი გაუგზავნეს: „ტკივილი, რომელიც თქვენს გულებს გტკენთ, ჩვენი ტკივილიცაა. ამ კატასტროფის შედეგები თანაბრად არაპროგნოზირებადია ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენს შორის აღმართული ყველა ხელოვნური ბარიერის მიუხედავად, ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ კვლავაც გვიყვარხართ, გვესმის თქვენი გრძნობები და განვიცდით ჩვენს საერთო მწუხარებას...“​

ძლიერი პროპაგანდისტული ტალღის მიუხედავად რუსეთში მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერას არ მოერიდნენ. ეს მხარდაჭერა ვალერია ნოვოდვორსკაიამ ზუსტად ომის დაწყების წინ გამოხატა, „ეხო მოსკვის“ ეთერში. „საქართველოს ძალიან უნდა როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან გაერთიანება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც ედუარდ შევარდნაძეა, არც ჯაბა იოსელიანი და არც პოლიტიკური შეშლილი. მას ესმის, რომ ძალის გამოყენებით გაერთიანება შეუძლებელია.“​

თავიდანვე ღიად პროქართული პოზიცია დაიკავეს ადამიანის უფლებების დამცველებმა. სერგეი კოვალიოვმა დაგმო რუსეთის ჯარების შემოჭრა საქართველოში და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. მან მოითხოვა რუსეთის გარიცხვა „დიდი რვიანის შემადგენლობიდან“. ელენა ბონერმა განაცხადა, რომ რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა ჩამოართვან მშვიდობის დამცველის მანდატი; ელენა სანნიკოვამ ​ორგანიზაცია „მემორიალიდან“ მოუწოდა ქართველებს, ოსებს და აფხაზებს გამართონ ერთობლივი აქციები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.​

21 აგვისტოს, „რადიო სვობოდას“ ეთერში ვლადიმირ პუტინის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა თქვა: „გაგახსენებთ, რომ „ქართულ ჯარებს არ გადაუკვეთიათ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი და ისინი მის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ხოლო რუსული ჯარები, როგორც არ უნდა ეწოდოთ მათ, გადმოვიდნენ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე და ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან”​.

2008 წლის 29 სექტემბერს რუსეთის სახალხო-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, რუსეთის ფედერაციის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ კასიანოვმა სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების საერთაშორისო გამოძიების ჩატარების იდეას და განაცხადა: „აგრესია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში განახორციელა, უნდა დაიგმოს საერთაშორისო დონეზე. მე მხარს ვუჭერ ამ საკითხზე საერთაშორისო კომისიის შექმნას“.​

რა შეცვალა უკრაინამ?​

2023 წლის აგვისტოში დაპატიმრებულმა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდას“ გაუგზავნა წერილი, რომელშიც 2008 წლის ომი შეაფასა როგორც „რეპეტიცია“, აღნიშნა რა, რომ იმხანად იგი „ზელენსკის მდგომარეობაში“ აღმოჩნდა. სააკაშვილის თქმით, დასავლეთს „ომის შემდეგ პუტინისთვის სერიოზული სანქციები რომ დაეწესებინა, ან სულ მცირე, მისთვის „გადატვირთვის“ პოლიტიკა რომ არ შეეთავაზებინა, ყირიმი არ მოხდებოდა. ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით“​.

რუსი ლიბერალი პოლიტიკოსები, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველო გააკრიტიკეს, ხოლო 2022 წელს დაგმეს რუსეთის ჯარების შეჭრა უკრაინაში, საჯაროდ ერიდებიან იმის აღიარებას, რომ შეცდნენ, როცა ნებსით თუ უნებლიედ მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ​

2008 წელს ლიბერალურ პოლიტიკურ ორგანიზაციად ცნობილ „იაბლოკოს“ თავმჯდომარის, სერგეი მიტროხინის შეფასებით, რუსეთის ჯარების მოქმედება „გამართლებული იყო რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობით“. „ადამიანების დაუყოვნებლივი დაცვის აუცილებლობა შეიძლება საფუძვლად დაედოს ქმედებებს, რომლებიც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის არცერთ ნორმაში“, - განაცხადა „იაბლოკოს“ თავმჯდომარემ. ​

2014 წელს მიტროხინმა დაგმო ყირიმის ანექსია, 2022 წელს კი არ დაუჭირა მხარი რუსეთის არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. მართალია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გადაფასება საჯაროდ არ უცდია, თუმცა თავის გამოსვლებში ზოგადად, პუტინის მილიტარისტულ პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო.​

გარი კასპაროვმა, რომელიც 2008 წელს რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის, „სოლიდარობის“ დამფუძნებელი გახდა, აგვისტოს ომი შეაფასა როგორც „ლუბიანკაში შემუშავებული გეგმა“ და „პუტინის პოლიტიკის არსი - ვიწრო კორპორაციული ჯგუფის ინტერესების დაცვა“. ამავე დროს აქვე დაუმატა „როდესაც ქართული ჯარები ცხინვალს თავს დაესხნენ და ხალხი იღუპებოდა, საჭირო იყო სწრაფი რეაგირება წინასწარ დაგეგმილი გეგმის მიხედვით და არა დროის განზრახ გაჭიანურება. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებისთვის ქალაქის ბოლომდე განადგურება მოგებიანი იყო“. ​

2015 წელს კასპაროვმა და მიხეილ სააკაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს შეერთებული შტატების სენატში - მოითხოვეს კიევისთვის სამხედრო დახმარება რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ კასპაროვის პროტესტი ბევრად უფრო მკაფიო იყო.​

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრამ თითქმის არ შეცვალა ალექსეი ნავალნის დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მიმართ. თუმცა 2023 წლის აპრილში ნავალნიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა გაეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნა, რომ ეს პატიმრობა „საქართველოს ევროპულ არჩევანს ურტყამს“. ნავალნი, რომელმაც ომის დაწყებისთანავე ქართველებს „მღრღნელები“ („გრიზუნები“) უწოდა, 2008 წლის 8 აგვისტოს წერდა: „რუსეთმა უნდა მიიღოს მინიმუმ შემდეგი ზომები: აღმოუჩინოს სერიოზული სამხედრო და ფინანსური დახმარება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. ბლოკადაში მოაქციოს საქართველო. გააძევოს ჩვენს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე“. 5 წლის შემდეგ ნავალნიმ ბოდიში მოიხადა ქართველების „გრიზუნებად“ მოხსენიების გამო, თუმცა აგვისტოს ომს ისევ ძველებურად აფასებდა.​

უკრაინაში ომის დაწყების მიმართ ასევე ბევრად უფრო კატეგორიული და მკაცრი იყო ბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი), რომელმაც 2008 წლის 14 აგვისტოს კითხვაზე „ვინ დარჩა მოგებული ამ კონფლიქტში?“ ასე უპასუხა: „სისულელემ გაიმარჯვა. პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველამ წააგო. ჩვენ კიდევ უფრო მეტი დავკარგეთ, რადგან კიდევ ერთხელ ვაიძულეთ მთელი მსოფლიო, გაეხსენებინა „საბჭოთა სამხედრო საფრთხე“ და ჩვენი „ქორების“ სიძლიერე. თუმცა სააკაშვილიც დამარცხდა. არა მგონია, მალე ნატოში შეუშვან, მით უმეტეს ევროკავშირში, რომლის დროშაც მის კაბინეტში ჰკიდია. პატარა პარტნიორი, რომელიც დიდ პრობლემებს ქმნის, არავისთვისაა სასარგებლო.“​

რუსეთ-უკრაინის ომმა ასევე უფრო მეტად „გააბრაზა“ მწერალი დმიტრი ბიკოვი (მის წინააღმდეგ რუსეთში დღეს საქმეა აღძრული „ფეიკების გავრცელებისთვის“)​ ​რომელმაც 2008 წლის აგვისტოში უარი თქვა მოეწერა ხელი საქართველოს მხარდამჭერ წერილზე. ბიკოვმა მაშინ ასე ახსნა თავისი უარი: „მე მჯერა, რომ ამ სიტუაციაში ყველა მძევალია. მაგალითად, ისეთი მძევალი, როგორიც კიკაბიძეა. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უყვარს რუსული საზოგადოება და რუსეთი, თავად იძულებული გახდა საშინელი რაღაცები ეთქვა რუსეთზე... ამ სიტუაციაში მძევლებად იქცნენ როგორც ისინი, ვინც საქართველოს მხარდასაჭერად წერენ, ასევე ისინი, ვინც რუსეთს უჭერენ მხარს“.​

ყირიმის ანექსიამ 2014 წელს უბიძგა მწერალ ლიუდმილა ულიცკაიას ღიად დაეგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. „ჩეჩნეთში, საქართველოში და ახლა უკრაინაში მიმდინარე ლოკალური ომები პროლოგია. ეპილოგის დაწერის მსურველი ალბათ არავინ იქნება... ჩემი ქვეყანა აგრესიული უმეცრებით, ნაციონალიზმითა და იმპერიული მეგალომანიით არის დაავადებული“, - აღნიშნა მწერალმა. ​

„მეორე რუსეთი“?​

2018 წელს „ეხო მოსკვიმ“ თავის მსმენელს ჰკითხა: „ვინ დაიწყო ომი 2008 წელს?“ გამოკითხვაში მონაწილეთა 77 პროცენტმა აგვისტოს ომში რუსეთი დაადანაშაულა.

გამოკითხვის შედეგების განხილვისას ხაზგასმით ითქვა, რომ ესაა მხოლოდ ერთი კონკრეტული მედიის აუდიტორიის პოზიცია... ანუ პოზიცია „მეორე რუსეთისა“, რომელიც უმცირესობაში იყო 2018 წელს და დღეს ფაქტობრივად აღარც არსებობს; ის, ვინც რუსეთის ოკუპაციას ამხელდა საქართველოსა და უკრაინაში, ან გაქცეულია რუსეთიდან, ან ციხეში ზის, ანდა, უბრალოდ, ხმას აღარ იღებს. ​

რუსმა რეჟისორმა, „გოგოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელმა კირილ სერებრენიკოვმა რუსეთი სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა 2022 წლის მარტში. ამავე წლის მაისში სერებრენიკოვი ჩავიდა კანის ფესტივალზე, სადაც მისი ფილმი „ჩაიკოვსკის ცოლი“ საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული. იმხანად ყველა რუსი კინემატოგრაფისტი, რომელიც კინოს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით იღებდა, დაასანქცირეს - მათ დიდ კინოფესტივალებზე აღარ იწვევდნენ. მაგრამ „ჩაიკოვსკის ცოლი“ კანში როგორც „ფრანგულ-გერმანული პროდუქცია“ წარადგინეს, რომლის ავტორი წლების განმავლობაში „პუტინის ტყვედ“ ითვლებოდა. იგი რატომღაც სწორედ უკრაინაში ომის დაწყების წინ გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან.​

პრესკონფერენციაზე, რომელიც „ჩაიკოვსკის ცოლის“ პრემიერის შემდეგ გაიმართა სერებრენიკოვმა ბევრი ისაუბრა ქალების ჩაგვრაზე... რევოლუციამდელ რუსეთში, თუმცა ყველანაირად მოერიდა უკრაინაში რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის შეფასებას - ცდილობდა აეცდინა ფესტივალზე აკრედიტებული ქართველი ჟურნალისტის, ანანო ბაკურაძის კითხვები. მაგრამ პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გვითხრა, რომ ერთ-ერთი პირველი რუსი იყო, ვინც 2008 წელს დაგმო პუტინ-მედვედევის ოპერაცია საქართველოში, მაისური ჩაიცვა „დღეს მე ქართველი ვარ“ და ასე გამოვიდა წითელ მოედანზე.​

ამ მასალას როცა ვწერდი ინტერნეტში „რია ნოვოსტის“ 2008 წლის 19 აგვისტოს სტატია აღმოვაჩინე. კირილ სერებრენიკოვი იმხანად შვეიცარიაში, ლოკარნოს ფესტივალზე იმყოფებოდა. კონკურსში ჩართული იყო მისი „Юрьев день” (“იურის დღე”), რომელსაც კრიტიკოსთა გამოკითხვებში ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ჟიურიმ სულ სხვა ფილმებს მიანიჭა უპირატესობა. თავისი ნამუშევრის მარცხი კირილ სერებრენიკოვს ასე შეუფასებია: „ლოკარნოს ფესტივალი სამხრეთ ოსეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების დროს გაიმართა. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა ჟიურის გადაწყვეტილებაზე. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელოვნება, კერძოდ კი კინო, პოლიტიკის გარეთ, ბარიერებს მიღმა არსებობს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. რუსეთის შესახებ ნეგატიური აზრი არსებობს და ბევრი ჯერ კიდევ სტერეოტიპებისა და კლიშეების გავლენის ქვეშაა, რომელთა შემქმნელები, სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ვართ ხოლმე… რუსეთი უფრო აქტიური უნდა იყოს და ყველა ღონე იხმაროს იმისათვის, რომ მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის შესახებ ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს“.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG