Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაესტრო გერგიევის ლოიალობის ფასი


დირიჟორი, ვალერი გერგიევი
დირიჟორი, ვალერი გერგიევი

პუტინისადმი უსიტყვო ერთგულება, სხვისი დროისა და ფულის უდიერად განკარგვის ფუფუნება, მრავალმილიონიანი უძრავი ქონება რუსეთსა და ევროპაში და ა.შ. საგამოძიებო ჯგუფმა "სისტემამ" სცადა გაერკვია, როგორ გამოიყურება პუტინის რუსეთის მთავარი კულტურული სახე.

2025 წლის 20 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით, მოსკოვი და რუსეთის სხვა 25 ქალაქი მასპინძლობდა სააღდგომო ფესტივალს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი, ვალერი გერგიევი ხელმძღვანელობდა. საგუნდო და სამრეკლო ზარების პროგრამები ფესტივალის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაიწერა, თუმცა სიმფონიური პროგრამა, ანუ თავად გერგიევის გამოსვლის გრაფიკი, ბოლო დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა. მხოლოდ 20 აპრილს მარიასა და დიდი თეატრების პრესსამსახურებმა ერთდროულად განაცხადეს, რომ წლევანდელი ფესტივალი ორი თეატრის გაერთიანებული ორკესტრის კონცერტით გაიხსნებოდა და, რომ ფესტივალი მიეძღვნებოდა „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 80 წლისთავს.

ასეთი არაპროგნოზირებადობა, სპონტანურობა, გიგანტომანია, რომელიც ორი ისედაც დიდი ორკესტრის გაერთიანების ფუფუნების საშუალებას იძლევა, და უთავბოლობა, რაც შესაძლებელს ხდის აღდგომის დღესასწაულების სამხედრო გამარჯვებისათვის მიეძღვნას, ცნობილი მაესტროს ერთგვარი „სავიზიტო ბარათია“. გერგიევის სამი ყოფილი თანამშრომელი „სისტემას“ ეუბნება, რომ ყოველთვის უცნობია, განსაკუთრებით რუსეთში, ზუსტად რომელ საათზე დაიწყება მაესტროს კონცერტი ან წარმოდგენა, რამდენ ხანს გაგრძელდება ანტრაქტი და თავად გერგიევი იდგება თუ არა დირიჟორის პულტთან. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ გერგიევმა თავისი გამოსვლებით არაერთხელ დაუჭირა მხარი რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკურ ნაბიჯებს, თავის თავზე აიღო რუსეთის პოლიტიკის ელჩის ფუნქციები, თუმცა ამას იმდენად ფრთხილად აკეთებდა, რომ სხვა ქვეყნების (სულ მცირე ევროპის მაინც) მთავრობებს ფორმალური მიზეზიც კი არ მისცემიათ გერგიევის სანქცირებულთა სიებში შესატანად.

„სისტემა“ - საგამოძიებო პროექტი, რომელიც შეიქმნა 2023 წელს The CurrentTime-ისა და რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის მიერ და, რომელიც აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს სხვადასხვა თემაზე - დაწყებულს ომის დანაშაულების გამოძიებიდან, დამთავრებულს კორუფციის გამოაშკარავებით.

2022 წლის თებერვალში გერგიევმა საჯაროდ არ დაგმო რუსეთის ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და ამ დუმილის გამო მან დაკარგა ყველა კონტრაქტი ამერიკასა და ევროპაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ გერგიევს არც მხარი დაუჭერია შეჭრისთვის და არც ასო „Z“ განუთავსებია მარიას თეატრის ფასადზე და არც ორკესტრისთვის უბრძანებია წმინდა გიორგის ლენტების ტარება. ეს ყველაფერი კი საკმარისი აღმოჩნდა ევროკავშირის სანქციებისგან თავის დასაღწევად.

ომის არ დაგმობისთვის, გერგიევმა რუსეთში მიიღო „საიმპერატორო თეატრების ხელმძღვანელის“ თანამდებობა: ერთდროულად გახდა როგორც მოსკოვის დიდი თეატრის, ასევე სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის დირექტორი, ხოლო ევროპაში, თავისი პოზიციის ბუნდოვანების წყალობით, თავი აარიდა სანქციების სიაში შეყვანას და შეინარჩუნა იტალიაში თავისი უძრავი ქონების განკარგვის შესაძლებლობა.

უკრაინის ხელისუფლება გერგიევს პუტინის რეჟიმის თანამონაწილედ და პროპაგანდისტად მიიჩნევს - დირიჟორის მონაცემები სანქციების სიაშია შეტანილი 2014 წელს ყირიმის ანექსიის მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერისა და 2022 წელს ომის მხარდამჭერ კონცერტში „მZოფლიო ნაციზმის წინააღმდეგ“ („Zа мир против нацизма“) მონაწილეობის გამო. თუმცა, თავად გერგიევი ამტკიცებს, რომ მას არანაირ „ყირიმულ წერილზე“ არ მოუწერია ხელი, ხოლო „სისტემამ“ რუსეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული კონცერტის „მსოფლიო ნაციზმის წინააღმდეგ“ ოფიციალურ ჩანაწერში დირიჟორის ვერც ერთი ეპიზოდური გამოჩენა ვერ აღმოაჩინა.

ვალერი გერგიევი (დ. 1953) — ოსური წარმომავლობის რუსი დირიჟორი და ოპერის თეატრის ხელმძღვანელი. გერგიევმა დირიჟორობა შეისწავლა ლენინგრადის კონსერვატორიაში ილია მუსინის ხელმძღვანელობით. სტუდენტობისას მოიგო ჰერბერტ ფონ კარაიანის დირიჟორობის კონკურსი ბერლინში. 1978 წელს, 24 წლის ასაკში, გახდა კიროვის ოპერის (დღევანდელი მარიას თეატრი) ასისტენტ-დირიჟორი. 1988 წელს დაინიშნა მარიას თეატრის მუსიკალურ დირექტორად, ხოლო 1996 წელს — გენერალურ და სამხატვრო ხელმძღვანელად. მისი ხელმძღვანელობით, მარიას თეატრი იქცა მსოფლიო დონის ოპერისა და ბალეტის ცენტრად. გერგიევი ასევე იყო ლონდონის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი და მიუნხენის ფილარმონიის ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებში და კონცერტებში. იყო როტერდამის, მოსკოვის სააღდგომო და სანქტ-პეტერბურგის „თეთრი ღამეების“ ფესტივალების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. გერგიევი ცნობილია თავისი მჭიდრო კავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მან კონცერტი ჩაატარა ცხინვალში, სადაც საქართველოს მთავრობა დაადანაშაულა ოსების წინააღმდეგ ძალადობაში. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერგიევმა უარი თქვა ომის დაგმობაზე, რის გამოც იგი გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის პოზიციიდან და გაუქმდა მისი მრავალი საერთაშორისო კონცერტი. გერგიევი დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის შრომის გმირის წოდებით.

მდუმარე მეგობარი

ვალერი გერგიევმა ბოლოს მილანის „ლა სკალაში“ 2022 წლის 23 თებერვალს იდირიჟორა, რუსეთის ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე საათით ადრე. შესრულდა ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“, დიდი ხნის ნანატრი პრემიერა, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე კიდევ ოთხჯერ უნდა დადგმულიყო, ყოველ ჯერზე გერგიევის დირიჟორობით. უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ჯერ არ იყო დაწყებული, მაგრამ ვიდრე ორკესტრი უვერტიურას უკრავდა, ქანდარიდან („გალიორკიდან“), სადაც შედარებით იაფი ადგილებია, რამდენიმე მაყურებელი დამამცირებლად ყმუოდა: „ბუ-უ-უ!“ და ვიღაცამ დაიყვირა კიდეც „Vattene!“ - "გაეთრიე!" .

მიუხედავად ამისა, სპექტაკლი დიდი წარმატებით დასრულდა. მაყურებელმა გერგიევს ცხრა წუთიანი ოვაცია გაუმართა.

ხუთი საათის შემდეგ, რუსეთის ჯარები კიევს ბომბავდნენ.

პუტინი და გერგიევი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, რეპინოში, მარინის თეატრის საკონცერტო დარბაზის გახსნაზე. 2017 წლის ივნისი
პუტინი და გერგიევი სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, რეპინოში, მარინის თეატრის საკონცერტო დარბაზის გახსნაზე. 2017 წლის ივნისი

ფაქტობრივად მეორე დღეს, მილანის მერმა და ლა სკალას თეატრის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯუზეპე სალამ, გერგიევს მიმართა წინადადებით, ცხადი გახადოს თავისი პოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით. მსგავსი, მაგრამ უფრო მკვეთრი - „უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი და აგრესიული ომის დაგმობის“ - წინადადებით მიმართა გერგიევს დიტერ რაიტერმა, მიუნხენის მერმა, რომელიც მიუნხენის ოპერის მეურვეა, ხოლო გერგიევი ამავე თეატრის მთავარი მიწვეული დირიჟორი.

გერგიევი დუმდა. მასთან დაკავშირება მხოლოდ როტერდამის ფილარმონიული ორკესტრის წარმომადგენელმა შეძლო. გერგიევი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ ორკესტრს. როტერდამში მუშაობის პერიოდში, დედოფალ ბეატრიქსის გადაწყვეტილებით, მან მიიღო ნიდერლანდების მოქალაქეობა და ლომის ორდენი. თუმცა მოლაპარაკებები წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორც ორკესტრის წარმომადგენელი წერს, „კვლავ რჩება გადაულახავი უთანხმოებები“.

შედეგად, რუსული ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე კვირაში, ჯიუტი დუმილისა და ომის დაგმობის სურვილის არქონის გამო, გერგიევს გაუუქმეს: „პიკის ქალის“ ოთხი დადგმა ლა სკალაში (2022 წლის მარტი); სამი კონცერტი ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან და პიანისტ დენის მაცუევთან ერთად.

გერგიევი ასევე გაათავისუფლეს მიუნხენის ოპერის მთავარი მიწვეული დირიჟორისა და როტერდამის ფილარმონიული ორკესტრის საპატიო დირიჟორის თანამდებობებიდან. სამაგიეროდ არანაირი საფრთხე არ დამუქრებია იტალიაში მის უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავალს!

ინფორმაცია ვარსკვლავების ჰონორარის შესახებ, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახება; თეატრის მენეჯერმა, რომელიც გერგიევთან მუშაობდა, „სისტემის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ გერგიევმა მხოლოდ დაგეგმილი კონცერტების გაუქმებით მილიონ ევრომდე დაკარგა. თავად დირიჟორმა რედაქციის კითხვებს არ უპასუხა.

რა თქმა უნდა, მაესტროს ესმოდა, რომ მისი დუმილი გარდაუვალად გამოიწვევდა ფინანსურ და კარიერულ დანაკარგებს, მაგრამ მან მდუმარე ლოიალურობა ამჯობინა. ევროპული გაზეთები წერდნენ: „გერგიევი გაათავისუფლეს“, „კონცერტები გაუქმდა“, „არ უღალატა თავის მეგობარ პუტინს“.

პიკეტი ვალერი გერგიევის წარმოდგენის წინააღმდეგ ნიუ-იორკში, 2018 წელი
პიკეტი ვალერი გერგიევის წარმოდგენის წინააღმდეგ ნიუ-იორკში, 2018 წელი

და მაინც ეს იყო ომის შესახებ დუმილი და არა ომის ღია მხარდაჭერა. გერგიევთან მომუშავე ორი მენეჯერის თქმით, შეუძლებელია, მაესტროს არ სცოდნოდა, რომ ომის საწინააღმდეგო განცხადებებზე უარი მას ვარსკვლავური ჰონორარების გარეშე დატოვებდა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის ღია მხარდაჭერა გერგიევს სანქცირებულთა სიაში შეიტანდა და დირიჟორს დატოვებდა იმ შემოსავლის გარეშე, რომელსაც ის იღებს მრავალრიცხოვანი უძრავი ქონებიდან.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის („ფბკ“) გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ გერგიევი იტალიაში ფლობს სულ მცირე 20 უძრავ ქონებას, რომელთა საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა. 11 საცხოვრებელი კორპუსი მილანში; ვენეციის დიდი არხის სანაპიროზე მდებარე პალაცო ბარბარიგო; სან-მარკოს მოედანზე მდებარე ცნობილი რესტორანი Quadri - ეს ყველაფერი გერგიევმა იაპონელი არფისტისგან, იოკო ნაგაესგან მიიღო მემკვიდრეობით. თავის მხრივ, იოკო ნაგაესაც ეს ქონება ქორწინების გზით ერგო, 1977 წელს გრაფ რენცო ჩესკინაზე დაქორწინების შემდეგ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნაგაემ ქველმოქმედება დაიწყო, დიდი დახმარება გაუწია მარიას თეატრს, ანდერძით კი თავისი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუტოვა გერგიევს.

ფბკ-ის გამომძიებლების თქმით, იმ დროისთვის, როდესაც რუსული ჯარები უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას იწყებდნენ, გერგიევს მილანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები უკვე გაყიდული ჰქონდა, თუმცა ვენეციის სასახლეები განაგრძობდნენ მისთვის შემოსავლის მოტანას. „სისტემის“ მიერ მილან-მონცა-ბრიანცა-ლოდის რეგიონის სავაჭრო პალატისგან გამოთხოვილი ცნობის თანახმად, კომპანია Commercio edilizio S.R.L. - მ, რომელიც გერგიევს ეკუთვნის და მის უძრავ ქონებას მართავს, 2021 წელს 2.3 მილიონი ევროს წმინდა მოგება აჩვენა.

პალაცო ბარბარიგო, ვენეცია. გერგიევის ფირმის საკუთრებაში არსებული შენობა "ფბკ"-ს ფოტო
პალაცო ბარბარიგო, ვენეცია. გერგიევის ფირმის საკუთრებაში არსებული შენობა "ფბკ"-ს ფოტო

ქონებრივი სამართლის სპეციალისტმა და იტალიელმა ადვოკატმა ჯოვანი ტარანტინომ „სისტემასთან“ ინტერვიუში განმარტა, რომ თეატრს ან საკონცერტო დარბაზს შეუძლია მარტივად შეწყვიტოს შემოქმედებითი კონტრაქტები დირექტორის ან სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომერციული კომპანიის საქმიანობის შეჩერება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მისი მფლობელი და თავად კომპანია სანქციების სიაში იქნებიან შეყვანილი.

ფბკ-ის ინიციატივით, 2022 წლის შემოდგომაზე, აშშ-ის კონგრესმა სცადა გერგიევის სანქციების სიაში შეყვანა, თუმცა დოკუმენტმა ვერ მიიღო წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერა. მაესტროს დუმილი ევროპის ხელისუფლებამაც არ მიიჩნია სანქციებისთვის საკმარის მიზეზად. შესაბამისად, გერგიევის კომპანია შეუფერხებლად განაგრძობს მოქმედებას იტალიაში.

თუმცა, მოქმედებს გარკვეულწილად უცნაურად: 2021 წელს კომპანიამ ორმილიონიანი მოგება აჩვენა, მაგრამ რუსეთის ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, მან (სავაჭრო პალატის იმავე ანგარიშის თანახმად) დაიწყო ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზარალის ჩვენება (481 ათასი ევრო 2022 წელს, 348 ათასი ევრო 2023 წელს). გარდა ამისა, კომპანია მონაკოს რიშელიეს ბანკში ინახავდა 16 მილიონ ევროს, საიდანაც 10 მილიონი ევრო 2022 წელსვე გაიტანა. ადვოკატი ჯოვანი ტარანტინო გერგიევის კომპანიის ამგვარ მოულოდნელ კომერციულ უიღბლობას უცნაურად მიიჩნევს. კომპანიის წარმომადგენელმა კრისტოფ დეგუმუამ არ უპასუხა „სისტემის“ კითხვას, როგორ შეიძლება აიხსნას, რომ მომგებიანი კომპანია მოულოდნელად წამგებიანი გახდა.

კრისტოფ დეგუმუა, როგორც კანადური ავიამწარმოებლის, „ბომბარდიეს“ წარმომადგენელი, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მარიას თეატრის სამეურვეო საბჭოში ერთადერთ, უკანასკნელ უცხოელად დარჩა. 2022 წლის ივლისში გერგიევმა მარაქეშში, დეგუმუასთან თანაბარი წილითა და მონაკოში მაროკოს საპატიო კონსულის, ვილი დე ბრუინის მხარდაჭერით, დაარეგისტრირა კომპანია Nakhla Lekbira, რომელიც ელიტური უძრავი ქონების მშენებლობით უნდა ყოფილიყო დაკავებული, თუმცა, როგორც მაროკოს სავაჭრო პალატის მიერ „სისტემასთვის“ მიწოდებული ცნობიდან ირკვევა, ამჟამად კომპანია ლიკვიდაციის პროცესშია: მხარეებმა საწარმოში დაახლოებით 470 000 აშშ დოლარი ჩადეს, უკან კი ერთი ცენტიც ვერ გამოიმუშავეს.

ლოიალობის ჯილდო

რაც არ უნდა დიდი ყოფილიყო გერგიევის დანაკარგები ევროპაში, რუსეთში, ომის დაგმობის შემთხვევაში, მაესტრო გაცილებით მეტს დაკარგავდა. ფბკ-ის გამომძიებლებმა სანქტ-პეტერბურგში აღმოაჩინეს დირიჟორის საკუთრებაში არსებული სამი ბინა (როგორც ჩანს, გაერთიანებული), რომელთა საერთო ფართობი 670 კვადრატული მეტრია, ღირებულება კი - 140 მილიონი რუბლი (გამოქვეყნების დროს 1.7 მილიონი დოლარი). 130 მილიონი რუბლის ღირებულების ბინა იქნა ნანახი მოსკოვში, გარდა ამისა აგარაკები: მოსკოვის გარეუბანში, ნიკოლინა გორაში, სანქტ-პეტერბურგთან ახლოს, სოფელ რეპინოში და მის გვერდით პირადად გერგიევის საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზი, რომელშიც მაესტრო სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმების დროს პრეზიდენტ პუტინისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის კერძო კონცერტებს მართავს.

ფბკ-ის გამომძიებლები ასევე გერგიევს მიაწერენ მოსკოვში არსებულ ოთხ ბინას, რომელთა საერთო ფართობი 644 კვადრატული მეტრია, ღირებულება კი - 708 მილიონი რუბლი (გამოქვეყნების მომენტისთვის 8,7 მილიონი აშშ დოლარი). ეს ბინები 2011 წელს გერგიევის ფონდის თანხით იქნა შეძენილი, თუმცა ეს შენაძენი არ შეიძლება ჩაითვალოს გერგიევის მიერ საქველმოქმედო სახსრების ბოროტად გამოყენებად. „ეს მან კი არა მოიპარა, მას მოპარეს“, - განუცხადა „სისტემას“ თეატრის მენეჯერმა, რომელიც გერგიევთან იყო დაახლოებული. ამ ბინების შესაძენად საჭირო თანხა მოსკოვის სააღდგომო ფესტივალის ანგარიშებიდან თაღლითურად გაიტანეს გერგიევის ფონდის დირექტორმა, იგორ ზოტოვმა და გერგიევის ბიძაშვილმა, ყაზბეკ ლაკუთიმ, რომლებსაც მაესტრომ მოგვიანებით უჩივლა. ზოტოვს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ლაკუთის - ხუთწლიანი პირობითი პატიმრობა.

„და მაინც, გერგიევის რუსული უძრავი ქონება, გერგიევის ფონდი, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ დოლარს განკარგავს, არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მაესტრო აბსოლუტურად ლოიალურია რუსეთის ხელისუფლების მიმართ“, - განუცხადა „სისტემას“ გერგიევთან დაახლოებულმა თეატრის მენეჯერმა:

„არსებობს სამი ძირითადი მიზეზი: I - ეჭვი და შური დიდ თეატრთან მიმართებაში, II - დაუდევრობა ფულისა და დროისადმი და III - განსაკუთრებული, შუა საუკუნეობრივი წარმოდგენები საკუთარი კლანისა და სიუზერენის ერთგულების შესახებ“.

ლოიალობის პრინციპები

გერგიევთან დაახლოებულმა თეატრის ორმა მენეჯერმა „სისტემის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ დიდი თეატრის მიმართ შური და ეჭვიანობა ათწლეულების განმავლობაში ლაიტმოტივად გასდევდა მაესტროს საუბრებს თანამშრომლებთან და სპონსორებთან. აქაოდა, მან, გერგიევმა შექმნა დიდი ორკესტრი მარიას თეატრში, რომ მან, გერგიევმა, მსოფლიო რეპერტუარში დააბრუნა დიდი ხნის წინ დავიწყებული „რუსული მუსიკის მზე“, დიდი სერგეი პროკოფიევი, რომ მან, გერგიევმა, დაამტკიცა, რომ რუს მუსიკოსებს შეუძლიათ გაუმკლავდნენ ვაგნერის უზარმაზარ და წარმოუდგენლად რთულ ოპერებს... ასეთია გერგიევისა და მარიას თეატრის უდავო დამსახურება, მაგრამ - და ეს აშკარა უსამართლობაა - სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე მუხლად ჩაწერილია არა მარიას თეატრი, არამედ დიდი თეატრი; მარიას თეატრის წარმოდგენების უწყვეტი კონვეიერისათვის ფული უნდა მოიძიონ სპონსორებში და არა კანონით გარანტირებულ სახელმწიფო ბიუჯეტში.

ვითარება შეცვალა რუსეთის ჯარების უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამ და იმ ფაქტმა, რომ დიდი თეატრის დირექტორმა, ვლადიმერ ურინმა (სხვა ცნობილ თეატრალურ მოღვაწეებთან ერთად) ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ხელისუფლებას ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. „სისტემამ“ ვერ გაარკვია, თუ როგორ განვითარდა ინტრიგა, თუმცა უკვე 2022 წლის მარტში პუტინმა გერგიევს შესთავაზა საიმპერატორო თეატრების დირექტორატის აღორძინება და ერთდროულად ორი თეატრის - მარიასა და დიდი თეატრის ხელმძღვანელობა. ამგვარად, დირიჟორის ლოიალურობის საპასუხოდ, პრეზიდენტმა პუტინმა მისი დიდი ხნის ოცნება აასრულა.

ვალერი გერგიევი (მარცხნიდან მეორე) სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე კრემლში. 2024 წლის მაისი
ვალერი გერგიევი (მარცხნიდან მეორე) სახელმწიფო დაჯილდოების ცერემონიაზე კრემლში. 2024 წლის მაისი

გერგიევის დროისა და ფულისადმი დაუდევრობის შესახებ თეატრის სამყაროში ლეგენდები დადის. მარიას თეატრის თანამშრომლებმა და მაყურებელებმა „სისტემის“ კორესპონდენტს დაუდასტურეს, რომ თუ დირიჟორის პულტთან გერგიევია, წარმოდგენა არასდროს იწყება დროულად; მაესტრო ყოველთვის აგვიანებს. ისინი ასევე ამბობენ, რომ მაესტროს ადმინისტრატორებს შორის არის ერთი ადამიანი, რომელიც განზრახ აწყობს დირიჟორის მგზავრობის გრაფიკს ისე, რომ დროის ზონების ცვლილებით რამდენიმე საათი მოიგოს.

2024 წლის დეკემბერში, „სალამბოს“ პრემიერის ანტრაქტის დროს, გერგიევი დიდი თეატრიდან გაემგზავრა დინამო-არენაზე, სადაც მაესტროს დირიჟორობით ორკესტრმა შეასრულა სიმღერა „დააბრუნეთ მეხსიერება“ (რომლის ტექსტის ავტორი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლი, მარია ზახაროვაა), გერგიევმა ასევე მიიღო „ოქროს გრამოფონის“ ჯილდო და გადასცა ფულადი სერტიფიკატი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს. ამასობაში, დიდ თეატრში ანტრაქტი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა, თუმცა მაყურებელი წარმოდგენის დაგვიანების შესახებ არც კი გაუფრთხილებიათ.

2008 წელს კი პარიზში, დირიჟორის მაშინდელმა მენეჯერმა „სისტემის“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ გერგიევმა ორჯერ მოახერხა დაგვიანება თავისი საკუთარი სპექტაკლის, „ტრისტან და იზოლდას“ შესრულებაზე. პირველად გერგიევს ერთ საათზე მეტხანს ელოდნენ, რაც თეატრს ძალიან ძვირი დაუჯდა, რადგან მოუწია დასისა და ორკესტრის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. მეორე დაგვიანებისას, პარიზის ოპერის დირექტორმა, ჟერარ მორტიემ, დირიჟორის პულტთან ასისტენტ-დირიჟორი დააყენა, დიდი დაგვიანებით მოსულ მაესტროს კი შესთავაზა სასტუმროში წასულიყო და დაესვენა.

ფულთან დაკავშირებით საქმე კიდევ უფრო უარესადაა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის (ფბკ) გამომძიებლები გერგიევს იმაში ადანაშაულებენ, რომ მაესტრომ პირადი მომხმარებისთვის 300 მილიონ რუბლზე (4.5 მილიონი აშშ დოლარი) მეტი მიიღო თავისი საქველმოქმედო ფონდიდან, რომლის გაცხადებული მიზანი თეატრალური წარმოდგენების დაფინანსება, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა და ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერაა. მაესტრო სპონსორული და საქველმოქმედო თანხებით სადილობდა რესტორნებში, არემონტებდა ბინებს და მართავდა სიგარის წვეულებებსაც კი. მაგრამ გერგიევის ფინანსური დაუდევრობა და, როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, „გულუბრყვილობა“ ყოველთვის მაესტროს სასარგებლოდ როდი მუშაობს. გერგიევის ერთ-ერთი ადმინისტრატორი „სისტემის“ კორესპონდენტთან საუბარში იხსენებს შემთხვევას, თუ როგორ შევიდა პირველი სააღდგომო ფესტივალის დროს მაესტროს გასახდელში ვიღაც მღვდელი, როგორ გულითადად ისაუბრეს მათ და როგორ მოისაკლისა მაესტრომ „მღვდლის“ წასვლის შემდეგ თავისი საფულე, ტელეფონი და საათი.

იგივე ადმინისტრატორი ხაზს უსვამს, რომ გერგიევის ფინანსური დაუდევრობა მას მთლიანად ხელისუფლებაზე დამოკიდებულს ხდის. „ამის გამო, ომის დაგმობაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა, - ამბობს ადმინისტრატორი, - მაესტროს ომის წინააღმდეგ ერთი სიტყვაც რომ ეთქვა, მას მაშინვე ათეულ სისხლის სამართლის საქმეში წაუყენებდნენ ბრალს, რაც თვითონაც კარგად ესმის“.

აღსანიშნავია, რომ დროისა და ფულისადმი ასეთი დაუდევრობა ერთგვარი ტრადიციის ნაწილია. მოსკოვში ორი თეატრალური კრიტიკოსი „სისტემის“ კორესპონდენტის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ფულთან და დროსთან დაკავშირებული ვალდებულებების უგულებელყოფით, გერგიევი, როგორც ჩანს, საგულდაგულოდ ჰბაძავს მის მიერ დიდად დაფასებულ სერგეი პროკოფიევს, რომლის დღიურებიც სავსეა ჩანაწერებით გადაუხდელი ვალების, გადასახადებისა და დაგვიანების შესახებ.

იგივე პროკოფიევი, რომელიც ჯერ კიდევ ემიგრაციაში ყოფნისას ხალისით უკრავს საბჭოთა საელჩოში მიღებებზე, ხოლო სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ წერს „სტალინის სადღეგრძელოს“, რომელსაც გერგიევი ასრულებს აღდგომის ფესტივალის ფარგლებში, დირიჟორს აძლევს მორალურ უფლებას პირდაპირ ეპირფეროს და ელაციცოს ხელისუფლებას.

1927 წლის 26 იანვარს პროკოფიევმა თავის დღიურში ჩაწერა: „ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კონცერტის ჩატარება რაღაცის სასარგებლოდ“. გერგიევიც უცვლელად მიჰყვება ამ წესს:

  • 2004 წელს დირიჟორმა ცხრა ქვეყანაში გამართა კონცერტები, რომლებიც ბესლანის სკოლაზე ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა, მათ შორის კონცერტი გამართა მოსკოვში (თუმცა არა თავად ბესლანში).
  • 2008 წელს გერგიევმა დაუკრა ცხინვალში, სადაც მხარს უჭერდა რუსეთის საქართველოში შეჭრას და მას ოსების ხსნასა და განთავისუფლებას უწოდებდა.
  • 2016 წელს როტერდამის ფესტივალზე გერგიევმა კონცერტი მიუძღვნა MH-17 რეისის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ ნიდერლანდების მოქალაქეებს, თუმცა „დაავიწყდა“ დაეზუსტებინა, თუ ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი.
  • 2016 წელს დაუკრა პალმირაში, სადაც სირიაში რუსი სამხედროების მოქმედებებს უჭერდა მხარს. გერგიევის ორკესტრი სირიაში თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავებით ჩაიყვანეს, კონცერტის დაწყების წინ კი რუს სამხედროებსა და „სირიელ მოქალაქეებს“ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადმირ პუტინმა მიმართა ვიდეოკავშირის საშუალებით.


ყოველ ჯერზე გერგიევი სამძიმარს უცხადებდა დაზარალებულებს, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი სიტყვები გულისხმობდა, რომ ნგრევა და სიკვდილი სხვადასხვა მტრულმა ძალებმა მოიტანეს, რუსეთი კი დღენიადაგ ადამიანების გადარჩენით იყო დაკავებული.

გერგიევი კონცერტს მართავს პალმირაში, ძველი ქალაქის ნანგრევებზე. სირია, 2016 წლის მაისი
გერგიევი კონცერტს მართავს პალმირაში, ძველი ქალაქის ნანგრევებზე. სირია, 2016 წლის მაისი

გერგიევის ნამსახურეობის ამგვარი სიის გათვალისწინებით, უცნაურია, რომ მილანის მერს, ჯუზეპე სალას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მაესტრო დაგმობდა რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიელმა ჟურნალისტებმა სწორად გაიგეს დიდი დირიჟორის მოტივაცია: „არ უღალატა თავის მეგობარ პუტინს“.

ყველაფერი დაბრუნდება?

გერგიევი დუმს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ის არ გმობს, როგორც მისგან მოითხოვდნენ დასავლელი კოლეგები, მაგრამ არც მხარს უჭერს საჯაროდ, როგორც ამას რუსული კულტურის მრავალი ცნობილი მოღვაწე აკეთებს. ეს ფაქტი, როგორც მოსკოვსა და ემიგრაციაში მყოფმა ორმა გავლენიანმა თეატრალურმა კრიტიკოსმა განუცხადა „სისტემის“ კორესპონდენტს, შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მაესტრო ომის შემდეგ დასავლური კარიერის გაგრძელებას იმედოვნებს.

„ახლა, - ამბობს ერთ-ერთი კრიტიკოსი, - რა თქმა უნდა, არ არის მიღებული ხელოვანების განხილვა პოლიტიკისგან სრულიად გარიყულად. მიღებულია ვარსკვლავებისგან ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირების მოთხოვნა. და მაინც, გერგიევის განსაცვიფრებელი წარმატება ევროპასა და ამერიკაში, ასევე ფურტვენგლერისა და კარაიანის ხსოვნა, გერგიევს იმედებს უსახავს“.

როგორც ჩანს, გერმანელი დირიჟორი ვილჰელმ ფურტვენგლერი გერგიევისთვის მსოფლიო მუსიკის ისტორიაში საკვანძო ფიგურაა. 2009 წელს გერგიევმა სანქტ-პეტერბურგში ამ დირიჟორისადმი მიძღვნილი გამოფენაც კი მოაწყო. გერგიევის თქმით, ფურტვენგლერმა „თავისი ყველაზე გრანდიოზული კონცერტები“ გამართა მეორე მსოფლიო ომის დროს, „როდესაც გერმანიისათვის სამყარო ნაწილებად იშლებოდა“. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაესტრო გერგიევი იმედოვნებს, რომ თავის უდიდეს კონცერტებს ახლა მართავს, როდესაც სამყარო რუსეთისთვისაც ინგრევა. შესაძლოა, გერგიევი გრანდიოზულს უწოდებს ფურტვენგლერის მიერ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის შესრულებას - კონცერტი გაიმართა 1942 წლის 19 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღის წინა დღეს, სვასტიკებით მორთულ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებითა და სამხედროებით სავსე დარბაზში. ფინალში, ფურტვენგლერი სცენიდან ჩამოდის, რათა ხელი ჩამოართვას იოზეფ გებელსს, წამის შემდეგ კი მუჭში ჭმუჭნის ცხვირსახოცს ისე, თითქოს ხელის ჩამორთმევის კვალის წაშლას ცდილობს. ორივე ეს ჟესტი დღემდე კამათის საგანია, თუმცა ფურტვენგლერის კარიერა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც გაგრძელდა.

კიდევ უფრო ბრწყინვალე იყო გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრის, ჰერბერტ ფონ კარაიანის ომისშემდგომი კარიერა. ფაშისტური რეჟიმისადმი ერთგულებამ ხელი არ შეუშალა მას უკვე 1967 წელს, ომის დასრულებიდან ოცი წლის თავზე, არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების ხელმძღვანელი გამხდარიყო, არამედ ლა სკალას თეატრის ხედმძღვანელის რანგში ტრიუმფალური ტურნეთი ჩასულიყო საბჭოთა კავშირში, ქვეყანაში, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი, რომელსაც ასე მხურვალედ უჭერდა მხარს მაესტრო კარაიანი.

ახლა ძნელი წარმოსადგენია, რომ 2043 წელს 90 წლის გერგიევი ტრიუმფალურ გასტროლებს გამართავს კიევში, მაგრამ კარაიანს სწორედ მსგავსი რამ დაემართა.

ვალერი გერგიევმა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანია „ბომბარდიემ“ არ უპასუხეს „სისტემის“ თანამშრომლების კითხვებს.

ტექსტში მოხსენიებულმა ანონიმურმა წყაროებმა უსაფრთხოების მიზნით ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG