Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მიმოსვლა: ვნახეთ, რა უპასუხა თბილისმა ევროკომისიას და რას ფიქრობენ ბრიუსელში


„ქართული ოცნების“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი პარტიისა და ევროკავშირის დროშის ფონზე
„ქართული ოცნების“ ლიდერები, ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი პარტიისა და ევროკავშირის დროშის ფონზე

მოკლედ

  • რადიო თავისუფლება თბილისის მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილ პასუხს გაეცნო - საკითხი უვიზო მიმოსვლის ბედს ეხება.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობამ ზუსტად 31 აგვისტოს - დადგენილი ვადის ბოლო დღეს - წარუდგინა ევროკომისიას ანგარიში.
  • ხელისუფლება 55-გვერდიან პასუხში ამტკიცებს, რომ ის „მტკიცე ერთგულებას ავლენს ევროინტეგრაციისადმი“.
  • რადიო თავისუფლებას ბრიუსელში წყარო კონფიდენციალურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ მიღებული პასუხები „დაუსაბუთებელია“ და სათანადოდ ვერ უპასუხებს ევროკომისიის შეშფოთებას.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა ბრიუსელში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილის მიერ ევროკომისიისათვის გაგზავნილი წერილი და შესაბამისი ანგარიში.

დიპლომატი ამტკიცებს, რომ თბილისი „მტკიცედ არის ერთგული ევროპული ინტეგრაციისა, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პრინციპებს“.

მახარობლიშვილის ადრესატია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელი, ბეატე გმინდერი - ის, ვინც 14 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს მიმართა.

დიპლომატი მას წერს, რომ „დადგენილი კრიტერიუმების ერთგულად შესრულების გარდა, საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი დამატებითი ინიციატივა“, რომლებიც „კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში რეფორმებთან ერთად, აღიარებულია საერთაშორისო შეფასებებით“.

„კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა“

ხუთნაწილიანი ანგარიშის „საგარეო ურთიერთობებისა და ფუნდამენტური უფლებების“ ნაწილში ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე პერიოდში მან:

„განახორციელა მთელი რიგი ღონისძიებები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციაზე წვდომის, თანასწორობისა და ინკლუზიურობის დაცვისა და განვითარების, ასევე საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიზნით“.

  • 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ 2025 წლის აგვისტოს ბოლომდე „ქართულმა ოცნებამ“ ათობით ახალი შემზღუდავი ნორმა მიიღო;
  • შეიზღუდა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის სიტყვის, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებები;

„აღიარებული შედეგები“

ანგარიშის ავტორები ჩამოთვლიან რამდენიმე საერთაშორისო - მათ შორის ნაკლებად ცნობილ - ინდექსსა თუ კვლევის რეიტინგებში „დადებით შედეგებს“:

  • „კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმებში საქართველოს წარმატება აღიარებულია „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის 2024 წლის კანონის უზენაესობის ინდექსში“;
  • „ანტი-კორუფციული საქმიანობისა და სახელმწიფოს მშენებლობის ევროპული კვლევის ცენტრის (ERCAS) თანახმად, საქართველო გამჭვირვალობის ინდექსში რეგიონში მესამე, ხოლო გლობალურად 143 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა“;
  • „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ „პოზიტიური მშვიდობის ინდექსის“ ანგარიშში საქართველო მსოფლიოს მასშტაბით 38-ე ადგილზეა“;

ანგარიშში ასევე წერია: „საქართველო 120 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა კარგი მმართველობის ინდექსში და უსწრებს ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი“.

„ელიტური vs გულწრფელი NGO-ები“ და FARA

ანგარიშის ენა, რომელიც, ჩვეულებრივ, ფორმალისტური და აკადემიური უნდა იყოს, მოიცავს ისეთ პოლიტიზებულ ტერმინებს, როგორიცაა:

  • „ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციები“ - „ელიტური NGO-ები არ დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის რეესტრში“ და ამიტომ გახდა „FARA-ს“ მიღება საჭიროო;
  • „გულწრფელი არასამთავრობო ორგანიზაციები“ - „FARA-ს“ მიღება საჭირო გახდა, რათა „გულწრფელი NGO-ები დაგვეცვა“ და მათ სახელმწიფო „აქტიურად დაუჭერს მხარს და ითანამშრომლებს მათთანო“;
  • „უცხოური დახმარების ბოროტად გამოყენება … რევოლუციური სცენარების მხარდასაჭერად“ - ავტორების თანახმად, სწორედ ამაზე პასუხად მიიღეს „FARA“, რომელსაც ანგარიშშიც უწოდებენ „ამერიკული მოდელის ზუსტ ასლს“, რომელიც ემსახურება „სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში გარე ჩარევის ეფექტურად შეკავებას“;
  • როდესაც ანგარიში ასაბუთებს, თუ რატომ გააუქმეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა კანონშემოქმედებით პროცესში, მაგალითად ასახელებს „USAID-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს“.
  • „საქართველოს სუვერენული უფლება, დაარეგულიროს საშინაო საქმეები“ - ასე ასაბუთებს ანგარიში „აგენტების კანონსა“ (ფორმალურად - „გამჭვირვალობის კანონის“) და ჰომოფობიურ კანონს (ფორმალურად - „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონს“).
  • კერძოდ, ანგარიშის ავტორების მტკიცებით, ამ ორი კანონის მიღება „მიზნად ისახავს დემოკრატიული ანგარიშვალდებულების გაძლიერებას, ეროვნული იდენტობის დაცვას, სოციალური ერთიანობის ხელშეწყობას და ინსტიტუციური გამჭვირვალობის გაძლიერებას“ და ისინი „სრულად შეესაბამება საქართველოს სუვერენულ უფლებას, დაარეგულიროს თავისი შიდა საქმეები კონსტიტუციისა და დემოკრატიული პროცესების შესაბამისად“.

„ჟურნალისტების დაცვა“

საქართველოს ხელისუფლება „ჟურნალისტების დაცვის შესახებ“ საუბრობს და ამბობს:

  • „2025 წელს პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა ერთი ადამიანი ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო“ - საუბარია 2023 წლის შემთხვევაზე, თუმცა რომელზე, დაკონკრეტებული არ არის;
  • 2025 წელსვე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა 17 ჟურნალისტს/ოპერატორს, მათ შორის:
    • 2020 წლის საქმეზე - ერთს
    • 2023 წლის საქმეზე - ცხრას
    • 2024 წლის საქმეზე - ხუთს
    • 2025 წლის საქმეზე კი - ორს.

„14 მათგანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა საპროტესტო დემონსტრაციებისას ჩადენილი დანაშაულების გამო“, - წერია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელსვე კიდევ ორ ჟურნალისტს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი 2024-25 წლების საქმეზე, თუმცა აღნიშნულია, რომ „ამ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“.

დაბოლოს, ანგარიშის მტკიცებით, 2025 წელს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის სამი პოლიციელის წინააღმდეგ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა:

ორი ეხება 2025 წელს „ძალადობის გამოყენებას“ და ერთი - 2023 წელს „იარაღის გამოყენებას“.

თუმცა იქვე დაზუსტებულია, რომ „ეს სისხლისსამართლებრივი დევნა არ უკავშირდებოდა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ ან საპროტესტო აქციების დროს ჩადენილ დანაშაულებს“.

„დაუსაბუთებელია“ - წყარო ბრიუსელში

რადიო თავისუფლებას ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენელმა, - რომელიც ამ საკითხზე ანონიმურობის დაცვის პირობით გვესაუბრა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, - გვითხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი კი გაგზავნა, მაგრამ „პასუხები დაუსაბუთებელია“.

„მათ არ უპასუხიათ ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე“, - ამბობს წყარო.

„მათ არგუმენტებით გაუმყარებელი პასუხები გამოგვიგზავნეს“, - ამბობს ის და დასძენს, რომ წერილი ვერ უპასუხებს ბრიუსელის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას.

2025 წლის ივნისის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ საქართველოს დემოკრატიის „სერიოზული უკუსვლის“ საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავდა.

ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად კომისიამ რეკომენდაციები გასცა და შესრულების ვადად აგვისტოს ბოლო დაასახელა.

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი ხელმძღვანელმა, ბეატე გმინდერმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს 14 ივლისს გაუგზავნა წერილი.

წერილს თან ერთვოდა რეკომენდაციების რვაპუნქტიანი სია.

რას სთხოვდა ბრიუსელი თბილისს 31 აგვისტომდე

რეკომენდაციების სია მოიცავდა მოწოდებებს საქართველოს მთავრობისადმი:

  • „უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
  • თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოიყვანოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.
  • გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
  • შექმნას აქტივების დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, ჩამორთმევისა და განკარგვის კუთხით.
  • მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
  • ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.
  • პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის განცხადებებს "შანტაჟად" და "მუქარად" აფასებს.

რა ხდება 31 აგვისტოს შემდეგ?

ევროკავშირის წარმომადგენლობაში 21 აგვისტოს რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ რომ „საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის 1 სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება“.

ასევე კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ „2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად“.

განახლებული ინფორმაცია 31 აგვისტოს კომუნიკაციით წარდგენილია - ახლა კომისია რეკომენდაციების შესრულებას ოფიციალურად შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

„ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით“, - განმარტავს ევროკავშირის საელჩო.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის მოხსნის გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება საჭირო არ არის.

ამისთის საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა (27 წევრი სახელმწიფოდან ის 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65%-ი ცხოვრობს).

ფორუმი

XS
SM
MD
LG