ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი წერილს უგზავნის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს. წერილში დირექტორატი მოითხოვს განახლებული ინფორმაციის მიწოდებას კომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან თუ ჯერ არ განხორციელებულა ისინი - სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ, ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს.
როგორც წერილშია ნათქვამი, კომისია რეკომენდაციების შესრულებას სავიზო შეჩერების მექანიზმის მომდევნო ანგარიშის ფარგლებში განიხილავს.
წერილის ავტორები მაკა ბოჭორიშვილს მიმართავენ, რომ "იმის გათვალისწინებით, რომ თქვენი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ქმედებები არ განხორციელდა, 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ნაწილობრივ შეჩერების შესახებ და დაასრულა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმი. შესაბამისად, თორმეტმა წევრმა ქვეყანამ უკვე შემოიღო სავიზო მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ამ ნაბიჯს სხვა წევრი ქვეყნებიც მიჰყვებიან".
წერილში ვკითხულობთ, რომ მოელიან, "საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს გამოწვევას" და "მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად".
შეფასების შემდეგ კი, თუ დარღვევები გაგრძელდება, კომისიამ შესაძლოა, დაიწყოს პროცედურები სავიზო შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად, ევროკავშირის რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე.
"გთხოვთ ითანამშრომლოთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში. ვადასტურებ, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საქართველოსთან მყარი და ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის ერთგული. პატივისცემით, ბეატე გმინდერი“, - ნათქვამია ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ახლავს რეკომენდაციების სია:
- უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
- თავიდან აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და თავისუფლებებს, არღვევს დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და გადაიხედოს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რათა სრულად იყოს დაცული LGBTIQ პირების უფლებები.
- საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო ვალდებულების მქონე ქვეყნების სიასთან შესაბამისობაში მოიყვანოს, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის ან არალეგალური მიგრაციის კუთხით საფრთხეს წარმოადგენენ.
- გააძლიეროს ქმედებები თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური დარჩენის შემთხვევების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო რეჟიმის პირობების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით და საზღვარზე კონტროლის გამკაცრებით.
- შექმნას აქტივების დაბრუნების და მენეჯმენტის ოფისები და გააგრძელოს ძალისხმევა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, ჩამორთმევისა და განკარგვის კუთხით.
- მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს შესაბამისი რესურსი მათი განხორციელებისთვის და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლის სამართლებრივ დევნას და განაჩენების გამოტანას.
- ცვლილებები შეიტანოს კანონში ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ, ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების შესასრულებლად, განსაკუთრებით ბიუროს დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების ნაწილში.
- პირადი მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
მაკა ბოჭორიშვილთან გაგზავნილი წერილის ადრესატები ასევე არიან შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
"ქართული ოცნება" ევროკავშირის მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ ევროკავშირის განცხადებებს "შანტაჟად" და "მუქარად" აფასებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ, რომელიც 15 ივლისს ბრიუსელში გაიმართა, განაცხადა, რომ ევროკავშირი ჯერაც ინარჩუნებს პოზიციას, რომ არ დააზიანოს საქართველოს ხალხის ინტერესები.
მისი სიტყვებით, საქართველოს რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდე მიეცა.
როგორც ევროინტერგაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტში 16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე დარწმუნებულია, რომ “ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არ ემუქრება. ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არ არის”.
მისი თქმით, შეისწვალიან წერილს და გადაწყეტენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ წერილში რეკომენდაციების შესრულების ვადა მითითებული არაა, მხოლოდ ზეპირი განცხადება არსებობს და იმის გათვალისწინებით კი, რომ პარლამენტი მუშაობას სექტებრებში გაახლებს კანონების გაუქმება ვერ მოხერხდება.
“ევროკავშირი როდესაც საქართველოსგან რომელიმე კანონის გაუქმებას ითხოვს, ამ დროს ზეპირად – წერილში თარიღი არ არის დასახელებული – 31 აგვისტოს ამბობენ. შევახსენებ, რომ პარლამენტი ოფიციალურ მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამიტომ ფიზიკურად ამ კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს. ავწონ-დავწონით, რა შეიძლება გაკეთდეს და არ გაკეთდეს. სიურპრიზი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წითელი ხაზია, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, ასევე ისეთ საკითხებზე, რაც კონსერვატიულ იდეას და მიდგომებს ეფუძნება, რომელიც ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზეც გავიმარჯვეთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადად აგვისტოს ბოლოა მითითებული ასევე ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის სახელით ევროკავშირში საქართველოს ელჩისადმი, ვახტანგ მახარობლიშვილისადმი 14 ივლისს გაგზავნილ წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
ფორუმი