Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კობახიძეს 3 კვირაა ვურეკავ, იმალება, ახსნას, რატომ გააკეთა ეს“ - პოლოლიკაშვილი „ოცნების“ მესვეურებს „დიპ ვირთხებს“ უწოდებს


ზურაბ პოლოლიკაშვილი კობახიძეზე: „სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება“
ზურაბ პოლოლიკაშვილი კობახიძეზე: „სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება“

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა აღარ წარადგენს აღნიშნული თანამდებობის მესამე ვადით დასაკავებლად და სანაცვლოდ საამიროების კანდიდატს უჭერს მხარს - ამ ამბავზე პირველ კომენტარს აკეთებს.

„ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება“, - ამბობს პოლოლიკაშვილი.

„კარგი იქნება თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს. სამი კვირაა და მეტი, ვწერ, ვურეკავ და იმალება. გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც „დიპ სტეიტს“ და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, მისწერა მათ პოლოლიკაშვილმა.

„ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მასთან დაკავშირებას რადიო თავისუფლებაც ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

მანამდე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ინფორმაცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ არა ზურაბ პოლოლიკაშვილს, - რომელიც ამ ორგანიზაციას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს, - არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

თავდაპირველად ეს ინფორმაცია 13 მაისს ესპანურმა გამოცემა The Diplomat-მა გაავრცელა.

ონლაინგამოცემა ამ ამბავს აფასებს „შოკისმომგვრელ პოლიტიკურ მანევრად“ და წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევისთვის მხარდაჭერის ნაცვლად საამიროების კანდიდატისთვის მხარდაჭერა, შესაძლოა, ფარული შეთანხმების ნაწილი იყოს.

„გადაწყვეტილება, რომელმაც საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შესაძლოა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული ალიანსის ნაწილი იყო“, - წერდა ასევე გამოცემა.

The Diplomat-ი ხაზს უსვამდა ფაქტს, რომ გენერალური მდივანი პოლოლიკაშვილი ორგანიზაციაში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების პროცესს ხელმძღვანელობდა 2022 წელს და თავისი პოზიციით, „გაეროს სისტემაში პრეცედენტი“ დააწესა.

„სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა“, - განაცხადეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პოლოლიკაშვილისთვის საქართველოს მთავრობის ნდობის შეწყვეტას გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. მისი შეფასებით, ეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთისკენ გადადგმული და საქართველოს ინტერესებისგან დაშორებული კიდევ ერთი ნაბიჯი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG