„ოჯახს ფული სჭირდებოდა კრედიტების დასაფარად“ - ამბობენ შარიპოვების ნაცნობები.
შარიპოვმა რუსეთის ჯართან კონტრაქტი ჯერ კიდევ ომამდე, 2021 წელს გააფორმა.
„თავიდან არ უნდოდა კონტრაქტის გაფორმება. მერე დაითანხმეს. ოლიამ თქვა, დავიყოლიეთო. ყველამ ვიფიქრეთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო მოიქცა ასე. საშა (ოლგას ქმარი) შშმ პირია და ვერ მუშაობს. უმცროსები ჯერაც სკოლაში სწავლობენ. ოლგა როგორც ციყვი ბორბალში ისე ტრიალებდა, ხან აქ მუშაობდა დამლაგებლად, ხან - იქ. მაგრამ ასე 20 ათას რუბლზე (660 ლარამდე) მეტს ვერ იშოვი. ამ ფულით ორ ბავშვს და შშმპ ქმარს როგორ გამოკვებავ?!“- კითხულობს ბალეის მკვიდრი ირინა. – „მე კაფეში ვმუშაობ და ცოტა მეტი მაქვს. ქალები კიდევ რაღაცას ახერხებენ. კაცები ლოთობენ, ან სადმე საშოვარზე მიდიან, ან ომში, როგორც მაქსიმმა გააკეთა“.
ქალაქი ბალეი წინა საუკუნის დასაწყისში ოქროს საბადოების ასათვისებლად დაარსდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა ყველა საბადო დახურულია. შარშან ზაბაიკალის მხარის ხელისუფლებამ განაცხადა, 2025 წელს ბალეიდან 13 კილომეტრში „ოქროს მომპოვებელ ქარხანას ავაშენებთო“. პირობა დადეს, რომ ამ პროექტში ფულს - 1,3 მილიარდ რუბლს - ჩადებდა ოქროს მომპოვებელი საწარმო „ანდრიუშკინსკოე“. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე აგვისტოა, ქარხნის მშენებლობა კი ჯერაც არ დაწყებულა.
ისევე, როგორც რუსეთის სხვა ბევრ რეგიონში, უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უსასრულო კრედიტები მამაკაცებს ჯარში კონტრაქტით წასვლისკენ უბიძგებს. როდესაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, კონტრაქტორი შარიპოვი სატანკო ბატალიონში გაამწესეს.
„მაქსიმი მძღოლი-მექანიკოსი იყო. რომ დაჭრეს, დაბრუნდა. მაშინ თითქოსდა მიიღო ფული (ჭრილობისთვის), მაგრამ ეს „მილიონები“ ოჯახს დიდხანს არ ეყო. წლების განმავლობაში ოლგამ იმდენი კრედიტი დააგროვა, ბავშვები რომ გამოეკვება... ფინანსებში დიდად ვერ ერკვეოდა. ბევრი წვრილ-წვრილი და მაღალ პროცენტიანი სესხი ჰქონდა. ან რომელი ნორმალური ბანკი მისცემს ამდენ სესხს დამლაგებელს? სასამართლოს აღმასრულებლებმა გული გაუწყალეს. ალბათ, ჭრილობის კომპენსაცია ვალების დაფარვას მოუნდა“, - ამბობს შარიპოვების მეზობელი ანა.
განკურნების შემდეგ მაქსიმი ომში დაბრუნდა.
„როგორც ვიცი, თავიდან არ უნდოდა დაბრუნება. ბოლოს მაინც მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს. ოლგა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ივლისში შეატყობინეს, რომ მაქსიმი დაიღუპა“, - ჰყვება ანა.
ბალეის სამხედრო კომისარი ევგენი ბოლონევი ადასტურებს, რომ მაქსიმ შარიპოვი 23 ივლისს, დონეცკის ოლქში, სოფელ ოტრადნოესთან დაიღუპა.
„დაკრძალვის შემდეგ ოლგა იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მკვდარივით იყო გაფითრებული, სულ ტიროდა“, - იხსენებს ანა.
„ოდნოკლასნიკებზე“, თავის გვერდზე ოლგამ მაქსიმის ფოტო დააყენა და დააწერა: „დაიღუპა ჩემი დათუნია“. მეზობლები ამბობენ, რომ ის ყოველ დღე დადიოდა საფლავზე. 20 აგვისტოსაც წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
„21-ში პირდაპირ საფლავზე იპოვეს მკვდარი. ამბობენ, გული გაუსკდაო. დასამარხად მთელი ქუჩა აგროვებდა ფულს. როგორც მივხვდი, ოჯახში ფული ისევ არ არის“, - ამბობს ანა.
ოფიციალურმა და სამთავრობო მედიამ მომხდარი არ შეიმჩნია, მაგრამ ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელით. „ვკონტაქტებში“ შვილის საფლავზე გარდაცვლილი დედის ამბავს უამრავი კომენტარი მოჰყვა. აი, რამდენიმე მათგანი:
კატია მედვედევსკი:„აი პუტინის „სპეცოპერაციის“ ნამდვილი ფასი - 23 წლის ბიჭი შორეული რუსეთიდან სხვის ამბიციებს შეეწირა. დედამ ვერ გაუძლო და მის საფლავს დააკვდა. ნორმალური ცხოვრების, სუფთა ჰაერისა და მომავლის ნაცვლად რუსეთში ხალხის ხვედრი მხოლოდ ფრონტზე სიკვდილი და საფლავია. ეკოლოგია განადგურებულია. საბინაო და კომუნალური მეურნეობა ჩამოიშალა, ყველგან სიღატაკეა, ომში კი მილიარდებს ხარჯავენ. ქვეყანა ტალახსა და სიბინძურეში იხრჩობა, ხალხი იღუპება, წყდება და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ დიქტატორი ხელისუფლებას ებღაუჭებოდეს“.
ვიქტორ გლუშენკო: „რამდენი რუსი ჯარისკაცი უნდა შეეწიროს ბელადის გიჟურ იდეებს????“
ნიკიტა კუპაილო:„პუტინის დროს დაიბადა და პუტინის დროს პუტინისთვის მოკვდა. ყოჩაღ. ასეთი „ხალხი“ აძლიერებს მაღალი სულიერებისა და ტრადიციული ღირებულებების მქონე სუპერ დერჟავებს. დედები ისევ გააჩენენ, თუ, რა თქმა უნდა, საფლავებზე არ დაიხოცებიან. ამას, ეტყობა, სუსტი გული ჰქონდა“.
ლევ დობრი:„შენ წყვეტ, ამბობ: კი, შვილო, ეს მართალი საქმეაო და ამით შვილის არჩევაზე ახდენ გავლენას. მერე კი, როცა ნათქვამის მთელ უგუნურობასა და მის შედეგებსაც აანალიზებ ამით ცხოვრება უკვე აღარ შეგიძლია. ქალების უმეტესობას საკუთარი შვილების გარდა არავინ უყვარს და როცა ასეთი რამ ხდება, სრულიად რეალურია, გული გაგიჩერდეს ან თავი მოიკლა“.
იულია ორლოვა:„სამაგიეროდ წყეულმა ნატომ მისი ქალაქი ვერ დაიპყრო“.
ალესანდრ სვეტლოვი:„ამ ამბის სხვანაირად მოყოლაც შეიძლება, კონტრაქტორების ჰონორარის რაოდენობას თუ გავითვალისწინეთ და კიდევ იმას, თუ როგორ უყვართ რუს ქალებს პუტინი“.
ფორუმი